დედა თეკლა - "ქართველი საქართველოდან“...
ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როცა გარდასული საუკუნეების რომელიმე დიდებულ ტაძარს შეჰყურებთ და გიკვირთ, ადამიანმა როგორ შეძლო ამ საოცრების აგება, ნახაზისა და პროექტების გარეშე თითოეული წვრილმანის ისე გათვლა, რომ დროსა და ჟამს უძლებს! და ფიქრობთ, ნეტა ვინ აზიდა, ან როგორ აზიდა... ქვების ჰარმონია! თურმე შეიძლება მსგავსი განცდა თანამედროვეობაშიც დაგეუფლოთ. მაგალითად, სოფელი გლდანის თავზე, ვეჯინში, ღვთისმშობლის საფარვლის დედათა მონასტერი ისე უსწრაფესად აღიმართა, რომ ვერაფრით დაიჯერებთ, თუ ამ მშენებლობის უკან დგას შუახანს მიღწეული მონაზონი, რომელიც თავად იდგა ხარაჩოზე, აშენებდა და აპირკეთებდა მონასტერს, აწესრიგებდა ინტერიერს და წერდა ხატებს ტაძრისთვის... დედა თეკლამ მშენებლობისთვის ფინანსური რესურსიც საკუთარი შრომით მოიპოვა. ღვთისმშობლის საფარვლის დედათა მონასტრის წინამძღვარს დედა თეკლას ვეჯინში ვესტუმრეთ.
- ადრე წმინდა თეკლას სახელობის ბევრეთის მონასტრის წინამძღვარი ვიყავი... დაახლოებით ოცდაათი წლის წინ რამდენიმე გოგონა აღმოვჩნდით მამა იოანეს მრევლში, რომელთა მეშვეობით გადაწყდა მონასტრის აშენება. მას შემდეგ დავიწყე სამონასტრო ცხოვრება და მთელი იმ წლების განმავლობაში სხვა მონასტერზე არც მიფიქრია, თუმცა ერთ-ერთმა განსაკუთრებულმა გარემოებამ მიბიძგა ახალი მონასტრის მშენებლობისკენ, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ღვთის ნების საოცარ გამოვლინებად მიმაჩნია. ჯერ წოდორეთისკენ, ბევრეთის სიახლოვეს ვეძებდი ადგილს მონასტრის ასაშენებლად. ალბათ, იმიტომ, რომ ადრეული წლებიდან იქ ვცხოვრობდი, მაგრამ ბედის განგებით, საბოლოოდ, ქალაქის მეორე მხარეს, სოფელ გლდანის თავზე ავაშენე მონასტერი.

- როგორ იპოვეთ ეს ადგილი?
- მოხდა ისე, რომ საპატრიარქოს ვერ გადაეცა ის მიწის ნაკვეთი, რომელსაც მონასტრის ასაშენებლად ვითხოვდით. მე მივეკუთვნებოდი მცხეთა-თბილისის ეპარქიას და ამიტომ იქ უნდა მეძებნა ისევ საოცნებო ადგილი. რა თქმა უნდა, წინასწარ შემუშავებული მქონდა კრიტერიუმები - მონასტერი უნდა აშენებულიყო მოფარებულ ადგილზე, თუმცა თბილისთან ახლოს, ვინაიდან იქ მარტო ვიცხოვრებდი და საჭიროება თუ შეიქნებოდა, უნდა შემძლებოდა ქალაქთან დაკავშირება. ამასთანავე, ხატწერის სკოლის გახსნა მსურდა და ქალაქთან ახლომდებარე მონასტერში მშობლებს ბავშვების მოყვანის შესაძლებლობა ექნებოდათ. მოკლედ, ამ კრიტერიუმებით ძიებისას წავაწყდი ვეჯინში, კინოსტუდიის ყოფილ აგარაკებთან ამ ადგილს, სადაც წამოწყებული და მალევე მიტოვებული მშენებლობის კვალი დავინახე - სულ რამდენიმე კედელი იყო დარჩენილი... შენობა ოთხმოცდაათიან წლებში გაძარცვეს, წაუღიათ ყველაფერი, რაც კი ძვირფასი შემორჩენოდა, მათ შორის რკინის კონსტრუქციები. განლაგება რომ საუკეთესო ყოფილიყო, დერეფნის გავლით და ერთმანეთისგან განცალკევებით დაბალ სართულებზე უნდა აშენებულიყო კელიები, მოწყობილიყო სახელოსნო, სატრაპეზო, სამზარეულო, მაღლა კი, მეოთხეზე, დამეშენებინა ტაძარი... მხოლოდ წინა ფასადიდან არის მეოთხე სართული, უკან ვეება ფერდობი საშუალებას იძლევა პატარა ხიდით შევიდეს ადამიანი ტაძარში. გათბობის საკითხიც უფრო იოლად და ზედმეტი დანახარჯის გარეშე გვარდება. საქვაბე განთავსებულია პირველ სართულზე და თხილის ნაჭუჭის ან შეშის დაწვით წარმოიქმნება სითბო, რომელიც ნაწილდება სართულებზე. შესაბამისად, თბება ტაძარიც. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიპოვე იმ მიტოვებული კედლების პატრონი, რომელიც, ალბათ, ბნელ ოთხმოცდაათიანებში ვერც წარმოიდგენდა, რომ თურმე სასტუმროს კი არა, მონასტრის საძირკველს ჩაუყარა საფუძველი..
- ასეთი ტიპის ტაძარი სხვაგან არც მინახავს...
- არის, ოღონდ არა ასეთი მასშტაბური. მაგალითად, ზაჰესში არის პანტანასას ღვთისმშობლის მონასტერი, სადაც ტაძარი მეორე სართულზეა; არის გურიაშიც, უდაბნოს მონასტერი ჰქვია და სხვა მრავალიც.

- ვინ გეხმარებოდათ ტაძრის აშენებაში?
- არქიტექტურულად ყოველივე მოფიქრებული მქონდა, თუმცა საპატრიარქოს საბჭოს წევრთან, არქიტექტორ მამუკა კიკნაძესთან შევათანხმე ყველაფერი. მიხარია, რომ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა. ხელოსანი სულ ერთხელ მყავდა მოწვეული, რომელმაც ბლოკები დააწყო. შემდეგ მშენებლობაში მეხმარებოდნენ მორწმუნე ბიჭები გლდანის ლომისის ტაძრიდან და სხვა ადგილებიდან - ხან ცემენტს ზელდნენ და მაწვდიდნენ, ხან ხარაჩოს ამიწყობდნენ. შენობის მოპირკეთება მთლიანად ჩემი ნახელავია. ის, რაც ჩემთვის მძიმე იყო ასაწევად, მეხმარებოდა ხან ვინ და ხან ვინ.
- ვიცით, რომ საკუთარი შემოსავალი შესწირეთ ამ მშენებლობას.
- ხატწერის ცოდნამ მომცა ეს შესაძლებლობა. ოცი წლიდან ვისწავლე ეს საქმე, რომელიც ძალიან შემიყვარდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის არასდროს მეცალა, მას ცოტა დროს ვუთმობდი. საჭირო დროს კი მისი მეშვეობით შემოსავალი მივიღე - საზღვარგარეთ მართლმადიდებლურმა ტაძრებმა დამიკვეთეს ხატების დაწერა და აღებული გასამრჯელო ისევ მონასტერს მოვახმარე. ჩემს დაწერილ ხატებს ბევრგან შეხვდებით: ათონის მთაზეც, საბერძნეთის რამდენიმე მონასტერში, ამერიკაში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა თუ ახალ ზელანდიაში, რუსეთშიც... ხშირად მათ სახელსაც არ ვუთითებ, მხოლოდ ვაწერ: "ქართველი საქართველოდან"... საფრანგეთიდან ახლაც მიკვეთენ პატარა ხატებს, რომელთა გაგზავნაც შედარებით მარტივია. ამ მიზნით ვგეგმავ, რომ ამ ქვეყანას ვეწვიო.

- ერთხელ თქვით, რომ ცდილობთ არ გასცდეთ მე-12 და მე-13 საუკუნეებისთვის დამახასიათებელ ხატწერის სტილს. იქნებ აგვიხსნათ, რას გულისხმობთ?
- ეს არის აღმასვლის პერიოდი ხატწერაში. ისტორიულად რთული პერიოდები პირდაპირპროპორციულად აისახებოდა ხელოვნებაზეც. მე-12 საუკუნეში ბიზანტიური და ქართული ხატწერა იყო დომინანტური. მაშინ მთელი საქრისტიანო ძლიერი იყო, არსებობდა ერთმანეთში მიმოსვლა, ჰქონდათ გახსნილი სკოლები, სადაც უზიარებდნენ ერთურთს გამოცდილებას და ეს იგრძნობოდა ხატწერაშიც. აბა, მე-16 საუკუნის ზოგიერთი ხატი რომ ნახოთ, გაგიკვირდებათ, ეს ქართველმა როგორ დაწერაო, იმდენად დიდია სპარსული გავლენა ფერებში, მონახაზში, სახის გამომეტყველებაშიც კი... ეს იყო შედეგი იმისა, რომ მე-12-13 საუკუნეების შემდგომ პერიოდში საქრისტიანო დაიქსაქსა.
- ახლახან ახსენეთ, რომ საფრანგეთში წასვლას გეგმავთ. გავკადნიერდები და გკითხავთ, ვაქცინირებული ხართ?
- დიახ, "ფაიზერით". სამწუხაროდ, პანდემიამ მიმოსვლაში პრობლემები შექმნა. თუმცა ჩემი აცრა მხოლოდ ამას არ უკავშირდება. მინდა იმ ადამიანებს გავუადვილო გადაწყვეტილების მიღება, რომლებმაც არ იციან, აიცრან თუ არა. ექიმებზე კომპეტენტურები ვერ ვიქნებით. ისინი აგებენ პასუხს, რამდენად უსაფრთხოა ეს აცრა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
- მაგრამ ზოგს აცრა ანტიქრისტეს ბეჭდის და მის მსგავს მოქმედებას აგონებს..
.- მერწმუნეთ, ეს არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, იმიტომ, რომ ეს არ არის შეფარული, ანტიქრისტე ღვთის აშკარა უარყოფას მოითხოვს. ამიტომ აცრა-არაცრის საკითხი მხოლოდ სამედიცინო განსჯის საგანია.