"დაუფარავი, შეუნიღბავი და ხშირად არადიპლომატიური გამოსვლების გამო ათასგზის გაკრიტიკებულ ღარიბაშვილს თუ ოდესმე ტაშს დავუკრავდი, რა მეგონა?!" - კვირის პალიტრა

"დაუფარავი, შეუნიღბავი და ხშირად არადიპლომატიური გამოსვლების გამო ათასგზის გაკრიტიკებულ ღარიბაშვილს თუ ოდესმე ტაშს დავუკრავდი, რა მეგონა?!"

აკვარიუმის თევზები, ხისტი ღარიბაშვილი და კლასიკური ანეკდოტი პოლიტიკოსებზე

პრემიერი ზედიზედ მკვახე განცხადებებს აკეთებს. დაუფარავი, შეუნიღბავი და ხშირად არადიპლომატიური გამოსვლების გამო ათასგზის გაკრიტიკებულ ღარიბაშვილს თუ ოდესმე ტაშს დავუკრავდი, რა მეგონა?! წამლის ფასები არაადეკვატურად დიდიაო (მერამდენედ აღნიშნა!), კაზინოების საკითხიც უნდა გადაიხედოს და სოციალური პოლიტიკაცო, მართალია და სრულად ვეთანხმები!

ჯერ არასდროს მსმენია პოლიტიკოსების დაპირებათა ასი პროცენტით ასრულება, მაგრამ ღარიბაშვილის იდეებს თუ ასრულება უწერია, იქნებ აღარც უწამლობით დავიხოცოთ, იქნებ და, მომავალი თაობაც არ ჩაიძიროს აზარტულ თამაშებში და სოციალურ სიზარმაცესაც დააღწიოს ქვეყანამ თავი. ზოგი, იღბლად, ჯანმრთელია და მაქსიმუმ, წელიწადში რამდენიმე აბი ციტრამონის ყიდვა უწევს, მაგრამ იმ ხალხმა რა უნდა ქნას, ვისაც ათასობით ლარი ეხარჯება მკურნალობაში? ან იმ ადამიანებმა რა ქნან, ოჯახის ერთი წევრის აზარტული თამაშის გამო ღია ცის ქვეშ რომ დარჩნენ უკვე? ეგებ და, იმ მუტრუკების სოციალურ შემწეობათა ხარჯვით მხარეს გადახედოს ვინმემ!

თუ პრემიერის დაპირებები არ ასრულდება, ჩვეულებრივად შევხვდებით კიდევ ერთ იმედგაცრუებას, მაგრამ "ლელოს" ჯაფარიძის ჯიბრზე ეგებ "ოცნებამ" რამე სახეირო გააკეთოს! აბა, გავადევნოთ თვალი, რა თქვა ბადრი ბატონმა: "ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ, და არა ის, რომ აბსოლუტურად არაეფექტური და მავნებლური ეკონომიკაა ამ ქვეყანაში, აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა". აუფ! ეს რა აღმოჩენა გაგიკეთებიათ! ამოდენა კაპიტალია"ლელოელთა" ხელში და თქვენც მიგეცათ ხალხისთვის ფინანსური აქტივები ხელსაყრელ ფასად, თუ ასე შეგტკივათ გული, მაგრამ... თუ არადა, სხვას მორალს ნუღარ უკითხავთ, ნურც სახელმწიფოს მავნებლურ ეკონომიკაზე გვესაუბრებით, ეგ ისედაც ვიცით! ახლა მეორე ბრწყინვალე ციტატაც: "კაზინოების შემოსავლებიდან ძალიან მცირე ნაწილი შემოდის სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უნდა შემოდიოდეს. სამწუხაროდ, ონლაინკაზინოების მართვის არსებობამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დაზარალდა, განადგურდა, გაღატაკდა. ონლაინკაზინოებიდან ბიუჯეტში შემოსატანი თანხა უნდა გაიზარდოს და ის მთლიანად განათლების სისტემის რეფორმისკენ და მისი გაუმჯობესებისკენ მიემართოს". ონლაინკაზინოების გადასახადებით და ზოგადად, ბევრი ფულის განათლებაზე სწორად დახარჯვით მეტად განათლებულ თაობას მივიღებთ და მერე ამ ხელისუფლებასა და მის ოპოზიციას აღარ აგირჩევენ და მერე ვეღარც ბიზნესიდან პოლიტიკაში ან პირიქით მოსვლაზე იოცნებებთ!

ახლა ცოტა ირონიასაც გამოვურევ: პოლიტიკოსების მნიშვნელოვან ნაწილს ჰგონია, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს აკვარიუმის თევზივით. ცალკე თაკო ჩარკვიანი (მოგეხსენებათ, იდეა გააჟღერა ახლახან, რუსთაველზე ლეიბების გაშლა-გაწოლაზე) და ცალკე ირინა სარიშვილი აანონსებდა 800-ათასიან მიტინგს და მერე მელიას თუ უგულავას პირდაპირ ეთერში "გაეპარა", - სიარულის დროს უფრო მეტი ვჩანვართო! აი, მაგ დროს მინდა ხოლმე, თაკოს ხმით წამოვიძახო: "აუ, რამდენი ვართ!" აი, მართლა რამდენი არიან საკრებულოებსა და პარლამენტში აშიმშილებული, ორმაგი სტანდარტებით გამორჩეული "ნაცები"! თურმე სააკაშვილისთვის არ შეიძლება პატიმრებისგან შეურაცხმყოფელი სიტყვების დაძახება, მაგრამ პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის მეგი გოცირიძის მიერ ლანძღვა-გინების ნიაღვარი სიტყვის თავისუფლებაა! თან, იმ ზურაბიშვილის, ვინც სააკაშვილმა ჩამოიყვანა ადრე საგარეო საქმეთა მინისტრად და ასტრონომიული ხელფასიც დაუნიშნა. ჯერ რომ დაფიქრდეთ და მერე ილაპარაკოთ, ბატონო "მთავარო ოპოზიციავ", ეგებ აქციებზე კი მოგემატონ მხარდამჭერები...

P.S. მახსენდება ერთი ძველი ანეკდოტი - კლასიკა. პოლიტიკოსი მანქანით გადავარდება გზიდან, გურული მივარდება და სასწრაფოდ მიაყრის მიწას დასამარხავად. - კი, მაგრამ ასე სასწრაფოდ რატომ დამარხე, ეგებ ცოცხალი იყოო? - დაეკითხნენ. - კი, იძახდა, ნუ მმარხავ, ცოცხალი ვარო, მაგრამ პოლიტიკოსების რამე დაიჯერებაო?!. ხალხო, პოლიტიკოსები ისევ გააგრძელებენ მოტყუებას, თუ თავს მოვიტყუებთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს