"ერთი ძლიერი "უ" ყოველთვის მინდა" - კვირის პალიტრა

"ერთი ძლიერი "უ" ყოველთვის მინდა"

კაფე. ბევრი წიგნი. "ბაირონივით დაკოჭლებული" მაგიდა, ორი ფინჯანი ყავა, ჩემი რესპონდენტი, მე და... სხვა დანარჩენი ირგვლივ.

ჩემი რესპონდენტი თანამედროვე საუკუნის ქართული პოეზიის შენაძენია. რითმებისა და აზრების სინთეზი მის ლექსებში ჰარმონიულ სრულყოფილებას ქმნის. პოეტი "იშვიათი აპათიით"... რატი ამაღლობელი. ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრასთან" ერთად რატი ამაღლობელის ლექსების კრებული გამოვიდა.

"მედიასახლის პროექტები ერთგვარი "ძალდატანებითი" და ეფექტური მცდელობაა, ადამიანი დაუბრუნოს წიგნებს"

"დღეს საქართველოში როგორც არასდროს, ისეთი ნაკლებობაა პოლიტიკისა"

"ვისაც დაჩლუნგებული აქვს სამართლიანობის განცდა, ვფიქრობ, რომ მათთვის დღეს ძალიან იოლია ცხოვრება"

"ახალ თაობას მეტი ინდივიდუალობა აქვს, ვიდრე წინას"

"მეც ხომ უსიერ ტყეში ვარ..."

ლიტერატურული პალიტრა" VS რატი

ჟურნალი ყიდის ხოლმე წიგნს თუ წიგნი ჟურნალს, ამაზე კამათს არ დავიწყებ, მაგრამ ფაქტი, რომ წიგნი ამ სახით უფრო ხელმისაწვდომია მკითხველისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი მედიასახლის მიერ გამოცემულ ბევრ ჟურნალს სხვადასხვა პროექტით გათვალისწინებული წიგნები მოჰყვება თან. ვფიქრობ, ეს ერთგვარი "ძალდატანებითი" და ეფექტური მცდელობაა, ადამიანი დაუბრუნოთ წიგნებს. ამ კრებულში, რომელიც ახლა თან ახლავს ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრას", გაერთიანებულია პოეზია რამდენიმე კრებულიდან, მათ შორის არის ბევრი ახალი, გამოუქვეყნებელი ლექსი.

თანა-მე-დრო-ვეობაზე...

მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი ძალიან მცირე და არაერთგვაროვანია, ამ პროცესებზე სრულფასოვანი სურათის ჩამოყალიბება არარეალისტური და არაკვალიფიციური იქნება. დღეს ქართულ ლიტერატურაში ხდება ის, რაც ყველგან - ეს არის იდენტობის კრიზისი. ამ კრიზისიდან თავის დაღწევას ჯერ ვერ ვახერხებთ. თუმცა, კრიზისი თავის მხრივ უკვე განვითარებას მოასწავებს, ამიტომ მთლად ცუდიც არ უნდა იყოს. თუ არ გაფართოვდა ლიტერატურული საზოგადოების პრობლემების მასშტაბი, მატერიალური რესურსებიდან დაწყებული დამთავრებული მკითხველით, ძალიან პროვინციულ ჩარჩოებში ვიქნებით ჩაკეტილნი. ამისგან თავის დაღწევა შესაძლებელია თვითგანვითარებით, მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებში ჩართვით, მკითხველის დაინტერესებით, ჰონორარების გაზრდით, მწერლების საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლითა და ზოგადად, მეტი განათლებით. იმასთან შედარებით, რა მოცემულობაშიც ვცხოვრობთ და რა ლიტერატურულ-ინტელექტუალური ინფრასტრუქტურის ანაბარაც ვართ, ის, რაც დღეს იქმნება, ძალიან მაგარია! რატომღაც ყოველთვის ველოდებით გადატრიალებას როგორც პოლიტიკაში, ასევე ლიტერატურაშიც. ლიტერატურა იმაზე გაცილებით ჩუმი პროცესია, ვიდრე გვგონია. მთავარი აქ გულშემატკივრობა და ტექსტის სიყვარულია. თუ ადამიანს უყვარს კითხვა, შეუძლებელია თანამედროვე ლიტერატურაში არ ჰყავდეს თავისი ფავორიტი ავტორი. გამუდმებით წარსულზე გამოკიდება ავნებს ლიტერატურასაც და მკითხველსაც, ამიტომ ეპოქის მორიგ გალაკტიონებს არ უნდა ველოდეთ.

რატის "საბა"

ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ ამ ლიტერატურული პრემიისა. "საბა" ერთგვარი მოთამაშე, მაპროვოცირებელია ლიტერატურული პროცესებისა. "საბა" არის მედიატორი ავტორებს, გამომცემლობებსა და მკითხველებს შორის.

რატის თაობა

გადახედეთ წინა თაობებს, თუნდაც მათ, ვინც პარლამენტში ზის - ინტელექტუალური წიაღსვლებითა და შინაგანი დახვეწილობით გამოირჩევიან? საერთოდ, თაობა აბსტრაქტული, კრებითი ცნებაა, ჩემთვის არსებობენ კონკრეტული ადამიანები კონკრეტული თაობიდან. ამბობენ, რომ ამ თაობის გამაერთიანებელ ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს უახლესი ტექნოლოგიები, შესაბამისად, უფრო მობილურია თაობა, მოვლენებში მეტადაა ჩართული, მაგრამ არის ზედაპირული და მალეფუჭებადი ინფორმაციის მატარებელი. ასე არ ვფიქრობ. ეს ან რომელიმე სხვა თაობა ზედაპირული ან პირიქით, ღრმაა-მეთქი, ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ ვიტყვი - იმ პრობლემებს, რომელსაც წინა თაობები გვიტოვებდნენ, ღრმა და საფუძვლიანი ანალიზის მქონე ინტელექტუალური თაობა ნამდვილად არ დაგვიტოვებდა. არ მიყვარს ახალი თაობის ძაგება. შორს ვარ ერთმანეთისადმი პათეტიკური, მშრალი სიტყვების თქმისაგან. ვფიქრობ, რომ ახალ თაობას მეტი ინდივიდუალობა აქვს, ვიდრე წინას.

პოლიტიკურად მშვიდი(?)

ვიხარჯები იქ და ისე, რაც მომწონს და გამომდის, ჩემი კვალიფიციურობისა და მოტივაციის ფარგლებში. ყველაფერი ლეგიტიმურია, ვიღაც ავტორს მოსწონს ეპატაჟი, რომელიმე სხვა მწერალს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, მაგრამ მე ეს ფორმა ავირჩიე - ვფიქრობ, რომ ლიტერატურას ძალიან ბევრი ყვირილიც არ უყვარს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, როდესაც ვწერ, ამაზე ისედაც ვლაპარაკობ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ მაქვს ჩემი სამოქალაქო პოზიცია. ჩემი პოზიცია ადეკვატურია იმ მოვლენებისა, რაც ხდება. სამართლიანობის განცდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეგრძნება, რომლითაც ჩემთვის განისაზღვრება ადამიანი. დღევანდელ საქართველოში ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან. ვისაც დაჩლუნგებული აქვს სამართლიანობის განცდა, ვფიქრობ, რომ მათთვის დღეს ძალიან იოლია ცხოვრება. ხოლო, ვისაც სამართლიანობის განცდა აქვს, შეუძლებელია, ის იყოს პოლიტიკურად მშვიდი და ხელისუფლებით კმაყოფილი. როგორც ჰამლეტი იტყოდა, "რაღაც დალპა ამ სამეფოში". ეს მყრალი სუნი კი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბევრს ძალიან გვაწუხებს.

ვფიქრობ, დემოკრატიული სახელმწიფო უნდა მიჯნავდეს სამ ინსტიტუტს: სახელმწიფოს, ეკლესიასა და ბიზნესს. დღეს ეს ყველაფერი ერთმანეთშია არეული, აზელილი. შეიძლება, რომელიმე დეპუტატი ყველაზე აპოლიტიკური აღმოჩნდეს და მხოლოდ რელიგიასა და ბიზნესზე ლაპარაკობდეს, რომელიმე რელიგიური მოღვაწე უფრო მეტს ლაპარაკობდეს პოლიტიკაზე, ხოლო ბიზნესმენი - რელიგიაზე. ეს პროცესი უკონტროლოა, ამის გარკვევა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძალიან რთულია. ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ გვესმის პოლიტიკა, ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, მაგრამ რეალურად პოლიტიკა არ არსებობს. არსებობს იდეოლოგია, მაკონტროლირებელი ორგანოები, რეპრესიული აპარატი. პოლიტიკურ პროცესს ჩვენ არ ვცნობთ. არადა, პარლამენტი არის ცოცხალი პოლიტიკური ორგანო, რომლის გადაწყვეტილება პროცესუალურია, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომელშიც ჩართულია მთელი სპექტრი საზოგადოებისა; მედია ცოცხალია, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სამართლიანი; არსებობს თვითმმართველობა, რომელსაც დამოუკიდებელი ღირებულება გააჩნია და ის არ არის მხოლოდ ფუტლარი ხელისუფლების ხელში. აი, ამ სივრცეებში იზრდებიან პოლიტიკოსები და იქმნება პოლიტიკა, ჩვენ კი ეს არ გაგვაჩნია. დღეს საქართველოში როგორც არასდროს, ისეთი ნაკლებობაა პოლიტიკისა. ყველა ეს ინსტიტუტი უნდა შეიქმნას და მერე იშვება პოლიტიკაც, ამის შექმნა-დაბადება კი მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია.

გარდა პოეზიისა...

ვკითხულობ ლექციებს კერძო სკოლაში, ასევე მაქვს თავისუფალი ლექციები ლიტერატურაზე "წიგნის სახლში", ვარ საქართველოს "პენცენტრის" თავმჯდომარე, აზრები.გე-ს ერთ-ერთი მასპინძელი... საქმე, საბედნიეროდ, ძალიან ბევრი მაქვს. ყოველი წამი ჩემთვის მოსაპოვებელია. ამ წამებს კი სრულად ვუთმობ ჩემს პოეზიას, ვწერ...

ისევ პოეზია...

შეიძლება, ერთი ლექსი თავით ორი წელი დამქონდეს. პარალელურად სხვა ლექსებს ვწერ. ერთხელაც, დადგება დრო და ის "ნატარები" ლექსი რამდენიმე წუთში დაიბადება. ეს პროცესი ძალიან ჰგავს ორსულობასა და მშობიარობას.

"აპათია"... აი, ამ ლექსშია მთელი აპათია. აპათია სასოწარკვეთა, მძიმე მდგომარეობაა, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან ერთ-ერთი. ჰო, მქონია აპათია, მქონია "რაღაც უცნაური", იშვიათად, მაგრამ მაინც...

"მინდა გამოსვლა კანიდან" მაშინ, როდესაც სამყარო თავისი პატარა კონტექსტით, მომხმარებლურობით, სოციალურ-პოლიტიკური, ყოფითი პრობლემებით ვიწროვდება, პატარავდება, მაწვება და ტანზე მასკდება. ამ დროს მინდება ამოვძვრე იმ პატარა კანიდან... "უ"-ს ქონა ყველაზე საინტერესო, სავსე ცხოვრებას ნიშნავს. ერთი ძლიერი "უ" ყოველთვის მინდა, ღმერთმა დამიფაროს, რომ აღარ მომესურვილოს.

"ანიდან ჰაემდე" თუ წარმოვიდგენ ჩემს სიცოცხლეს, ახლა სადღაც "ო"-სთან ვარ, სადღაც შუაში... როგორც დანტეს "ღვთაებრივ კომედიაშია", "ჩემი ცხოვრების ნახევარ გზაზე გამოვიღვიძე უსიერ ტყეში"... მეც ხომ ოცდათხუტმეტის ვხდები. მეც ხომ უსიერ ტყეში ვარ...