შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას- რას ამბობს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი? - კვირის პალიტრა

შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას- რას ამბობს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი?

ჯერ კიდევ არის სისუსტე საკმაოდ გამოხატული - რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია, ოთხ დღეში, ხუთ დღეში არ დამთავრდება, ამას დასჭირდება რამდენიმე თვე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შემუშავებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკვე მოგახსენეს ორივე კონსილიუმის წევრებმა და მე მეტი დასამატებელი არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ ჯერ კიდევ არის სისუსტე საკმაოდ გამოხატული. მკურნალობა მიდის გეგმის მიხედვით, ვნახოთ, როგორი იქნება მისი მდგომარეობა მომავალში. როგორც მოგახსენეთ, სუსტად არის, ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ ფეხბურთს მართლა ვერ ითამაშებს ადამიანი.

რაც შეეხება 29-ში სასამართლო პროცესზე დასწრებას, ჩემი აზრით, კი, შეძლებს, მაგრამ ვნახოთ როგორ იქნება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროგნოზის გაკეთება ასეთ დროს არ არის კარგი, ვინაიდან, მე ვერ დავდებ თავს და ვერ გეტყვით, როდის იქნება უკეთესად.

ძირითად ჩივილებს რაც შეეხება, აქვს ზოგადი სისუსტე. მაგალითად, ადამიანი ავადმყოფობის შემდეგ რომ სუსტად არის, ზუსტად ისეთივე სისუსტე აქვს, არაფერი არაჩვეულებრივი არ არის ამ სისუსტეში. წნევები, სხვა ლაბორატორიული კვლევები ასე თუ ისე ნორმის ფარგლებშია, რასაკვირველია, რაღაცები კიდევ გამოსასწორებელია. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია, ოთხ დღეში, ხუთ დღეში არ დამთავრდება, ამას დასჭირდება რამდენიმე თვე.

თუ ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, რომ საჭმელი ნორმალურად ჭამოს, ამას დასჭირდება ალბათ ერთი თვე, ორი თვე, მაგრამ კიდევ სხვა ორგანოების რეაბილიტაციაა საჭირო, ჩემი აზრით, რამდენიმე თვე ნამდვილად“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"