წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს ნაკვალევზე... - კვირის პალიტრა

წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს ნაკვალევზე...

დღეს 23 ნოემბერია, დიდი გიორგობა, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე, რომელსაც, ლამის, მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ, გამორჩეულად კი - საქართველოს თანამედროვე და ისტორიულ ტერიტორიებზე; იგი გახლავთ წმინდანი, რომელზეც მუსლიმანებიც კი ლოცულობენ. საკუთარი თვალით მინახავს, საინგილოში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარში და ტაძართან მომლოცველ ქართველებთან ერთად როგორ უნთებდნენ სანთლებს მას აზერბაიჯანლები და ოჯახებს ავედრებდნენ.

კარგი დამთხვევაა: წმინდა გიორგი კაპადოკიელის სამშობლოში მოგზაურობაზე გიამბობთ, ფაქტობრივად, მის ნაკვალევს მივუყვებით და დღევანდელი ბლოგით, უნებლიეთ, სწორედ წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს სოფლებს მივადექით...

ორთაჰისარის ნასახლარები

უჩისარის ციხიდან წამოსულებმა, მის პირდაპირ კიდევ ერთი ციხე შევნიშნეთ - ორთაჰისარის. იქვე ყოფილა დაბა ორთაჰისარიც, როგორც გვითხრეს, წმინდა გიორგის ახლო ნათესავის, ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინოს მამის - ზაბილონის სამშობლო. ცხადია, წმ. გიორგის სახლისკენ მიმავლებმა ამ ადგილს გულგრილად ვერ ჩავუარეთ. შემაღლებულ ადგილას ავედით და იქიდან გადავხედეთ კლდეში გამოკვეთილ უძველეს ნასახლარებს - ხელისგულივით ჩანდა. ვინ იცის, რომელ სახლში ცხოვრობდა მოციქულთა სწორი ქალწულის, წმ. ნინოს მამა - ზაბილონი?! თამთას, რომ არ შევეფხიზლებინეთ, ალბათ, კიდევ დიდხანს ვიდგებოდით ასე, გაშეშებულები. იქვეა სოფელი გიუზელ იოზი - სავარაუდოდ, წმინდა გიორგის დაბადების ადგილი. წმ. გიორგის სახლი იქაურობას გამოვცდით, გადავიარეთ ე.წ. მაგიდა-მთა - ასეთ, ბრტყელზედაპირიან მთებს უხვად ნახავთ კაპადოკიაში და მისი წარმოშობაც, რასაკვირველია, ვულკანების ლავასა და წყლის და ქარის ზემოქმედებას უკავშირდება და გეზი ჩავუშინისკენ ავიღეთ - უძველესი ქალაქისკენ, რომელსაც, ქანების ჩამოშლის გამო, მხოლოდ უკანა კედელი შემორჩენია. კლდეებში გაშენებული ქალაქი ქვაში გამოკვეთილი საცხოვრებლებით, სხვადასხვა დანიშნულების მღვიმეებითა და ეკლესიებით, გორემედან ორ-ნახევარ კილომეტრშია და გორემეს ეროვნულ პარკს მიეკუთვნება. აქ ქრისტიანების განდევნის შემდეგ თურქები ცხოვრობდნენ, თუმცა, კლდეების ჩამოშლის საფრთხის გამო, 1953 წლიდან ქალაქი დაიცალა. ამ ქალაქზე მომდევნო ბლოგში გიამბობთ, მანამდე კი შევჩერდებით სახლთან, სადაც, გადმოცემის მიხედვით, ერთხანს წმინდა გიორგი ცხოვრობდა... მეჩეთი წმ. გიორგის სახლში

შორიდანვე შთამბეჭდავად იცქირებოდა ჩავუშინის ნაქალაქარი, კლდეს რომ შევუყევით, კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა. ბევრს ვაცეცებდით თვალებს და გულში ვმკითხაობდით, ნეტავ, რომელ სახლში ცხოვრობდა ქართველების უდიდესი წმინდანი-თქო? გულიც გვარიანად გვიცემდა და ვგრძნობდით, "რაღაც ბურთიც" გვეჩხირებოდა ყელში (ეს განცდები ერთმანეთისთვის მერეც არ გაგვიმჟღავნებია, მაგრამ... უჩვეულოდ დადუმებულები რომ ვიყავით და ერთმანეთს ამღვრეულ თვალებს ვარიდებდით, სხვა რა მიზეზი უნდა გვქონოდა!)... წმ. გიორგი სახლის დეტალი

ასე, გულის ფრიალით მივადექით კლდეში გამოკვეთილ ნასახლარს თუ ნაეკლესიარს, სადაც დღეს მოქმედი მეჩეთია და სადაც, როგორც თამთა ჭანტურიამ გვითხრა, სავარაუდოდ, წმინდა გიორგი ცხოვრობდა. მანვე გვიამბო, რომ ამბობენ, თურმე, რამდენჯერაც აქ, ამ ახალგაკეთებულ მეჩეთში მოლა კიბეზე ავიდა, იმდენჯერ ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხაო.

"სახლის" კარი ღია დაგვხვდა და თამამად შევაბიჯეთ. მეჩეთში არავინ ჩანდა - ვიყავით ჩვენ, სამარისებული სიჩუმე და იდუმალება! არ ვიცი, თამთას მონაყოლი მითია თუ სინამდვილე, მაგრამ თითქოს თითოეულმა ვიგრძენით, რომ სწორედ იმ სახლში შევედით, სადაც, მართლაც ცხოვრობდა წმ. გიორგი - თითქოს, იქვე იყო, უხილავი და ყველას შემწე! სახლში დიდხანს შევყოვნდით და, რადგან დამშლელიც არავინ გვყავდა, ჩუმად, ბუტბუტით კარგა ხანს ვილოცეთ მის სახელზე. წმ. გიორგის სახლის დეტალი

ჩემს სამშობლოს, ქართველებს, ძვირფას ადამიანებს, უცნობებს, ნაცნობებს - ყველას, ვისაც წმინდა გიორგი გიყვართ და მისი ძლევაშემოსილობის გწამთ, გილოცავთ ამ დიდ დღეს. წმინდა გიორგიმ დაგვიფაროს, გაგვაძლიეროს და გადაგვირჩინოს ჩვენი საქართველო და მთელი მსოფლიო!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს