"ეფექტური განცხადებების კვირეული გრძელდება, რა ვქნა, გრძლად დავწერო, თუ მოკლედ მოგიყვეთ?" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე - კვირის პალიტრა

"ეფექტური განცხადებების კვირეული გრძელდება, რა ვქნა, გრძლად დავწერო, თუ მოკლედ მოგიყვეთ?" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

"ეფექტური განცხადებების კვირეული გრძელდება, მთავრობამ, - ნარკოდამოკიდებულ ხალხს შრომას დავაჩვევთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. თავი და თავი უსაქმურობააო. სამსახური ზოგადად ყველა ადამიანისთვის კარგი რამაა, მაგრამ...", - წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქზე" და ვრცლად საუბრობს ამ პრობლემაზე:

"რა ვქნა, გრძლად დავწერო, თუ მოკლედ მოგიყვეთ, რომ ნარკოდამოკიდებულება უმძიმესი დაავადებაა და ამ ადამიანებს სწორად დაგეგმილი, სამ ან ოთხეტაპიანი მკურნალობა სჭირდებათ (ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა, ე.წ. დეტოქსი; თანმდევი ფსიქიკური კონდიციის მედიკამენტური მკურნალობა; საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლებითი თერაპია; ფსიქორეაბილიტაცია).

აქედან, ფსიქორეაბილიტაციას, "ფხიზელი ცხოვრების დასწავლას" იდეალურ შემთხვევაში წელიწადნახევარი სჭირდება, ოპტიმალური კი 6-10 თვიანი ინტენსიური კურსია. ფსიქოთერაპიის გარეშე ნებისმიერი "ძვირიანი" მკურნალობა წყალში გადაყრილი რესურსი რომაა, იცით ეგეც, ხომ? ანეკდოტი რომაა, მეგრელს რომ ჰკითხეს, ცურვა იციო? მეცოდინება, ალბათ, - რომ უპასუხა. გეცოდინებათ, ალბათ, მაგრამ მაინც გახსენებთ, რომ შრომა-გასწორების რეჟიმი კი არა, ჯერ მკურნალობაა გამოსავალი.

სწორად დაგეგმილი ყველაფერი ყოველთვის უფრო ხარჯეფექტურია, ფულის თვლა კი იცით და ეს ჩემგან არ გესწავლებათ, ნება თქვი შენ. ამის შემდეგ კი რა თქმა უნდა, იდეალური იქნება სოციალური საწარმოების პროგრამები და დასაქმების პროგრამა, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს დაავადებულ პირთა ასაკს, ზოგად ჯანმრთელობას და სხვა ინტერესებს.

მოზარდებისთვის კი აუცილებელია პრევენციის პროგრამის დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ბავშვები ამ დაავადებისგან. თუ ნება არსებობს, გაუკეთებელი საქმე არ არსებობს, მაგრამ ნება ნიშნავს გააზრებულ მოქმედებებს და გააზრებულ განცხადებებს, რომელსაც მესიჯებზე დაეტყობა, რომ ნახევარი საათი მაინც წაიმუშავა ვინმემ.

შეცდომაა - ნარკოდამოკიდებულება უსაქმურების დაავადებაა.

სწორია - საინტერესო საქმის კეთება ადამიანებს ბედნიერს ხდის, მაგრამ მკურნალობის საჭიროება არ იხსნება", - წერს ფანჯიკიძე.