"ქვეყნებს კარგებად და ცუდებად ჰყოფს" - "ჯო ბაიდენმა სამიტში არ მიგვიწვია. ჩვენთან ერთად კი - რუსეთიც და ჩინეთიც" - რას წერს თურქული პრესა - კვირის პალიტრა

"ქვეყნებს კარგებად და ცუდებად ჰყოფს" - "ჯო ბაიდენმა სამიტში არ მიგვიწვია. ჩვენთან ერთად კი - რუსეთიც და ჩინეთიც" - რას წერს თურქული პრესა

თურქულ პრესაში უკმაყოფილებაა გამოხატული იმის გამო, რომ აშშ-მა თურქეთი არ მიიწვია "დემოკრატიის სამიტში" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 9-11 დეკემბერს საერთაშორისო ვიდეოკონფერენციის რეჟიმში უნდა გაიმართოს.

გაზეთ "ჰაბერ-7"-ში (Haber-7) გამოქვეყნებულია სტატია - "ბაიდენმა სამიტში არ მიგვიწვია. ჩვენთან ერთად კი - რუსეთიც და ჩინეთიც”, რომელშიც ვკითხულობთ:

"ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, სამიტში მონაწილეობას მსოფლიოს მხოლოდ 110 ქვეყანა მიიღებს. მიწვეულთა შორის თურქეთი არ არის. სიაში ვერ ვხედავთ რუსეთს, ჩინეთს, უნგრეთს, ვიეტნამს... ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არც ეგვიპტე მიუწვევია, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი საკვანძო მოკავშირეა... არადა, ერაყი და ისრაელი სამიტს დაესწრებიან.

გაკვირვებას იწვევს სიაში ტაივანის არსებობაც, რომელმაც პეკინსა და ვაშინგტონს შორის ისედაც მწვავე კრიზისი შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს - კუნძულს ხომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავის ნაწილად თვლის!

როგორც კი "დემოკრატიის სამიტზე" მიწვეულთა სია გამოქვეყნდა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე წუთს გააკეთა განცხადება: "ჩინეთი აშშ-ის მიერ ორგანიზებულ სამიტში ტაივანის მონაწილეობის წინააღმდეგ გამოდის. ამერიკა დემოკრატიას სხვა ქვეყნებზე ზეწოლის მოსახდენ ინსტრუმენტად იყენებს, რითაც ხელს უწყობს მსოფლიოს განაწილებას".

კრემლის განცხადებაშიც მსგავსი თვალსაზრისია გამოხატული:

"ჩვენი დამოკიდებულება "დემოკრატიის სამიტის" მიმართ ნეგატიურია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიოში ახალი გამყოფი ხაზების გავლება. ჩვენ 1990-იანი წლებიდან იმისთვის ვიბრძვით, რომ გამყოფი ხაზები შეგვემცირებინა და - საერთოდ მოგვესპო, მაგრამ ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატები უპირატესად ახალ გამყოფ მიჯნებს ქმნის და ქვეყნებს - თავისი შეხედულებით - კარგებად და ცუდებად ჰყოფს", - ნათქვამია რუსეთის განცხადებაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო