ეთერ ჭკადუას განსაცვიფრებელი სამყარო - კვირის პალიტრა

ეთერ ჭკადუას განსაცვიფრებელი სამყარო

"მისი ნამუშევრები თავისუფალია ყოველგვარი შინაგანი დაძაბულობისგან, შიშისგან, რომ ისინი არასაკმარისად კომერციული ან ნაკლებად მიმზიდველია... თავისი მახვილგონიერებითა და ხალისიანი მანერით, უბოდიშო სექსუალური სიბრძნით ეთერი ანგრევს და ამხობს მიწიერ კონფლიქტებს, უცვლის ფორმას და შემწვარი წიწილებით კვებავს", - წერდა ამერიკელი არტკრიტიკოსი სინტრა ვილსონი.ეთერ ჭკადუა ამერიკიდან გვესაუბრა:

- როგორ გაიარეთ პანდემიის პერიოდი და რამდენად აისახა თქვენს ხელოვნებაზე?

- პანდემიის პირველი ხუთი თვე ვიეტნამში ვიყავი, სადაც ინფიცირების ძალიან მცირე მაჩვენებელი იყო, მერე კი სულ გაქრა. ახლანდელი ნახატების სერია, "ლურჯი­ ნომადი", ვიეტნამში მოგზაურობის შედეგად გაჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება პანდემიის გამო - ნიუ-იორკში, სადაც ვცხოვრობ, შეჩვეული ვარ სახლში მარტო მუშაობას.

- "სიყვარულის ბომბები" - ასე ერქვა თქვენს ერთ-ერთ ძველ პროექტს და დროებით­ "ანტიკოვიდ 19" დაარქვით, რადგან მათ ვირუსის ფორმა აქვთ. ამ აქსესუარებით გვირაბის ინსტალაციას გეგმავდით, რომელშიც დამთვალიერებლები გაივლიდნენ...

- დიახ, მინდა გვირაბის ინსტალაცია გავაკეთო "ანტიკოვიდ 19"-ებით. მათ მხიარული ვირუსის ფორმა აქვთ. ჩემი ძმის, გოჩას გამოგონებულია ოცი წლის წინ და მისი ხელით გაკეთებული. მე ისინი სამკაულებად გადავაქციე და ყოველთვის ვატარებ. ვფიქრობ, "ანტიკოვიდის" გვირაბის ინსტალაციაში გავლა ფსიქოთერაპიულად იმოქმედებს მნახველებზე. ჩემი საოცნებო პროექტებია ასევე "სიყვარულის ბომბების" გამრავლება და ომის ზონებიდან თავშესაფარში მოხვედრილი ბავშვებისთვის საჩუქრად გაგზავნა. აგრეთვე მინდა "სიყვარულის ბომბების" ფორმის რამდენიმე დიდი სკულპტურის გაკეთება საქართველოში...

naxati4-1638099807.jpg

- მეამბოხე ბავშვი როგორ ეგუებოდით კომუნისტურ ჩარჩოებს?

- საერთოდ ჩარჩოებს ვერ ვეგუები (მათ შორის ნახატებისასაც). რთული ბავშვი ვიყავი დედაჩემისთვის, არაფერში ვემორჩილებოდი. 19 წლის ვიყავი, როცა მამა ორი კვირით სამოგზაუროდ წავიდა აღმოსავლეთ ევროპაში. სასწრაფოდ სახლში აკადემიიდან ძმაკაცები მოვიყვანე და ბინაში კედლები­ მოვანგრევინე. მამაჩემი რომ დაბრუნდა და კარი შემოაღო, ცრემლები წასკდა... მე ბინის გადასაკეთებელი გეგმა გავაცანი. სხვა გზა არ ჰქონდა, მუშები მოიყვანა და გარემონტება დავიწყეთ. ჩვენი საბჭოთა, დიდი შენობის­ ფასადზე ჩემი დაჟინებით ერთი აივანი გამოიჭიმა... იმ დროს მიშენება ფასადებზე არ შეიძლებოდა და მოგვადგა კარზე რამდენიმე წარბებშეკრული კაცი სახლმმართველობიდან. რომ შემოვიდნენ, მოულოდნელად ყველას სიამოვნება აღებეჭდა სახეზე. მოეწონათ გადაკეთებული საბჭოთა ბინა და აივანი. თავიდან შეშინებულმა მამაჩემმა­ მერე ამაყად უთხრა მათ, ეს ჩემი ქალიშვილის იდეააო. ეს იყო ჩემს იმდროინდელ გონებაში რაღაც გამარჯვება და აღარაფერი შემაჩერებდა. ამის შემდეგ, ალბათ, საბჭოთა კავშირის კედლების­ ნგრევასა და გადაკეთებასაც დავიწყებდი. თუმცა მალე საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო და მე ამერიკელ ლინგვისტს გავყევი ცოლად...

- იღბლიანი ქორწინების მიუხედავად, უარი თქვით თქვენ გვერდით ყოფილიყო საუკეთესო ადამიანი, გყოლოდათ შვილები...

- დიახ, მალე მივხვდით მე და ჩემი მეუღლე, რომ ხელოვანისთვის აუცილებელი თავისუფლება იყო. 24 წლის ვიყავი, სხვადასხვა ხალხი და ქვეყნები მაინტერესებდა, ღამის ბარები, მუსიკა, ცეკვა, რაც საბჭოთა საქართველოში არ არსებობდა...

ჩიკაგოში პირველი წარმატებული გამოფენა გავმართე. 25 წლის ასაკში მიმიწვიეს სანტა-ბარბარას უნივერსიტეტის ხელოვნების კოლეჯში პროფესორად. მერე ნიუ-იორკმა დამაინტერესა, იქაც აკადემიაში მიმიწვიეს და მოკლედ, ვეღარ დავუბრუნდი ცოლქმრულ ცხოვრებას. შვილების მოვლის დრო და თავი არ მქონდა.

naxati3-1638099807.jpg

- წლების წინ ამბობდით, ძნელია ხელოვნებით სხვა ქვეყანაში თავის დამკვიდრება, თავის რჩენაო... თქვენ როგორ შეძელით?

- საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, როცა ღარიბი ქვეყნიდან ხარ ჩამოსული და არ იცნობ ხელოვნების სამყაროს საზოგა­დოებას. მე ამერიკაში არ მისწავლია და ამიტომ ამ სამყაროში მნიშვნელოვან პროფესიონალებს დღესაც თითქმის არ ვიცნობ. შეძლებული პატრონის ან არტდილერის გარეშე ნამუშევრების გაყიდვა კარგ ფასად წარმოუდგენელია, სივრცის დაქირავებაც ძალიან ძვირია. მე რაღაცნაირად გადავრჩი აქამდე ნახატებით, თუმცა არ ვიცი, მომავალი რას მოიტანს. მთელი შემოსავალი სულ სახელოსნოს ქირასა და ახალი ნახატის შექმნაზე მეხარჯებოდა.

- თქვენც დაჯილდოვდით იმ 19 წარმატებულ ქართველ ქალს შორის, რომლებიც საქართ­ველოს ნიუ-იორკში ღირსეულად წარმოაჩენენ.

- დიახ, საქართველოს საკონსულომ წარმადგინა ამ ჯილდოზე, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს კონსულ დიანა ჟღენტს.

მე პირველი ქართველი ვიყავი იმ წლებში, როცა ამერიკაში ჩამოვედი და ეს ჩემი ბუნებრივი როლი მეგონა. ყოველთვის მინდოდა გამეცნო ჩემი ქვეყანა უცხოელებისთვის, ვცდილობ რაღაცას მოვყვე საქართველოზე ჩემი ნახატებით.

- დღემდე ლეგენდად რჩება თქვენი ნახატი "კარალიოკები", რომელიც ასი ათას დოლარად გაიყიდა?

- ჩემი ნახატი კოლექციონერისა და არტდილერ ჯან-ენცო სპერონეს კოლექციაშია. ერთხელ ინტერვიუში ვივარაუდე, თუ გაიყიდება, ალბათ, ფასი 100.000 დოლარი იქნება-მეთქი. შეიძლება ახლა მეტიც ღირს.

naxati2-1638099807.jpg

- ამერიკაში ქართულ სამზარეულოსაც წარმოაჩენდით...

- ამერიკელებს ბოლო წლებამდე არაფერი სმენოდათ ჩვენს ქვეყანაზე, არც სამზარეულოს და არც პოლიტიკის შესახებ. რუსეთის ნაწილი ეგონათ და ამიტომაც ვცდილობ ყველასთან საქართველოზე, ჩვენს გეოპოლიტიკურ პრობლემაზე ვილაპარაკო. ეს ნახატებშიც აისახა. ძალიან მინდა ყოველ წელს საქართველოში გავმართოთ გამოფენები, სადაც ქართველი არტისტები და სტუდენტები ვილაპარაკებთ რუსეთთან პრობლემაზე მეზობელი ქვეყნის არტისტებთან ერთად. მინდა რუსმა მოქალაქეებმა გაიგონ ჩვენი დამოკიდებულება მათი ქვეყნის მმართველების მიმართ. იქნებ ამით რუსი პოლიტიკოსების ახალი თაობის გაზრდას შევუწყოთ ხელი, უფრო მეზობლის მოყვარულის და არა დამპყრობლის.

- კიდევ გიწევთ ქართველებთან იმის მტკი­ცება, რომ მარიხუანას პროპაგანდას არ ეწევით? მამაკაცებთან ურთიერთობაზეც გულწრფელად საუბრობდით...

- მე თვითონ ძალიან იშვიათად ვეწევი­ და ყველას იმავეს ვურჩევ, თუ მოწევა სურთ... ლეგალიზა­ციაზე ლაპარაკი რომ დავიწყე, ის დრო იყო, როცა იჭერდნენ და ციხეში სვამდნენ მარიხუანას მოწევისთვის საქართველოში, რაც მიუღებლად მიმაჩნდა: ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევნის თავისუფლება ალკოჰოლის­ დალევასა და მოწევას შორის. ორივეს ერთად არავის ვურჩევ. თამამად ვლაპარაკობდი ამაზე და ზოგმა ეს პროპაგანდად აღიქვა. რაც შეეხება მამაკაცებთან ურთიერთობას, ამერიკასა და ევროპაში ურთიერთობა სხვადასხვა პარტნიორთან ნორმალურია, სანამ არა ხარ დაქორწინებული. მეც ბევრი საინტ­ერესო ურთიერთობა მქონია. სექსუალური თავისუფლება აუცილებელია...

- როგორც ვიცი, ფილმის გადაღება გსურდათ...

- ახლაც ძალიან მინდა და თბილისში რომ ჩამოვალ, იქნებ მოვძებნო კოლაბორატორი. ფილმი კომპიუტერითა და ანიმაციით უნდა გაკეთდეს. სცენარსაც მე ვწერ და ყველა სიუჟეტი ჩემი ნახატებით იქნება დასურათებული.

- დედის გინებაზე რომ გსურდათ გამოფენა...

- ეს გამოფენა საქართველოში უნდა გავმართო. ამ გამოფენის მიზანია ერთმანეთის გინებას როგორმე მოვუღოთ ბოლო. ძალიან აგრესიული, უხეში და დაუშნოებულია ჩვენი ენა გინებით და მისგან გამომდინარე ნეგატივით. იმედია, ამ გამოფენის მერე მნახველს აღარ მოუნდება გინება და სკოლებშიც გავმართავთ მის შესახებ საუბრებს მოზარდებთან.