საოცრება - ქართველის ნახევარსაუკუნოვანი "ჭექა-ქუხილი" ყველაზე "ჯანმრთელი" ამერიკული თვითმფრინავი აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

საოცრება - ქართველის ნახევარსაუკუნოვანი "ჭექა-ქუხილი" ყველაზე "ჯანმრთელი" ამერიკული თვითმფრინავი აღმოჩნდა

რაც მეტი თვითმფრინავი, ტანკი თუ ჰაუბიცა აქვს ამა თუ იმ ქვეყნის არმიას თავის არსენალში, სულაც არ ნიშნავს მის უცილობელ სამხედრო სიძლიერეს, რადგან ეს ტექნიკა გამართულ მდგომარეობაში და სრულ საბრძოლო მზადყოფნაშიც უნდა იყოს.

შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითად ის ქართული მოიერიშე თვითმფრინავები და დამრტყმელი შვეულმფრენებიც კმარა, რომლებიც რამდენიმე წელი აეროდრომზე გაუნძრევლად იჟანგებოდნენ და უკვე ჯართში ჩაბარებასაც კი უპირებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, გამოფხიზლდნენ, გაარემონტეს და ჰაერშიც ააფრინეს, თუმცა მათი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის, მფრინავების ინტენსიური მომზადება.

როგორც აღმოჩნდა, საბრძოლო თვითმფრინავების გარემონტების და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის დიდი პრობლემა პატარა საქართველოს გარდა, ზესახელმწიფო აშშ-საც კი აწუხებს.

პროფესიონალურ დონეზე აღიარებულმა გამოცემამ Air Force Magazine -მ პენტაგონიდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ანალიტიკური მასალა იმის შესახებ, თუ რა, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავების საბრძოლო მზადყოფნა.

საერთოდ, პენტაგონი სამხედრო ავიაციის ორ საბრძოლო მზადყოფნას განიხილავს.

პირველია საბრძოლო მზადყოფნა, როდესაც თვითმფრინავს ერთი სახის დავალების შესრულება მაინც შეუძლია, მაგალითად F-16C -ს "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტით საჰაერო სამიზნეს ჩამოაგდებს, მაგრამ არ არის მზად გამოიყენოს "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტა სახმელეთო სამიზნის დასაზიანებლად.

სრული საბრძოლო მზადყოფნის შემთხვევაში კი თვითმფრინავს ყველა იმ საბრძოლო დავალების შესრულება უნდა შეეძლოს, რაც კი თავიდანვე იყო ჩადებული მის შესაძლებლობებში.

და აი, აღმოჩნდა, რომ 2021 წელს ასე ნაქები ამერიკული მეხუთე თაობის F-35 Lightning II თვითმფრინავების პარკის მხოლოდ 68%-ი თუა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, ხოლო არანაკლებ ნაქები მრავალფუნქციური F-22 Raptor-ების კი მხოლოდ 50%-ი!

ამ ყველაფრის ფონზე კი თითქმის ფანტასტიკურად მოჩანს, რომ სრულ საბრძოლო მზადყოფნას ინარჩუნებს A-10C Thunderbolt II ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების პარკის 72%-ზე მეტი...

რა გამოდის?

ნახევარი საუკუნის წინ ჩვენი თანამემამულის, ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) მიერ შექმნილი "ტანდერბოლტი" (ქართულად "ჭექა-ქუხილი") დღესაც ყველაზე "ჯანმრთელ" ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავად რჩება!

ალექსანდრე ქართველიშვილი(ქართველი)
ალექსანდრე ქართველიშვილი(ქართველი)

ეს ფაქტი შეიძლება ჩვენთვის, ქართველებისთვის სასიხარულო იყოს, მაგრამ პენტაგონელი გენერლებისთვის კი ნამდვილად დიდ თავსატეხს წარმოადგენს, რადგან მეხუთე თაობის ამერიკული თვითმფრინავების სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუსეთის მიერ თავისი საბრძოლო ავიაციის განახლების ფონზე...

იმას, რომ ორმაცდაათწლიანი "ტანდერბოლტები" ულტრათანამედროვე თვითმფრინავებზე უფრო "ჯანმრთელები" რჩებიან, თავისი ობიექტური გამართლებაც აქვს - ქართველიშვილის თვითმფრინავზე იმ რაოდენობით არ აყენია ურთულესი ელექტრონული სისტემები, რომლებითაც გადახუნძლულია F-22 -ისა და F-35-ის ბორტები, ეს ელექტრონული სისტემები კი ხშირად გამოდიან მწყობრიდან და მათი მომსახურება ძვირადღირებულ დანახარჯებს მოითხოვს.

ქართველის „ჭექა-ქუხილი“ მოქმედებაში...
ქართველის „ჭექა-ქუხილი“ მოქმედებაში...

ამასთან, "სტელსის"-რადიოლოკაციური საშუალებებით ძნელად აღმოსაჩენი ტექნოლოგიით დამზადებული მეხუთე თაობის F-22 -ებისა და F-35-ების ფიუზელაჟებისა და ფრთების სპეციალურ საფარს ხშირი განახლება სჭირდება, განსაკუთრებით კი სეტყვაში მოხვედრის შემდეგ, მაშინ როდესაც ქართველიშვილის შეჯავშნული ა-10 -ისთვის 23 მმ-იანი საზენიტო ქვემეხის ჭურვების მოხვედრაც სასიკვდილო არ არის...

არადა, რამდენიმე წლის წინ პენტაგონი სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ეროვნული გვარდიის შეიარაღებაში დარჩენილი 280-მდე "ტანდერბოლტის"(სულ დამზადებული იქნა 715 ასეთი მოიერიშე) ჩამოწერას და მოიერიშეს ფუნქციების უახლესი ფ-35-ისთვის გადაბარებას აპირებდა.

მაშინ ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა ჩაკ ნორისმა ივაჟკაცა და ამერიკაში სახალხო ტალღა ააგორა, რომ ქართველიშვილის "ჭექა-ქუხილები" კვლავ დარჩენილიყვნენ ამერიკული სამხედრო ავიაციის შეირაღებაში.

მას მხარი რიგმა ამერიკელმა კონგრესმენებმაც აუბეს და პენტაგონს მოუწია თავის განზრახვაზე ხელის აღებამ, რაზეც იმედია ამერიკელი გენერლები დღეს უკვე არ დარდობენ, პირიქით, "ტანდერბოლტების" ჩამოწერის შემთხვევაში მათ ხომ აღარ ექნებოდათ უშუალოდ ბრძოლის ველზე საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის ისეთი გამოცდილი და ეფექტიანი საშუალება, რასაც A-10C Thunderbolt II წარმოადგენს თავისი 30 მმ-იანი "გატლინგის" ქვემეხითა და "მევრიკის" მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით. "ტანდერბოლტების" დიდ ნაწილს ახალი ფრთები დაუყენეს, რამაც არანაკლებ კიდევ 10-15 წელი უნდა გაახანგრძლივოს მათი საფრენოსნო ექსპლუატაცია.

გარდა ამისა, 100 მლნ დოლარად შეფასებული F-35-ის ფრენის ერთი საათის დანახარჯი 40 ათასს დოლარამდე აღწევს, მაშინ როდესაც 18 მლნ-იანი A-10C Thunderbolt II -ი ერთ საათში მხოლოდ 11 ათას დოლარამდე "წვავს" (ერთი საათის ფრენის დანახარჯში საწვავის ფასის გარდა შედის აეროდრომზე ინჟინერული მომსახურების საფასურიც).

aladasii-1638179981.jpg
საოცრება - ქართველის ნახევარსაუკუნოვანი "ჭექა-ქუხილი" ყველაზე "ჯანმრთელი" ამერიკული თვითმფრინავი აღმოჩნდა

და ბოლოს-საქართველოში სამხედრო მუზეუმის გახსნის პერსპექტივაში იყო მცდელობა აშშ-ებიდან ერთი ჩამოწერილი A-10C Thunderbolt II -ის ჩამოტანისა და ალექსანდრე ქართველიშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ, მაგრამ ეს კარგი იდეა ჯერჯერობით ვერ განხორციელდა..

ავიაციის მოყვარლებო თავად წარმოიდგინეთ რა საოცარი სანახავი იქნებოდა ქართულსამხედრო მუზეუმში ერთმანეთთან ფრთა-ფთა მდგარი ერთი თაობის და მსოფლიოში მხოლოდ ორი სპეციალიზირებული რეაქტიული მოიერიშე - ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ შექმნილი A-10C Thunderbolt II და თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი Su-25...