"მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა" - რას აცხადებს ეკა ხერხეულიძე ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა" - რას აცხადებს ეკა ხერხეულიძე ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ?

ახლა დგება მთავარი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს გარკვეულ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, მისი გათავისუფლების საკითხიც დღის წესრიგში დგას.

„მიხეილ სააკაშვილი ახლა გადის მკურნალობას, თავისთავად ის სერვისი, რაც აქ არსებობს, იმის ხარჯზე, ეს არ არის სრულყოფილი სერვისი, ყველამ ვიცით. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას. ამის შესაძლებლობა აქაც არ არის, მაგრამ ის, რომ ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა, ეს არ არის ის გზა, რაც ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული, მისი სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. ეს პოლიტიკური დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე გეგმებზე და ვისაუბრეთ ჩვენს შიდა წრეზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც და მისთვისაც“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

"ინტერპრესნიუსი"