კადიროვმა ჩეჩნეთის საზღვრებზე თავისი ჯარი ჩააყენა, რა რეაქცია ექნება პუტინს? - კვირის პალიტრა

კადიროვმა ჩეჩნეთის საზღვრებზე თავისი ჯარი ჩააყენა, რა რეაქცია ექნება პუტინს?

რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ტერიტორიის სიდიდით მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს, 85 სუბიექტისგან შედგება, რომელთა შორის 22 რესპუბლიკაცაა.

ამ რესპუბლიკების ნაწილს კი დღემდე არ აქვს მოგვარებული ერთმანეთთან საზღვრები და მათ შორის ტერიტორიული პრეტენზიები დროდადრო თავს იჩენს ხოლმე, თანაც, შეიარაღებული დაპირისპირების დონეზეც კი.

ოსებსა და ინგუშებს შორის შეირაღებული შეტაკებები არა ერთხელ მომხდარა, რასაც ემატება ჩეჩენ-დაღესტნელებსა და ჩეჩენ-ინგუშების სასაზღვრო კონფლიქტებიც.

ერთ-ერთ ასეთ, ბოლო დაძაბულობას ამ დღეებში ჰქონდა ადგილი, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერის - რამზან კადიროვის ბრძანებით ღამით გამოცხადდა განგაში და ჩეჩნეთის რესპუბლიკის დაქვემდებარებაში არსებული პარამილიტარული დანაყოფების სასწრაფო გადასროლა მოხდა რუსეთის ფედერაციის ამ სუბიექტის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.

ჩეჩნეთი საქართველოსაც ესაზღვრება და წარმოდგენილი გვაქვს ის საფრთხე, რაც თანამედროვე „ლეკიანობის“ დაწყებას შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ამჯერად „პუტინის ჯარისკაცის“ - კადიროვის გულისწყრომა მისსავე ჩრდილოკავკასიელმა მეზობლებმა - ინგუშებმა და დაღესტნელებმა გამოიწვიეს.

ღამისეულ მარშ-გადასროლას, რომელშიც რამდენიმე ათასი, კარგად შეიარაღებული ჩეჩენი მონაწილეობდა, ათობით ჯავშანტრანსპორტიორისა და პიკაპების გამოყენებით, წინ უძღოდა რამზან კადიროვის დამუქრება, ინგუშების მიერ ჩეჩნეთის საზღვართან სარემონტო სამუშაოების დაწყების გამო.

კადიროვმა სახალხოდ შეახსენა ინგუშებს, რომ ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის - ჯოხარ დუდაევის მიერ ჯერ კიდევ 1994 წელს ინგუშეთისთვის გადაცემული ჩეჩნეთის საზღვრისპირა რაიონის ნაწილი, დიდი შეცდომა იყო და თუ ინგუშები არ დაწყნარდებიან, მას - კადიროვს შეუძლია ძალით დაიბრუნოს ეს მიწებიო...

კადიროვის მუქარები არახალია, ინგუშებამდე, ამას ვერც დაღესტნელები ასცდნენ.

საქმე კი ისაა, რომ კადიროვი მეტ-ნაკლებად შემსრულებელია თავისი მუქარების, ნაწილის მაინც, რადგან მას ზურგს უკან თავად პრეზიდენტ პუტინის დიდი მხარდაჭერა ეგულება.

რუსი გენერლები დიდი ხანია, ითმენენ კადიროვის ასეთ გამოხდომებს, პუტინის ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ უდავოდ გეგმებიც ექნებათ შემუშავებული, კრემლის ბრძანების შემთხვევაში, ჩეჩნეთში კადიროვის მეფობას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვან წერტილი.

უბრალოდ, პუტინს ჯერ კიდევ სჭირდება კადიროვის მომენტი, როგორც შიგნით, ჩეჩნეთის, ასევე - მისი მეზობელი ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკების გასაკონტროლებლად, ისე, „ჰიბრიდული ომის“ პირობებში, რუსეთის ახლო თუ შორეულ მეზობლებზე მისასევად, როდესაც კრემლი ცდილობს, არ აფიშირდეს. რუსეთის რეგულარული არმიის ღია მონაწილეობა ამა თუ იმ შეირაღებულ კონფლიქტში - ასე იყო აფხაზეთისა და აგვისტოს ომების დროს საქართველოს წინააღმდეგ, ასე მოხდა უკრაინის ყირიმსა და დონბასში, ასე ხდება სირიაში და უცილობლად - ასევე განმეორდება, თუკი რუსეთმა მაინც დაიწყო ახალი, ფართომასშტაბიანი შეტევა უკრაინაზე, რისი დიდი საშიშროებაც არსებობს...

ჩეჩნეთის დასავლეთ და აღმოსავლეთ საზღვრებზე, შესაბამისად, ინგუშეთთან და დაღესტანთან, ყუმბარსატყორცნიანი ჯარისკაცებისა და ჯავშანტრანსპორტიორების ჩაყენება და მეზობლებზე დამუქრება, რუსეთის ფედერაციის ერთიანობასა და სიმტკიცეზე არ უნდა მეტყველებდეს, პირიქით, ეს რუსეთის, როგორც ფედერაციული წარმონაქმნის, შემდგომი დაშლის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორადაც შეიძლება იქცეს.

მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, მის „მეგობარ“ ლუკაშენკოსთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთი, ყველაზე „უხუცესი“ პოლიტიკური ლიდერი არის და ის ფაქტი, რომ ორივენი ორ ათეულ წელზე მეტხანს ინარჩუნებენ ძალაუფლებას, მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება მიუთითებდეს - ლუკაშენკოსავით, პუტინიც (ისე, როგორც სჩვევიათ დიქტატორებს) ყველაფერზე წამსვლელია ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით და, როგორც კი აღარ დასჭირდება მას კადიროვი, მაშინვე მოიცილებს, მანამდე კი - პატარა „ცუღლუტობის“ უფლებას ღიმილით აძლევს...

პ.ს. ამ მეოთხედი საუკუნის წინ გროზნოში,როდესაც ჩეჩნეთის მაშინდელ პრეზიდენტსა და მის გარემოცვას, მათ შორის - იჩქერიის მუფთს ახმად კადიროვს ვხვდებოდით, ჩვენ გარშემო მისი შვილი - ოცი წლის რამზან კადიროვიც ტრიალებდა,რომელიც მამასავით ძალზე ამაყობდა რუსეთის არმიასთან ბრძოლითა და რუსი სამხედროების დახოცვით...