"ერთმანეთ­თან არაფერ შუაშია კაზინო და "მაზავშიკობა". ვისაც კიბის ქვეშ ფსონის დადება უნდა, იმას ონლაინკაზინო შეაფერხებს?" - კვირის პალიტრა

"ერთმანეთ­თან არაფერ შუაშია კაზინო და "მაზავშიკობა". ვისაც კიბის ქვეშ ფსონის დადება უნდა, იმას ონლაინკაზინო შეაფერხებს?"

ბოლო დროს საზოგადოების განსჯის ერთ-ერთი მთავარი საგანი გახდა ონლაინკაზინოების საკითხი. ახლახან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის გადასახადის გაზრდაზე, რეკლამის აკრძალვაზე, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე აწევაზე ისაუბრა და ბოლოს ონლაინკაზინოების სრულად აკრძალვაც დააანონსა. "მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინკაზინოების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები, ყოველდღე თამაშობენ ონლაინკაზინოებში და აგებენ ფულს. ეს თანხა მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს. ამის თაობაზე მქონდა საუბარი ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის. აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიებია...", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის ინიციატივა პოპულიზმად და ცრუდაპირებად შეაფასა ოპოზიციის ნაწილმა, მეორე ნაწილის აზრით კი ონლაინკაზინოების აკრძალვით აზარტული ადამიანები თამაშს არ შეწყვეტენ - შეიქმნება მიწისქვეშა კაზინოები და ისევ დაიწყება "ხელზე მაზაობა". პოპულისტურია თუ არა პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივა, რეალურია თუ არა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ტვირთის გაზრდა მხოლოდ გაცემული თანხის რაოდენობას შეამცირებს და არა მოთამაშეების რიცხვს, ან რა შეიძლება მოხდეს ონლაინთამაშების აკრძალვით, ამ საკითხებზე გვესაუბრებიან პოლიტიკოსი ლევან­ გოგიჩაიშვილი და "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე.

"ყველაზე მნიშვნელოვანია რეკლამის აკრძალვა"

ლევან გოგიჩაიშვილი: - 2019 წელს პარლამენტში ჩვენ წარვადგინეთ კანონპრ­ოექტი ონლაინკაზინოებზე, რომელიც "ოცნებამ" ჩააგდო. ასეთივე შინაარსის იყო, რომლის შესახებაც ახლა ღარიბაშვილი­ საუბრობს. მახსოვს, კენჭისყრის წინ ირაკ­ლი კობახიძემ უმრავლესობას მოუწოდა კანონპროექტი ჩაეგდოთ. რა ტყუილად დაიკარგა დრო, რამდენი ადამიანი გაუბედ­ურდა ამასობაში. არასდროს დამავიწყდება "პირველი არხის" ოპერატო­რი სანდრო, რომელიც ცხვარიჭამიაში გარდაცვლილი იპოვეს. ვინ იცის, ახლა ის ცოცხალი იქნებოდა. ძალიან გამიხარდება, თუ პრემიერი ღარიბაშვილის დაპირება ჰაერში­ არ დარჩება და კანონად იქცევა.­ როცა კანონპროექტი გავა, კობახიძეს ერთ საინტერესო შინაარსის შეტყობინებას გავუგზავნი...

- ამ ინიციატივას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც, ირწმუნებიან, რომ ამ სფეროში დასაქმებულთა დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩება, მოთამაშეების რაოდენობა მაინც არ დაიკლებს და შეიქმნება მიწისქვეშა კაზინოები...

- ვინც ამას ამბობს, ამ პრობლემაზე წარმოდგენა არა აქვს. უბრალოდ, სურთ მაინცდამაინც პრემიერის საწინააღმდეგოდ­ თქვან რაღაც. ჯერ ერთი, უპირველესად რეკლამის აკრძალვაზეა საუბარი. თუ იმ კანონპროექტის პაკეტი გავა, რომელიც ჩვენ გვქონდა დარეგისტრირებული, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. პირიქით, ბიუჯეტში შევა მეტი ფული და შემცირდება მოთამაშეების რიცხვი. რაც შეეხება ონლაინბიზნესში დასაქმებულებს, რა თქმა უნდა, დაკარგავენ სამუშაო ადგილს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან­ შედარებით, რაც ამ ბიზნესს მოჰყვება. მიკვირს, რომ ამბობენ, თუ კაზინოში ვერ ითამაშებენ, "მაზავშიკობას" დაიწყებენო. ერთმანეთ­თან არაფერ შუაში არ არის კაზინო და "მაზავშიკობა". ვისაც კიბის ქვეშ ფსონის დადება უნდა, იმას ონლაინკაზინო შეაფერხებს? ნახევარი მილიონი კაცი თამაშობს დღეს ონლაინკაზინოში, ფიქრობთ, რომ ეს ხალხი ხვალ "მაზავშიკობას" დაიწყებს?! ყველაზე მნიშვნელოვანია რეკლამის აკრძალვა. დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს, ორ წელიწადში მოთამაშეების რაოდენობა 60%-ით შემცირდება. მართალია, ონლაინკაზინოები, ძირითადად, უცხოური კომპანიების არის და დიდი ოდენობით ფული გადის­ საქართველოდან, მაგრამ მე ის მაინტერესებს, ღარიბაშვილი თავისი გუნდის წევრებს, მაგალითად, კობახიძეს აგებინებს პასუხს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მილიარდობით ლარია გასული ქართული ეკონომიკიდან?!

aritamasho.jpg

"იმედია, პრემიერის ინიციატივა განცხადებად არ დარჩება"

გიორგი კაპანაძე: - მივესალმები პრემიერის ინიციატივას. ნებაზე მიშვებული სათამაშო ბიზნესი ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, აკრძალვაზე საუბარი ნაჩქარევია, სწორი, გამართული რეგულაციები თავისთავად გამოიწვევს ამ ბიზნესის მასშტაბის შემცირებას. შესაბამისად, ონლაინთამაშების ბიზნესი ვეღარ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის. შემცირდება მისი ბრუნვაც, შემოსავალი და ბოლოს მოთამაშეებიც. მეც ვფიქრობ, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის და ამაზე საუბარი ხალხისთვის თავის მოწონებას ისახავდა მიზნად. მთავარია რეგულაციები დაწესდეს, მერე ხელისუფლებაც მიხვდება, რომ აკრძალვა საჭირო არ არის. რაც შეეხება იატაკქვეშეთში გადანაცვლებას, ამის რისკი ნამდვილად არის, მაგრამ დღეს სათამაშო ბიზნესი იმდენად დიდ მასშტაბზეა გასული, იმდენად დიდ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის და იმდენად ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომ ამ ორ პრობლემას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არც შეიძლება. ონლაინკაზინოს მომხმარებლები იატაკქვეშეთში კი არა, იმის იქითაც არიან გადასული და თუ სათამაშოდ ფული აღარ აქვთ, არც ამ ყბადაღებულ მაზაობაზე ამბობენ უარს.

- როგორი უნდა იყოს რეგულაციები, რომ რეალურად იმუშაოს?

- სწორია, რომ პირველ რიგში ონლაინკაზინოებზე გაკეთდა აქცენტი, რადგან ამ სფეროში ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ჩართული. ონლაინკაზინოს გაცილებით მეტი ადამიანი მიმართავს, ვიდრე კაზინოს. ამასთან, ამ ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება და უზარმაზარ მასშტაბს აღწევს - პანდემიის პერიოდში 32 მილიარდ ლარს მიაღწია, ბიუჯეტში კი მხოლოდ 300 მილიონი ლარი გადაიხადეს. არ შეიძლება ხელისუფლებას ეს შეუმჩნეველი დარჩენოდა. დაბეგვრა ბრუნვიდან უნდა მოხდეს. ონლაინთამაშები დღეს მხოლოდ 7%-ით იბეგრება. ეს პროცენტიც უნდა გაიზარდოს და სხვა ბევრი რამეც, რათა ამ ბიზნესმა მაქსიმალურად მაღალი გადასახადი შეიტანოს ბიუჯეტში. ეს ბიზნესი ბრუნვით ქვეყანაში მეორე ადგილზეა (მხოლოდ ვაჭრობა ასწრებს) და ყველაზე ნაკლებ გადასახადს იხდის.

- ასაკობრივი ცენზის გაკონტროლება როგორ უნდა მოხდეს?

- დღეს არასრულწლოვანები ძალიან მარტივად ახერხებენ თამაშში ჩართვას, ამიტომ უნდა დაინერგოს სპეციალური მექანიზმი შემოსავლების სამსახურის თუ თავად კაზინოს ბაზაზე. რეგისტრაციისთვის ადგილზე მისვლა უნდა იყოს აუცილებელი.B ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს არასრულწლოვანების ჩართულობას ონლაინთამაშებში.

- ცოტა ხნის წინ პრემიერმა გაახმოვანა ინიციატივა, რომლის მიხედვით სათამაშო ბიზნესი მთლიანად გონიოში უნდა გადასულიყო. მავანთა აზრით, ეს ორი ინიციატივა შეუსაბამოა.

- მიკვირს ქილიკი ამ საკითხზე. ნუთუ მართლა ვერ ხვდებიან, რომ ეს ორი ინიციატივა ერთმანეთთან შეუსაბამო არ არის? გონიოში მიწის კაზინოების გადატანაზეა საუბარი, შეზღუდვა კი ონლაინკაზინოებს უნდა შეეხოს. მე თუ მკითხავთ, მიწის კაზინოში დღეს ბევრად ნაკლები პრობლემაა, ნაკლებად სჭირდება რეგულირება, აღსრულების მექანიზმებიც უფრო მარტივია, ონლაინკაზინო კი მთლიანად უკონტროლოა. მიწის კაზინო სამუშაო ადგილებსაც ქმნის და ტურისტსაც იზიდავს, იმიტომ, რომ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც აზარტული თამაში ლეგალურია. ამასთან, მიწის კაზინოში არასრულწლოვანს არავინ შეუშვებს. ონლაინთამაშებში მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის არასრულწლოვანები არიან ჩართული და მთლიანად ჩვენი მოქალაქეების ფული შედის. დააკვირდით რეკლამას და ნახავთ, რომ ბილბორდებზე, ინტერნეტში, ტელევიზიებში, ყველგან ონლაინკაზინოების რეკლამებია. ყველა მიმართულებით ცდილობენ ხალხის ჩათრევას. ამ ორი სფეროს - მიწის კაზინოებისა და ონლაინკაზინოების ერთმანეთთან გაიგივება არასწორია, აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებაა. ისინი, ვინც ვითომ ვერ ხედავენ ამ ორ ბიზნესს შორის სხვაობას, მგონი, ხმამაღლა არ აღიარებენ, თორემ მხარს უჭერენ სათამაშო ბიზნესს.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ონლაინკაზინოების შეზღუდვა ხელს აძლევს მიწის კაზინოებს...

- კი, მიწის კაზინოს მომხმარებელი გაეზრდება, მაგრამ ხელის ერთი მოსმით აკრძალვით პრობლემას ვერ გავაქრობთ. რეგულაციების დაწესებით იმის გაკეთება მაინც შეგვიძლია, რომ ახალი ადამიანები მაინც აღარ ჩაერთონ თამაშში. როდესაც რეკლამები შეიზღუდება, ადამიანები გამუდმებით არ იდგებიან ცდუნების წინაშე, რომ თითქოს კაზინოს საშუალებით იოლად იშოვიან ფულს. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ იმას ითხოვს, რომ რეკლამა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული და მაინცდამაინც ბაღებსა და სკოლებთან არ იყოს მათი რეკლამები გამოკრული.

- რა მოხდება, თუ ონლაინკაზინოს მოთამაშე უცხოურ ონლაინსაიტებს მიმართავს?

- თუ ადგილობრივ ონლაინკაზინოს დაუწესებ რეგულაციას, ძალიან მარტივი იქნება პრობლემის მოგვარება უცხოური ონლაინსაიტების თვალსაზრისითაც. ბოლოს და ბოლოს, დაბლოკავ და აღარ იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის. რომც არ დაიბლოკოს, უცხოურ საიტებზე გაცილებით რთულია ფულის შეტანაც და მოგებულის გამოტანაც. სხვა თუ არაფერი, ორი თუ სამი დღე სჭირდება უცხოურ ონლაინსაიტზე თანხის ასახვას. როდესაც მოთამაშეს თანხის შეტანა თუ გამოტანა გაურთულდება, აღარ იქნება ისე აქტიურად ჩართული აზარტულ თამაშებში. რაც მთავარია, მოთამაშეთა რიგებს ახალი ადამიანები მაინც არ შეემატებიან.

- კანონპროექტი ონლაინთამაშების შესახებ პარლამენტში რამდენიმე წლის წინ უკვე იყო წარდგენილი, თუმცა უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ახლა რატომ დააყენა პრემიერმა ეს საკითხი დღის წესრიგში?

- მადლობა მინდა ვუთხრა "კვირის პალიტრის" ჰოლდინგს იმისთვის, რომ ონლაინთამაშებთან დაკავშირებულ პრობლემებს მუდმივად აშუქებს. პოლიტიკური სპექტრიდან ამ საკითხზე მხოლოდ ლევან გოგიჩაიშვილი, ანა დოლიძე და ბოლო დროს მამუკა ხაზარაძე საუბრობდნენ. მანამდე იყო კობა დავითაშვილი. "ოცნების" პირველი მოწვევის პარლამენტმა კობა დავითაშვილს შეატოვა ეს საკითხი, მეორე მოწვევის პარლამენტმა - ლევან გოგიჩაიშვილს, მაგრამ საბოლოოდ კანონი ონლაინთამაშების შეზღუდვების შესახებ არ მიიღეს. ეს დიდი შეცდომა იყო, განპირობებული იმ ძლიერი ლობის გავლენით, რომელიც სათამაშო ბიზნესს ჰყავს. არ ვიცი, დღეს რა ძირეული ცვლილება მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებებში, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მივესალმები მის ინიციატივას.

ხათუნა ბახტურიძე