"საქართველოს მეგობრები" დაღესტანში - რას წერს ადგილობრივი პრესა - კვირის პალიტრა

"საქართველოს მეგობრები" დაღესტანში - რას წერს ადგილობრივი პრესა

როგორც გაზეთი "დაგესტანსკაია პრავდა" (Дагестанская правда) იუწყება, 24 ნოემბერს მაჰაჩყალაში საფუძველი ჩაეყარა სახალხო დიპლომატიის ასოციაციას - "საქართველოს მეგობრებს", რომელიც დავით გურამიშვილისა და რასულ ჰამზათოვის სახელს ატარებს.

პირველ საორგანიზაციო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს დაღესტნის ეროვნებათაშორის და რელიგიის საქმეთა მინისტრმა ენრიკ მუსლიმოვმა, დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურთან არსებული უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ აბდულა მაჰომედოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაღესტანში ამირხან მაჰომედდადაევმა, ყუმუხთა თეატრის დირექტორმა სკანდარბეგ ტულპაროვმა და სხვებმა.

ასოციაციის დაფუძნების მიზანია კულტურულ-ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური კავშირების აღდგენა-განვითარება რუსეთის ფედერაციის სუბიექტს - დაღესტნის რესპუბლიკასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის.

უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის - აბდულა მაჰომედოვის განცხადებით, ახალმა საზოგადოებრივმა გაერთიანებამ ხელი უნდა შეუწყოს დაღესტნის წარმოჩენას მეგობრის სახით ქართველების წინაშე... "საქართველოს მეგობრების ასოციაციის დაარსება შეთანხმებულია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციასთან თბილისში არსებულ შვეიცარიის საელჩოში, აგრეთვე - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“...

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო