საქართველოს უშიშროების სისტემის დანგრევის პროცესის დასაწყისი: ედუარდ შევარდნაძის “ბიზანტიური” საკადრო პოლიტიკა - კვირის პალიტრა

საქართველოს უშიშროების სისტემის დანგრევის პროცესის დასაწყისი: ედუარდ შევარდნაძის “ბიზანტიური” საკადრო პოლიტიკა

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან თბილისში, გლდანის მასივის ზემოთ, თიანეთისკენ მიმავალ ავტომაგისტრალთან მდებარეობდა “სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოპერატიული შემადგენლობის მომზადების თბილისის უმაღლესი კურსების“ კომპლექსი, სადაც ერთწლიან მოსამზადებელ კურსებზე იღებდნენ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, რომელთაც სპეციალური განათლება არ ჰქონდათ. ანალოგიური “უმაღლესი კურსები” საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც (მინსკი, კიევი, ტაშკენტი, სვერდლოვსკი, ნოვოსიბირსკი და ლენინგრადი) მოქმედებდა.

“თბილისის უმაღლესი კურსების” თანამედროვე კომპლექსში გათვალისწინებული იყო ყველა წვრილმანი სპეცსამსახურის ოპერატიული თანამშრომლის მომზადებისთვის: შესაბამისი აუდიტორიები, ლაბორატორიები, საცხოვრებელი კორპუსები (სადაც დღესაც ლტოლვილები ცხოვრობენ), სპორტული მოედანი და დარბაზი, შესანიშნავი პირობები საცეცხლე მომზადებისათვის, სპეცბიბლიოთეკა (რაც უშიშროების მომავალი ოფიცრისათვის ჰაერზე და წყალზე უფრო ძვირფასია) და... ყველაფერს ვერ ჩამოთვლი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიქმნა ”საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს უმაღლესი კურსები”, საქართველოს მინისტრთა კა-ბინეტის 1992 წლის 5 მარტის 261-ე დადგენილებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა აწერდა, უშიშროების სამინისტროს უმაღლესი კურსების და შსს მილიციის უმაღლესი სკოლის გაერთიანების გზით გაიხსნა უშიშროების სამინისტროს უმაღლესი სკოლა - უფროსად და, ამავე დროს, უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა ძალზე კოლორიტული პიროვნება, მილიციის გენერალ-მაიორი გივი კვანტალიანი (1933-1999).

უმაღლეს სკოლას უნდა მოემზადებინა ოფიცრები უშიშროებისათვის, შსს-სთვის, სასაზღვრო ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსათვის. უმაღლესი სკოლის ფარგლებში გაიხსნა, ასევე, უმაღლესი კურსები. აღნიშნული ფორმით უმაღლეს სკოლას დიდხანს არ უარსებია. ე. შევარდნაძის 1992 წლის 30 დეკემბრის 42-ე განკარგულებით შეიქმნა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი, რომელსაც შსს-სთვის კადრების მომზადების ფუნქცია ჩამოსცილდა. თითქმის ორი წელი სასწავლებელი ამ ფორმატით მუშაობდა, მაგრამ ჩვენთვის ჩვეული ამბიციურობის გამო, ის ჯერ, 1994 წლის სექტემბერში, ინსტიტუტად, ხოლო ცხრა თვის შემდეგ, 1995 წლის 26 ივნისს - აკადემიად გადაკეთდა (ცალკე შეიქმნა პოლიციის აკადემიაც). სამწუხაროდ, მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, სტატუსის ამაღლებასთან ერთად, სასწავლო-მეთოდური მუშაობის დონე და სწავლების ხარისხი არ ამაღლებულა. ამის ერთ-ერთი მიზეზი უშიშროების სისტემის ხელმძღვანელების ხშირი ცვლაც გახლდათ.

თავად განსაჯეთ: 1991-2004 წლებში უშიშროების სისტემას 13 ხელმძღვანელი ჰყავდა. ფაქტობრივად, ყოველ წელს ახალი მინისტრი მიდიოდა და აუცილებლად - “თავისი გუნდით”. პროფესიონალიზმის სხვადასხვა დონე, დიამეტრულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, საკუთარი კადრები... რა გასაკვირია, რომ ამ საკადრო ციებ-ცხელებას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობას კარგი არაფერი მოუტანია საქართველოს უშიშროების სისტემისათვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმდინარე ოპერატიულ ვითარებაში ძირეულ გარკვევას, პროფესიონალისთვისაც კი, მინიმუმ, 3-4 თვე მაინც უნდა, ორგანიზაციულ-სტრუქტურულ ცვლილებებს კიდევ - 3-4 თვე, ხოლო ახალი მინისტრის ერთგული კადრების შერჩევა-დანიშვნას - 2-3 თვე, მაშინ რაღა უნდა მოასწროს ახალმა ხელმძღვანელმა? - ალბათ, მხოლოდ “კოსმეტიკური” და მოჩვენებითი “რეფორმა”. მართლაც, ამ პერიოდში უშიშროების სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილება 7-ჯერ (!!!) ჩატარდა შემდეგი თანმიმდევრობით: კომიტეტი-დეპარტამენტი-სამინისტრო-სამსახური-სამინისტრო-სამსახური-სამინისტრო. სახელწოდებისა და შიდაუწყებრივი დანაყოფების “გადათამაშების” იქით საქმე არ წასულა. ეს უწყება, თითქოს, მოჯადოებული იყო _ დაინიშნებოდა ახალი ხელმძღვანელი, საქვეყნოდ გამოაცხადებდა რეფორმების დაწყების შესახებ და... შემდეგ ყველაფერი ძველებურად რჩებოდა.

იმ პერიოდში, საქართველოში მოქმედი კანონიერი და უკანონო სამხედრო ფორმირებების ფონზე, უშიშროების სისტემა აშკარა აუტსაიდერი იყო და მისი თანამშრომლები ყოველმხრივ შევიწროვებულნი იყვნენ.

ამ და სხვა მიზეზების გამო, უშიშროება დატოვეს გამოცდილმა კადრებმა, რომელთაგან უმრავლესობა, უფრო ყურადღებიანი მიდგომის შემთხვევაში, ახალი, ნამდვილად ეროვნული სპეცსამსახურის ბირთვი გახდებოდა. სამაგიეროდ, სისტემაში მოვიდა ძალიან ბევრი შემთხვევითი ადამიანი, უკეთეს შემთხვევაში - კარიერისტები და ავანტიურისტები, უარეს შემთხვევაში კი - მტრის აგენტურა. აფხაზეთის ომში დამარცხების შემდეგ, პოსტის შენარჩუნების მიზნით, ე. შევარდნაძემ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა აშკარად პრორუსული გახადა, რასაც, დსთ-ში შესვლის გარდა, მისი მაშინდელი საკადრო პოლიტიკაც ადასტურებს.

თავად განსაჯეთ, ერთ დღეს - 1993 წლის 11 ოქტომბერს, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ ომში მყოფ ქვეყანაში, ორ უმნიშვნელოვანეს პოსტზე - უშიშროების და შსს-ს მინისტრებად, შესაბამისად, იგორ გიორგაძე და შოთა კვირაია დაინიშნენ. ექვსი თვის შემდეგ, 1994 წლის 26 აპრილს, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის სასიცოცხლო - თავდაცვის მინისტრის პოსტი, მაშინდელმა პრეზიდენტმა ვარდიკო ნადიბაიძეს ჩააბარა. სამივე გენერლის მჭიდრო კავშირი რუსეთთან, არც მაშინ და არც ახლა, ეჭვს არ იწვევდა. სამივე დანიშვნა რუსეთის ხელისუფლების თხოვნა-მოთხოვნით განხორციელდა. იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრად რუსების მოთხოვნით რომ დანიშნა, შევარდნაძე ამას არც მალავდა - “რუსებმა დამირეკეს, გიორგაძის დანიშვნა კარგი იქნებოდა, ურთიერთობა გაგვიადვილდებოდაო”, - წერს ის მემუარებში.

ედუარდ შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი
ედუარდ შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი

შევარდნაძის თხოვნით, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს გიორგაძე პირადად ჯაბა იოსელიანმა წარუდგინა. ძველ თანამშრომლებს ემახსოვრებათ ჯაბას სიტყვები, თავად კი ასე იხსენებდა ამ გამოსვლას: “ხაზს ვუსვამ ამ დაწესებულების მიერ რუსებთან ურთიერთობის გაუარესების ტენდენციას, რაც დაუშვებელია ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისთვის. გულში იმასაც ვფიქრობ, დარბაზში მსხდომთაგან ბევრი აგენტი და ბევრიც საბჭოთა კავშირის, ესე იგი, რუსეთის კა-გე-ბეს მრავალი წლის კადრი და ღირსეული ჩეკისტია”. მართლაც სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს.

თითქმის ოცდაათი წელია გასული და ახლა შეიძლება ითქვას: 1992 წლიდან თბილისში, რუსეთის საელჩოში, გარკვეული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, ბევრი საინტერესო ინფორმაცია ხდებოდა ქართული მხარისთვის ცნობილი. დაინიშნა თუ არა უშიშროების მინისტრად იგორ გიორგაძე, ყველა ღონისძიება მომენტალურად აკრძალა და რუსებს გაუმხილა. ამის შემდეგ, უშიშროების სისტემა პატრიოტმა და პროფესიონალმა კადრებმა დატოვეს. აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ უმაღლეს დონეზე მომზადებული რამდენიმე ათეული ქართველი ინსტრუქტორიდან (ჯგუფი “ომეგა”) გიორგაძის და კვირაიას მინისტრობის პერიოდში, ზოგი დაიჭირეს, ზოგი ფიზიკურად გაანადგურეს, ხოლო ზოგი სამსახურიდან გააგდეს.

იგორ გიორგაძე
იგორ გიორგაძე

რუსეთის რეალური ხელისუფლება - უპირველესად კი, გენერალიტეტი და სპეცსამსახურების ხელმძღვანელები, შევარდნაძეს არასდროს ენდობოდნენ. იგორი ჩუმად იცინოდა, - შევარდნაძემ რაც უნდა გააკეთოს, მისი მაინც არ სჯერათ რუსებსო. ამიტომ იყო, რომ დსთ-ში შესვლის მიუხედავად, რუსეთი ყოველმხრივ ხელს უწყობდა სამოქალაქო ომის გაგრძელებას და დაპირისპირებულ მხარეებს სამხედრო ტექნიკასა და ტყვია-წამალს არ აკლებდა. “თეთრი მელა” ყოველთვის თავისი პირადი გეგმებით მოქმედება, სადაც ქვეყნის ინტერესები ვის ახსოვდა! მან კვირაიას და გიორგაძის ხელით მოიცილა ჯერ ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი, შემდეგ კი - “მხედრიონი” და “გვარდია”. გიორგაძის გაქცევის შემდეგ, 1995 წლის ბოლოს, უშიშროების მინისტრად შევარდნაძემ შ. კვირაია დანიშნა და მისი ხელით გიორგაძის მომხრეები გაანადგურა. საინტერესოა, რომ ახალი მინისტრი, თუ ადრე რუსეთის შსს-ს მინისტრ ვიქტორ ერინს შესციცინებდა თვალებში, შემდეგ რუსეთის ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელ კოვალიოვთან განსაკუთრებით თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას არ მალავდა. ის პრესაში საიმაყით აცხადებდა, რომ რუსეთის ეფ-ეს-ბეს დირექტორთან ისეთი ახლო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა, რომ კოვალიოვს სულ ზეპირად სცოდნია კვირაიას კაბინეტი და, თურმე, ისიც კი, თუ რამდენი და რა ფერის თევზები ჰყოლია საქართველოს უშიშროების “ფხიზელ” შეფს აკვარიუმში. აქ კომენტარი მართლაც ზედმეტია. თუმცა ის კი გასათვალისწინებელია, რომ კვირაია წლების მანძილზე მუშაობდა რუსეთის შსს-ს სისტემაში (!). ჩვენ კი ის ვიკითხოთ, საქართველოს სასიკეთოდ რა კონტრდაზვერვით და დაზვერვით ოპერაციებზე შეიძლება ლაპარაკი ასეთი “მეგობრობის” დროს?

1994 წელს, თებერვლის დასაწყისში, თბილისში პირველად და უკანასკნელად, რუსეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა. რუსეთში ელცინს მაშინ ჯერ კიდევ მიჰყავდა “პარადი”. “მეფე ბორისის” ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე, თბილისს რუსეთის თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი ეწვია. მას ძალზე დაძაბული დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ კოლეგასთან. მაშინ გავრცელებული ვერსიით, თითქოს, გრაჩოვს ადრევე შემოუთვლია - ყარყარაშვილს არაფრის დიდებით არ შევხვდებიო და მისი მასპინძლობა შევარდნაძემ ჯაბა იოსელიანს სთხოვა. ამ ვიზიტის შემდეგ, სულ მალე, ყარყარაშვილის ნაცვლად, საქართველოს თავდაცვის მინისტრად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე ტრანსპორტის დარგში - ვარდიკო ნადიბაიძე დაინიშნა. განა შევარდნაძემ არ იცოდა, რომ რუსეთის სამხედრო სიძლიერის მოტრფიალე კაცი, რომელიც დღედაღამ რუს გენერლებთან ქეიფობდა, შემდეგ კი გრაჩოვის ნათლიობასაც “გამოჰკრა” ხელი, საქართველოს ინტერესებს არ დაიცავდა? 1994 წლისNგაზაფხულზე ნადიბაიძე ღიად უჭერდა მხარს რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში 25 წლით დარჩენაზე ხელშეკრულების სასწრაფოდ გაფორმებას. რუსებისგან დაიმედებული საქართველოს თავდაცვის მინისტრი არც იმას მალავდა, რომ თუ შევარდნაძე არ დათანხმდებოდა, ის თავად მოაწერდა ხელს ამ, ქვეყნის დამღუპველ ხელშეკრულებას. რუსეთი, როგორც ყოველთვის, მაშინაც თვალთმაქცობდა – “როგორც კი სამხედრო ბაზების საკითხი მოგვარდება, მაშინვე გალში შესვლაში დაგეხმარებით და ლტოლვილებსაც შევიყვანთო”. შევარდნაძეს ერთი კი ნამდვილად არ უნდა დავუკარგოთ - ამ შემთხვევაში, მისი პოზიცია მართებული იყო: ჯერ გალის დაბრუნება და შემდეგ - სამხედრო ბაზები. თანაც, სამართლიანად ფიქრობდა, რომ ბაზებზე შეთანხმების ხელშეკრულების მაქსიმალური ვადა 5-10 წელი უნდა ყოფილიყო.

ე. შევარდნაძის მართვის სტილი მაკიაველის თეორიაზე იყო აგებული: “მიზანი ამართლებს საშუალებას”. ის ყოველთვის ცდილობდა, კომპრომატები ჰქონოდა ხელქვეითებზე და საჭირო მომენტში მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა. ეს მისი მმართველობის უცვლელი სტილი იყო. ამგვარი “ბიზანტიური პოლიტიკის” წყალობით ინარჩუნებდა ის პოსტს. ამას არც თვითონ მალავდა, როცა 2005 წლის აგვისტოში პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში სინდისის ქენჯნის გარეშე თავმომწონედ აცხადებდა: “მე ყველას ცოდვა ვიცოდიო”, იმას კი აღარ ამატებდა, თუ რა მიზნებით იყენებდა ამ “ცოდვების ცოდნას”. ერთი კია - კოპრომატირებული (ამიტომაც მტრისთვის იოლად დასაშანტაჟებელი), მაგრამ პირადად მისი ერთგული კადრების ხელისუფლების უმაღლეს პოსტებზე დანიშვნით, შევარდნაძე უდიდეს დარტყმას აყენებდა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

იმ პერიოდის მრავალი საიდუმლო დოკუმენტიდან, რომლის გაცნობის საშუალებაც, სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, პირადად მქონდა, ერთ-ერთი იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს. ამ, სრულიად საიდუმლო დოკუმენტში საქართველოს ერთ-ერთი სპეცსამსახურის ხელმძღვანელი მაშინდელ პრეზიდენტს რამდენიმე ათეული ათასი ლარის (იმ დროისათვის საკმაოდ დიდ თანხას - მაშინ 1 დოლარი 1.4 ლარი იყო) გამოყოფას სთხოვს ერთ-ერთი ქვეყნის მთიან რეგიონში აგენტურული ქსელის შესაქმნელად. ზუსტად მეორე დღეს ექსპრეზიდენტი ამ დოკუმენტს რეზოლუციას ადებს, აღნიშნავს საკითხის უდიდეს მნიშვნელობას და თან სხვა უწყების ხელმძღვანელს გარკვეულ დავალებას აძლევს ამ თხოვნის დადებითად გადასაწყვეტად. რა ბრძენი პრეზიდენტი გვყოლია, როგორ ფიქრობდა ქვეყნის უსაფრთხოებაზეო, შეიძლება გაიფიქროს მავანმა, მაგრამ (ოჰ, ეს მაგრამ, რომ არ იყოს ქართულში!!!) ერთი “უმნიშვნელო” დეტალია გასათვალისწინებელი - ორივე უწყების ხელმძღვანელი, სავარაუდოდ, ზუსტად იმ ქვეყნის სასარგებლოდ იღწვოდა, სადაც, ვითომდა, აგენტურული ქსელი უნდა შექმნილიყო. ბუნებრივია - საქართველოს საზიანოდ ეს თანხაც ფრიად კარგად “აითვისეს”.

(მეოთხე ნაწილის დასასრული)