"ჩემ ირგვლივ პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოებში წვანან, არ იღებენ ამ წამლებს და ჩემთვის ჩნდება სერიოზული კითხვები: მაშინ ვინ იღებს მათ?" - კვირის პალიტრა

"ჩემ ირგვლივ პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოებში წვანან, არ იღებენ ამ წამლებს და ჩემთვის ჩნდება სერიოზული კითხვები: მაშინ ვინ იღებს მათ?"

საშინელი მუტაცია - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი

როგორც ვარაუდობენ, არ არის გამორიცხული, კორონავირუსის ახალი, სამხრეთაფრიკული ვარიანტი (B.1.1.529), ახალი პანდემიური წელთაღრიცხვის დასა­წყისი გახდეს. რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ და რა ვარაუდები ისმის სამეცნიერო წრეებში? ამ და სხვა კითხვებზე "კვირის პალიტრას" ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.

- არსებობს ორი სახის მუტაცია. ერთი ინტერესის საგანი ხდება, მეორე - შეშფოთების. შეშფოთების საგანია ალფა, ბეტა, გამა, დელტა ვარიანტები. ახალ მუტაციას, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეშფოთების გამომწვევი ვარიანტის სტატუსი მიანიჭა და სახელიც დაარქვა - ომიკრონი.

პირველადი მონაცემებით, ამ ახალ ვარიანტში არის დაახლოებით 50 მუტაცია და 32 მათგანი ადამიანის ორგანიზმში რეცეპტორებს ეჭიდება. ასეთი მუტაცია ქმნის ძალიან დიდ რისკს, რომ ომიკრონი შეიძლება დაემალოს როგორც ხელოვნურად, ასევე ბუნებრივად გამომუშავებულ იმუნიტეტს, ეს კი ნიშნავს, რომ არსებობს პოტენციური რისკი, პანდემიის ათვლის წერტილი 2020 წლის მარტში დაბრუნდეს, რადგან ვირუსის მიმართ მოწყვლადი იქნება, პრაქტიკულად, ყველა...

ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა,­ თუმცა რასაც ახლა ვამბობთ, მაინც თეორი­ული ვარაუდებია. რამდენიმე კვირა­ დასჭირდება და ყველაფერი გაირკვევა.­ "ფაიზერი" და სხვა დიდი კომპანიები შეამოწმებენ თვიანთი ვაქცინების მოქმედებას ამ ახალ ვარიანტზე. ფაქტია, რომ გავრცელების პოტენციალი ომიკრონს გაცილებით მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე დელტა­ ვარიანტს, მაგრამ ზუსტად თქმა, როგორ გავრცელდება ან რა ფორმას მიიღებს, შეუძლებელია, რადგან ჯერჯერობით სულ რამდენიმე ასეულ შემთხვევამდეა ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში, ერთეული შემთხვევები კი - ბელგიაში, ისრაელსა და ჰონ-კონგში, თუმცა რაკი საერთაშორისო მოგზაურობა ნებადართული იყო, ეს ვარიანტი სხვაგანაც მალე გამოჩნდება.

- მის წინააღმდეგ ახალი ვაქცინა იქნება საჭირო?

- ახალი ვაქცინის დამზადებას პანდემიის დაწყებიდან 10 თვე დასჭირდა,­ უკვე მზა ტექნოლოგიებს კი ახალი ვაქცინის შესაქმნელად მაქსიმუმ ორი-სამი თვე დასჭირდება,­ მაგ­რამ ძალიან ძნელია ნახევარი­ კაცობრიობის ხელახლა აცრა.

- ომიკრონის მუტაცია მართლა შიდსით ინფიცირებულის სხეულში მოხდა?

- სამეცნიერო მტკიცებულებით გამყარებული ასეთი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მინახავს, მაგრამ ფაქტია, რომ აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 24%-ია აცრილი. ანუ მუტაციების მაღალი რისკი ჩნდება იქ, სადაც უფრო დაბალია აცრის მაჩვენებელი.

- ანუ ეს არ არის კოვიდისა და შიდსის­ ნაჯვარი მუტაცია.

- არა, ეს არასწორია...

- კოვიდპასპორტების თემას შევეხოთ...

- კოვიდპასპორტების მიზანია ის, რომ ადამიანები, ერთი მხრივ, ირიბად იყვნენ იძულებული, ვაქცინა გაიკეთონ, მეორე მხრივ კი შეიქმნას უსაფრთხო გარემო, რომ შიდა გავრცელება შემცირდეს.

კოვიდპასპორტი ჩვენს ქვეყანაში განსხვავებულია, ითქვა, რომ მოქალაქეს გადა­ტანის მერე უვადო მწვანე პასპორტი უნდა მიე­ცეს, მაგრამ ომიკრონმა კიდევ ერთხელ დაგ­ვანახვა, რომ უვადო არაფერი არსებობს.

- როგორ ფიქრობთ, სწორია 60 წელზე­ უფროსი მოქალაქეებისთვის წამახალისებელი აქციების გამართვა? თუ ისინი დაპირებულ 200 ლარს პირველი დოზით აცრის შემდეგ მიიღებენ­, მეორედაც აიცრებიან?

- ჩვენს ქვეყანაში თით­ქმის მილიონი ვაქცინაა გამოყენებული და ამ მილიონ აცრილ ადამიანს შორის 60 წელს გადაცილებული მხოლოდ 29%-ია. არადა, 70% 60 წელს გადაცილებული რომ გვყავდეს, დღეს რამდენიმე ათასი ადამიანი არ დაგვეღუპებოდა. ვისურვებდი, წამახალისებელი ნაბიჯი მეორე აცრის შემდეგ გადაგვედგა, ანუ სრული ვაქცინაციის შემდეგ წარდგენილი პასპორტი ყოფილიყო ამ თანხის აღების საფუძველი.

- საზოგადოდ, პირველად აცრილები მეორედაც ადვილად იცრებიან?

- ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მეორე­ დოზით აიცრათ, შვიდი თვეც რომ იყოს გასული.

- აქტიურად დაიწყო ბუსტერით აცრა.

- ბუსტერდოზა რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 18 წლიდან ზემოთ და ამისთვის ნებადართულია ყველა ვაქცინა. რომელიც უნდა იყოს საწყისი ვაქცინა, შეგიძლიათ ბუსტერად სხვა ვაქცინა გაიკეთოთ.

- ბუსტერით აცრა 6 თვეშია საჭირო?

- დიახ, ყველას 6 თვეში უწევს. გამონაკლისია მხოლოდ "სინოფარმით" ან "სინოვაკით" აცრილი 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, რომელთაც ბუსტერის გაკეთება სამი თვის შემდეგ შეუძლიათ. დღევანდელი მონაცემებით, რომლებიც ახალი ვარიანტის შესახებ ინფორმაციის დაგროვების შემდეგ დაზუსტდება, ბუსტერი ორგანიზმის იმუნურ პასუხს დაახლოებით 20-25-ჯერ ზრდის, ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი - 50-ჯერ. ასაკოვანი მოსახლეობის ბუსტერდოზით აცრის შემდეგ ისრაელში გადის დღეები­, როცა სიკვდილობის მაჩვენებელი ნულია. საფრანგეთი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაციის სქემა ოფიციალურად სამდოზიანი იყოს - მესამე დოზას ბუსტერი აღარ ჰქვია.

- სამწუხაროდ, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მსოფლიოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებლით, ხუთეულში შევდივართ. რა არის ამის მიზეზი?

- თუ გინდა ინფექციამ არ დაგაზარალოს, ორი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს - შემაკავებელი ღონისძიებები და ვაქცინაცია. ჩვენთან ორივე ჩავარდა და პროცესი ბუნებრივი გზით ვითარდება, ანუ იმ ადამიანების კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებული, რომელთაც ჯარიმების გარეშე უკეთიათ პირბადე, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ კი აცრის რიგში დადგნენ.

- გარდაცვალების ამ სამწუხარო მაჩვენებელში მკურნალობის მეთოდებისა და გადაღლილი მედპერსონალის პასუხისმგებლობის წილი არ უნდა ვეძებოთ?

- როცა ამდენი პაციენტია, არსებობს ეჭ­ვი და რისკი, რომ ყველას სათანადო ყურადღება ვერ ექცევა, განსხვავებული იქნება სამედიცინო მიდგომაც, მაგრამ აისახება თუ არა ეს ფატალურ შედეგებზე და ყველგან დაცულია თუ არა პროტოკოლი, ამას დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა გვიჩვენებს. პრეპარატები, რომლებიც დღეს გვაქვს, არ ვიცი, როგორ გამოიყენება. ჩემ ირგვლივ პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოებში წვანან, არ იღებენ ამ წამლებს და ჩემთვის ჩნდება სერიოზული კითხვები: მაშინ ვინ იღებს მათ?

- როგორი დეკემბერ-იანვარი გველოდება?

- ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ­ლის 60% აუცრელია, ომიკ­რონი გამოჩნდება თუ დელტა მეგავარიანტი, საფრთხე მაინც დიდი იქნება. მძიმე ზამთარი გვექნება და შემდეგი 9-10 თვის განმავლობაში ქვეყანაში, სამწუხაროდ, მინიმუმ 10 000 ადამიანი კიდევ გარდაიცვლება.