რეალურია თუ არა პრემიერის ინიციატივა - 300 000 სამუშაო ადგილი - კვირის პალიტრა

რეალურია თუ არა პრემიერის ინიციატივა - 300 000 სამუშაო ადგილი

"დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივ­ირებული, დაიწყოს მუშაობა, იმის შიშით, რომ სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას. ნაცვლად სოციალური­ დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს. მისი თქმით, ხელისუფლებას შესწევს უნარი, შექმნას ათიათასობით საზოგადოებრივი­ სამუშაო ადგილი. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ პრემიერის ინიციატივა "არის ფართომასშტაბიანი სოციალური ამოცანა, რომელიც, დასაქმების გარდა, მოიცავს ძალიან ბევრ სხვა ასპექტსაც".

- პრემიერის სიტყვას განვიხილავ, როგორც კომპლექსურ შეთავაზებას, ძირითად სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებებს. დასაქმების გარდა, ის მოიცავს­ ბევრ სხვა ასპექტსაც - ფარმაციაში არსებული­ პრობლემებით დაწყებული, ფინანსური ცენტ­რის შექმნით საქართველოს აღმოსავლეთ ლუქსემბურგად გადაქცევით დამთავრებული. ამ იდეით პოლიტიკური ბატალიებისაგან დაღლილ საქართველოს ეძლევა შანსი, სამწლიანი პერიოდი პოლიტიკური­ ვნებათაღელვის გარეშე გადავიტანოთ და ეროვნული ენერგიის კონვერტაცია მოვახერხოთ ეროვნულ აღმშენებლობაში, ეკონომიკის­ განვითარებაში. ეს საჭიროა, რათა შევძლოთ, წინ გავიჭრათ, დავძლიოთ ჩამო­რჩენა, პრობლემები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში გროვდებოდა და რომელთა გადაჭრას დიდი ეროვნული კონსენსუსი, თანხმობა და ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება. ჩვენთან ახლა საბაზრო ეკონომიკაა, 140-მდე ქვეყანასთან გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობა და თუ გვინდა, სხვების ფონზე უკეთ გამოვჩნდეთ, ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლებით წინ წავიწიოთ, უნდა შევძლოთ ჩვენი შიდა ეროვნული ენერგიის, მისი ყველა კომპონენტის, ყველა რესურსის აქტივიზაცია, ინვენტარიზაცია, რათა ვიცოდეთ, რა რესურსები გვაქვს და რაციონალურად და ეფექტიანად­ ვიყენებთ თუ არა მათ. ცოდვა გამხელილი ჯობია და, ჩვენ ხშირად ცალი თვალით უცხოეთისკენ ვიყურებით - როგორ იქნება ინვესტიციები, დახმარებები, კრედიტები და ა.შ., მაგრამ მოდი, გულახდილად ვთქვათ: ახლა ყველა რესურსს, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, ვიყენებთ მთლიანად, რაციონალურად და ეფექტიანად?! ეს ეხება ყველა რესურსს, ბუნებრივი რესურსებიდან ადამიანურ რესურსებამდე. სწორედ ამ უკანასკნელის აქტივიზაციისა და მისი გამოყენების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული პრემიერის ინიციატივა. უნდა შევძლოთ წარმატების მიღწევა; სახელმწიფომ უნდა წაახალისოს სიბეჯითე და არა - სიზარმაცე;­ იმისათვის, რომ ჩვენმა პროდუქციამ მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნების პროდუქციას, აუცილებელი­ პირობაა, ჩვენი სამუშაო ძალაც კონკურენტუნ­არიანი იყოს. სახელმწიფომ ადამიანებს გარკვეული მიმართულებები უნდა მისცეს.

- რა მიმართულებების მიცემა იქნება საჭირო და როგორ ხედავთ ამ ინიციატივას: შრომისუნარიან სოციალურად დაუცველებს თანხა, რომელსაც იღებდნენ, აღარ მიეცემათ, მაგრამ ექნებათ დასაქმების გარანტია?

- აქ ლაპარაკია სტიმულირებაზე, რომ ადამიანს არ შეეშინდეს შემოსავლის მიღების შემთხვევაში დახმარების დაკარგვის... როგორ არის უცხოეთში, გეტყვით აშშ-ის მაგალითზე, თუმცა საქართველოში როგორ იქნება, არ ვიცი - ეს მექანიზმი იანვრამდე უნდა შეიმუშაონ სამინისტროებმა, მათ შორის - ეკონომიკის სამინისტრომ. აშშ-ში, პირობითად, ადამიანს აქვს 1.000 აშშ დოლარი პენსია და იწყებს მუშაობას. მას მიღებული ხელფასის ყოველ დოლარზე­ პენსია შესაძლოა შეუმცირდეს 20 ცენტით, ანუ თუ გაქვთ 1.000 დოლარი პენსია და კიდევ 1.000 დოლარს ხელფასად მიიღებთ, საბოლოოდ 2.000-ის ნაცვლად გექნებათ 1.800 აშშ დოლარი. ანუ მაინც მეტი გამოგდით. აშშ-ში საშუალო ხელფასი 3.800 დოლარამდეა. მაგალითი მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანე, თორემ იქ გაცილებით მაღალ ფსონებზეა ლაპარაკი.

განვითარებული საზოგადოება თავის წევრს ეუბნება: "რა გირჩევნია, გქონდეს დაბალი უზრუნველყოფის კოეფიციენტი თუ აქტიურად ჩაერთვები საზოგადოებრივ სასარგებლო შრომაში და გაცილებით მეტ კეთილდღეობას მიაღწევ?" დაასახელეს 300 000 სამუშაო ადგილი. სამ­წუხაროდ, ბევრი ადამიანი მიეჩვია სიღარიბეში ყოფნას და ეს უნდა შევცვალოთ. უნდა მოვახერხოთ და ადამიანების მენტალური რევოლუცია მოვახდინოთ. ითქვა, რომ ბევრი რამე დანგრეულია, ხელახლა გასაკეთებელი, ასაშენებელი. დაკონკრეტებას­ არ შევუდგები, მხოლოდ ერთ მაგალითს დაგისახელებთ: გავიძახით, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს გეოპოლიტიკური მდებარეობა. ამას სჭირდება ინფრასტრუქტურა. კარგია, რომ გზები, ხიდები და გვირაბები შენდება, მაგრამ ყოველ 1 კვ.კმ-ზე ჩვენ გვაქვს 300 მ სიგრძის გზა. აქ არ იგულისხმება სოფლის გზები, არამედ მხოლოდ ავტობანი და რაიონულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, საერთაშორისო და რესპუბლიკური მნიშვნელობის საავტომობილო გზები. თურქეთის დონეს რომ მივაღწიოთ, კიდევ 17 000 კმ გზის დაგება დაგვჭირდება, საბერძნეთისა და სხვა მოწინავე ქვეყნების დონემდე მისაღწევად კი ციფრს ვეღარც დავასახელებ, ისეთ კოსმოსურ მასშტაბებზე მოგვიწევს ლაპარაკი. 1 კვ.კმ-ზე საავტომობილო გზების სიგრძით საბერძნეთს დაახლოებით 3-ჯერ ჩამოვრჩებით, შვეიცარიას - თითქმის 7-ჯერ, იაპონიას - თითქმის 12-ჯერ. იმის თქმა მინდა, რომ ასეთი გრანდიოზული პროექტების განხორციელებას სჭირდება უზარმაზარი კაპიტალდაბანდება, ადამიანთა უდიდესი რესურსი და შესაბამისი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარება. თუ გვინდა, საქართველო იყოს მზად არა მარტო სამუშაო ძალის, არამედ საქონლის, ტვირთების გადაადგილებისთვის, ეს მიმართულება უნდა განვავითაროთ. ქალაქებში, დაბებში­, სოფლებში ათეულობით წლის განმავლობაში მწყობრიდან არის გამოსული ინფრასტრუქტურა - კლუბები, ბიბლიოთეკები, თავშეყრის ადგილები და მიგრაციის მიზეზი არის არა მარტო სამუშაო ადგილების უქონლობა, არამედ ისიც, რომ ადამიანები ვერ გრძნობენ სოციალურ კომფორტს, განსაკუთრებით - სოფლებში. ახალგაზრდობა მიდის უცხოეთში, ან ონლაინკაზინოებით "ერთობა". ე.ი. გაქცევის რამდენიმე ფორმა არსებობს: ფიზიკური და, ასე ვთქვათ, მეტაფიზიკური. Aამის შეცვლა უნდა მოვახერხოთ, ადამიანმა თავის სამშობლოში თავი უფრო კომფორტულად უნდა იგრძნოს­. პრემიერის წინადადება გვთავაზობს, ამ კომფორტული გარემოს შექმნაში თითოეულმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და, იმავდროულად, გაიუმჯობესოს მატერიალური კეთილდღეობა. ადამიანს ვეუბნებით, რომ ექნება მეტი შემოსავალი, უკეთესად იცხოვრებს და გარემოც უფრო კომფორტული იქნება, თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისი. ეს არის გზა როგორც პირადი, ასევე საზოგადოებრივი კეთილდღეობის მისაღწევად. პრემიერის წინადადება არ არის მხოლოდ დასაქმების შესახებ, ის ეხება უფრო გლობალურ საკითხებს: ფინანსური ცენტ­რის ფორმირება-განვითარებას, ფარმაციაში არსებული პრობლემების დაძლევას და სხვ. ამ წინადადებებმა საკანონმდებლო დონეზე უნდა მიიღოს კონკრეტული ფორმა, მერე კი საჭირო იქნება ხელების დაკაპიწება, რადგან არავინ მოვა და ჩვენს საერთო სახლს არ დაალაგებს ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

- ძირითადად სად ხედავთ ასეთ დასაქმებას?

- ბევრ სფეროში. პრემიერმა ახსენა დაახლოებით 360 მიმართულება, 1000-მდე შემთხვევაში აპირებენ თანადგომას პროგრამით "აწარმოე საქართველოში". რეალური სექტორები შეიძლება იყოს წარმოება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტურისტული ინდუსტრია, ენერგეტიკა და სხვ. ტურიზმსა და ენერგეტიკას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. საქართველოში ენერგეტიკაზე მოთხოვნილება იქნება, რადგან მაღალი კორელაცია არსებობს ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ეკონომიკური განვითარების დონეს შორის. რაც უფრო მეტია ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის წარმოება, მით უფრო მაღალგანვითარებულია ქვეყანა. შეგვიძლია შევადაროთ, პირობითად, ნორვეგია და ავღანეთი. ნორვეგიაში 1 სულ მოსახლეზე დაახლოებით 30 000 კვტ/სთ ელექტროენერგია იწარმოება, ავღანეთში თალიბების მოსვლამდე ეს მაჩვენებელი 200 კვტ/სთ-ზე ოდნავ მეტი იყო, ახლა, ალბათ, ნაკლებია. მომსახურების სექტორისთვის (ტურისტული ინდუსტრია, კომუნიკაციები) სახელმწიფო აპირებს­ 5000-მდე ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის გადამზადებას და ისინი არ იქნებიან მხოლოდ დედაქალაქში. სპეციალისტები ყველა რეგიონს სჭირდება.

- გადამზადების ხარჯს ვინ დაფარავს?

- ჯერ კიდევ შარშან ეკონომიკის მინისტრმა, ქალბატონმა ნათია თურნავამ თქვა, ჩვენ მზად ვართ გავუხსნათ კარი უცხოურ კომპანიებს ბიზნესის წამოწყებისთვის და თუ მათ სამუშაო ძალის გაცილებით მაღალი სტანდარტები აქვთ, მზად ვართ, ჩვენი მუშახელის ამ სტანდარტების შესაბამისად მომზადება დავაფინანსოთო. ამ იდეების საფუძველზე მოხერხდება არა მარტო უცხოური კაპიტალის მოზიდვა, არამედ ამ უცხოურ კაპიტალს ადგილზე დახვდება შესაბამისი კვალიფიკაციის მუშახელი.

- რა დრო სჭირდება ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმას?

- ხელისუფლების მაგივრად ვერაფერს ვიტყვი. ზემოთ ამერიკული მოდელი ვახსენე. მეტ-ნაკლებად მსგავსი მოდელები მოქმედებს სხვა განვითარებულ სახელმწიფოებშიც. მე მგონი, ეს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ ყველაფერი ისე გაკეთდეს, რომ დამატებითმა შემოსავალმა მოსახლეობას გარანტირებული შემოსა­ვალი არ წაართვას. ადამიანს არ უნდა შეეშინდეს თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის, სოციალური პაკეტის დაკარგვის. ეს არ არის ერთი და ორი წლის ამოცანა. ახლა ჩვენი მიზანია სოციალურად მიძინებული და ნახევრად ინერტულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ამოძრავება, მათი გააქტიურება. ეს მოგვცემს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკის უფრო სწრაფად განვითარების იმპულსს. ამის განხორციელებას რამდენიმე თვე დასჭირდება და შედეგსაც დავინახავთ. ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო: თებერვლის შემდეგ ჩვენ ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებლები გვაქვს, რაც უკავშირდება ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნას - მათ განვითარების შანსი და პერსპექტივა გაუჩნდათ. სხვათა შორის, მესამე კვარტალში, პირველთან შედარებით, 93 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს ნიშნავს, რომ 93 000-მა ოჯახმა მიიღო დამატებითი შემოსავალი და პირობები გაიუმჯობესა. ახლა წარმოიდგინეთ, როცა სახელმწიფო პირველი იმპულსის თუ პირველი ბიძგის პრინციპით ამ მიმართულებით უფრო აქტიურ ძალისხმევას იჩენს, რა შედეგებს შეიძლება მივაღწიოთ? გვექნება შესაძლებლობა, არა მარტო ის ხალხი დავასაქმოთ, ვინც უმუშევარია ან თავს არიდებს შრომით საქმიანობას, არამედ ვიფიქროთ იმაზეც, რომ უცხოეთში წასული შრომითი მიგრანტები დაუბრუნდნენ ქვეყანას.

შემწეობა ასეული ათასებისთვის

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას იღებს 633 586 ადამიანი, მოსახლეობის 17%. მათ შორის ყველაზე მეტი - 168 607 ადამიანი 6-დან 18 წლამდე ასაკისაა. გასულ, 2020 წელთან შედარებით, თითქმის 110 000-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საარსებო შემწეობა დაენიშნათ.

2021 წელს საარსებო შემწეობისთვის გადაირიცხა 23 მილიონ ლარზე მეტი.