SOS! დოლოჭოპის უნიკალური ტაძარი წყლით იტბორება - კვირის პალიტრა

SOS! დოლოჭოპის უნიკალური ტაძარი წყლით იტბორება

- ასე დაიწყო იმ სენსაციური აღმოჩენის ისტორია, რომელ­იც დოლოჭოპის ეკლესიის სახელით არის ცნობილი და რომელიც დაახლოებით 16 საუკუნის წინანდელი ქართული არქიტექტურის მასშტაბურობას გვაუწყებს.­ სწორედ­ აქ, შუაგულ ტყეში, გამოჩნდა 44 მეტრი სიგრძისა და 29 მეტრი სიგანის ტაძრის კედლები, რომელმაც დაადასტურა, რომ ქრისტიანობის დასაწყისში (IV-V საუკუნეებში) მასშტაბური ტაძრები საქართველოშიც ისევე შენდებოდა, როგორც ევროპაში.

ნოდარ ბახტაძე: - ქართველი მეცნიერები დიდი ხანი კამათობდნენ, ქრისტიანობის დასაწყისში ქართველები მხოლოდ მცირე ტაძრებს ვაშენებდით თუ დიდი ტაძრების მშენებლობაც შეგვეძლო - ისეთის, როგორიც ამავე პერიოდის ქრისტიანულ ქვეყნებს ჰქონდათ: მაგალითად, ბიზანტიას, სირიას, რომს, ეგვიპტეს და ა.შ. მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ იმდროინდელ საქართველოში დიდი ტაძრები­ საჭირო­ არც იყო, ვინაიდან მრევლი ეკლესიაში არ შედიოდა, მეორე ჯგუფი კი მიიჩნევდა, რომ ქართული­ კულტურა იმდროინდ­ელ ცივილიზებულ ერთა კულტურის გვერდით იდგა და ჩვენც გვქონდა მასშტაბური ნაგებობები, რომელთა­ ნაშთები­ მოსაძებნი იყო. თავად, საქართველოში მსგავს ადრეულ, სრულყოფილი ტაძრების ნაშთებს­ მუდამ ვზვერავდი. ერთხელაც, ნეკრესის ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელობის დროს, მდინარე დურუჯთან ახლოს, ყვარლის ტყეში წავაწყდი ეკალ-ბარდებით დაფარულ ნანგრევებს და ადვილი წარმოსადგენია, რა განცდაც დამეუფლებოდა! როდესაც ნანგრევებს შემოვუარე და აღმოსავლეთის მხარეს საკურთხევლის სილუეტის ორიოდე ქვაც შევიცანი, ძალიან ავღელდი... ამ დროიდან დავიწყე ფიქრი აქ სამეცნი­ერო მუშაობის დაფინანსებაზე­, რაც თითქმის ოთხი წელიწადი გამიგრძელდა...ყველაზე ხშირად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ვაწუხებდი, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, მცირე თანხა გამოგვიყო. ამ თანხით ყვარელში ეროვნული მუზეუმისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ექსპედიცია მოვაწყვეთ. რა თქმა უნდა, ეკალ-ბარდს წერაქვითა და ხელით ვწმენდდით, რომ კედლები­ არ დაგვეზიანებინა. როდესაც ნანგრევებს მიწის ზედა ფენა მოვხსენით, შვებით ამოვისუნთქე - ნანახმა დამარწმუნა, რომ ჩემი ვარაუდი სწორი იყო და მასშტაბურ სამნავიან ტაძარს მივაგენით, რომელიც დურუჯის რიყისა და შირიმის ქვით იყო ნაშენი. მის უდიდეს დარბაზს ხუთი წყვილი სვეტი ყოფდა, საკურთხეველს კი ოთხი საფეხური მიუყვებოდა. შემდეგ ცენტრალური დარბაზის ირგვლივ გარშემორტყმული ნაგებობების ნაშთიც გამოჩნდა, რამაც ტაძრის ფართობი კიდევ გაზარდა. აი, ასე "ამოიზარდა" ჩვენ თვალწინ იმ 44 მეტრი სიგრძისა და 29 მეტრი სიგანის არქიტექტურა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ქრისტიანობის დასაწყისში აშენებდნენ. იქვე ნაგებობის სიმაღლეც განვსაზღვრეთ, რომელიც 18 მეტრს აღწევდა. ამ პერიოდის ტაძრები, რომაული და ბიზანტიური მშენებლობის ტრადიციისამებრ, ხის კოჭოვან სისტემაზე დაწყობილი კრამიტით იხურებოდა. ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი პირობებისთვის ყველაზე გამოსადეგ სტილს - ქვის კამარებით გადახურვას­ მომდევნო პერიოდში მიჰყვეს ხელი. დოლოჭოპის ტაძარი კი ბიზანტიური არქიტექტურის გავლენით არის აშენებული. მის შემორჩენილ კედლებს კოჭების ბუდეების კვალიც კი ეტყობოდა და ტაძრის თავდაპირველი სიმაღლეც ამის მიხედვით გამოვთვალეთ თეორიულად. მოგვიანებით კი რადიოკარბონულმა მეთოდმა ტაძრის მშენებლობის ზუსტი დათარიღების საშუალებაც მოგვცა.

- არა მეცნიერული სიზუსტით, მაგრამ უბრალოდ, ადამიანურად, დოლოჭოპის ტაძარს რომელ დღევანდელ ნაგებობას შეადარებდით?

- მასშტაბურობით? გამიჭირდება, მე ხომ ამის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ დოლოჭოპის ეკლესია სიგრძე-სიგანით დაახლოებით ალავერდის მასშტაბის იყო. ან მის ფართობში დაახლოებით სამი ანჩისხატის ტაძარიც "ჩაეტეოდა". ეს ყველაფერი სამუშაოების დაწყებისთანავე თვალითაც კი შეინიშნებოდა. თუმცაღა, სამწუხაროდ, სამუშაოების გაგრძელებაც ხშირად ისევე ჭირდა, როგორც დაწყება - ექსპედიციისთვის ფინანსების პოვნა ხომ მუდამ პრობლემაა. ამ მხრივ, ყოველთვის მიკვირდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დამოკიდებულება. თითქოს უხაროდათ ეს აღმოჩენა, ჟურნალისტებიც თავად მოჰყავდათ ამბის გასახმაურებლად, მაგრამ პარალელურად იმას გვეუბნებოდნენ: უკვე საკმარისია, გაჩერდით, აღმოჩენა ხომ უკვე გაკეთებული­ გაქვთო. ამ ხალხს ვერაფრით ვაგებინებდით,­ რომ არქეოლოგიური სამუშაოები უნდა დაგვესრულებინა, ტაძარი თავდაპირველივე მინაშენებიანად სრულად უნდა გამოგვევლინა,­ იატაკამდე უნდა ჩავსულიყავით. ამის მტკიცება ათი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად თავიდან გვიწევდა. ზოგჯერ არქეოლოგიური კვლევის თანხებს საერთოდ არ გამოყოფდნენ და სტუდენტების შიშველი ენთუზიაზმით ვმუშაობდით. მოკლედ, როდესაც ტაძრის ფართობზე უკვე X-XII საუკუნეებში მოწყობილი სამარხები ავიღეთ და იატაკიც ვიპოვეთ, ახალი აღმოჩენის პირისპირ დავდექით - იატაკის ქვეშ კიდევ ერთი ნაგებობის საძირკველი იყო. საძირკველი, რომელზეც დოლოჭოპის­ გრანდიოზული ტაძარი დაეშენებინათ.

yeli-1-1638019846.jpg

- როგორ?

- დღესაც ხომ არის შემთხვევები, როდესაც დანგრეული ნაგებობის საძირკველზე ახალ ნაგებობას აშენებენ. დოლოჭოპის ტაძარიც სწორედ ასეა დაშენებული 387 წლის მიწისძვრით დანგრეულ ძველი ეკლესიის საძირკველზე, რომელიც ასევე არ ყოფილა პატარა, - სიგრძით 25 და სიგანით 15 მეტრი ნაგებობა არც ისე მცირეა.

- რაც ასევე ადასტურებს პირველი ქართული ქრისტიანული არქიტექტურის ამბიციურობას... ტაძრის საკურთხეველი რატომ იყო ასეთი მაღალი?

- იმიტომ რომ დოლოჭოპის ტაძარიც ისეთივე პომპეზური იყო, როგორიც ამ დროის კონსტანტინოპოლის ან რომის ქრისტიანული ეკლესიები, რომელთა საკურთხევლების ბოლო საფეხურზე პატრიარქები, პაპები ან ეპისკოპოსები ისხდნენ; ქვედა საფეხურებზე კი - სასულიერო პირები იერარქიის მიხედვით. ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ასეთი დიდებული მასშტაბის ნაგებობების აგება აუცილებელიც კი იყო ახალი რელიგიის ძლევამოსილების დემონსტრირებისათვის. ამავე ტაძრებში იკრძალებოდნენ თვით ეს უმაღლესი სასულიერო პირებიც და ქტიტორებიც - ამშენებლები. დოლოჭოპის ეკლესიის ამშენებლები მის სამხრეთ ნაწილში, ქვაყუთებში არიან დაკრძალული. მათგან ზოგიერთს, უფრო ქალბატონებს, ვერცხლის სამკაულები აქვთ ჩაყოლებული, სავარაუდოდ, მხოლოდ ის, რასაც სიცოცხლეში ატარებდნენ, თორემ ქრისტიანული კულტურა მიცვალებულისთვის ნივთების ჩაყოლებას კრძალავდა. იქვე აღმოვაჩინეთ კერამიკის მშვენიერი ჭურჭელიც, რომელთაგან ერთ-ერთს მისი მფლობელის სახელი - მიქაილი აწერია ასომთავრულით. IV საუკუნის ეს წარწერა კი უმნიშვნელოვანესი მიგნებაა იმ პირობებში, როდესაც ჯერაც სათანადოდ ვერ ვპასუხობთ კითხვას, V საუკუნემდე არსებობდა თუ არა ქართული დამწერლობა. და კიდევ ერთი: ტაძრის სახურავის დეკორატიულ, გარს შემოსავლებ კრამიტზეც ასევე გამოსახულია ქართული ანბანის პირველი ასო "ა". სავარაუდოდ, იმიტომაც, რომ სწორედ ქართული ანბანის პირველი ასოთი იწყება სიტყვა "ამინ".

- მე კი ამ ამბავში საკუთარი ანბანისადმი ქართველი კაცის თაყვანისცემას ვხედავ...

- შეიძლება ასეც იყოს. ცხადი ის არის, რომ ჩვენ მირიან მეფისა და ნანა დედოფლის დროსაც დიდებულად ვაშენებდით. დოლოჭოპის პირველი, იატაკის ქვეშ შემორჩენილი მეორე ეკლესიის საძირკველი სწორედ მათი დროინდელია. მათი შვილიშვილის, მითრიდატეს ზეობისას გაჩაღდა ქალაქ ნეკრესში დიდი საეკლესიო მშენებლობა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ამბები რამდენიმე ათწლეულით უსწრებს ვახტანგ გორგასლის მეფობას, რომელმაც საქართველო კიდევ უფრო გააძლიერა. დოლოჭოპის ტაძარი შემდგომში მიწისძვრამ დააზიანა და აღადგინეს, თუმცა მხოლოდ VIII საუკუნემდე ფუნქციონირებდა, სანამ, სავარაუდოდ, მურვან ყრუს შემოსევისას განადგურდებოდა.

- მადლობა, რომ ამ საამაყო ნაგებობის აღმოჩენისთვის ენერგია არ დაიშურეთ და მის სანახავად ასიათასობით ადამიანი მიიზიდეთ.

- ეს ისეთი განძია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მნახველი ეყოლება, მათ შორის - უცხოელი ტურისტები და ჩვენი მეგობარი უცხოელი მეცნიერებიც, რომლებიც ჩვენსავით ღელავდნენ, როცა არქეოლოგიური სამუშაოებისთვის თანხას ვერ ვშოულობდით - ეს ხომ რიგითი ტაძარი არ არის, ის ქართული ქრისტიანული­ კულტურის დასაწყისის მშენებლობის ტრადიციას, დღესდღეობით ყველაზე უკეთ ასახავს. თუმცა, ბოლო სამი წლის განმავლობაში იძულებული გაგვხადეს, რომ ყველა სტუმარი, მათ შორის მეცნიერებიც, "კამაზით" მოვიყვანოთ ტაძრამდე. მიზეზი ყვარლის ხელმძღვანელობის ინიციატივით მდინარე დურუჯის კალაპოტის შეცვლაა, რასაც მდინარის ადიდების მძიმე შედეგები­ უნდა აღმოეფხვრა. უბედურება ის არის, რომ ამ მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებისას, რაღაც-რაღაცები დაავიწყდათ. მაგალითად, ის რომ დურუჯიდან ილიას ტბა იკვებებოდა. რის "გამოსასწორებლადაც" წყლის ერთი ტოტი, პირდაპირ ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე, ტყეში მიუშვეს. დღეს ეს წყალი დოლოპოჭის ტაძართან ძალიან ახლოს მოედინება და იქაურობას აჭაობებს. ჭაობიდან გამოჟონილი წყალი კი ტაძრის მთელ სივრცეს ტბორავს.

yeli-2-1638019847.jpg

- რას ამბობთ, ეს როგორ შეიძლება!

- გაჭირვებულ კაცს რომ ქვა აღმართში მიეწევა, ისე მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ ტაძრის შენარჩუნებისა და გადახურვისთვის ვაწუხებთ მთავრობას, ამ დროს კი, უპასუხისმგებლო ადამიანებმა ტაძართან მდინარე მიუშვეს და საერთოდ ანადგურებენ. მძიმე აღსაქმელია, ყოველდღიურად როგორ ნადგურდება ეს სასწაულით მოღწეული­ ნაგებობა, რომელიც ჩვენმა შთამომავლობამ უნდა ნახოს, იამაყოს და გააცნობიეროს, რა შეგვეძლო. დღეს უკვე მოდის ეს ხალხი ტაძრის სანახავად და გაოგნებული არიან იმით, რაც იქ ხდება. რამდენიმე ხნის წინ ტაძრის სანახავად, მისი გადარჩენის ღონისძიებების შესამუშავებლად კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც იყო მოსული. მისი მოსვლის დროს ისევ ადგილობრივმა ხელისუფლებამ "იზრუნა" და დურუჯზე კიდევ ერთი სახელდახელო, დროებითი თხრილი გააკეთა ტაძრის გზაზე მოთქრიალებული წყლის შესაჩერებლად, რათა ქალბატონ თეას ტაძრამდე მოსასვლელად ნიაღვარში არ გაევლო. თუმცა, როდესაც მინისტრი უკან ბრუნდებოდა, ამ ნაცოდვილარი დროებითი კალაპოტიდან კვლავ წყალმა გადმოხეთქა და მინისტრს მაინც თვითნებურ არხში მოუხდა გავლა.

- ნახევრად ხუმრობით თუ ვიტყვით, განგების ნება ყოფილა - ხელისუფლების წარმომადგენელსაც ხომ უნდა ენახა, როგორ ვექცევით ეროვნულ განძს...

- რა გითხრათ... მე მჯერა წულუკიანის ემოციის - როდესაც მან ასეთი მასშტაბის­ კულტურის ძეგლი ნახა, შეგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს მის გადასარჩენად. მე მჯერა, რომ ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რისთვისაც პირადად მე თავს არ დავზოგავ!