"4 თვეა მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში ვცხოვრობთ, წეროვანში" - როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ჰყვება მისი მეუღლე? - კვირის პალიტრა

"4 თვეა მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში ვცხოვრობთ, წეროვანში" - როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ჰყვება მისი მეუღლე?

2019 წლის 19 დეკემბერს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ ბევრჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი გადარჩენის საკითხი. ამ უმძიმესი დღიდან მალე 2 წელი გავა. ამ პერიოდის განმავლობაში ცოტნეს გვერდიდან არ მოშორებია მეუღლე, ანა ჯაბაური. ანა პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია. ქალმა საქართველოში აწყობილი კარიერა მიატოვა და მეუღლესთან ერთად ქვეყანა დატოვა. რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობის შემდეგ ცოტნე და ანა საქართველოში დაბრუნდნენ.

როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და სად ცხოვრობს ახლა წყვილი, ამის შესახებ ambebi.ge-ს ანა ჯაბაური ესაუბრა.

- ანა, პირველ რიგში მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით, დიდი ხანია, არაფერი დაგიწერიათ სოციალურ ქსელში, ყოველთვის გვატყობინებდით ხოლმე ბატონ ცოტნეს მდგომარეობის შესახებ…

- მადლობა თქვენ, რომ ინტერესდებით ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობით. 4 თვეა წეროვანში ვართ და ვცხოვრობთ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. არაჩვეულებრივი გარემო - სუფთა ჰაერი და ულამაზესი ტყე-პარკი გვაკრავს გარს. არ გვაკლია არც სითბო და ყურადღება. აქვე ახლოს, ამავე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზეა განთავსებული მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ ყველაფრით - თანამედროვე, მაღალი სტანდარტებით გამორჩეული დარბაზებითა და უახლესი აპარატურით, მაღალპროფესიული გუნდითა და მოტორულ-კოგნიტური უნარების განვითარებისთვის საჭირო ბევრი სიახლით. სწორედ ამ ცენტრის სპეციალისტები უტარებენ ცოტნეს ყველა ფიზიოთერაპიულ პროცედურას, რომელიც ამ ეტაპზეა საჭირო.

გარდა აღნიშნული თერაპიისა, ცოტნეს ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ, გვყოფნის გამბედაობა გავზარდოთ მასთან მომუშავე სპეციალისტთა რიცხვი და რეაბილიტაციის პროცესში დამატებით ჩავრთოთ ისეთი მეთოდებიც, როგორიცაა ჰაილეურითმია და ჩინური მედიცინა. ყველა სპეციალისტი, რომელიც ცოტნესთან მუშაობს, ცხადია, სრულად ვაქცინირებული და მკაცრად ეკიპირებულია. ცოტნეს ამჟამინდელ მდგომარეობას რაც შეეხება, ამა წლის თებერვალ-მარტში რეაბილიტაციის შედეგი საკმაოდ იმედისმომცემი და თვალსაჩინო იყო - მან დაიწყო ლაპარაკი, ყოველდღე ამბობდა ახალ სიტყვებს, აწყობდა წინადადებებს, ჰქონდა სრულიად ნათელი გონება, იცინოდა, ხუმრობდა, თანდათან აუმჯობესებდა მოტორულ ფუნქციებსაც. მე და ცოტნეს ძმები სიხარულისგან ლამის დავფრინავდით, ზეიმი გვქონდა ყოველდღიურად.

მაგრამ, სამწუხაროდ, მოულოდნელად ცოტნეს ძალიან მძიმე ეპილეფსიური სტატუსი დაეწყო, რომლის მოხსნაც ძალიან გაუჭირდათ გერმანელ პროფესორებს. ორჯერ გადაიყვანეს ხელოვნურ კომაში, დაუნიშნეს უძლიერესი ანტიკონვულსიური მედიკამენტები, რამაც მნიშვნელოვნად დაგვხია უკან - აპრილში, რეაბილიტაციის უმძიმესი 15 თვის შემდეგ, ისევ ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. დღესდღეობით ცოტნეს მდგომარეობა ახლიდან უმჯობესდება. ჯერ, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ ეპილეფსიურ სტატუსამდელ მდგომარეობას, მაგრამ გონება ისევ ნათელი აქვს, დაიწყო კიდურების ამოძრავება, აქტიურად მეკონტაქტება ბგერებით და ვატყობ, რომ უკვე ლაპარაკის დაწყებას ცდილობს.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა, აწყობილი სამედიცინო კარიერის მიუხედავად დროებით ყველაფერზე უარი თქვით და დღემდე არ მოშორებიხართ ცოტნეს გვერდიდან...

- ჩემი ყოველდღიურობის დიდ ნაწილს ცოტნეს მოვლა, რეაბილიტაცია და მასზე ზრუნვა შეადგენს. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საკითხისა და სფეროს მეთვალყურეობა, კოორდინირება, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევებისა და სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი, გერმანელ პროფესორთან ერთად მკურნალობისა და კვების სქემის შედგენა და კორექტირება, დამატებითი ძალისხმევის, პროცედურებისა და სპეციალისტების ჩართვის საჭიროების დროული განსაზღვრა - ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობაა.

მიუხედავად იმისა, რომ დამხმარეები მყავს, არის პროცედურები, რომელსაც მხოლოდ მე ვუტარებ ცოტნეს. მეტსაც გეტყვით - კოვიდპანდემიის გამო, ცოტნესთან დამატებითი პერსონალის დაშვების შიშით დალაქობაც კი შევისწავლე და მე თვითონ ვკრეჭ წვერსაც და თმასაც. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, მარტო ამით ჩემი ყოველდღიურობა არ შემოიფარგლება. თურქეთსა და გერმანიაში ასე იყო - უმძიმესი წელიწადნახევარი პალატაში ვიცხოვრე და ჩამოშორებული ვიყავი ყველას და ყველაფერს, მაგრამ ახლა უკვე განვაახლე მუშაობა. ინციდენტამდე სამ ადგილას ვმუშაობდი - კლინიკაში კარდიოლოგად, ევროპის უნივერსიტეტში პროფესორად და სამედიცინო ტელევიზიაში "პულსი ტვ" გადაცემის წამყვანად. ნელ-ნელა დავიწყე უკვე სამსახურებში გასვლა. ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო - პირველ რიგში ცოტნე იყოს წესრიგში, რადგან დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე მეტი ყურადღება მას სჭირდება; სამსახურებშიც ხარისხიანად ვიმუშაო, და, არ მოვაკლო ყურადღება არც ჩემს შვილს, შვილიშვილს და მოხუც მშობლებს. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ენერგიას, ძალისხმევას და მობილიზებას საჭიროებს, მაგრამ ზემოთ აღნიშნული მოცემულობა და ეს ადამიანები თავად მაძლევენ ამის ენერგიას.

- თქვენზე ამბობენ, რომ გმირი ხართ, რომელმაც საყვარელი ადამიანისთვის ამხელა მსხვერპლი გაიღო... განაგრძეთ კითხვა