ტრაკაი - ციხესიმაგრე დედოფალ ბირუტესთვის, რომელსაც აღთქმული ჰქონდა, რომ არასოდეს გათხოვდებოდა - კვირის პალიტრა

ტრაკაი - ციხესიმაგრე დედოფალ ბირუტესთვის, რომელსაც აღთქმული ჰქონდა, რომ არასოდეს გათხოვდებოდა

არ გიოცნებიათ, შუა საუკუნეების რომელიმე ციხესიმაგრეში ცხოვრებაზე? სტატუსს გააჩნია, თორემ მე შერჩეული მაქვს სად ვიცხოვრებდი - ვინმემ 500 წლით უკან რომ დამაბრუნოს ტრაკაიში დავსახლდებოდი. ოღონდ მეფის ან მთავარსარდლის "პოსტზე“... მზარეულობა, მასხარობა ან მსახურობა ნაკლებად მიზიდავს.

"ლიეტუვის ტურისტული მექა“, - ასე უწოდებენ ბალტიისპირელები ტრაკაის, ტბიდან ამოზიდულ, წითელი აგურით ნაგებ შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს.

ადგილობრივებმა ისიც გვითხრეს, ვილნიუსსა თუ კაუნასში ჯვარს ისე არ დაიწერენ, ტრაკაიში რომ არ შეიარონო.

ესეც ფაქტი:

ქორწილი
ქორწილი

გარდა ისტორიული მუზეუმისა, ციხესიმაგრეში გასართობიც ბევრია: ეზოში მშვილდოსნობაში შესაძლებლობების მოსინჯვაც შეიძლება; ტუსაღებისთვის განკუთვნილ გალიაში სურათის გადაღებაც; ერთ ოთახში დამონტაჟებული მოწყობილობით სულაც შუა საუკუნეების დროინდელი ლიტვური მონეტები იჭრება; ქვესკნელისკენ მიმავალი ბილიკი ჭასთან მიგიყვანთ, რომელიც წყლის ნაცვლად ხურდა ფულითაა სავსე - თუ მონეტის ჩაგდების წინ რამეს ჩაიფიქრებ, ჭის ფსკერში ჩაკიდებულ ჯამში უნდა მოარტყა, თორემ არ აგისრულდებაო...

მეგობარ დათო მანჯავიძესთან ერთად, ლიეტუვაში მიმდინარე ევრობასკეტზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების პლეი ოფში გასვლა ჩავიფიქრე, მაგრამ პირველივე ცდაზე ჯამში ვერ მოვარტყი...

მე და დათო
მე და დათო

ჭიდან ვიწრო კიბით ციხესიმაგრის ბოლო სართულზე ავინაცვლოთ. იმ ოთახში, სადაც საკუთარი ხელით მონეტის მოჭრა შეიძლება. გვერდით პატარა მონიტორი დგას. დამთვალიერებელს შეუძლია მცირე ეკრანის დახმარებით საუკუნეების წიაღში იმოგზაუროს და სამ განზომილებაში ადევნოს თვალი ციხესიმაგრის აღზევება-დაცემას: XIV-XVII საუკუნეებში ტრაკაი თავმომწონედ დგას პატარა კუნძულზე, შემდეგ კი ნანგრევებადაა ქცეული. ციხესიმაგრე მეოცე საუკუნეს განახევრებული კედლებით შეხვდა, თუმცა ლიეტუველების დიდი მონდომებით კომუნისტურ ეპოქაში პირვანდელი სახე დაუბრუნდა.

ტრაკაი ზედხედში
ტრაკაი ზედხედში

ჟამთააღმწერლები ტრაკაის აღმოსავლეთ ევროპის აუღებელ სიმაგრეთა შორის ასახელებენ. ამას ისტორიაც ადასტურებს: 1377-დან 1655 წლამდე ერთხელაც არ დაცემულა. მაინც რა განაპირობებდა ასეთ სიმტკიცეს, მხოლოდ კედლების სიმაღლე და აღჭურვილობა? საქართველოში ციხესიმაგრე რაც უფრო მაღალ და ციცაბო კლდეზე იგებოდა, მით უფრო რთული იყო მისი აღება. ლიეტუვაში ყველაზე მაღალი წერტილი, აუკშტოიასის გორა ზღვის დონიდან სულ რაღაც 293 მეტრზეა. ამიტომ, იქ თავდაცვითი ნაგებობები ტბებზე შენდებოდა. თუ სხვაგან ციხე-კოშკებს ხელოვნურ მიწაყრილებს უკეთებდნენ, ტრაკაის დასახლებაში საქმე ასარჩევად იყო - 200 ტბიდან ერთ-ერთში უნდა მოეძებნათ მყარი კუნძული, რომელიც ციხის საძირკვლისთვის შესაფერისი იქნებოდა, არც მიწაყრილი დასჭირდებოდა და არც მის გასავსებად მდინარის გადაკეტვა.

კუნძულების რუკა
კუნძულების რუკა

ვინ ჩაუყარა საფუძველი მშენებლობას? პასუხისთვის ლეგენდებს უნდა მივენდოთ. ერთი გადმოცემის მიხედვით, ლიეტუვის დიდმა მთავარმა გედიმინასმა ნადირობისას აღმოაჩინა კუნძული გალვეს ტბაზე, რომელიც იმდენად მოეწონა, რომ ციხესიმაგრის აგება გადაწყვიტა და ვილნიუსიდან სამთავრო რეზიდენციის ტრაკაიში გადატანა განიზრახა.

მაშინ ეს ტერიტორია მონადირეთა სამოთხე ყოფილა. მეთხუთმეტე საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟილბერ დე ლანუა წერდა: ქალაქ ტროკის (ტრაკაის ძველი სახელწოდება) გარშემო შეხვდებით გარეულ ხარს (დომბა), ლოსს, ვირისყურა ცხენს, დათვს, ირემს... ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, ტრაკაის მუზეუმში ერთი განყოფილება ცხოველთა ფიტულებს რომ ეძღვნება.

ლომი
ლომი

მეორე ლეგენდა უფრო რომანტიკულია: გედიმინასის ვაჟის კესტუტისის ყურამდე მიაღწია ამბავმა მშვენიერი ბირუტეს შესახებ, რომელიც ბალტიის ზღვის პირას პალანგასთან ცხოვრობდა. იგი წმინდა ცეცხლს იცავდა და აღთქმული ჰქონდა, რომ არასოდეს გათხოვდებოდა.

თუმცა კესტუტისმა იგი ძალით წაიყვანა ქალაქ ტრაკაიში. ქალს მშობლიური ადგილები, ბალტიის ზღვა ენატრებოდა, ამიტომ ქმარმა შუა ტბაში ლამაზი ციხესიმაგრე აუგო. მალე ბერუტემ კესტუტისს ვაჟი აჩუქა, რომელსაც ვიტაუტასი დაარქვეს და სწორედ ის გახლავთ ყველაზე სახელოვანი ლიეტუველი მეფე. ვიტაუტასის მმართველობას დაემთხვა ცნობილი გრუნვალდის ბრძოლა (1410 წლის 15 ივლისს) და ლიტვის საზღვრების ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე გაფართოება.

7-1638006987.jpg

ამ ბრძოლის სურათის აღდგენაში გვეხმარება მუზეუმში გამოფენილი იან მატეიკოს ცნობილი ნახატის ასლი. ორიგინალი 1878 წელსაა შესრულებული. კომპოზიციაში მნიშვნელოვანი ადგილი ხმალაღმართულ ვიტაუტასს უკავია, ოდნავ მარცხნივ კი მისი მოწინააღმდეგე ტევტონთა ორდენის მაგისტრი ულრიხ ვონ იურგინგენია, რომელიც გრუნვალდის ბრძოლაში დაეცა.

ცნობილია ისიც, რომ ომისთვის ვიტაუტასი ტრაკაის ციხესიმაგრეში ემზადებოდა. სწორედ იქ მასპინძლობდა პოლონეთის მთავარ ვლადისლავ იაგიელოს, რომელთან გაერთიანებამაც ლიეტუველებს ტევტონთა ორდენის ჯვაროსნები დაამარცხებინა. გრუნვალდიდან გაერთიანებული ჯარები მეტოქის დედაქალაქ მალბორკისკენ გაემართნენ, იქაც გაიმარჯვეს და მას მერე ტევტონებმა ძველი დიდება ვეღარ აღიდგინეს.

ტრაკაი
ტრაკაი

ლიეტუველებსა და ტევტონთა ორდენის რაინდებს შორის ურთიერთობები მარტის ამინდივით ცვალებადი იყო. ტრაკაის ციხის საფუძველში არსებული ნგრევისა და ცეცხლის კვალი მკვლევარებს ზუსტი დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს - ციხესიმაგრის მშენებლობა დასრულებული არ იყო, როცა მტრის შემოსევამ გაანადგურაო. ამას გერმანელი ისტორიკოსის, ვიგანდ მარბურგელის სიტყვებიც ადასტურებს: "1377 წელს ჯვაროსნებმა ტრაკაის მიწაზე მდებარე სიმაგრე დალაშქრესო“.

მომდევნო წლებში ურთიერთობა დათბა: შემონახულია 1407 წლის 3 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელშიც ლიეტუველი მეფე ვიტაუტასი ტევტონთა ორდენის მაგისტრს სთხოვს მეორედაც გამოუგზავნოს არქიტექტორი, რომელმაც დიდი მშენებლობა დაიწყო. მის გარეშე ეს ციხესიმაგრე ვერ დასრულდებაო. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ტევტონი ჯვაროსნები ლიეტუველებს სწორედ ტრაკაის ციხესიმაგრის მშენებლობაში ეხმარებოდნენ. ამის დასტურად თუნდაც ნაგებობის ფორმა (რომელიც მალბორკის ციხესიმაგრის სტილშია აგებული) და მასალა გამოდგება - წითელი აგური.

9-1638007078.jpg

თუმცა ზემოთ ნახსენები წერილის გაგზავნიდან სამ წელიწადში პოლიტიკური ვითარება კვლავ რადიკალურად შეიცვალა და ლიეტუვა-პოლონეთის ისტორიაში ყველაზე დიდი, გრუნვალდის ბრძოლით დასრულდა.

ტევტონი მზვერავი მაგისტრს ტრაკაის სიმტკიცეზე სწერს: ციხესიმაგრეში 15 იარაღია, რომელსაც ადამიანის თავის ზომის ქვის ტყორცნა შეუძლიაო. ცნობისთვის, იმ დროისთვის ევროპაში მრისხანედ ითვლებოდა სიმაგრე, რომელსაც ასეთი ტიპის 8-10 ლოდსატყორცნი ჰქონდა.

როგორც ომის, ასევე მშვიდობიანობის ჟამს ტრაკაის მთავარი მცველები არაქრისტიანი კარაიმიები იყვნენ.

10-1638007119.jpg

გადმოცემის მიხედვით ისინი გედიმინასმა ყირიმიდან გადმოასახლა და იმდენად ერთგულად ემსახურებოდნენ ლიეტუველ მთავრებს, რომ მუზეუმში ერთი დიდი სენაკი მათ ყოფა-ცხოვრებას ეთმობა. თანამედროვე ლიეტუველები კუნძულს ისე არ დატოვებენ, კარაიმების ეროვნული კერძი, ქიბინაი (ღვეზელის ნაირსახეობაა) არ დააგემოვნონ.

მე-17 საუკუნეში ვერც ლიეტუველებმა და ვერც კარაიმებმა შეაჩერეს რუსების მიძალება და ტრაკაის ციხესიმაგრე რუსეთ-ლიეტუვის ომის დროს, მთლიანად განადგურდა (1655 წელს). წაქცეული ნაგებობა მეოცე საუკუნემდე ამაოდ ელოდა განახლებას.