"თუ ყველა აცრილი იქნება, წლამდე ასაკის და ახალშობილ ბავშვებს ვირუსი აღარ გადაედებათ“
რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ციციშვილის კლინიკაში 122 ბავშვი მკურნალობდა, საზოგადოება შეაშინა. რა არის ყველაზე ხშირად ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების მიზეზი, როგორია მათი აცრის მაჩვენებელი და რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება? ამ და სხვა კითხვებზე ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე გვპასუხობს.
- 122 მარტო ბავშვი არ არის, ჩვენთან მშობელი და ბავშვი ერთად არიან. ახლა უკვე 119 გვყავს, მაგრამ ეს ციფრები ყოველ წამს იცვლება, რადგან დღეში ხან 8-10 ბავშვი ეწერება, მერე კი სხვები შემოდიან.
- ძირითადად, რა ჩივილებით შემოჰყავთ?
- 2020 წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირებული ბავშვების რაოდენობა, რადგან დელტა შტამის სამიზნე სწორედ ბავშვები და ორსულები აღმოჩნდნენ. არცერთი აცრილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ 12 წლის ზემოთ "ფაიზერით" აცრა ნებადართულია. კრიტიკულად მძიმეები ბოლო პერიოდში არავინ ყოფილა, ახლა გვყავს თვისა და ერთი კვირის ბავშვი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა. რეანიმაციაში 18 ბავშვი წევს, ნახევარზე მეტი წლამდე ასაკისაა.
- ამ ბავშვების მშობლები თუ არიან აცრილი?
- ერთდროულად რვაზე მეტი აცრილი მშობელი არ გვყოლია, არადა, რაც დელტა შტამი გაჩნდა, მას შემდეგ ყოველდღე 100-ზე მეტი მშობელი გვყავს.
- ახალშობილები როგორ ინფიცირდებიან?
- ზოგი დედისგან ინფიცირდება, ზოგი - სამშობიაროდან გაყვანის შემდეგ, მამის, ან ბებია-ბაბუისგან. აქამდე მიიჩნეოდა, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში კორონავირუსული ინფექციის გადადება შეუძლებელი იყო, თუმცა ახლა გაჩნდა კვლევები, რომელთა შედეგად აღმოჩნდა, რომ დაინფიცირებული ბავშვებიც იბადებიან.
- კორონავირუსს აქვს სამიზნე ასაკი?
- არა. ყველა ასაკის ბავშვი ავადდება.
- ძირითადად, რა არის ბავშვების ინფიცირების მიზეზი?
- ინფიცირების მიზეზია როგორც სკოლის პერსონალი, ასევე - ოჯახი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზოგმა იცის, დადასტურებული კორონა აქვს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მაინც დადის. გარდა ამისა, პირბადეს თითქმის აღარავინ ხმარობს. ჩვენ 12 წლიდან ვცრით, სხვა ქვეყნებში კი 5 წელზე უფროს ბავშვებსაც ცრიან. ჩვენთან 12 წლის ზედა ასაკი შეირჩა, რადგან ეს უფრო მობილური ასაკოვანი ჯგუფია - დადიან სკოლაში, სპორტზე, სხვადასხვა წრეზე და მათი აცრა გარკვეულწილად შექმნის იმუნიტეტს. თუ ყველა აცრილი იქნება, წლამდე ასაკის და ახალშობილ ბავშვებს ვირუსი აღარ გადაედებათ.
- რომელია აცრასთან, უფრო სწორად, აუცრელობასთან დაკავშირებული ყველაზე დაუჯერებელი მითი?
- ამას წინათ ერთმა ქალბატონმა პირდაპირ ეთერში მკითხა, რა აზრისა ხართ გამოცრასთან დაკავშირებითო. აცრა-გამოცრა, ანუ როცა ადამიანი აცრილია და აღარ უნდა, რომ აცრილი იყოს. სერიოზულად მეკითხებით-მეთქი, ვკითხე. სოციალურ ქსელებშიც დიდი აზრთა გაცვლა-გამოცვლაა, როგორ გამოიცრან და ვისთან. მითხრეს, რომ თანხაც ყოფილა დადგენილი და თურმე ვიღაც ამას 500 ლარად აკეთებს, მაგრამ ჯერ ვერ მივაკვლიე, ვინ.
- პოპულარულია მითი, რომ ვაქცინა სიმაღლეში ზრდას უშლის ხელს, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
- ამასთან დაკავშირებით კვლევები ჩატარდა. გამოიკვლიეს აცრილი მამაკაცების სპერმა და აცრილი ქალების კვერცხუჯრედი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, უკეთესი რეპროდუქციული უნარი აცრილი მამაკაცის სპერმას აქვს. სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებულ შორეულ შედეგებზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან მხოლოდ ერთი წელია, რაც აცრა დაიწყო.
- რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ გამოეპაროთ?
- პანდემიის დროს ყველა დაავადებას, რომელსაც კორონავირუსის მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვს, ისე უნდა მივუდგეთ, როგორც სავარაუდო კორონავირუსულ ინფექციას, ამიტომ როდესაც ბავშვს აქვს ცხელება, ეწყება ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, დიარეა, ღებინება, ის აუცილებლად უნდა მიიყვანოთ კლინიკაში და ჩაუტაროთ ტესტი. საუბედუროდ, სწრაფი ტესტი ხშირად არ გვიჩვენებს ზუსტ შედეგს, ამიტომ თუ პასუხი უარყოფითია, ჯობია, რამდენიმე დღე ბავშვი მაინც იზოლირებული გყავდეთ.
- კორონავირუსით ბავშვების გარდაცვალების მაჩვენებელი როგორია?
- პანდემიის პერიოდში ჩვენთან კორონავირუსით რვა ბავშვი გარდაიცვალა.