გიორგი ვაშაძე: "როგორ შეიძლება უმცირესობა ისე იღებდეს გადაწყვეტილებას, უმრავლესობის სურვილებს უგულებელყოფდეს?!“ - კვირის პალიტრა

გიორგი ვაშაძე: "როგორ შეიძლება უმცირესობა ისე იღებდეს გადაწყვეტილებას, უმრავლესობის სურვილებს უგულებელყოფდეს?!“

"ქართული ოცნება" პირდაპირ ქაოსისკენ უბიძგებს ქვეყანას, ყველაფერს აკეთებს, რომ მღელვარება უფრო გამძაფრდეს და თავისი პოლიტიკური სიჯიუტე რამენაირად გაიტანოს", - ასე გამოეხმაურა ბათუმსა და ზუგდიდის საკრებულოებში მიმდინარე პროცესებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. "კვირის პალიტრას" "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ესაუბრება:

- ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, როგორ არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როგორ იყენებს სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა ბერკეტს "ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მმართველმა გუნდმა ერთი რამ უნდა გაიგოს - იქ, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა აქვს საკრებულოში, ხელისუფლება უნდა გაანაწილოს.

- ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ბიუჯეტი დაამტკიცეს, რათა ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს პროექტების გაჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. ამ ამბავს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოსო.

- ამ რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნების დროს მოსახლეობამ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირა მხარი­ და მისცა გადაწყვეტილებების მიღების მანდატი. შესაბამისად, ამ ოპოზიციური პარტიის წევრებმა უნდა განკარგონ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და არა "ოცნებამ", რომელიც უმცირესობაშია ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებში. როგორ შეიძლება უმცირესობა ისე იღებდეს გადაწყვეტილებას, უმრავლესობის სურვილებს უგულებელყოფდეს?!

- თუმცა ბიუჯეტი მაინც დამტკიცდა.

- დიახ, მაგრამ ოპოზიცია პროცედურულ მექანიზმებს გამოიყენებს და ბიუჯეტში ცვლილებები მაინც შევა.

- ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ პროცესებს "ნაცმოძრაობასთან" ერთად თქვენი აქტივისტებიც აპროტესტებდნენ, თუმცა ამავე "ნაციონალების" საინიციატივო ჯგუფთან შეერთებაზე უარს ამბობთ.

- ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, თუ რა გზით უნდა წავიდეს პროცესი. სააკაშვილის შესახებაც გამოვთქვით ჩვენი აზრი. ჩვენც ვითხოვდით მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში. ახლაც ვითხოვთ, რომ ჰქონდეს სამართლიანი მართლმსაჯულების გამოყენების საშუალება. ვამბობთ, რომ უნდა შეიქმნას უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტებული ინსტანცია, რომელიც სააკაშვილისა და მისი მსგავსი სუბიექტების საქმეებს განიხილავს. ეს სამართლიანობის განცდას შექმნიდა. აქციების გამართვასა და ქუჩაში ყვირილს, გაათავისუფლეთ სააკაშვილიო, რა აზრი აქვს, თუ ამას სამოქმედო გეგმა არ მოჰყვება?! თუ საინიციატივო ჯგუფს რაიმე საინტერესო იდეა დაებადება, ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს.

- თქვენ მოსამართლეთა­ დანიშვნის პროცესს ფარსი უწოდეთ...

- დიახ, მოსამართლ­ეთა დანიშვნის პროცესი­ რეფორმის გარეშე სისტემას არ გააუმჯობეს­ებს. სასამართლო სისტემას სჭირდება რეალური რეფორმირება, მათ შორის იუსტიციის საბჭოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის მექანიზმის ცვლილება და კლანის დამარცხება.

- მმართველი გუნდის ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ოპოზიცია გამუდმებით საუბრობს სასამართლოში სიღრმისეული რეფორმის გატარებაზე, მაგრამ კითხვაზე, რა არის ეს რეფორმა, პასუხს ვერ ვიღებთო. ანრი ოხანაშვილიც გთხოვთ წარმოადგინოთ, რომელ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა დაკომპლექტების პროცესი.

- რა რეკომენდაციებიც ვენეციის კომისიამ გასცა, არც ერთი არ შეუსრულებიათ. ოდირის რეკომენდაციები ითვლება საზომად, მაგრამ "ოცნება" ამას აინუნშიც არ აგდებს. ამოიღონ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ჩვენ დავარეგისტრირეთ, ინიცირებულია და ნახავენ, რას ვგულისხმობთ. ამასთან, ოპოზიციას ჯერ კიდევ ორი წლის წინ აქვს გაფორმებული მემორანდუმი, სადაც საუბარია რეფორმებზე. ბოლო ინიციატივაში მითითებული გვაქვს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესში უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. მე ახლა მათ დავუსვამ კითხვას: ერთი რომელიმე უცხოური ინსტიტუცია დაგვისახელონ, რომელიც მათ განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმება. ასეთი ბუნებაში არ არსებობს.

ხათუნა ბახტურიძე