“იურიდიული კომიტეტი ოხანაშვილმა მთლიანად გადააქცია ამ კლანის ლაბორატორიად და დაქვემდებარებულ უწყებად. საერთოდ არ ესინჯება პულსი, იმდენად სუსტი და უხერხემლოა”
ხმაურით მიმდინარეობს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, რომელიც დღეს, 26 ნოემბერს დასრულდება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ ნინო სანდოძესა და თეა ძიმისტარაშვილს უსმენს. გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ორ კანდიდატს - გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმინეს. პარლამენტარმა ანა ნაცვლიშვილმა ტრიბუნაზე სარკე დადგა და გასაუბრებაზე მისულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს და უმრავლესობის დეპუტატებს სარკეში ჩახედვისა და საკუთარი თავის დანახვისკენ მოუწოდა. მოსმენას ნაცვლიშვილმა სიყალბე და თეატრალიზებული წარმოდგენა უწოდა. თქვა, რომ გენადი მაკარიძის მისამართით კითხვები არა აქვს, რადგან ყველაფერზე პასუხი მისი დუმილია, რომელსაც ინარჩუნებს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემის ზემდგომ ინსტანციებში გზა გაიკვალოს.
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია ნინო სანდოძე, რომელიც 2012 წლამდეც მოსამართლე იყო და არც ერთი გამამართლებელი განაჩენი მას არ აქვს გამოტანილი, მაგრამ არც მას და არც ირაკლი კობახიძეს ამ ფაქტის არ რცხვენიათ, რადგან კობახიძე იტყვის, რომ მანამდე მიკერძოებულები იყვნენ და ახლა სანდოძე გამოსწორდა. ქვეყანაში ძალიან დიდი უსამართლობა ტრიალებს, რომელსაც გამომძიებელი და მომკითხავი არავინ ჰყავს. რამდენიმე დღის წინ ადამიანს გული გაუსკდა და გუშინ ამის ჩანაწერები გამოქვეყნდა. ეს იმის გამო ხდება, რომ თქვენ, თქვენი გაგებით, პატიოსნად მოსამართლეობთ, ხოლო სინამდვილეში - დიდ სიყალბეში მონაწილეობთ, რაც აუცილებლად გასკდება და მსხვერპლად მოჰყვებით. არ მინდა, რომ არც მსხვერპლი იყოთ და არც ჯალათი! თქვენი ბედი კომიტეტზე გასაუბრების შედეგად კი არ გადაწყდება, არამედ - გადაწყდება პოლიტიკურ კულუარებში“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა კანდიდატ გენადი მაკარიძეს, რის შემდეგაც კომიტეტის სხდომა დატოვა.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ამ პროცესს და მოუწოდა პარლამენტს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი შეაჩეროს. "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე გამოცემულ მეოთხე ანგარიშშიც, სადაც აღწერილია მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული პრობლემები, პირველივე უმთავრეს რეკომენდაციად სწორედ უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევის პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა მითითებული, ფუნდამენტური სასამართლო რეფორმების განხორცილებამდე. ძირეული რეფორმირების საჭიროებასა და ახალი მოსამართლეების არჩევის შეჩერებაზე მითითებულია, ასევე, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაში - "სამომავლო გზა საქართველოსათვის.“ კვლავინდებურად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდებთ, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის მიმდინარე პროცესი და დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ხელისუფლება არ აპირებს, ამ განცხადებებს ყური უგდოს, პროცესი გრძელდება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის - ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პროცესი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა, რადგან 2019 წლამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა არ არსებობდა.
პოლიტიკოსი და იურისტი ეკა ბესელია თვლის, რომ მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაა ამ სიტუაციაში გამოსავალი.
ეკა ბესელია:
- ძალიან მძიმე საყურებელია, როცა ამდენი ვნებათაღელვის და წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს პროცესი გრძელდება. მით უფრო, ყველაზე ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი უნდა ყოფილიყო შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელმაც "ქართულ ოცნებას" პირდაპირ ჩააწერინა, რომ შეჩერებულიყო პროცესი. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ძალა აქვს დღეს სასამართლოში არსებულ კლანს, იმ გავლენიან ჯგუფს მმართველ პარტიაზე, რომ შარლ მიშელის დოკუმენტმაც კი ვერ შეაჩერა ეს პროცესი. ახლა ყველა უკვე დიდ სურათში ხედავს, რამდენად რთული მოვლენაა ეს, თავისთავად. ხვალინდელი საქართველოს უსერიოზულესი პრობლემა იქნება მოსამართლეთა ეს გავლენიანი კლანი, რომელმაც ხელში აიღო, პრაქტიკულად, მთელი ძალაუფლება და ამ პროცესს ვერაფერი ვეღარ აჩერებს. თუ დავაკვირდებით, როგორი მოსამართლეების წარდგენა ხდება, ყველაფერი ნათელია. არც ერთი მათგანი არ არის, ვინც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა, მათ შორის - იმ 16 მოსამართლიდან, რომელმაც გაავრცელა განცხადება ცოტა ხნის წინ და იმ უმრავლესობას გაემიჯნა, რომელმაც ძალიან ცუდი წერილი გამოაქვეყნა ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორების მისამართით. ჩვენ ახლა ვხედავთ ყველაზე ცუდი მხარის გაუჩერებელ ბრძოლას ძალაუფლების ბოლომდე გასაძლიერებლად. ნახეთ, იურიდიულ კომიტეტს, რომელიც ოხანაშვილმა მთლიანად გადააქცია ამ კლანის ლაბორატორიად და მის დაქვემდებარებულ უწყებად, საერთოდ არ ესინჯება პულსი, იმდენად სუსტი და უხერხემლოა.
- გამოსავალი რა არის?
- ამ ვითარებაში გამოსავალი აღარ არის, გარდა "ქართული ოცნების" ცვლილებისა, ვერაფერი აჩერებს ამ პროცესს. ევროკავშირის ელჩის, ამერიკის ელჩის პოზიცია იყო, სპეციალური ყვითელი მარკერით გახაზული ჩანაწერები “ტვიტერზე” რომ გამოაქვეყნეს, მაგრამ ამათ ვერაფერი აჩერებს. "ქართული ოცნების" პირობებში გამორიცხულია რამე მოხდეს ისეთი, რაც ამ კლანს ხელს შეუშლის. ამიტომ გამოსავალი არის ამ ხელისუფლების ცვლილება და შემდეგ - საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც უნდა შეიცვალოს მთლიანად იუსტიციის საბჭო, რომელიც დღეს გადაიქცა სახიფათო ორგანოდ. მას უნდა ჩამოერთვას ის ძალაუფლება, რომელიც, პრაქტიკულად, იყო კონტროლი არა მარტო სასამართლოზე, მთლიანად - პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. 15 ადამიანის ნაცვლად 10 ადამიანია იუსტიციის საბჭოში და 10 არის კვორუმი, ერთიც რომ გამოაკლდეს, გადაწყვეტილებს ვერ მიიღებენ. იმ ხუთი, არამოსამართლე წევრის არჩევაც კი არ ხდება, ვადები ირღვევა. ყველაფერი გავიდა სამართლებრივი კონტროლის სივრციდან და, როცა ყოველი ფეხის ნაბიჯზე კანონი ირღვევა, ეს ძალიან საშიშად, სახიფათოდ მეჩვენება. ეს მოსამართლეები ჩინჩალაძის ჯგუფის წევრები არიან. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ამ ჯგუფს ასე უნდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ორგანიზაცია "საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი:
- ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად პრობლემური ის არის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების ერთი მესამედი არ ჰყავს, 15-ის ნაცვლად, 10 წევრია, რაც შეუსაბამოა კონსტიტუციასთან, ჩვენს კანონმდებლობასთან და ეს ლეგიტიმაციის ხარისხზე აისახება. ბუნებრივია, გარდა ამისა, ის დარღვევები, რაც ადრე არსებობდა, განმეორდა, ის ატმოსფერო, რაც ადრე იყო გასაუბრების დროს, იგივეა პარლამენტშიც, საბჭოშიც. მაინც იმ ადამიანზე თანხმდებიან, კითხვებისა და პასუხების მიუხედავად, ვინც მათი წარდგენილია, ამიტომ, განსხვავებული არაფერი ხდება. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამ ფორმით დაიწყო შერჩევა 2019 წლიდან, წლები გავიდა და არაფერი იცვლება, შედეგი არ იცვლება და უზენაესი სასამართლო, ფაქტობრივად, დაკომპლექტებულია. 5 მოსამართლის ადგილი, ჯამში, თავისუფალია. შემადგენლობა არის 28 და აქედან, 20 მოსამართლე უკვე უვადოდ არჩეულია. არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ რამე შეიცვალოს.
(სპეციალურად საიტისთვის)