"მძღოლების უმეტესობა თვითნასწავლია!“ - კვირის პალიტრა

"მძღოლების უმეტესობა თვითნასწავლია!“

მოპედებისა და სკუტერების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, ისევე, როგორც "კატალიზატორი", მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა კი რეალურ პირობებში გადადის. რატომ არ იკლებს საწვავის ფასი და როდის გაიხსნება­ ახალი ავტოდრომი "ლილო არენა", ამ თემებზე ტრანსპორტის საკითხების ექსპერტს, საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მევლუდ მელაძეს ვესაუბრეთ:

- 2022 წლის 25 აპრილიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება - მეორე ეტაპი რეალურ პირობებში გამოცდას გულისხმობს.

- დიდი ხანია, გამოცდის ქუჩაში გადატანის აუცილებლობაზე ვლაპარაკობთ. 1990-იან წლებში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის შემდეგ, ცხადია, ბევრი რამ გამოსწორდა, თუმცა მართვის მოწმობის­ პრაქტიკული გამოცდა წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, ფორმალობა­ იყო. შედეგად, იმ მძღოლების უმეტესობა,­ ვინც დღეს საქართველოს გზებზე მოძრაობს, თვითნასწავლია! რეფორმა აუცილებელი იყო, მაგრამ მხოლოდ გამოცდის რეალურ პირობებში გადატანა საკმარისი არ არის. უნდა გამოვიყენოთ ისეთი წარმატებული ქვეყნის მოდელები, როგორიცაა ფინეთი (შარშან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფინეთში მხოლოდ ერთი კაცი გარდაიცვალა!), გერმანია და სხვ. იქ გაკვეთილების რაოდენობა ცოტაა, თუმცა ყველა კომპონ­ენტს მოიცავს: ქალაქის, გზატკეცილის, ღამის პირობებში გადაადგილებას, აღმარ­თის­­ დაძლევას... სწორედ ასეთი მრავალფეროვანი პრაქტიკის შემდეგ წყვეტს ინსტრუქტორი, მოგცეს თუ არა გამოცდაზე გასვლის უფლება!

- ჩვენთან კი გამოსაცდელები მხოლოდ იმ კონკრეტულ მანევრებს იზეპირებენ, რის გაკეთებაც პრაქტიკული გამოცდისას მოუწევთ.

- ახალი წესებით გამოცდის შედეგს წლების შემდეგ ვნახავთ. თუ ავტოსკოლების­ სერტიფიცირების საკითხიც მოგვარდა, 10-15 წლის შემდეგ გაცილებით მეტი კვალიფიციური მძღოლი გვეყოლება. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდას, ევროპული მოდე­ლისგან განსხვავებით (სადაც გამოცდის მარშრუტი წინასწარ არ არის განსაზღვრული და ქალაქის ნებისმიერ წერტილში­ შეიძლება დაიგეგმოს), ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული მარშრუტი იქნება, საიდანაც კომპიუტერი ერთს შეარჩევს.­ სავარაუდოდ, ეს მარშრუტები მალევე გახმაურდება, დაიმახსოვრებენ და "ივარჯიშებენ", მაგრამ მთავარია, აქამდე მივედით­ და სისტემა თანდათანობით დაიხვეწება.

- უმეტესობას გაუჭირდება რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება,­ თუმცა ჯობს გამოცდაზე ჩაიჭრან, ვიდრე მაშინ, როცა მარტო დარჩებიან ახალი გამოწვევის წინაშე.

- აქამდე გამოცდა თავის ფუნქციას­ ვერ ასრულებდა: მართვის სწავლის ნაცვლად იზეპირებდი იმას, რაც გამოცდისას­ უნდა ჩაგებარებინა! ერთია 5 კმ/სთ სიჩქარით მანევრირება და მეორე - გადაადგილება­ ქალაქში, სადაც უამრავი ავტომანქანა და ქვეითია, შუქნიშნის ფერების მონაც­ვლეობა, ღერძულა ხაზი, მთავარი თუ მეორეხარისხოვანი გზა... ახალი წესის ძალაში­ შესვლის შემდეგ ძალაუნებურად სკოლების ხარისხიც გაუმჯობესდება, რადგან მოიმატებს პროფესიონალ მასწავლებლ­ებზე მოთხოვნა. როცა პედაგოგს თვითონ არა აქვს მართვის მოწმობა, ახალბედას რა უნდა ასწავლოს?! ამიტომაც გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა ქუჩებში და საშინელი სტატისტიკა - ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წელიწადში 600 დაღუპული. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ეს საშინლად დიდი მაჩვენებელია! არც ერთ ომს არ წაურთმევია ჩვენთვის ამდენი ადამიანი.

- მომავალი წლის აპრილიდან სავალდებულო ხდება ე.წ. კატალიზატორის ქონა 2020 წლის აპრილის შემდეგ განბაჟებული და რეგისტრირებული ავტომანქანებისთვის.

- გასული წლის 20 აპრილამდე განბაჟებულ და დარეგისტრირებულ ავტომანქანებს ეს ვალდებულება არ ექნებათ, თუმცა გამონაბოლქვის დაშვებულ დონეს უნდა აკმაყოფილებდნენ. "კატალიზატორის" მოთ­ხოვნაც აუცილებელი­ იყო, რადგან ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს ეკოლოგიის მხრივაც. საწვავის ხარისხით ისედაც ვერ დავიკვეხნით (მით უმეტეს, არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე) და თუ ავტომანქანებიც "კატალი­ზატორის" გარეშე გააგრძელებენ მოძრაობას, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

- მთავარია, ქაღალდზე დატანილი კანონი რეალურადაც აღსრულდეს!

- ყოველთვის გამოჩნდებიან­ ისეთები­, ვინც კანონის გვერდის ავლას შეეცდება. ამიტომაც აუცილებელია, სახელმწიფომ "ბრჭყალები გამოაჩინოს" და მკაცრად გააკონტროლოს კანონის აღსრულება.­ საკონტროლო და სადამსჯელო მექა­ნიზმები ისეთი­ უნდა იყოს, ავტომანქანის მფლობელს არ უღირდეს კანონის დარღვევა.

- ხშირად კანონის გვერდის ავლით ხდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაც: ხარვეზებზე თვალის დახუჭვა მაკონტროლებელი კომპანიის მიერ, ნათხოვარი/ნაქირავები ნაწილებითა და საბურავებით ინსპექტირების გავლა­. ამიტომაც ხშირად გვესმის, რომ ტექინსპექტირების რეფორმამ არ გაამართლა. ეთანხმებით?

- ასეთი შემთხვევები მაშინ შემცირდება,­ როცა სახელმწიფო უფრო აქტიური იქნება კონტროლსა და აღსრულებაში. მანქანის ინსპექტირებისთვის მოწესრიგება და ხარვეზის დროებით აღმოფხვრა დაახლოებით თანაბარი ოდენობის თანხა ჯდება. ჩვენთან სახელმწიფოს "მოტყუებას" ანიჭებენ უპირატესობას, საბოლოოდ კი მოტყუებული ისევ თავად ვრჩებით, საქმე ხომ ჩვენი შვილების უსაფრთხოებასა­ და ჯანმრთელობას ეხება! პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღება აუცილებელი იყო, მაგრამ წლებია ვამბობ, რომ რეფორმა ქართულ რეალობაზე უნდა ყოფილიყო მორგებული.

- რას გულისხმობთ "ქართულ რეალობაზე მორგებაში"?

- იმას, რომ რეფორმა რამდენიმე ნაწილად უნდა გატარებულიყო: ავტომფლობელების უმეტესობისთვის შეუძლებელია ყველა მოთხოვნის ერთბაშად შესრულება. პირველ რამდენიმე წელიწადს მხოლოდ გამართული გამონაბოლქვის სისტემის, მაშუქების და საბურავების მოთხოვნა საკმარისი იქნებოდა. საქართველოში, სადაც გზები იდეალურად არ არის მოწესრიგებული­, არასწორია ავტომანქანის საქარე მინის პატარა დაზიანების გამო დახარვეზება. როცა ისეთი დაზიანების გამო, რომელიც არც ჩანს და არც მძღოლს უშლის ხელს, ძვირად­ ღირებული საქარე მინის შეცვლა ხდება საჭირო, ბუნებრივია, ავტომფლობელი უკანონო გზების გამონახვას ცდილობს.

- სხვა ქვეყნების პრაქტიკა როგორია ამ მხრივ?

- მაგალითად, აშშ-ის 17 შტატში პერიოდული შემოწმება მხოლოდ გამონაბოლქვს ეხება, მაშუქების გამართულობას­ გადაადგილებისას ამოწმებს საპატრულო პოლიცია და ა.შ. უმჯობესი იქნებოდა, ჩვენთანაც რამდენიმე აუცილებელი მოთხოვნით დაგვეწყო და თანდათანობით, უმტკივნეულოდ აგვეწია ვალდებულებაც და ხარისხიც. ინსპექტირების შედეგებითაც დამტკიცდა, რომ საქართველოს ავტოპარკი კატასტროფულ მდგომარეობაშია - შემოწმებული მანქანების მესამედზე მეტი დახარვეზდა, თუმცა ეს ავტომანქანები დღემდე გადაადგილდებიან. ჯობდა, პოლიტიკა თავიდანვე შედარებით ლოიალური ყოფილიყო და დადგენილი წესები აღსრულებულიყო, ვიდრე კანონი მკაცრი იყოს და არ სრულდებოდეს. სახელმწიფომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს შემმოწმებელი ობიექტები და სამაგალითოდ დასაჯოს ცენტრები, სადაც შემოწმება არაკეთილსინდისიერად ხდება.

- მომავალი წლის აპრილიდან სავალდებულო ხდება მოპედების/სკუტერების რეგისტ­რაცია, ასევე მართვის მოწმობა. ეს სეგმენტ­ი ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და აუცილებელია ქაოსური ვითარების მოწესრიგება.

- ჯერ კიდევ წლების წინ იყო ცხადი,­ რომ თბილისის ინტენსიურად განაშენიანება­ უარყოფითად აისახებოდა ქალაქის გამტარუნარიანობაზე. ველოსიპედებისა და სკუტერების პოპულარობის აუცილებლობაში ისე ვიყავი დარწმუნებული, რომ ბიზნესიც კი დავიწყე - სკუტერების ცენტრი მაქვს. როცა პირველი პარტია ჩამოვიტანე, ვნახე, რომ 50 კუბურ სანტიმეტრამდე მოცულობის ძრავის მქონე მოპედებს რეგისტრაცია ან საბუთი არ სჭირდება. მაშინ ამაზე არავის უფიქრია, მე კი ვაცნობიერებდი, რომ აუცილებელი იყო მინიმუმ სარეგისტრაციო ნომერი და მოწმობა, ამიტომ ჩემმა კომპანიამ თვითონ დაიწყო ჩვენ მიერ გაყიდული სკუტერების შიდარეგისტრაცია და სპეციალური მოწმობების გაცემა.

- თქვენი კომპანიის მომხმარებლებს გაუმართლათ. სხვებს რა ეშველებათ?

- კანონპროექტი ამ ტიპის სატრანსპო­რტო საშუალებების რეგისტრაციის შესახებ უკვე მიღებულია. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს იმ სკუტერებისა და მოპედების რეგისტრაცია, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ქვეყანაში მოძრაობენ? მით უმეტეს, რომ უმეტესობას რამდენიმე მფლობელი ჰყავს გამოცვლილი. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ერთ-ერთი ყველაზე­ სავარაუდო ვერსია ასეთია - მოპედის მფლობელი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართავს შსს-ს, იღებს დროებით, ექვსთვიან სარეგისტრაციო მოწმობას და თუ ამ დროის განმავლობაში სკუტერს სხვა პატრონი ან მომჩივანი არ გამოუჩნდება, 6 თვის შემდეგ სრულფასოვანი სარეგისტრაციო მოწმობის აღება იქნება შესაძლებელი.

- რეგისტრაციის გარდა, აუცილებელი ხდება მართვის მოწმობებიც.

- ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, ჰქონდეს მინიმუმ M-კატეგორიის მართვის მოწმობა. მისი აღება რთული არ არის, თუ ხარ არანაკლებ 16 წლისა და ჩააბარებ თეორიულ გამოცდას. მაგრამ თუ რომელიმე ტიპის მართვის მოწმობა გაქვს, ისინი M-კატეგორიასაც მოიცავს. რაც შეეხებ 50 კუბურ სანტიმეტრზე დიდი ძრავის მქონე სკუტერებს, მათ სამართავად A ან A1-კატეგორიის მოწმობაა აუცილებელი. მოპედის ყველა მძღოლმა დღესაც იცის, რომ შუქნიშნის წითელ შუქზე არ უნდა გაიაროს, საფრთხე არ უნდა შეუქმნას თავის და სხვის სიცოცხლეს, მაგრამ წესებს ბევრი არ ასრულებს. თეორიული გამოცდისა და მოწმობის აღების შემდეგ კი მათი პასუხისმგებლობაც გაიზრდება და წესების დაცვა ისევე­ მოეთხოვებათ, როგორც ავტომანქანისა თუ მოტოციკლის ყველა მძღოლს.

- რამდენიმე სიტყვა ვთქვათ მძღოლებისთვის ლამის ყველაზე მტკივნეულ თემაზე - საწვავის ფასსა და ხარისხზე!

- საწვავის მაღალი ფასი ყველას სატკივარია, მაგრამ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ბრენდული ნავთობკომპანიების კრიტიკა ადვილია, თუმცა სინამდვილეში საწვავის მაღალ ფასში ისინი სხვებზე ნაკლებად არიან დამნაშავე. სტატისტიკას გავეცანი და მერწმუნეთ, დიდ კომპანიებს გაცილებით მეტი მოგება ჰქონდათ მაშინ, როცა ლარის კურსი 2,2 იყო, საწვავი­ კი გაცილებით იაფი ღირდა.

- ანუ საწვავის სიძვირე­ საერთაშორისო საბაზრო ფასებისა და ადგილობრივი საგადასახადო მაჩვენებლების ბრალია?

- ბრენდული კომპანიები ვერ არღვე­ვენ საწვავის ხარისხისა და შემადგენლობის სტანდარტს, პატარა, არაბრენდული კომპანიები კი სხვადასხვა გზით მაინც ახერხებენ კანონის გვერდის ავლას, შემოაქვთ საწვავი, სადაც სხვადასხვა კომპონენტის შემცველობა დაშვებულ ნორმას ათჯერ და მეტჯერ აღემატება. ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ნედლეულსაც კი ურევს საწვავს და ამ უხარისხო ნარევს შედარებით დაბალ ფასად ყიდის, კონტრაბანდასაც კი არ ერიდებიან. სახელმწიფო განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს ასეთი არაკეთილსინდისიერი კომპანიების მიმართ. თუ ასე არ მოიქცევა, მაშინ ყველასთვის დაუშვას უხარისხო, მომწამვლელი საწვავის გაყიდვა, დიდი კომპანიებიც შემოიტანენ უხარისხო საწვავს და ფასი დაიწევს. გვინდა ასეთი რამ? ხელისუფლებას ფასებზე ზემოქმედებაც შეუძლია აქციზის ან დღგ-ს შემცირებით. დღეს ყოველ ერთ ლიტრ საწვავიდან გადასახადებში დაახლოებით 80 თეთრი მიდის.

- მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ საწვავის ფასი ჩვენთან საერთაშო­რისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებისა და ლარის გაუფასურებისთანავე იმატებს, ნავთობის­ ფასის კლება კი საწვავის ფასზე თითქმის არ აისახება.

- წლების წინ ამ კითხვაზე ყველასთვის გასაგებ ენაზე გასცა პასუხი კახა ბენდუქიძემ: კომპანიას საწვავი ძვირად აქვს ნაყიდი და იმის მიუხედავად, რომ ამ წუთისთვის საერთაშორისო ბაზარზე უფრო იაფი ღირს, სანამ მარაგს არ ამოწურავს, ვერ გააიაფებს. როცა დაბალ ფასად აქვს ნაყიდი და საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდა, არსებულ მარაგს იაფად მაინც ვერ ყიდის, რადგან ამოწურვის შემდეგ ბაზარზე გაძვირებული ფასი უნდა გადაიხადოს. მთელი მოგება თუ გაძვირებული პროდუქტის შესყიდვაში დახარჯა, რაღა ბიზნესმენია?! ამიტომ აუცილებელია, ყველა თანაბარ პირობებში იყოს და ფასი ჯანსაღმა კონკურენციამ დაარეგულიროს.

- მალე პირველი სტუმრების მიღებას შეძლებს მულტიფუნქციური ავტოდრომი "ლილო არენა". მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ.

- როცა მშენებლობა დასრულდება, ავტოდრომზე იქნება სარბოლო, სასწავლო და "ოფროუდის" ტრასები, სპორტულ-გასართობი სივრცეები, სიმულაციური ქალაქი­ ავტოსაგზაო მოძრაობის სწავლისთვის, საგზაო მოძრაობის საბავშვო ქალაქი და ა.შ. კომპლექსი გვიანობამდე იმუშავებს და ფასებიც ხელმისაწვდომი იქნება. გაზაფხულისთვის პირველი, ცენტრალური ტრეკის ნაწილი გაიხსნება და თანდათანობით სხვა ობიექტებიც შეემატება. მომავალში აქვე ვუმასპინძლებთ საერთაშორისო შეჯიბრებებს რამდენიმე სახეობაში.