"ხშირად მოგვმართავენ­ შფოთვითი აშლილობით, ბევრს აქვს დეპრესია, ვერ ხედავენ მომავალს" - კვირის პალიტრა

"ხშირად მოგვმართავენ­ შფოთვითი აშლილობით, ბევრს აქვს დეპრესია, ვერ ხედავენ მომავალს"

ინგა, 45 წლის: - ვაქცინა ახალი შემოსული იყო და ვფიქრობდი, მოდი, ცოტა ხანს დაველოდები-მეთქი. ხან რა მიზეზს ვეძებდი, ხან - რას, რომ არ ავცრილიყავი. ჩემ ირგვლივ ბევრი აიცრა და რომ მეკითხებოდნენ, ავიცერი თუ არა, ერთი-ორჯერ მოვიტყუე, აცრილი ვარ-მეთქი. მერე ჩემი თავის შემრცხვა. ყოყმანის მთავარი მიზეზი სოცქსელიც იყო. წერდნენ, უშვილობას იწვევს, მსოფლიოში ხალხის რაოდენობის შემცირება უნდათო... მერე ჩემ ირგვლივ იმდენი ადამიანი გარდაიცვალა, მივხვდი, ლოდინის დრო არ იყო. ვაქცინაციის მეშინოდა, მაგრამ სიკვდილის უფრო მეშინოდა და დავრეგისტრირდი. სანამ ავიცრებოდი, მეზობელს, რომელთანაც კონტაქტი მქონდა, კოვიდი დაუდასტურდა, ამიტომ სასწრაფოდ გადავდე ვაქცინაცია. მაშინ მივხვდი, როგორ გამიხარდა, ეს საბაბი რომ ვიპოვე. მერე ნათესავ ექიმს ვკითხე რჩევა, დამარწმუნა, რომ აცრა აუცილებელი იყო. დღემდე მაქვს კითხვები, რომელთა ნაწილზე პასუხი ჯერაც ვერ ვიპოვე, მაგრამ იმას ნამდვილად მივხვდი, რომ ვაქცინაცია გადარჩენის ერთადერთი შანსია. საბოლოოდ დავძლიე შიში და ავიცერი. ახლა მშვიდად ვარ და ყველას ვურჩევ, აიცრას, მაგრამ მრავლად მყავს ისეთი ახლობლები, მათ შორის, ასაკოვნები, რომლებიც არ იცრებიან. არადა, ყველა ხედავს, რომ საფრთხე გაიზარდა, ყოველდღიურად ამდენი ადამიანი იღუპება, სტატისტიკა საგანგაშოა. მესმის, რომ ადვილი არ არის, საკუთარი თავი რამეში დაარწმუნო, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ადამიანებს ჩემსავით ფსიქოლოგიური მომენტი აქვთ გადასალახავი.

რატომ ვერ გადალახა მოსახლეობის ნაწილმა ვაქცინაციის შიში, ფსიქოლოგი თამუნა ბოკუჩავა გვესაუბრება:

- ბოლო დროს ხშირად მოგვმართავენ­ ადამიანები შფოთვითი აშლილობით. ამის საფუძველი ყოველთვის არის შიში. თავის მხრივ, ყველანაირი შიშის საფუძველი სიკვდილის შიშია. შესაბამისად, ნევროტულობა გაზრდილია, რაც ხელს უშლის ნორმალურ ქცევას. ბევრს აქვს დეპრესია, ვერ ხედავენ მომავალს. ხშირია ჩაკეტვა, იზოლაცია და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული მღელვარება. ბავშვებშიც მოიმატა ფსიქოლოგის ჩარევის აუცილებლობამ, იზოლაციის გამო კომპიუტერულ თამაშებზე უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებული, უარს ამბობენ კომუნიკაციაზე. მშობლები ჩივიან, რომ კომპიუტერულმა თამაშებმა ბავშვები სრულიად მოსწყვიტა გარე სამყაროს და არ იციან, როგორ უშველონ. ერთი სიტყვით, ეს ვირუსი აბსოლუტურად ყველა ასაკს შეეხო.

- ინფიცირებულ ადამიანებს კლინიკაში მოხვედრის შემდეგ განსაკუთრებულად უმძაფრდებათ სიკვდილის შიში და ექიმებს ასეთი­ ემოციური პაციენტების მართვა უჭირთ...

- ნებისმიერი დაავადების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, როგორ დახვდება ამა თუ იმ დაავადებას. ამასთან, თუ ავადმყოფი კლინიკაშია და ხედავს, მის გვერდით პაციენტი "კოვიდით" გარდაიცვალა, ეს ფსიქიკაზე განსაკუთრებულად მოქმედებს. კორონავირუსი ისედაც ცუდად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობის გართულებას უწყობს ხელს, რაც ასევე დამახასიათებელია "კოვიდის" შემდგომი პერიოდისთვის. კოვიდით გარდაცვალების შემაშფოთებელი სტატისტიკის გამო ყველა ადამიანს უჩნდება სიკვდილის შიში. ამით გამოწვეული სტრესი კი დიდხანს მიგვყვება.

- ამის მიუხედავად, ადამიანები არ იცრებიან. ამას რით ხსნით?

- არის კატეგორია, რომელსაც თავისი­ არგუმენტები აქვს, ნაწილს კი ვერ გადაუ­წყვეტია, აიცრას თუ არა. ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ აუცრელობით არა მხოლოდ საკუთრ სიცოცხლეს ვუქმნით საფრთხეს, შეიძლება შვილების, მშობლების, ახლობლების დაავადებისა და გარდაცვალების მიზეზიც გავხდეთ. როდესაც ინფორმირებულობა იკლებს, გზა ეხსნება მითებისა და ლეგენდების გავრცელებას, რასაც ცუდ შედეგებამდე მივყავართ. ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რა არის ვაქცინა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს აუცრელობას. უნდა დაიწყოს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომელშიც ფსიქოლოგებიც უნდა ჩაერთონ. ინფორმაციის სწორად მიწოდებით ყველანაირი შიში უნდა დაიძლიოს. გვეშინია იმის, რაც არ ვიცით. ვაქცინის მიმართ შიშიც აქედან გამომდინარეობს. შიში ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობაა, მაგრამ არსებობს ირაციონალური შიში, რომელსაც რეალური საფუძველი არა აქვს. ადამიანს ირაციონალური შიში რომ არ გაუჩნდეს, საჭიროა მას ჰქონდეს სწორად მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია.