"სააკაშვილის გამათავისუფლებელი­ კომიტეტის შექმნის იდეა თავად ოპოზიციისთვისაც სასაცილოა“ - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის გამათავისუფლებელი­ კომიტეტის შექმნის იდეა თავად ოპოზიციისთვისაც სასაცილოა“

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. ამასთან, საელჩო წუხილს გამოთქვამს, რომ დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა პროცესიდან უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე. საელჩო უზენაესი სასამართლოს შემდგომი მოსამართლეების დანიშვნამდე მოუწოდებს პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას და 2022 წლის გაზაფხულამდე რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება დაასრულოს. როგორი იქნება "ქართული ოცნების" შემხვედრი ნაბიჯი, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი­ გვესაუბრება:

- სასამართლოს რეფორმირებისთვის­ არაერთი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა, თუმცა აქვე დავეთანხმები ჩვენს პარტნი­ორებს, რომ ამ პროცესის გაჩერება არ შეიძლება­ და რეფორმა უნდა გაგრძელდეს,­ ისევე­ როგორც არ შეიძლება შეფერხდეს სასამართლო სისტემის ფუნქციონირება. ამავე­ მიზანს ისახავს უზენაესი სასამართლოს კანონიერად დაკომპლექტებაც. როგორც ეს, ასევე ყველა სხვა მოსამართლის არჩევის პროცესი იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და კანონიერი. ამ პროცესის ყველა სხვა ინტერპრეტაცია არასწორი განწყობების შექმნას ისახავს მიზნად.

- რამდენად მართებულად მიიჩნევთ იმას, რომ ბათუმსა და თბილისში ახალი საკრებულოა არჩეული, მაგრამ ბიუჯეტი ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა?

- იმ პროცედურულ ომში, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ეწევა, ჩვენ გამოვიყენეთ კანონით მონიჭებული უფლება, რაც ნიშნავს, რომ ამ მავნებლურ პარტიას აღარ მიეცემა შესაძლებლობა ბათუმში, ზუგდიდში თუ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში ხელოვნურად გამოიწვიოს კრიზისი და დესტაბილიზაცია.

- მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- სააკაშვილის გამათავისუფლებელი­ კომიტეტის შექმნის იდეა თავად ოპოზიციისთვისაც სასაცილოა. არ მეგულება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამდენ დანაშაულში ბრალდებულის უკანონოდ გათავისუფლებას დაუჭერს მხარს. ასე რომ, ჩვენ სრულიად მშვიდად ვართ.

ხათუნა ბახტურიძე