"უხაროდათ, როცა ბიძინა ივანიშვილი მწვანეს არ ანთებდა ამ საკითხზე, ეს მოსწონდათ. კანონპროექტის პაკეტი კობახიძემ ჩააგდო 2019 წელს" - კვირის პალიტრა

"უხაროდათ, როცა ბიძინა ივანიშვილი მწვანეს არ ანთებდა ამ საკითხზე, ეს მოსწონდათ. კანონპროექტის პაკეტი კობახიძემ ჩააგდო 2019 წელს"

ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საინტერესო განცხადება გააკეთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი თქმით, ონლაინ-კაზინოების მეშვეობით 1,5 მილიარდი ლარი გაედინება ქვეყნიდან და მან თამაშების რეკლამირების აკრძალვა დააანონსა. "სათამაშო ბიზნესის და ონლაინ-კაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს ძალიან აწუხებს. ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ-კაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. მე ამაზე საუბარი მქონდა ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან. ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა. ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ-კაზინოების მფლობელებისათვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიაა და, საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში - 1,5 მილიარდი ლარი. აქედან დიდი ნაწილი - 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.

პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მე მზად ვარ, ამის შესახებ ღიად ვისაუბრო და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერა იქნება. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ერთობლივად ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა სამოქალაქო მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე და მან საგანგებო პრესკონფერენციაც მოაწყო. ქალბატონი თამარი დიდი ხანია, იბრძვის ამ პრობლემის წინააღმდეგ. მისი თქმით, საკმაოდ იმედისმომცემია პრემიერის განცხადება, რადგან საქართველოს მოქალაქეების 35% აზარტული თამაშების აქტიური მოთამაშეა.

თამარ ჯაფარიძემ კიდევ ერთი საკითხი წამოსწია წინა პლანზე - მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ მუშაობა უნდა დაიწყოს, თუ როგორი სერვისები შესთავაზოს დაავადებულ ადამიანებს, რადგან მათ ამ სენისგან გასათავისუფლებლად დახმარება სჭირდებათ. "ჩვენ ონლაინ-სამორინეებზე რეგულაციების დაწესებასა და სარეკლამო მარკეტინგის მაქსიმალურ შეზღუდვა-აკრძალვას წლების მანძილზე ვითხოვდით, ფინანსთა სამინისტროსთან, სამთავრობო ჯგუფთან ერთად ვიმუშავეთ, სადაც კანონპროექტი შეიქმნა, მაგრამ ამ კანონპროექტმა დღის სინათლე ვერ ნახა, იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ იყო.

ბატონი პრემიერის განცხადება მოწმენდილ ცაზე კაშკაშა ვარსკვლავივით აბრდღვიალდა. ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი იყო, რომელმაც იმედის ნაპერწკალი გააჩინა იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება უკვე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ონლაინ-სამორინეების რეგულირების ჩარჩოებში მოქცევა აუცილებელია. ვირტუალურ სამყაროში სათამაშო სერვერები ნაკლებად კონტროლირებადია, სახელმწიფო ამას ვერ აკონტროლებს. ფინანსთა სამინისტრომ არ იცის, რამდენია ან გასავალი, ან შემოსავალი, ან ნამდვილი მოგება რა რჩებათ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ გადაწყვეტილება დროულად მიიღო, ვინაიდან, ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ 1 ონლაინ-სამორინეს პანდემიის დროს სუფთა მოგება 177 მილიონი ლარი დარჩა. თუკი ეს ინფორმაცია "დედების ორგანიზაციისთვისაა" ცნობილი, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროსთვისაც ცნობილია. ეს არაა მარტივი, ეს ის ბიზნესია, რომელიც ძალიან დიდი კაპიტალბრუნვით არსებობს. ჩვენი მოსახლეობის 35% აქტიური მოთამაშეა.

წარმოიდგინეთ, უზარმაზარ თანხებზეა საუბარი, 2019 წლის საბანკო სექტორის ბრუნვასაც უსწრებს. დღეს ჩვენთან ეს ბიზნესი 32-მილიარდიანი ბრუნვით ხასიათდება. ეს გადაწყვეტილება ძალიან იმედისმომცემია. ეს იყო პოლიტიკური ნება. თუ პოლიტიკური ნება არ იქნა, ისე ეს ბიზნესი რეგულაციების ჩარჩოებში ვერ მოექცევა", – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ და დასძინა:

"დეტალებში ვიცი, კანონპროექტში რა არის ჩაწერილი. ჩვენი წინადადებები ძალიან აქტიურად განიხილება. ვფიქრობ, ამ ბიზნესს ერთიანად რომ მივადგეთ და მოვჩეხოთ, სწორი არ იქნება, ამიტომ დაანონსა ბატონმა პრემიერმა, რომ ეს ეტაპობრივი იქნება. თუ ამ ბიზნესის რეგულირება ეტაპობრივად არ მოვახდინეთ, წარმოიდგინეთ, ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან თამაშზე, მათთვის ეს ძალიან მძიმე და შოკისმომგვრელი იქნება. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაიწყოს მუშაობა იმაზე, დაავადებულ ადამიანებს როგორი სერვისები შევთავაზოთ.

საქართველოს მოქალაქეები მოგებულები უნდა დარჩნენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოც მოგებული უნდა დარჩეს. თუ სახელმწიფოში არსებობს ბიზნესი, რომელიც რეგულირების მიღმაა დარჩენილი, მას კოლოსალური ფულადი ბრუნვა აქვს და ბიუჯეტში მხოლოდ 240 მილიონი ლარი შედის, ეს ნამდვილად ბადებს ეჭვს, რომ სათამაშო ბიზნესი არაკეთილსინდისიერი გზით ვითარდება. ასე რომ, ფინანსური თვალსაზრისით, სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესისგან ხეირი ვერ ნახა, სოციალური კუთხით - სათამაშო ბიზნესმა ქვეყნის განვითარება დაამუხრუჭა".

ყოფილი პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი წლებია, ამ პრობლების წინააღმდეგ იბრძვის. პარლამენტში იმ სხდომაზეც იჯდა, სადაც უნდა განხილულიყო კანონპროექტი, მაგრამ, როგორც ამბობს, მაშინ ირაკლი კობახიძემ მოუწოდა დეპუტატებს, მხარი არ დაეჭირათ და კანონპროექტი ჩავარდა.

ლევან გოგიჩაიშვილი: - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ამ განცხადებას ბოლომდე უნდა მიყვანა. კანონპროექტის პაკეტი "ქართულმა ოცნებამ", კერძოდ, კობახიძემ ჩააგდო 2019 წელს. ღარიბაშვილმა რაც ილაპარაკა, ამაზე ვსაუბრობდით ამდენ ხანს. თავიდან გასაკეთებელი არაფერია, კანონპროექტი გამზადებულია, ამას სჭირდება ახლა მხოლოდ ინიცირება და უმრავლესობის მხარდაჭერა. ძალიან მარტივი გასაკეთებელია, დაჩქარებული წესით შეიძლება ამ კანონის მიღება, მთავარია, გადაწყვეტილება მიიღონ და ორ დღეში იქნება ყველაფერი დასრულებული. ბევრჯერ ითქვა, რომ გაკეთდებოდა, მაგრამ არ კეთდებოდა.

ღარიბაშვილის ბევრი პროექტი არ შესრულებულა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ, საბოლოოდ, დღის სინათლეს იხილავს ის კანონპროექტი, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მთავარია, ახლა ხორცი შეესხას ამ ყველაფერს. ამას არ სჭირდება ერთი და სამი თვე, შეუძლიათ მომდევნო კვირიდან დაიწყონ ამ პროცედურების კეთება. რისი დარეგისტრირება უნდათ, არ ვიცი, მაგრამ რაც ილაპარაკეს, ეს არის გამზადებული. მინიმუმ, რეკლამაც თუ აიკრძალება, ესეც დიდი შედეგია. ბევრჯერ უთქვამს ღარიბაშვილს ბევრი რამ, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიუყვანია, იმედია, ეს ბოლომდე მივა.

- ლობისტები ჰყავდათ პარლამენტში? რატომ შეფერხდა მაშინ ეს საკითხი? - არა მგონია, ლობისტები ჰყავდეთ. წინააღმდგეობას ვეღარ უწევენ ვერავის, ეს ხომ არ არის თავისუფალი პარლამენტი, რომ ვინმე თავისი აზრით იღებდეს გადაწყვეტილებას. უხაროდათ, როცა ბიძინა ივანიშვილი მწვანეს არ ანთებდა ამ საკითხზე, ეს მოსწონდათ.

- რას მოიტანს რეკლამირების აკრძალვა? - რეკლამირების აკრძალვა ბევრ რამეს მოიტანს, მომხმარებელი მოიკლებს და ეს დაკლებაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენად პრობლემურია ეს საკითხი, რომ სოციალურად გაუმჯობესების კუთხითაც კარგი იქნება, შემცირდება რაოდენობა და ეს მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ასაკის 25 წლამდე აწევას, ეს არ არის ღარიბაშვილის ინიციატივა, ეს იყო საპატრიარქოს მოთხოვნა და მათი ინიციატივა, მაშინაც ვეთანხმებოდი საპატრიარქოს, აქტიურად იყო საპატრიარქო ჩართული.

- ონლაინ-კაზინოების კონტროლი არ გაჭირდება? - ონლაინ-თამაშების გაკონტროლება ძალიან მარტივი სისტემაა. ყველა ადამიანი დარეგისტრირდება მოთამაშედ შემოსავლების სამსახურში და სახელმწიფოსთვის ადმინისტრირების თვალსაზრისითაც რთული არ არის. მოხდება რეგისტრაცია და ამის მიხედვით იქნება თამაში. ეს ყველაფერი იქნება ლეგალური. დღეს თუ არასრულფასოვნად აღირიცხება გადასახადები, ესეც გაკონტროლდება. ფულის გათეთრების მაღალი რისკები და ეს ყველაფერი ამასაც გაანეიტრალებს. რაც მთავარია, არასრულწლოვნებს არ ექნებათ შეღწევის შესაძლებლობა.

- ბევრი თვლის, რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს ეს თამაშები. - რაც შეხება აკრძალვას. აქამდე შეიძლება მერე მივიდეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ის თუ გაკეთდა, რაც ითქვა, ესეც დიდ შვებას მოიტანს.

- თქვენ ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურეთ და ისიც დაწერეთ, თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება და ცვლილებები რეალურად განხორციელდება, მერე, ირაკლი კობახიძეს საინტერესო მესიჯს მივწერო, რა გინდათ, უთხრათ კობახიძეს? - ჯერ მთავარია გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მესიჯს მერე მივწერ და შინაარსი აუცილებლად საინტერესო იქნება. როცა 2019 წელს ეს საკითხი იხილებოდა პარლამენტში, კანონპროექტი უნდა დამტკიცებულიყო და დადგა კენჭისყრაზე, იმ დღეს მან უმრავლესობას საჯაროდ, სხდომაზე მოუწოდა, რომ მხარი არ დაეჭირათ და არ დაუჭირეს მხარი.

(სპეციალურად საიტისთვის)