"ეს თითოეულმა ადამიანმა და პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს" - დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა - კვირის პალიტრა

"ეს თითოეულმა ადამიანმა და პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს" - დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებაზე საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ მართა ცენტრმა პამდემია ამ პერიოდის განმავლობაში და რა ნაბიჯები გადაიდგა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვირუსის მართვას, ვაქცინაციის პროცესს, საინფორმაციო კამპანიას და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს. დღევანდელ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.

"ანალიზის დრო არის ახლა, თუ რა გვქონდა ძირითადი გამოწვევები ჯანდაცვის სფეროში და რა სისუსტეები იყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მე ყოველთვის თვითკრიტიკული ვიქნები და ვარ, პირველ რიგში, ჩემი თავის მიმართ, თუ რა სისუსტეები გვქონდა ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, რა ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც უნდა გაგვეკეთებინა, ყოველთვის შეიძლება კიდევ უფრო უკეთესად აკეთო, ვიდრე აკეთებ. სხვაგვარად განვითარება და პროგრესი ვერ იქნება, თუ არ თქვი, რა არის გამოწვევა და რას გააკეთებ. სამწუხაროდ, ეს პანდემია კიდევ კარგა ხანს არ დასრულდება, მას ექნება სერიოზული ჯანდაცვითი პოსტკოვიდური განვითარების სინდრომები სხვადასხვა ორგანოზე, საჭირო გახდება სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც ჯანდაცვის მიმართულებით დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. ეს თითოეულმა ადამიანმა და პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს. ასე მარტივად ეს არ დასრულდება, ამიტომ მზადყოფნა უნდა იყოს და სიფხიზლე", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ლაბორატორიული სიმძლავრეები გაიზარდა, დაიწყო ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მართვა, დაიწყო ეპიდზედამხედველობა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანია.

გარდა ამისა, მათი განმარტებით, კოვიდ 19-ის მართვის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ადამიანური რესურსების დისტანციურ გადამზადებას, შემუშავდა საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობილი სასწავლო პროგრამები და ჩატარდა ასობით ტრენინგი.

ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმუნიზაციის საინფორმაციო კამპანია.