"მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში"

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომაზე დასწრებას ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ მარიამ ჯიშკარიანმა ცენტრის ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მულტიდისციპლინური მიდგომა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დახმარება კი არ ესაჭიროება.

„ჩვენ შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, გვქონდა გასაუბრება და სამედიცინო გასინჯვა, დოკუმენტაციას გავეცანით ნაწილობრივ, შეიძლება ხვალ კიდევ მოვიდეთ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენი მოსაზრებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში. პაციენტი, რა თქმა უნდა, კიდევ საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას. ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში.

რაც შეეხება დასკვნას, ჩვენ ხვალაც უნდა მოვიდეთ, ვნახოთ, გავეცნოთ დოკუმენტაციას, მივიღოთ გამოთხოვილი დოკუმენტაცია, ადგილზე გაცნობა სხვაა, დეტალებში გარკვევა - სხვა. შემდეგ შევჯერდებით მკურნალობა-რეაბილიტაციაზე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მისი ამჟამინდელი ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არანაირად ხელს არ უშლის სასამართლოში მონაწილეობას. პაციენტს სჭირდება მულტიდისციპლინური მიდგომა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დახმარება არ სჭირდება", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას.

"ინტერპრესნიუსი"