"გამოდის, რომ მესამე პრეზიდენტისგან მოწამეს ქმნიან?!" - კვირის პალიტრა

"გამოდის, რომ მესამე პრეზიდენტისგან მოწამეს ქმნიან?!"

პოეტი ნანა ცინცაძე საქართველოში ბევრს უყვარს. ხალხს მოსწონს სიმღერად ქცეული მისი ლექსები, რომელიც ავტორივით ემოციური და სევდიანია... ამავდროულად, ის არაერთი ადამიანისთვის საყვარელი "ნანა ექიმია", რომელსაც თავისი პაციენტებისთვის იმედი და სიმშვიდე მოაქვს. ქალბატონი ნანა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მისთვის ჩვეული გულწრფელობით გვესაუბრა.

- ალბათ, იშვიათია ის სიჯიუტე და სიხისტე, რომელიც ქართულ პოლიტიკას ახასიათებს. სადამდე შეიძლება მიიყვანოს საქართველო პოლიტიკოსების დაპირისპირებამ და იმან, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება?

- თავდაპირველად გეტყვით, რომ სრულიად აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ახლა ისეთი შეკითხვა დამისვით, არ შეიძლება ექიმის პოზიციიდან არ გიპასუხოთ: ომის დროსაც კი, ყველაზე საშიში მტერი ტყვედ რომ აჰყავდათ, ჯერ მკურნალობდნენ და ეშაფოტზე ან გაზის კამერაში მერე შეჰყავდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანს არ ვუმკურნალო, რადგან ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული. არ უმკურნალო და ასე მოექცე ადამიანს, რომელიც შენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ჩემთვის გაუგებარია. მით უმეტეს, ამას მთელი მსოფლიო უყურებს. არ არსებობს მთავრობა, დადებითი მხარეები რომ არ ჰქონდეს, უარყოფითთან ერთად. გავა დრო და ისტორია აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს - იტყვის, რა იყო უარყოფითი და რა - დადებითი...

- ესე იგი, პოლიტიკისთვის თვალ-ყურის დევნება მაინც გიწევთ?

- დიახ, მაგრამ მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვრო, სადაც პოლიტიკოსები თავიანთ საქმეს ისე გააკეთებენ, რომ მათი სახელი და გვარი არ მეცოდინება. ევროპის მოწინავე ქვეყნებში სწორედ ასე ცხოვრობენ. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად ხდება და 32 წელია, ყველა საქართველოს გასაწეწად იბრძვის. გენიალური სიტყვები - "თუ ბრძენი კაცი გამოგვერია, ისე გავთელავთ, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს" - ყოველთვის აქტუალური იყო და დღემდე ამოსავალ წერტილად რჩება. მთელი უბედურება იცით, რა არის? - ზოგიერთისგან მესმის, როგორ ამბობენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე: დიახაც, ღირსია, კარგია, რომ დედამიწა მისგან გათავისუფლდებაო... ხალხო, დავუშვათ, ვისზეც ასე ლაპარაკობთ, რაღაცას აშავებდა, ახლა მის საქციელს თუ იმეორებ, რით ხარ მასზე უკეთესი? - არაფრით! თანაც, ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ყველა ამტკიცებს, რომ მორწმუნე ქრისტიანია. როგორ, უფალი ამას გვეუბნება? მე ეკლესიებში არ დავდივარ, ტაძრის იატაკს თავს არ ვურტყამ, მაგრამ ძალიან მინდა უფალთან მივიდე. იმისათვის, რომ უფალთან მივიდე, აუცილებლად უნდა მახსოვდეს მისი ერთ-ერთი უმთავრესი მცნება: "ნუ განსჯი და არ განისჯები". ჩვეულებრივ, რიგით ადამიანს ვინ მომცა უფლება გამოვიდე და პროკურორის ან სახელმწიფო ბრალმდებლის როლი ვიკისრო? ოდესმე ხომ უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელზეც ვოცნებობთ, რომელზეც ვსაუბრობთ და სადაც ყველას გვინდა ვიცხოვროთ.

- გავრცელებულმა კადრებმა, თუ როგორ გადაჰყავთ ექსპრეზიდენტი, ბევრში უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგს არ მოეწონა ის ფაქტიც, რომ სასამართლოს არ დაასწრეს.

- ნებისმიერი ქმედება, პირველ რიგში, იმაზე ლაპარაკობს, თუ როგორი ვარ მე. რომც არ იყო მისი მომხრე, მის იდეებს საერთოდ არ იზიარებდეს, მაინც თანაგრძნობა გიჩნდება - ადამიანი ასეა მოწყობილი! გამოდის, რომ მისგან მოწამეს ქმნიან? ქმნიან გმირს, რომელიც ამდენი ხნის შიმშილობის მერე სასამართლომდეც არ მიუშვეს და თავისი ფეხით მიჰყავთ მოწამეობისკენ - რას ნიშნავს ეს, ამიხსენით! მე ამას ვერ ვიგებ და ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ. ვინმემ რომ გვკითხოს, ქართველები ყველაზე გონიერები, განათლებულები და განვითარებულები ვართ, ევროპული აზროვნება გვაქვს, მაგრამ ეს რა არის?! ბევრ რამეს ვერ ვიგებ: როგორ, მთავრობა თავისი თავის წინააღმდეგ იბრძვის? როდესაც შტაინერს, კანტს ვკითხულობდი და რაღაცას ვერ ვიგებდი, ჩემზე ჭკვიანი მეგობრები მყავს და მათ ვეკითხებოდი. ჩემი უახლოესი მეგობრები დღესაც მეუბნებიან: როგორ შეგიძლია, გაფართოებული თვალებით გვისმინო და ყველაფერი დაგვიჯერო, რასაც გეტყვითო, მაგრამ ამ სიტუაციაში ყველა ერთნაირად დაბნეული ვართ.

30 წელიწადზე მეტია, სულ ერთ რამეს ვხედავ: უმრავლესობა ჯერ ზვიადზე გიჟდებოდა და ვენებს იჭრიდა, მერე - შევარდნაძეს ევედრებოდნენ და უჩოქებდნენ, არ გადადგეო, მერე - "მიშა-მიშას" გაიძახოდნენ, მერე - ბიძინას... ამდენ წივილ-კივილს და ენერგიის ხარჯვას, ყველამ ჩვენი საქმე რომ ვაკეთოთ, არ ჯობია? როდემდე უნდა ვიკივლოთ ვიღაცის სახელი ქართველებმა და როდემდე უნდა დავასამაროთ ერთმანეთი?! - ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს და ალბათ, არასდროს მექნება. ზოგჯერ ვფიქრობ, ალბათ ბედნიერი ვიქნებოდი, ქართველი რომ არ ვიყო.

- რატომ, ქალბატონო ნანა?

- თუნდაც იმიტომ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ისე ვიცხოვრებდი, როგორც ჩემი სტატუსის მქონე ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, აქ კი, მათხოვარი ვარ - შეგიძლიათ დაწეროთ - ამ სიტყვების არ მეშინია! საქართველოში როცა ცოცხალი ხარ, შენი არსებობა არავის აინტერესებს, მაგრამ როგორც კი მოკვდები, მაშინვე დაიწყებენ ვაი-ვიშს - ეს რა გადასარევი ადამიანი დავკარგეთ, რა ჭკვიანი და რა გენიოსი იყოო... მე ქართველი ვარ - ეს ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყანა სიგიჟემდე მიყვარს და მის იქით არაფერი მინდა, ამიტომ ვერ წავედი და ვერსად დავრჩი! მთელი ჩემი არსებით, ჩემი გენეტიკით, ჩემი საძვალეთი, ქართველი ვარ და ამიტომ, გულით მინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვრო. დიახ, არასდროს ვიქნები პოლიტიკაში, რადგან თუ იმას ვიტყვი, რაც ჩემი ერისთვის კარგი და საჭიროა, აუცილებლად გამაგორებენ. მე კი, მინდა ცოცხალი ვიყო, ერთი-ორი ლექსი კიდევ დავწერო ან როგორც ექიმმა, ჩემი საქმე ვაკეთო - საყვარელ პაციენტებს მივხედო... ჯერჯერობით ჩემი ფუნქცია არ დამიკარგავს და მინდა ცოცხალი ვიყო. სულაც არ მსურს არასწორ პოლიტიკას შევეწირო, მაგრამ ამავე დროს, ყველანაირი ძალადობისა და დაუნდობლობის წინააღმდეგი ვარ.

- როგორ ფიქრობთ, ქართველებს ბელადომანიისკენ ხომ არ გვაქვს მისწრაფება?

- ლიდერი საჭიროა, მაგრამ ადამიანის გაფეტიშება არ შეიძლება. ნოდარ დუმბაძის სიტყვების პერიფრაზს მოვიშველიებ: ადამიანი ნახატი ან ფრესკა არ არის, რომ პირდაპირ უყურო - მას ყველა მხრიდან უნდა შემოუარო და ისე შეაფასო. სახელმწიფოც არ არის ნახატი, რომ ასე მარტივად შეაფასო. რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე პროცესებს მეც ვაკვირდები, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად მტკივნეულია, რომ მირჩევნია, მშვიდად ვიყო და ამ ამბებში ზედმეტად არ ჩავერიო. სამწუხაროდ, კარი რომ გახსნან და ჩვენს ხალხს უცხოეთში თავისუფლად წასვლის საშუალება ჰქონდეს, მოხუცების გარდა აქ არავინ დარჩება. ისედაც მილევადი ერი ვართ და ყველას აქედან გაქცევა უნდა. რატომ? - საქართველოში პერსპექტივა აღარავის აქვს და თუ ასე გავაგრძელებთ, გადაშენება გვემუქრება. მე ძალიან არ მინდა, ასე მოხდეს, პირიქით, ჩემი სურვილია, რომ ჩემი შემდგომი თაობა მაინც იყოს ბედნიერი და თავის სამშობლოში ღირსეულად ცხოვრობდეს.

- დაბოლოს, რას ეტყოდით ჩვენს ერთგულ მკითხველს?

- ვეტყოდი, რომ ჩვენს სამშობლოს მაინც ბედნიერი მომავალი ექნება, ამ მიწაზე კიდევ ერთი წმინდა ილია მართალი გაჩნდება და ჩვენი საქართველო მაინც გაბრწყინდება!

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"