"კოვიდით ოჯახის წევრი გარდამეცვალა...ძალიან დავიღალეთ... " - რას ამბობს ექიმი პანდემიით გამოწვეულ დაღლაზე და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე?
რამდენიმე დღის წინ სარეკლამო სტატიის მოსამზადებლად გამაგზავნეს ერთ-ერთ კლინიკაში. განყოფილების ხელმძღვანელი მესაუბრებოდა, კლინიკის მიღწევებსა და შესაძლებლობებზე. ნიღაბში მხოლოდ თვალები უჩანდა, რომელიც დროდადრო უწყლიანდებოდა, ხმა კი ებზარებოდა... დამშვიდობებისას, მომიბოდიშა, პანდემიის დაწყების პირველი დღიდან მოყოლებული დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობ და ვხვდები, რომ აღარ შემიძლია, ფიზიკურ დაღლას როგორმე მოვერევი, ფსიქოლოგიურად ვეღარ ვუძლებო. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩვენი საუბრის შემდეგ სტატია, არცთუ სარეკლამო პათოსის გამოვიდა და ხელმეორედ მომიხდა იგივე კლინიკაში წასვლა. მოვიკითხე ჩემი რესპონდენტი და შევიტყვე, რომ განცხადება დაუწერია და სამსახურიდან წასულა...
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი კვლავ მძიმეა, აცრის მაჩვენებელი კვლავ დაბალი, ექიმები გადაღლილი, რეკომენდაციების დაცვა ისევ პრობლემაა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი კვლავ მაღალი... გერმანიის ელჩის თქმისა არ იყოს, "შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველდღე ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება".
ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი:
- პანდემიის დასაწყისიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმედ აისახება ეს ცვლილებები მედპერსონალზე. ძალიან რთულია ამ დაავადებასთან ბრძოლა, თან როდესაც აგრესიულად გვიტევს და დღის განმავლობაში გვაქვს რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა. ეს ნიშნავს ბევრ მძიმე პაციენტს, გადავსებულ საავადმყოფოებს, მედპერსონალს კოლოსალური შრომა და დიდი ადამიანური რესურსის გაღება უწევს. არა მხოლოდ პროფესიონალური უნარ-ჩვევებია აქ მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მდგრადობაც, იმიტომ, რომ ვუყურებთ უამრავ ტრაგედიას, სამწუხაროდ, ბრძოლის წაგებასაც, იმიტომ, რომ, საუბედუროდ, ჯერ არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად ეფექტიანი პრეპარატი, რომელსაც მისცემ პაცინტს და გექნება გარანტია, რომ თუნდაც 90%-ით გამოჯანმრთელდება და კარგად გახდება. ამიტომ ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ცუდი შედეგებიც, როდესაც ადამიანები იღუპებიან. ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები არიან ჩვენი ახლობლები, ნაცნობები, ოჯახის წევრები, კოლეგები, თანამოქალაქენი...
პრაქტიკულად, 2 წლის განმავლობაში, მედპერსონალს, რომელიც ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში, არ აქვს პირადი ცხოვრება. იმიტომ რომ დიდ ნაწილს ატარებენ საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენი დრო, როდესაც არ არიან კლინიკაში, სჭირდება რეაბილიტაციას, ელემენტარულად რომ გამოიძინო, რათა ენერგია გქონდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საომარ მდგომარეობაში იმყოფება მედპერსონალი და ეს გრძელდება უწყვეტად უკვე თითქმის 2 წლის განმავლობაში, გადავიღალეთ...
თან საქართელოსნაირ ქვეყანაში, სადაც მწირია რესურსი, ტექნიკურ-მატერიალური ბაზა საკმაოდ ღარიბია, ძალიან დიდი დაწოლა მოდის ადამიანურ რესურსზე - ექთნებზე, დამხმარეებზე, ექიმებზე, ეპიდემიოლოგებზე და ა.შ. ათჯერ გაზრდილია მათი როლი პანდემიასთან ბრძოლაში. უთანასწორო პირობებში გვიწევს ამ ვერაგ ვირუსთან შერკინება, რომელიც, როგორც მსოფლიომ აღიარა, ძალიან რთულად სამართავია და ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, 5 მილიონზე მეტი ადამიანია უკვე გარდაცვლილი, თუმცა არის რაღაც დადებითი დინამიკაც, იმ მხრივ, რომ არსებობს ეფექტიანი ვაქცინა, რომელიც, საბედნიეროდ, ხელმისწავდომია ჩვენს ქვეყანაშიც. იმისთვის რომ მეტი სიცოცხლე გადარჩეს, ასევე შევუმსუბუქოთ სამუშაო მედპერსონალს, მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის ამ პროცესში ჩართვა. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, დაბალია მოსახლოების სიკვდილიანობა, დაბალია მძიმე პაციენტების რიცხვი, ხოლო იქ, სადაც ვაქცინაცია არ მიმდინარეობს კარგი ტემპით, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ ქვეყნებში გავდივართ, მაღალია სიკვდილიანობა და მძიმე პაციენტების რაოდენობა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოსახლეობა ჩაერთოს ამ პროცესში აქტიურად და ამით დაიცვას როგორც საკუთარი სიცოცხლე, ასევე ახლობლების და შეუმსუბუქოს მედპერსონალს სამუშაო.
საქართველოს არ აქვს ისეთი რესურსები, როგორც გერმანიას, აშშ-ს და სხვა განვითარებულ ქვეყნებს. ამიტომ მიუხედავად მედპერსონალის თანგანწირვისა, დაუღალავი ბრძოლისა, არ არსებობს ამოუწურავი რესურსი. არის რისკები, რომ კლინიკური სექტორის კოლაფსი მოხდეს, ანუ აღარ იყოს, პრაქტიკულად, ადგილები საავადმყოფოში, მხოლოდ ადგილებზეც არ არის ლაპარაკი, შეიძლება მობილიზება გაუკეთდეს მეტ საწოლს, მაგრამ ადამიანური რესურსი არ დაგრჩეს, ვინც ამ სწოლებზე მოთავსებულ პაციენტებს მიხედავს.
იმისთვის, რომ დავინდოთ ჩვენი, ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ასევე მედპერსონალი, მნიშვნელოვანია, რომ ეპიდსიტუაცია დავასტაბილუროთ. ამისთვის ყველაზე უფრო ეფექტიანი საშუალება არის ვაქცინა და ასევე რეკომენდაციების დაცვა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 29%-ს უტოლება...
- ნამდვილად დიდი დატვირთა მოდის მედპერსონალზე. არიან ისეთები, ვინც ვერ გაუძლო და უბრალოდ, წავიდა სამსახურიდან?
- იცით რა, ასეთი შემთხვევები არ მახსენდება, თუმცა, ვიცი ბევრი შემთხვევა, როცა ვერ გაუძლეს, ფიზიკურად გადაიღალნენ და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ, რის გამოც რაღაც პერიოდის განმავლობაში ვეღარ გააგრძელეს აქტიური მუშაობა. მეც გარკვეული პრობლემები შემიქნა კორონავირუსმა, გადავიტანე ძალიან მძიმედ და მას შემდეგ ბევრად უფრო ნაკლებია ჩემი ქმედითუნარიანობა, ასევე სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შემიქმნა იმ ტრაგედიამ რაც გადავიტანე, კოვიდით ოჯახის წევრი გარდამეცვალა. კოვიდთან მომუშავე არაერთ ადამიანს თვითონ დაემართა ეს დაავადება, ზოგმა მძიმედ გადაიტანა, სამწუხაროდ, იყო ტრაგიკული შემთხვევებიც... იხილეთ სრულად