"ჩემი ქმარი მეუბნება, ეს რა დამმართე, როგორ დამაშტერეო. ერთი საათით რომ წავა სადმე, უკან მორბის, მომენატრეო" - კვირის პალიტრა

"ჩემი ქმარი მეუბნება, ეს რა დამმართე, როგორ დამაშტერეო. ერთი საათით რომ წავა სადმე, უკან მორბის, მომენატრეო"

"მომწონს იდეა ქართველობისა და მინდა, აქეთკენ ვისწრაფოდეთ, მაგრამ თვალთმაქცობა, ბაქიბუქი და იმის ძახილი, მაგრები ვართო, მოსაწონი არ არის"

ირინა ტორონჯაძე საინტერესო მოსაუბრე და გულწრფელი რესპონდენტია. რატომ განვითარდა კაცობრიობა არასწორი გზით, როდის გაიზრდება ბედნიერების ხარისხი და რას გულისხმობს მისი აზრით ქართველობის იდეა? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე გვიპასუხა ქალთა უფლებადამცველმა და ბლოგერმა.

- "შეეშვით შვილების აღზრდას - სულერთია, მაინც თქვენ დაგემსგავსებიან. აღზარდეთ საკუთარი თავი“ (ტომ ჰარდი).

- მშობლებთან და უფრო მეტად, დედასთან სულ მქონდა წინააღმდეგობა იმის გამო, რომ განსაზღვრული ჰქონდათ, რა იქნებოდა უკეთესი ჩემთვის. მაგალითად, ეს ეხებოდა სწავლას, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებას. რაკი წარმატებით ვსწავლობდი ტექნიკურ საგნებსაც, ამან შეაძლებინა დედას, დავეთანხმებინე. აკადემიური განათლება მივიღე, დავამთავრე სამედიცინო და გავხდი დიპლომირებული ექიმი, თუმცა პროფესიით არასდროს მიმუშავია. სტუდენტობის დროსვე ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო ის, რაც დააკმაყოფილებდა ჩემს შინაგან მოთხოვნილებას, სამყაროს. ამიტომაც ვთვლი, რომ შვილის აღზრდისას მშობლებმა უფრო მეტად უნდა გაამახვილონ ყურადღება იმაზე, თუ რით საზრდოობს, რა არის მისი სულიერებისთვის აუცილებელი და პრესტიჟულ პროფესიებზე არ უნდა გააკეთონ აქცენტი. საბოლოოდ, მე ავირჩიე ჩემი გზა, უფლებების დაცვა. საჯაროობა, წერა, ორატორობა, დებატები - ეს არის თვითრეალიზაციის საუკეთესო შესაძლებლობა ჩემთვის. თუმცა კომფორტულია, ბევრ სხვადასხვა სფეროში რომ ვერკვევი.

- "ნუ იკითხავთ, რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის, იკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის“ (ჯონ ფიცჯერალდ კენედი).

- ვეთანხმები კენედის და როდესაც მიწევს პოლიტიკურ გადაცემებში ჩემი მოსაზრება გამოვთქვა, ყოველთვის ვამბობ, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ პასუხისმგებლობა. არ შეიძლება რომელიმე მთავრობამ გასწავლოს, რომ ქუჩაში არ უნდა დაყარო ნაგავი; რომ წითელზე უნდა გაჩერდე და მწვანეზე გაიარო; რომ შენ გარდა არსებობს საზოგადოება, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. ეს არის შინაგანი კულტურა. მესმის, ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობაა საჭირო, მაგრამ ქართველები მიძინებულ მდგომარეობაში რომ ვართ და ჩვენი რესურსების გამოყენება არ ხდება, ესეც ფაქტია.

- "ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის, კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდეც. სამოთხესავით ქვეყანაა საქართველო, სამოთხესავით“ (ნოდარ დუმბაძე).

- ეს ალბათ, ჩვენი სურვილი უფროა, ვიდრე რეალობა. ილია ჭავჭავაძეს გავიხსენებდი, ის ბევრ ნაწარმოებში ხატავს მოდელს, როგორი უნდა იყოს მის წარმოდგენაში ქართველი. ილია ეთაყვანება ქართველობას, მაგრამ ჩვენს მინუსებსაც აჩვენებს, სარკეში გვახედებს, ხომ ასეა? თუ ვხედავთ, რომ ვერ ვპასუხობთ იმ გამოწვევებს, რასაც ქართველობის იდეა გულისხმობს, მაშინ აღარ უნდა ვიძახოთ, უი, რა კარგები ვართო და განვითარებისკენ უნდა მივმართოთ ფიქრები. მე მომწონს იდეა ქართველობისა და მინდა, აქეთკენ ვისწრაფოდეთ, მაგრამ თვალთმაქცობა, ბაქიბუქი და იმის ძახილი, მაგრები ვართო, მოსაწონი არ არის.

- "თუ შეატყვეთ პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ“ (ჩერჩილი).

- მგონია, შემთხვევითი არ არის, ბელადებს რომ ვქმნით და გვიყვარდება. ეს ინფანტილური საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენ განვითარების იმ ეტაპზე არ ვართ, რომ დამოუკიდებლად ვიარსებოთ. დრო გვინდა, რომ განვვითარდეთ, დაახლოებით 50 წელი მაინც. ჩვენ კი თინეიჯერობის ასაკსაც ვერ მივუახლოვდით, ჯერ ძალების მოსინჯვისა და დატოლების ფაზაში ვართ, ვარკვევთ, ვინ უფრო მაგარია, ვინ უფრო ძლიერია.…

toron-jadze1-1637998227.jpg

- "სჯობს იყო შენს თავში დარწმუნებული, გადადგა დამოუკიდებელი ნაბიჯი და თუნდაც დამარცხდე, შეცდომა დაუშვა. ადამიანი ხომ შეცდომებზე სწავლობს. ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა, არ გამოასწორო შენ მიერ დაშვებული შეცდომები“ (ილია ჭავჭავაძე).

- იდეალური ვარიანტია, მაგრამ როგორც წესი, ადამიანები ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ. რაღაც თვისებებს და ქცევის მოდელს, რომელთა დასწავლა ქვეცნობიერად 7 წლამდე ასაკში ხდება, ვიყენებთ ზრდასრულობაშიც. ვერ ვაცნობიერებთ, რომ რეალურ პრობლემებთან ვეღარ გვეხმარება ბავშვობაში დასწავლილი კონკრეტული მოდელები და ამის გადათამაშებას სჭირდება ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე. ამიტომაც, ერთ წრეზე გვიწევს სიარული და ერთსა და იმავე ადგილას ვიტეხთ ცხვირს. გამონაკლისი არც მე ვარ. მაგალითად, კარიერაში - ფიქრობ, რომ რაღაც მომენტში უფრო მეტი დიპლომატია და მოთმინებაა საჭირო, მაგრამ იმპულსური ხასიათი მერთვება და მიქმნის კონფლიქტს. მერე ვაცნობიერებ და ვცდილობ, ასე აღარ მოხდეს, მაგრამ ყველა სიტუაციაში ვერ გათვლი შენს საქციელს.

- "ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას“ (ბუასტი).

- წიგნებზე 100%-ით ვეთანხმები. ამას წინათ მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა ამაზე საუბარი - ახალ პროექტზე ვმუშაობ და ჩემი პარტნიორი ძალიან ერუდირებული ადამიანია, კარგი ტანდემი ვართ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში რთული იქნებოდა მასთან ურთიერთობა. ბევრი ინფორმაცია აქვს, ჩემნაირი ტემპერამენტიანია და შეიძლება გადავმხტარიყავი ფანჯრიდან. კარგი მოლაპარაკე ირჩევს კარგ მსმენელს, ტემპერამენტიანი - ცოტა მშვიდ ადამიანს და ასე ბალანსდება ურთიერთობა.

- "კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება“ (ნიცშე).

- ბევრკომპონენტიანია სიყვარულიც და ქორწინებაც. რატომღაც ყველა ეძებს ერთ ჭეშმარიტებას და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჭეშმარიტება მრავალსახოვანია. ასეა სიყვარულშიც. ქორწინება მეგობრობასაც ეფუძნება, ქიმიასაც, მიზიდულობასაც, ინტელექტუალურ თანხვედრასაც, სულიერებასაც...…როგორც კარგ კერძს სჭირდება ბევრი კომპონენტი, მგონი ურთიერთობაც ასეა.

- "მუსიკაში, როგორც ჭადრაკში, დედოფალი უძლიერესია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც მეფეს აქვს“ (შუმანი).

- მართალია, საზოგადოებამ ფემინისტურ საწყისებზე გამიცნო, თუმცა გაცნობიერებული მაქვს, რომ თითოეულ ჩვენგანში არის ქალის და კაცის საწყისიც. მე ქალი ვარ, მაგრამ ჩემშიც არის მასკულინური საწყისი - აგრესია, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა ისევე, როგორც ქალური საწყისებია კაცში - მიმტევებლობა, ზრუნვა, სიყვარული.…ეს ყველაფერი ბალანსშია. ღმერთმა ქალი და კაცი შექმნა, როგორც ერთი მთლიანის 2 ნაწილი.

- "თუ კაცი ქალს ერთხელ შეეხება ფიზიკურად, ის ყოველთვის გაიმეორებს ამას" (ხალხური).

- ყველაფრის პატიება შეიძლება ამის გარდა. მხეცისგან უნდა განსხვავდებოდე და არც ერთხელ არ უნდა შეგეშალოს ისევე, როგორც ბავშვთან ურთიერთობისას. მიუღებელია დასჯის მიზნით, მშობლებმა გაარტყან ან თუნდაც, უყვირონ ბავშვს, რადგან ის სხვანაირად აღიქვამს ყველაფერს და ვერ ხვდება, შენ რამ გაგაბრაზა. თუ არ გყოფნის ნერვები, რომ წყნარად აუხსნა, ე.ი. არ ყოფილხარ მზად დედობისთვის.

- "ბევრ ქალს შეუძლია მამაკაცის მოხიბვლა, მაგრამ მართვა ყველას არ შეუძლია“ (ხალილ ჯებრამ ჯებრანი).

- შეიძლება ქალი იყოს მთავარი იმპულსის მიმცემი ოჯახში და კაცი ხორცს ასხამდეს ჩანაფიქრს - ეს მისაღებია, მაგრამ ამ ყველაფრის გაპრიმიტიულება და კურსების ჩატარება იმის შესახებ, თუ როგორ ვმართოთ კაცები, სიგიჟე მგონია. კაცი თავს არ გამართვინებს, თუ თვითონ არ უნდა და მხოლოდ მაშინ დაექვემდებარება შენს გავლენას, როდესაც უყვარხარ, ეს კი სულ სხვა რამეა.…

toronjadze2-1637998276.jpg

- "ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს - ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის“ (ქეი-ქუასი).

- ვერაგი მეგობარი საშინელებაა. გამიმართლა, რომ მსგავსი არასდროს მყოლია, ფსევდომეგობრობაში კი გავხვეულვარ. რაც შეეხება ძლიერი მტრის შიშს - არასდროს არავინ აღმიქვია მტრად. შეიძლება ვიღაც თვლის, რომ ჩემი მტერია და მე არ ვიცი. კომენტარებში რომ რაღაცას მწერენ, ამას სერიოზულად არ აღვიქვამ.

- "ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი“ (სოლომონ დოდაშვილი).

- ცხოვრების ამ ეტაპზე ამ გამონათქვამს არ ვეთანხმები, რადგან ვუყურებ და ვხვდები, რომ რაც უფრო ცარიელი აქვთ თავები, უფრო ბედნიერები არიან. არ მინდა შეურაცხყოფის მიყენება, ზოგჯერ შურის თვალითაც კი შემიხედავს ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრს არ ფიქრობენ და გადაწყვეტილებებს ისე იღებენ. შეიძლება, ბევრი არც წაუკითხავთ და არც გაუგიათ, მაგრამ შინაგან ხმას მიჰყვებიან და ბედნიერები არიან. მართალი გითხრა, მომწონს ასეთი დამოკიდებულება. მე ძალიან აკადემიური ოჯახიდან ვარ, მეცნიერები, მათემატიკოსები... სულ მაღალი სტანდარტები ჰქონდათ, ეს უნდა წაგეკითხა, ეს გესწავლა და ა.შ. როდესაც შვილი მეყოლება, მინდა თავისუფლად გავზარდო და ამ ინტელექტუალური მარწუხებისგან გავათავისუფლო. არ არის საჭირო, ყველა პროფესორი გახდეს.

- "პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს“ (ბერნარდ შოუ).

- მე რეალისტი ვარ, ზოდიაქოთი თხის რქა, მიწის სტიქია. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება - ასეთია ჩემი განწყობა. არც ჩემთვის არის უცხო დეპრესია და გამივლია ასეთი პერიოდიც, მაგრამ სულ ვფიქრობ, რომ ესეც გაივლის. ცხოვრება ყოველთვის გაჩვენებს გამოსავალს, ჩვენს ტვინშია ჩიხი, ცხოვრებაში - არა.

- "ქალი სიყვარულისაგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება“ (ერიხ მარია რემარკი).

- რა ჭკვიანურია, მართლა ასეა. კაცი სიყვარულში უფრო რელაქსირდება, ქალი კი უფრო მობილიზებული და კონცენტრირებული ხდება, ასე მგონია. ჩემი ქმარი მეუბნება, ეს რა დამმართე, როგორ დამაშტერეო. ერთი საათით რომ წავა სადმე, უკან მორბის, მომენატრეო. მეც ასე ვარ, ტყუპისცალივით სულ თან დავყვები. სიყვარული, კარგი გაგებით, ალბათ ორივეს აშტერებს, კაცსაც და ქალსაც.

- "ახლა, როცა ვისწავლეთ ფრენა ჰაერში, როგორც ჩიტებმა, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, დაგვრჩა მხოლოდ ერთი რამ: ვისწავლოთ ცხოვრება დედამიწაზე, როგორც ადამიანებმა“ (ჯორჯ ბერნარდ შოუ).

- მგონია, რომ კაცობრიობა განვითარდა არასწორი გზით, რადგან ქალის საწყისი დამალა, დაჩრდილა და დააკნინა. ამის შედეგი იყო ქალების ჩაგვრა. კაცებმა მარტო მასკულინური მხარე, კაცური საწყისი განავითარეს და ამიტომ სულ ომებსა და ძალაუფლების მოხვეჭაზეა აგებული ისტორია. მიმტევებლობა, ზრუნვა, სიყვარული - ეს თვისებები უფრო უნდა განავითაროს ადამიანმა. მარტო მეცნიერული და ტექნიკური განვითარება არ აძლევს სულიერ საზრდოს. სხვათა შორის, იუნგის, ჩემს საყვარელ ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს, აქვს ნათქვამი, რომ სანამ ქალი, როგორც ხატება, არ დაბრუნდება რელიგიაში, მანამდე არ იქნება სიმშვიდე დედამიწაზეო. ნამდვილად ასეა, ქალის უფლებებისთვის ბრძოლა მარტო უაზრო ყვირილი და "ენჯეოშნიკობა“ არ არის. ამ ყველაფერმა შედეგი უნდა გამოიღოს და ადამიანი უნდა გახდეს უფრო ბედნიერი. ადამიანურ ფასეულობებს უნდა ჩავეჭიდოთ, თუ გვინდა, ბედნიერების ხარისხი გაიზარდოს. კაცობრიობამ აქცენტი გააკეთა წარმატებაზე და სამაგიეროდ დაკარგა ბედნიერება, რაც ცხადყოფს იმას, რომ ბედნიერება მხოლოდ წარმატებაში არ არის.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"