"დანიშვნამდე არაერთი წესი დაარღვიეს" - რა ხდება სასამართლოებში, კლანი მართავს "ქართულ ოცნებას" თუ პირიქით? - კვირის პალიტრა

"დანიშვნამდე არაერთი წესი დაარღვიეს" - რა ხდება სასამართლოებში, კლანი მართავს "ქართულ ოცნებას" თუ პირიქით?

რა ხდება სასამართლოებში, კლანი მართავს "ქართულ ოცნებას" თუ პირიქით?­ "კვირის პალიტრა" ორგანიზაცია "საქართ­ველოს სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელს ნაზი ჯანეზაშვილს ესაუბრა:

- მოსამართლეების რამდენიმე კონკურსი მიმდინარეობს და ვადები მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ეს კანონით არის გათვალისწინებული. უკვე რამდენი ხანია­ საბჭო არასრული შემადგენლობით ფუნქცი­ონირებს - წევრების 1/3 არა ჰყავს,­ 15 კაცი უნდა იყოს და 10 ჰყავს. ამიტომ პარლამენტის პრეროგატივაა შეარჩიოს ახალი წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია გამოაცხადოს კონკურსი საბჭოს წევრების ასარჩევად. რატომ არ ასრულებს­ ამ ვალდებულებას, უცნობია.

- რატომ ნიშნავენ ასე დაჩქარებული წესით მოსამართლეებს. ევროპამ ხომ მოუწოდა ხელისუფლებას მათი დანიშვნის შეჩერება?

- არ არის დაჩქარებული, პირიქით, დანიშვნამდე არაერთი წესი დაარღვიეს. ეს პროცესი გასული წლის ნოემბერში გამოცხადებული კონკურსის გაგრძელებაა. სხვა საკითხია რეფორმა - ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ გაატარებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

- რას იტყვით იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც პარლამენტში გასაუბრება გაიარეს?

- რაც სასამართლოში ხდება, 2019 წლის დასაწყისიდან მოდის, ხან საკანონმდებლო ცვლილებებით, ხან კონკურსებით. საბჭოს გადაწყვეტილებები მუდმივად კითხვებს აჩენდა და აჩენს ახლაც. კარგი იქნება, თუ საბჭო ერთხელ და სამუდამოდ გაითვალისწინებს ხალხის ინტერესებს.

- კანდიდატებზე რას იტყვით?

- ისინი მოსამართლეები არიან და ესეც პრობლემაა. წლების წინ შეიძლებოდა უზენაესში მოსამართლედ გარედან მისულიყო პირი, ახლა კი ქვედა ინსტანციიდან აწინაურებენ. ერთი შემთხვევა იყო, რო­დესაც თადუმაძე გახდა მოსამართლე. საბჭო, ძირითადად, შიდაკადრებს ირჩევს. ეს არის წლების პოლიტიკა, რაც შეიძლება­ შიდახალხით გაძლიერდეს მოსამართლეთა­ კორპუსი.

- ვინ არის გენადი მაკარიძე?

- ის რამდენიმეჯერ იყო საბჭოში გასაუბრებაზე. მოქმედი მოსამართლეა სააპელაციო სასამართლოში და ვისურვებდი, რომ საბჭო უფრო სხვა კადრებზე აკეთებდეს არჩევანს. მაკარიძე პერსონალურად ვისთან არის დაახლოებული, არ ვიცი, მაგრამ რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა, იქ ვერ მოხვდებოდა. მეორე საკითხია, მართლაც აირჩევენ თუ არა. ვიცით შემთხვევები, როდესაც ფორმალურად წარადგენენ პირებს, შეიძლება ამჯერადაც ასე მოხდეს. ნამდვილი კანდიდატია თუ ფეიკი, ეს არის გასარკვევი.

ის, რომ დარაჯობიდან დაიწყო კარიერა, პრობლემას ვერ ვხედავ, ყველამ საიდანღაც დავიწყეთ და ამაში ცუდი არაფერია. რამდენად დაიმსახურა წინსვლა, აი, ეს არის საკითხავი.

- როგორ ფიქრობთ, დაიმსახურა?

- მე რომ მქონდეს ძალაუფლება, სხვა კანდიდატს შევარჩევდი.

- ვინ ვის დაკვეთას ასრულებს, კლანი "ოცნების" თუ "ოცნება" კლანის?

- ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ნაკლებად მგონია, რომელიმე მართავდეს, უფრო საერთო ინტერესებით მოქმედებენ.

- კლანს რა ინტერესი აქვს?

- ერთ-ერთია ძალაუფლების ბერკეტების შენარჩუნება.

- როგორ ფიქრობთ, სასამართლოში სააკაშვილს აქვს შანსი, რომ მისივე დანიშნულმა მოსამართლეებმა გაამართლონ და სიურპრიზი მოუწყონ ხელისუფლებას?

- ძალიან გამიკვირდება, თუ ეს მოხდება.