"ჩემი მეუღლის მკვლელი მკვლელობის ღამესვე დაბრუნდა, ძალიან შეშინებული ვიყავი... 7 თვეა ბავშვები არ მინახავს, მათი ხმაც კი არ გამიგია" - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლის მკვლელი მკვლელობის ღამესვე დაბრუნდა, ძალიან შეშინებული ვიყავი... 7 თვეა ბავშვები არ მინახავს, მათი ხმაც კი არ გამიგია"

კასპში, მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქეთევან ჩხაიძე რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან "ინტერპრესნიუსს" წერილს უგზავნის.

წერილში ქეთევან ჩხაიძე სააგენტოს კითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ დანაშაულის დაფარვასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა როგორც ამტკიცებს, მეუღლის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამ ეტაპამდე დუმილის უფლებით სარგებლობს და სასამართლოში ჩვენებაც კი არ მისცა, მოკლულის ოჯახის წევრების ბრალდებებსაც პასუხობს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებამ მკვლელობაში მონაწილეობის კუთხით ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.

ბრალდებულს მოლოდინი აქვს, რომ დანაშაულის დაფარვისთვის სასამართლო მას გაამტყუნებს, თუმცა, როგორც ის აცხადებს, ამის შემდეგ "თავისუფალი იქნება და დაისვენებს, ვინაიდან შვილების ნახვის შესაძლებლობა მიეცემა".

წერილში ჩხაიძე ციხეში ცხოვრებაზეც საუბრობს.

"პენიტენციურ დაწესებულებაში ცხოვრება რა თქმა უნდა რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ორი პატარა ბიჭის დედა ხარ და ამ დროს პროკურატურა გარე სამყაროსთან კომუნიკაციას გიკრძალავს, აკრძალული მაქვს დარეკვის, ამანათების მიღების და გაგზავნის უფლება. 7 თვეა ბავშვები არ მინახავს, მათი ხმაც კი არ გამიგია. ერთადერთხელ - ადვოკატმა, დისტანციური პროცესის დროს ტელეფონიდან დამანახა მათი სახეები. შესაბამისად, მთელი ამ ხსნის მანძილზე, ჩემი კავშირი სამყაროსთან მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატის დახმარებით ხდებოდა, მაშინ, როდესაც ჩემს სანახავად შემოდიან და მიყვებიან, თუ როგორ არიან ჩემი პატარები და ჩემი ოჯახი. ამასთან, რთულია, როდესაც ერთ ოთახში ხარ ჩაკეტილი, მაგრამ ამასაც შევეჩვიე და პროცესი რომ მაქვს და რამოდენიმე საათით ვტოვებ ჩემს ოთახს, ცუდად ვარ და ერთი სული მაქვს ჩემს საკანში დავბრუნდე. ვიცი, რომ მალე დანაშაულის დაფარვისთვის დამენიშნება სასჯელი და დავისვენებ, გარკვეულწილად თავისუფალი ვიქნები. ერთი სული მაქვს დამთავრდეს პროცესები, გამოიტანოს სასამართლომ განაჩენი და მომეხსნას ეს საშინელი აკრძალვა, რათა ვნახო ჩემი შვილები და ჩემი მშობლები", - აცხადებს ჩხაიძე.

კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა პოლიციაში მისი ქმრის მკვლელობის შესახებ და ფიქრობდა თუ არა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ ვერავინ გაიგებდა, როგორც ამას მკვლელობაში ბრალდებული ეუბნებოდა, ჩხაიძე პასუხობს, რომ სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ მაშინვე უამბო, როგორც კი ის საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს.

"ჩემი მეუღლის მკვლელი მკვლელობის ღამესვე დაბრუნდა, ამიტომ ვიყავი ძალიან შეშინებული. უნდა მეცნობებინა მაშინვე პოლიციისთვის, მაგრამ ვერ გავბედე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. როგორც კი დამიბარეს, იმავე დღეს გამომძიებელს პირველმა მე მოვუყევი მომხდარის შესახებ და ჩემი მონაყოლის სისწორე დადასტურდა კიდეც მოგვიანებით.

მე ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი, რომ შესაძლოა, მკვლელობაში თანამონაწილე ვყოფილიყავი. ჩემი და ჩემი ადვოკატების მიზანი იყო სიმართლის დამტკიცება და მადლობა ღმერთს, დამტკიცდა, რომ ჩემი მეუღლის მკვლელობაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია", - აცხადებს ბრალდებული.

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო მტკიცებულებების განადგურებაში მონაწილეობა და რატომ გარეცხა მეუღლის კუთვნილი სისხლიანი ავტომობილი, ჩხაიძე აცხადებს, რომ "მანქანა მას არ გაურეცხავს და ის ბრალდებულ კახიშვილის და ღუნაშვილის მეგობრებმა გარეცხეს".

დაკავებული ქალი მეუღლის ოჯახის წევრების ბრალდებებსაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ღუნაშვილი მან და კახიშვილმა ერთად მოკლეს.

"როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სასამართლო სხდომაზე ჩვენ დუმილის უფლება ვარჩიეთ. თუმცა, ერთი რამ ცალსახად შემიძლია დაგიდსტუროთ - ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში მე, ქეთევან ჩხაიძეს არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. მკვლელობის დღიდან მოყოლებული, თითქმის, 6 თვე მიმდინარეობდა გამოძიება, ვთანამშრომლობდი გამოძიებასთან, უსმენდნენ ყველას და ყველაფერს ჩემს გარშემო, თუმცა ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს, რაც ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობასთან ჩემ შემხებლობას დაადასტურებდა. პირიქით, მტკიცებულებებით გამოირიცხა ჩემი მხრიდან მკვლელობაში მონაწილეობა.

საქმეში მტკიცებულებათა გამოკვლევით გამოირიცხა ჩემი მხრიდან მკვლელობაში რაიმე სახის მონაწილეობა. დადასტურდა, რომ ნოდარი მოკლულია არა სახლში, არამედ სახლიდან მოშორებით გარდაიცვალა. ასევე დადასტურდა, რომ მე მისთვის არაფერი ჩამირტყამს. სასამართლოში ჩემი ადვოკატის კითხვებზე ექსპერტმა ისეთი პასუხები გასცა, რითაც გამოირიცხა ჩემი მკვლელობაში მონაწილეობა. მაგალითად, ექსპერტმა თქვა, რომ შესაძლოა, თავში მიყენებული დაზიანებით გათიშულიყო ნოდარ ღუნაშვილი მხოლოდ რამდენიმე წამით მაშინ, როცა მე მაბრალებდნენ, თითქოს, ნოდარი გავთიშე, კახიშვილს ვთხოვე გათიშული კაცის სხვაგან წაყვანა და მოკვლა. ასევე ექსპერტმა ადვოკატის კითხვაზე პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ჩემ მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაცია არ არის არასწორი. მართალია, ძალიან სურდათ მკვლელობის დაბრალება, მაგრამ მჯეროდა, რომ ვერ დამიმტკიცებდნენ იმას, რაც არ ჩამიდენია", - აცხადებს ჩხაიძე.

კითხვაზე, თუ რა აქვს საზოგადოებისთვის სათქმელი ქალს, რომელიც როგორც თავად აცხადებს, წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, საბოლოოდ კი გისოსებს მიღმა თავად აღმოჩნდა, ჩხაიძე აცხადებს, რომ "მოძალადე ადამიანთან არავინ უნდა იცხოვროს".

"ყველას ვურჩევ, რომ არ დაუშვან იგივე შეცდომა. წლების განმავლობაში ვიყავი ძალადობის, წამების მსხვერპლი. თითქმის ყოველდღე ვიყავი ძალადობის ქვეშ, მე კი შვილების გამო ვითმენდი ამ კოშმარში ცხოვრებას. მე ყველა ქალს ვურჩევ, რომ არ გაიმეორონ იგივე შეცდომა, რაც მე, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის და ერთი დღეც არ იცხოვრონ მოძალადე ადამიანთან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც თავიდანვე სჯეროდა, რომ მე ჩემი მეუღლის მკვლელობაში მონაწილეობა არ მქონდა მიღებული", - აცხადებს ჩხაიძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის მამაკაცი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლული მამაკაცის მეუღლე - 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი.