"კობახიძის განცხადებამ გამიჩინა განცდა, რომ სააკაშვილს უკრაინაში ან ჰოლანდიაში გააცილებენ“ - კვირის პალიტრა

"კობახიძის განცხადებამ გამიჩინა განცდა, რომ სააკაშვილს უკრაინაში ან ჰოლანდიაში გააცილებენ“

"სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და უკრაინაში მის გასაშვებად ემზადებიან. ასე ნელ-ნელა გვაპარებენ - პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება", - ასე ეხმაურება პარტია "გირჩის" ლიდერი ვახტანგ­ მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს.

- ჩვენ არა გვაქვს და არც არასდროს გვექნება მტკიცებულებები, თუ როგორ მასპინძლობს ივანიშვილი საკუთარ სახლში სააკაშვილს. ეს არის მხატვრული შედარება იმის გადმოსაცემად, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა თანამშრომლობს და ეს ორივესთვის ხელსაყრელია. ამ თანამშრომლობაში ერთმანეთს რაღაცებს უცვლიან-არ უცვლიან, თანამშრომლობენ თუ არა, ამაზე საუბარი სპეკულაციაა. არა, ეს არის იმისთვის, რომ ადამიანებს ვუთხრათ, აბა, ხალხო, შეხედეთ, ყველაფერი ისე კი არ არის, როგორც ტელევიზორში ჩანს. შეხედეთ, ამ პროცესის შედეგად ამ პოლიტიკურ ძალებს­ რა სარგებელი ხვდებათ ერთმანეთისგან.

- თუ ყველაფერი წინასწარ შეთანხმებულია და სააკაშვილს ისევ იქ გაუშვებენ, საიდანაც ჩამოვიდა, მაშინ რისთვის დასჭირდა ციხეში ჩაჯდომა და 50-დღიანი შიმშილობა?

- "ნაცმოძრაობა" "ოცნებასთან" 50/50-ზე თამაშობს. ასეთი წარმატება ამ პარტიას ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ჰქონია. შუა პარტიები გაანადგურეს. უმრავლესობა "ნაცმოძრაობამ" შეიერთა, ვინც არ შეიერთა, ანუ ჩვენ და კიდევ ერთი-ორი პარტია, "ქოცებად" მოგვნათლეს. პოლარიზაცია მეტი რა არის? ამ ორი პარტიის გარდა, ბრძოლისუნარიანი აღარავინ დარჩა პოლიტიკურ ველზე. ვის აწყობს ეს ყველაფერი?! მე არ მომწონს სპეკულაციები, მაგრამ ისეთი რეალობა შეიქმნა, არ შეიძლება შეთქმულება ვერ დაინახო.

- სააკაშვილის ინიციატივაზე, საინიციატივო­ ჯგუფის ჩამოყალიბებაზე რას ფიქრობთ ან რას აპირებთ?

- აქამდე არ იყო ასეთი ჯგუფი? აბა, თაკო ჩარკვიანი ვინ არის და რას აკეთებს?­ მიშა მხოლოდ თავის პარტიას ხომ არ გულისხმობს ამ საინიციატივო ჯგუფში. ნახეთ, ისეთი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ, საერთოდ რომ აღარ გვახსოვდა. მიშას ჩვეულებრივი პოლიტიკური კამპანია აქვს.

- თქვენ არც საპროტესტო აქციებს უერთდებით, არც დამოუკიდებლად აწყობთ პერფორმანსებს. ყველას და ყველაფერს ემიჯნებით?

- დიახ, მე ახლა თელავში ვარ, ჩემს კოლეგებთან, მათ შორის "ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთად და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული შეხვედრა გვაქვს. ეს თემა უფრო მაინტერესებს, ვიდრე სააკაშვილის მთელი ისტორია და მისი ციხეში ყოფნა. ძალიან დიდი განსხვავებაა აღქმაში ჩემსა და, მაგალითად, ზურა ჯაფარიძეს შორის. ჩვენ "ოცნებას" ისეთ წინადადებებს ვთავაზობთ, რომლებიც ყურადღების მნიშვნელოვან თემებზე გადატანის შესაძლებლობას ქმნის. სხვათა შორის, კონსტრუქციული ვართ, "ნაცმოძრაობა" კი "ოცნებას" საშუალებას აძლევს არანაირ დისკუსიაში არ შემოვიდეს.

- ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების სურვილია პოლარიზების შემცირება, ამისთვის­ კი მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა მანამდე ხშირად გვესმოდა მისი ხისტი განცხადებები ევროპარლამენტარებზე. გვახსოვს ღარიბაშვილის განცხადებაც, რომ არ აინტერესებს, რას იტყვის ზოგიერთი მიკერძოებული ევროპარლამენტარი და მისი განცხადებები "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის არის განკუთვნილი. ამაზე რას ფიქრობთ?

- კობახიძის განცხადებამ გამიჩინა განცდა, რომ სააკაშვილს უკრაინაში ან ჰოლანდიაში გაცილებას უპირებენ. იმედია, ასეც იქნება. ასევე აღვიქვი პატრიარქის განცხადებაც, როცა თქვა, სინანულის გარეშე პატიება არ შეიძლებაო - ანუ ორივე განცხადება განკუთვნილია იმისთვის, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვან.

ხათუნა ბახტურიძე