რუსეთზე განაწყენებული სომხეთი ნატოსკენ შემოტრიალდება? - კვირის პალიტრა

რუსეთზე განაწყენებული სომხეთი ნატოსკენ შემოტრიალდება?

16 ნოემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორი მწვერვალისთვის ერთდღიანი "სასაზღვრო ომი" გაიმართა.

დაუსახლებელ მთის ფერდობებზე ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის შედეგად ორივე მხარემ ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თითქმის ერთნაირი დანაკლისი განიცადა, მაგრამ ღირდა კი ადამიანების დაღუპვა იმ უკაცრიელი მთებისთვის, სადაც ცხვარსაც კი არ აძოვებენ?როგორც ჩანს, ღირდა, რადგან სწორედ ამ მთების მწვერვალებზე გადის სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, რომელიც 30 წლის განმავლობაში არც დელიმიტირებული ყოფილა და არც დემარკირებული ძალიან მარტივი მიზეზის გამო.ზუსტად სამი ათეული წლის წინ, როდესაც საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა და მასში შემავალმა უკვე სუვერენიტეტგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა თავიანთი სახელმწიფო საზღვრები ადმინისტრაციული დაყოფის ხაზებზე გაავლეს, სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი ომი მიმდინარეობდა მთიანი ყარაბაღისთვის.რუსეთის დახმარებით სომხეთს ბრძოლებში უკვე ჰქონდა მოპოვებული ოპერატიულ-ტაქტიკური უპირატესობა, გაჭრილი ჰქონდა ლაჩინის დერეფანი და აკონტროლებდა ქელბაჯარის რაიონის დიდ ნაწილს.

მას შემდეგ, 2020 წლის ოქტომბრამდე, რა თქმა უნდა, სომხური მხარე თავს არ შეიწუხებდა იმ წარმოსახვითი საზღვრით, რომელიც მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიების სიღრმეში რჩებოდა, მაგრამ ყარაბაღის ბოლო ომის შედეგებმა არხეინად მყოფი ერევნისთვის ყველაფერი თავდაყირა დააყენა - საბრძოლო მოქმედებებში სერიოზული წარმატების შემდეგ (რასაც აზერბაიჯანი ისევ რუსეთს უნდა უმადლოდეს ერთგვარი ნეიტრალიტეტის გამო) აზერბაიჯანის არმია ირანისა და სომხეთის საზღვრებს მიადგა.

ირანთან აზერბაიჯანის სასაზღვრო პრობლემა თითქმის მოგვარებულია (საბჭოთა კავშირ-ირანის სახელმწიფო საზღვარი დიდი ხნის დადგენილია), მაგრამ სომხეთზე იმავეს თქმა არ შეიძლება.ბაქო კატეგორიულად მოითხოვს, სომ­ხეთთან სახელმწიფო საზღვარი დადგინდეს საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის რუკების მიხედვით, რასაც მოსკოვი ეთანხმება, მაგრამ წინააღმდეგია ერევანი, რადგან ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის განკარგულებაში გადადის სომხეთის საზღვრისპირა ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის - ირან-ერევნის სტრატეგიული გზის ორი მონაკვეთიც.სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი შეიძლება ამ დათმობებსაც დასთანხმდეს, მაგრამ მისი რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლების დამხობის საბაბად სწორედ ამას ელოდება, თუმცა სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო დავა მხოლოდ ნაწილია იმ უდიდესი ცვლილებებისა, რაც სამხრეთ კავკასიას ელოდება, თუკი განხორციელდა "3+3" ფორმატი, რომლის ინიციატორები პუტინი და ერდოღანი არიან.სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე ჩვენი რეგიონის სამი მოსაზღვრე სახელმწიფოს: რუსეთის, თურქეთისა და ირანის ერთობლივი ალიანსი ამ ეტაპზე აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოსთვის, რომლის ორი ნაწილი - ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი - რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამის წინააღმდეგია სომხეთიც, რომელსაც აზერბაიჯანთან ისევ ომი აქვს და თურქეთსაც მთავარ სავარაუდო მოწინააღმდეგედ მიიჩნევს­.

ისე, არც აზერბაიჯანი უნდა იყოს მთლად აღფრთოვანებული ალიანსში ყოფნით ირანთან,­ რომელიც ამას წინათ ბაქოს ბალისტიკურ რაკეტებს უმიზნებდა.ერევანს იმედი აქვს, რომ ამ თავს მოხვეული ფორმატის ჩაშლის მთავარ ინიციატორად სწორედ თბილისი იქცევა და ძირითადი ზეწოლა სწორედ მასზე გადაივლის, თვითონ კი მოვლენებს მეორე რიგიდან დააკვირდება."3+3" ფორმატის განხორციელების დაწყების ერთ-ერთ მანიშნებლად შეიძლება იქცეს "ზანგეზურის დერეფნის" ამოქმედება, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის სიუნიქის რაიონის გავლით ჯერ - ნახიჩევანთან, შემდეგ კი თურქეთთან დააკავშირებს.

ზანგეზურის საავტომობილო და, მით უმეტეს, სარკინიგზო დერეფნის გახსნა (უფრო სწორად იმ კომუნიკაციების აღდგენა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა) თურქეთის დიდი გეგმის - სამხრეთ კავკასიაში და მისი გავლით შუა აზიაში გაძლიერების - განხორციელებას მიესადაგება, რითაც მოგებული დარჩება აზერბაიჯანიც.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში თურქეთის გავლენა შეიძლება გაიზარდოს, რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც დაინტერესებულია "ზანგეზურის დერეფნის" სასწრაფოდ ამოქმედებით, რადგან რუსეთი თურქეთსა და სომხეთთან პირდაპირ საავტომობილო მიმოსვლას შეძლებს საქართველოსთვის გვერდის ავლით. ამასთან, ავიაციაზე გაცილებით იაფად, სატვირთო ავტომობილებით მოამარაგებს თავის სამხედრო ბაზებს გიუმრისა და ერევანში."ზანგეზურის დერეფნის" ამოქმედება საქართველოსთვის ფინანსურად წამგებიანი გახდება, რადგან თურქეთიდან აზერბაიჯანსა და შუა აზიაში მოძრავი ტვირთების ნაკადი შეიძლება სწორედ "ზანგეზურის დერეფნისკენ" გადამისამართდეს.სომხეთმა "ზანგეზურის დერეფნის" ამოქმედებით ეკონომიკური თვალსაზრისით, ერთი მხრივ, შეიძლება ძალიან იხეიროს, რადგან აღარ იქნება დამოკიდებული ერთადერთ ლარსის გამშვებ პუნქტსა და ქართულ გზაზე და რუსეთიდან ტვირთები აზერბაიჯანის გავლით, ამინდის მიუხედავად მიეწოდება, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: "ზანგეზურის დერეფნის" ინტენსიური რეჟიმით ამოქმედების შემდეგ, როცა სომხეთის სამხრეთი ნაწილი თურქებისა და აზერბაიჯანელების "შარაგზა" გახდება, სომხებს მოუწევთ, საბოლოოდ დაივიწყონ ყარაბაღის მეორე სომხურ სახელმწიფოდ ქცევის ისტორიული ამბიციური გეგმა და სომხეთიც ეკონომიკურად მნიშვნელოვნად დამოკიდებული აღმოჩნდება უფრო მდიდარ არა მარტო თურქეთზე, არამედ აზერბაიჯანზეც კი.

დღეს სომხეთი გზაგასაყარზე დგას და უნდა აირჩიოს - რჩება რუსეთის პროტექტორატის ქვეშ და თანხმდება კრემლის ყველა მოთხოვნას, მათ შორის - "ზანგეზურის დერეფნის" სასწრაფოდ გახსნას, თუ ეცდება საკუთარი თამაშის გაგრძელებას, რომ თავის მოქალაქეებს მოჩვენებითი სუვერენიტეტის შეგრძნება მაინც შეუქმნას.

სომხეთის საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება, რომ გასულ წელს ყარაბაღის ბოლო ომში რუსეთის ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა პუტინმა მათი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები გაწირეს და სომხებს "მეორე სომხეთის" შესახებ ისტორიული ოცნება დაუსამარეს, მაგრამ ეს იყო ერთი წლის წინ, ახლა კი სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საკითხი დგება, რადგან რუსეთიდან ერევანს არცთუ ორაზროვნად მიანიშნებენ, დასთანხმდით "ზანგეზურის დერეფნის" გახსნას, თორემ მოსკოვი თვალს დახუჭავს, თუკი აზერბაიჯანის არმია თავად ეცდება, "ზანგეზურის დერეფანი" ნახიჩევანამდე ძალით გაჭრასო.

"Прощай, немытая Россия" - ცნობილი რუსი პოეტის, მიხეილ ლერმონტოვის ლექსის ეს ცნობილი სიტყვები ლოზუნგად გამოიყენეს ერევნის ქუჩებში გამოსულმა დემონსტრანტებმა, რითიც მიუთითეს, რომ რუსეთმა სომხეთს უგანა, მიუხედავად იმისა,­ რომ 1997 წლის ორმხრივი შეთანხმებით მოსკოვმა აიღო ვალდებულება, სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში ამ ქვეყანას სამხედრო ძალით დახმარებოდა.

ერთი წლის წინ, ყარაბაღის ბოლო ომში მარცხის დროს, ერევნის თხოვნას სამხედრო ძალით დახმარებაზე რუსეთიც და ო-დე-კა-ბეც უარით პასუხობდნენ - ყარაბაღი არ არის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია და ჯარებით ვერ დაგეხმარებითო.16 ნოემბრის სასაზღვრო შეტაკებების დროს, როდესაც აზერბაიჯანელთა ჭურვები უკვე სომხეთის ტერიტორიაზე ფეთქდებოდა, ო-დე-კა-ბემ სამხედრო ძალების გაგზავნაზე ერევნის მორიგი ხვეწნაც უპასუხოდ დატოვა.ისე, გასაკვირია, რატომ აქვთ სომხებს ო-დე-კა-ბეს დახმარების იმედი. ამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთისა და რუსეთის გარდა შემავალი ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ერევნის გამო ბაქოს არავითარ შემთხვევაში არ გადაიკიდებენ. ეს განსაკუთრებით ეხება ლუკაშენკოს, რომელსაც ალიევთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. სომხეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში უკვე გაისმა ფრაზა, რომელიც განსაკუთრებით გამაღიზიანებელი იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტისთვის - თუ რუსეთი და ო-დე-კა-ბე უარს აცხადებენ, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და სომხეთს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად სამხედრო ძალით არ დაეხმარებიან, როგორც ამას ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს, მაშინ ერევანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების განსამტკიცებლად სხვა პარტნიორების ძებნას დაიწყებსო. ანუ მარტივი ენით რომ ვთქვათ, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გუნდიდან განზრახ გაჟონა ინფორმაციამ, რომ ერევანმა შეიძლება მფარველობა რუსეთის ნაცვლად სთხოვოს ნატოს წევრ აშშ-სა და საფრანგეთს - დასავლეთის იმ ქვეყნებს, რომელთა პოლიტიკურ ლიდერებზე ისტორიულად დიდ გავლენას ახდენს იქ მოქმედი ძლიერი სომხური ლობი.ერთი წლის წინ, როდესაც ალიევმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე პუტინისგან ფარული დასტური მიიღო, ბაქომ, ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა ნატოსთან დაახლოების პერსპექტივას, რადგან ეს კრემლის ერთ-ერთი მთავარი საპასუხო მოთხოვნა იქნებოდა.

ამის პარალელურად, ერდოღანთან საერთო ენის გამონახვით პუტინმა ნატოს ერთიანობაში ბზარი გააჩინა, რადგან რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენის გამო აშშ-მა თურქეთისთვის მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვა შეაჩერა, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხრეთ ფლანგის შესუსტებას გამოიწვევს. თუ ამ ყველაფრის ფონზე რუსეთზე განაწყენებულმა სომხეთმა მართლაც გაბედა ნატოს პროტექტორატში გადაბარგება, უახლოეს მომავალში სამხრეთ კავკასიაში დიდი ამბები გველოდება.