"ფეხბურთი თვითონ გიჩვენებს, როდის რა გააკეთო“ - კვირის პალიტრა

"ფეხბურთი თვითონ გიჩვენებს, როდის რა გააკეთო“

ნოემბრის დასაწყისი უჩვეულოდ წარმატებული გამოდგა ქართული ფეხბურთისთვის: შვედეთის ძლიერი გუნდის დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უზბეკეთთან ამხანაგური შეხვედრაც სათავისოდ დაასრულა. "უფროსების" კვალზე წავიდნენ ქართველი 21-წლამდელებიც და ამხანაგურ მატჩში 3:0-ს უგებდნენ ინგლისის ნაკრებს (საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვეს. - რ.შ.). კარგად ვიცით, რომ ეიფორიის საფუძველი ჯერ არა გვაქვს, მაგრამ სანამ შეგვიძლია გავიხაროთ მონატრებული გამარჯვებებით! "ტკბილი ნოემბრის" შეფასება ვეტერან ფეხბურთელს ვლადიმერ გუცაევს­ ვთხოვეთ და საინტერესო ინტერვიუც გამოვიდა:

- შვედეთთან მატჩი ძალიან მომეწონა: ჩვენი ფეხბურთელები განსაკუთრებულად მონდომებულნი იყვნენ, ოსტატობაც ეტყობოდათ და გამარჯვების წყურვილიც. კარგი ახალგაზრდები მოდიან. ეს ეროვნული გუნდის თამაშშიც იგრძნობოდა და 21-წლამდელების ინგლისთან გამარჯვებამაც დაამტკიცა. 3:0 დაწინაურება ისეთ გუნდთან, როგორიც ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებია, ბევრს ნიშნავს. თუ ყველამ სერიოზულად მიხედა თავს და პროგრესიც გააგრძელეს, ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება!

- ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელადაც გიმუშავიათ და ახალგაზრდების ბუნებას კარგად იცნობთ: 3:0-ის შემდეგ ბოლო წუთებზე გაშვებული ორი ბურთი მოდუნების ბრალი იყო? დიდი სხვაობით დაწინაურებამ ნაადრევად გაათამამა ჩვენი მოთამაშეები?

- ეს ფეხბურთია, ფეხბურთი კი იმით არის საინტერესო, რომ გოლები ორივე მხარეს გადის! რაც მთავარია, ჩანდა მონდომება, პოტენციალი. ჩვენი ახალგაზრდები ტაქტიკურადაც სწორად თამაშობდნენ, ტექნიკურებიც არიან, თანამედროვე ფეხბურთისთვის აუცილებელი სისწრაფეც აქვთ. ძალიან მომეწონა დუბლის ავტორი გულიაშვილი, რომელსაც კარგი თავდამსხმელისთვის აუცილებელი ყველა თვისება აქვს. ახალგაზრდულ ნაკრებში კიდევ არიან გამორჩეული ფეხბურთელები და როცა ამ გუნდს ეროვნული ნაკრებიდანაც დაემატება შესაბამისი ასაკის რამდენიმე მოთამაშე, ევროპის ჩემპიონატისთვის საკმაოდ სერიოზული გუნდი გვეყოლება.

- რაც მთავარია, ჩვენი გუნდი შეშინებული არ თამაშობდა ფავორიტის სტატუსით ჩამოსულ ინგლისელებთან!

- დიახ, რადგან შიში ოსტატობის ნაკლებობის ბრალია ხოლმე. ჩვენი ფეხბურთელები ინგლისელებს არც ტექნიკაში ჩამორჩებოდნენ, არც სისწრაფეში, მონდომება კი აშკარად მეტი გვქონდა. როცა თავისუფლად, თავდაჯერებით თამაშობ, ძლიერი გუნდის დამარცხებაც შეგიძლია.

- ეროვნულ ნაკრებს დავუბრუნდეთ: ბათუმში გამართულმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თუნდაც ნაწილობრივ შევსებული ტრიბუნების წინაშე საქართველოს ნაკრები გაცილებით მონდომებულია ხოლმე.

- არა მარტო საქართველოს ნაკრების თამაშისას, მაყურებლის გარეშე ფეხბურთი ყოველთვის ცუდია! ცარიელ სტადიონზე მოინდომებ ერთხელ, ორჯერ, რაღაცას გააკეთებ, მაგრამ როცა რეგულარულ სახეს იღებს, უკაცრიელი ტრიბუნების წინ სირბილი ამხანაგურ შეხვედრას ემსგავსება. ტრიბუნაზე მყოფი თუნდაც რამდენიმე ათასი ქომაგი ფეხბურთელებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მოედანზე ხომ იმისთვის გადიხარ, რომ მაყურებელმა გნახოს და ტაში დაგიკრას? სხვანაირად ფეხბურთი ფეხბურთი აღარ არის! ამხანაგურია თუ ოფიციალური, თამაში თამაშია, ემოცია სჭირდება. როცა ემოცია არ არის, ფეხბურთი აზრს კარგავს. ასეთ დროს მოტივაციის მოძებნაც რთულია.

sporti2-1638105665.jpg

- მით უმეტეს, ეს ყველაფერი გაცილებით უსიამოვნო და არაბუნებრივი იქნებოდა გულშემატკივრობას მიჩვეული ისეთი გუნდისთვის, როგორიც იყო თბილისის "დინამო". საქართველოს უძლიერესი გუნდი ხომ განებივრებული იყო სავსე ტრიბუნებითაც და მოგება-წაგების განსაკუთრებული სიმძაფრით აღქმითაც...

- გამარჯვებისა და წაგების გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. ყოველთვის ვერც მოიგებ და არც დამარცხდები, მაგრამ მაყურებელი სულ უნდა იყოს სტადიონზე. ამდენს იმისთვის ვარჯიშობ, რომ ცარიელი ტრიბუნების წინ გახვიდე სათამაშოდ?! ხანგრძლივი რეპეტიციების შემდეგ მომღერალი იმისთვის გადის სცენაზე, რომ სავსე დარბაზი დაატკბოს. იგივეა ფეხბურთშიც - მთელი სეზონის განმავლობაში თავდაუზოგავად ვარჯიშობ, რეჟიმს იცავ, ყველაფერზე უარს ამბობ და... ბოლოს ცარიელი სტადიონი?!

- თქვენი პერიოდის "დინამოზე" ვლაპარაკობთ და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ დავით ყიფიანიც, მით უმეტეს, რომ მისი "ოფიციალური" დაბადების დღე რამდენიმე დღის წინ იყო (ინტერვიუ ჩაწერილია 18 ნოემბერს. - რ.შ.).

- დათო ლეგენდარული ფეხბურთელი იყო. ნამდვილი ვარსკვლავი, მაყურებელს სიხარულს და სიამოვნებას ჩუქნიდა. სწორედ მისნაირი ფეხბურთელების თამაშის სანახავად მიდიოდა გულშემატკივარი სტადიონზე. 100 ათასი კაცი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, მილიონობით მაყურებელი - ტელერეპორტაჟებით. ყიფო ამდენ ადამიანს ისე აბედნიერებდა თამაშით, რომ დღესაც, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, დავით ყიფიანი ისევ ახსოვთ და უყვართ! არც არასოდეს დაავიწყდებათ, ისევე, როგორც ბორის პაიჭაძე, მესხი, მეტ­რეველი, სხვა დიდი ფეხბურთელები... ფეხბურთს ათასობით ადამიანი თამაშობს, მაგრამ ასეთ სიყვარულს ერთეულები იმსახურებენ. თანამდებობიდან წასვლის შემ­დეგ არც ერთი პოლიტიკოსი თუ ჩინოვნიკი (იშვიათი გამონაკლისების გარდა) აღარავის ახსოვს. დავით ყიფიანი და მისნაირი კაცები გარდაცვალებიდან საუკუნის შემდეგაც კი ეხსომებათ - სანამ ფეხბურთი არსებობს!

- არა მარტო ყიფიანი, თქვენ დღემდე ახსოვხართ და უყვარხართ, რადგან ხალხს სიხარულს ჩუქნიდით.

- დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, ძველი თაობის გულშემატკივრები სიხარულის ცრემლს ვერ იკავებენ ჩვენს დანახვაზე. გული მწყდება, რომ იმ პლეადის კაშკაშა ვარსკვლავი - დათო ყიფიანი ვეღარ ხედავს, როგორ უყვართ დღემდე. დიდებული მოთამაშე იყო და საოცარი კაცი მოედანს მიღმა; კაცი, რომელიც ოჯახისა და მეგობრებისთვის ცხოვრობდა. იმ წლებში, როცა ხალხს ძალიან უჭირდა, მე და დათო ქუთაისში ვმუშაობდით. საკმაოდ მაღალი ხელფასიდან ყიფოს მხოლოდ მესამედი თუ რჩებოდა: დიდი ოჯახი ჰყავდა სარჩენი, მაგრამ ხელფასის დიდ ნაწილს მეგობრებს ურიგებდა. არც იცოდნენ, ისე უგზავნიდა ფულს - ფაქტის წინაშე აყენებდა. ვალდებული კი არ იყო, ასეთი ხასიათი ჰქონდა, სხვაგვარად არ შეეძლო...

- შესაძლოა ამას არ უნდა გეკითხებოდეთ, მაგრამ... თქვენი ხასიათიც ვიცი, "კონკურენტებისადმი" თქვენი დამოკიდებულებაც და ამიტომ კითხვას მაინც დავსვამ: იმის მიუხედავად, რომ პაიჭაძე, მესხი და მეტრეველი შეტევის ხაზში უკონკურენტო არიან, ცოტათი მაინც ხომ არ დაგწყდათ გული, IFFHS-ის (ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია) გამოქვეყნებულ საქართველოს ყველა დროის სიმბოლურ გუნდში რომ ვერ მოხვდით?

- მიშა მესხისა და სლავა მეტრეველის სახით ისეთი კონკურენტები მყავდა, როგორ შეიძლება შემრცხვეს ან გული დამწყდეს?! მე ვიცი ჩემი ფასი, ვიცი, რაც გამიკეთებია, მაგრამ თუ ხალხი იმაზე ფიქრობს, მესხი, მეტრეველი თუ გუცაევიო, ეს უკვე უდიდესი პატივია! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ მოთამაშეთაგან, რომლებიც საქართველოს 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არის დასახელებული, ჩემნაირი კონკურენტები არავის ჰყოლია! როგორ შეიძლება გულნაკლული დავრჩე, როცა მესხი-მეტრეველის თამაშზე ვარ გაზრდილი?! ბავშვობაში "აუტჩიკად" ვიყავი ხოლმე სტადიონზე და ფეხბურთი სწორედ მიშამ, სლავამ, მათი თაობის სხვა დიდებულმა ვარსკვლავებმა შემაყვარეს. ჩემი კერპები იყვნენ და მათი დაფასება როგორ უნდა მეწყინოს?! სხვათა შორის, მე გარინჩასაც მადარებდნენ და ეს ძალიანაც მიხარია - საბჭოეთის დროინდელი მოთამაშეებიდან სხვა ვინმე შეუდარებიათ გარინჩასთვის (იცინის)?

- საუბრის ბოლოს ისევ ეროვნულ ნაკრებზე გკითხავთ: შვედეთთან მატჩის შემდეგ შეიძლება თქმა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დაიბრუნა ძველი ფორმა და თავდაჯერება?

- კვარაცხელია ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მისი არასტაბილურობა არ უნდა გაგვიკვირდეს. მით უმეტეს, რომ ჩავარ­დნას თავისი მიზეზებიც ჰქონდა: კორონავირუსი, ტ­რავმა, სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებული აჟიოტაჟი და სხვ. თუმცა, როცა ნიჭი და ოსტატობა გაქვს, დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილას დგება. ეს მეც ბევრჯერ გამომიცდია - ტრავმის შემდეგ ჩვეულად ვერ ვთამაშობდი, მაგრამ როგორც კი დავიბრუნებდი ჩვეულ ფორმას, ქომაგს ძველებურად ვახარებდი. ასე ხდება ყველა კარგი ფეხბურთელის კარიერაში და ასეა ხვიჩას შემთხვევაშიც.

- რა იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება კვარაცხელიასთვის? ერთი რამ ცხადია - რუსეთში არ უნდა დარჩეს!

- რუსულ ფეხბურთზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვუყურე მათი ნაკრების ბოლო მატჩს ხორვატებთან, შემრცხვა - როგორი ფეხბურთელები ჰყავდათ საბჭოთა დროს და როგორ თამაშობენ ახლა... იმიტომ კი არა, რომ რუსეთია - არ მიყვარს გუნდები, სადაც ერთი მოთამაშეც არ მოგეწონება... ტექნიკა არა აქვთ, ტაქტიკა არ მუშაობს, ოსტატობას ვერ ხედავ. ხვიჩა ჯერ ისევ "რუბინის" ფეხბურთელია, ამიტომაც თამაში უნდა გააგრძელოს და რაც უფრო მეტად ისახელებს თავს, უფრო გაუადვილდება ევროპულ კლუბში გადასვლა. მთავარია, მოვლენები ხელოვნურად არ დაჩქარდეს. როცა ძლიერ კლუბში მიდიხარ, 100%-ით უნდა იყო მზად. შოთა არველაძე, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე და სხვები აქ გაიზარდნენ, ძლიერ მოთამაშეებად ჩამოყალიბდნენ და ისე წავიდნენ საზღვარგარეთ სათამაშოდ. მაგალითად, გიორგი ჩაკვეტაძე კი, რომელიც უნიჭიერესი ფეხბურთელია, ძალიან ახალგაზრდა წავიდა ბელგიაში. რა საჩქარო იყო 17-18 წლის მოთამაშის წასვლა საზღვარგარეთ, ხომ წინასწარ იყო ცნობილი, რომ არ ექნებოდა საკმარისი სათამაშო დრო? 21-22 წლისა რომ წასულიყო "გენტში", გუნდის უპირობო ლიდერი იქნებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ მოვლენების ფორსირება არ შეიძლება, ფეხბურთი თვითონ გაჩვენებს, როდის რა გააკეთო.

- გეთანხმებით: ყველას გვინდა კვარაცხელიამ "რეალში" ან "მილანში" ითამაშოს, მაგრამ უმჯობესი იქნება ჯერ საშუალო დონის ევროპულ კლუბში მომაგრდეს, გამოცდილება შეიძინოს და მერე გრანდების დროც მოვა.

- გახსოვთ ნორვეგიელი მარტინ ედეგორი? 15 წლისა "სტრომსგოდსეტის" ძირითადი მოთამაშე იყო, 16 წლის ასაკში­ ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, მადრიდის "რეალმა" შეიძინა და ყველას ეგო­ნა, რომ ვარსკვლავი გახდებოდა. დღეს სად არის 22 წლის ედეგორი? მეხუთედ გაანათხოვრეს სხვადასხვა კლუბში. არადა­, ნორ­ვეგიაში რომ დარჩენილიყო 20-21 წლამდე, დღეს მართლაც მაღალი დონის მოთამაშე იქნებოდა. ამიტომ აჩქარება არასწორად მიმაჩნია.

- ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში ბევრი პრობლემაა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ხანგრძლივი ძიების შემდეგ ფრანგმა მწვრთნელმა მიაგნო საბაზისო მოთამაშეების ბირთვს?

- ჩვენს ნაკრებს გასულ წლებშიც მოუგია ძლიერი გუნდებისთვის, მაგრამ ფეხბურთში შედეგია მთავარი. არ ვამბობ, რომ წარმატება მხოლოდ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონობაა, მაგრამ დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე მაინც თუ არ ვითამაშეთ, რა წარმატებაზეა ლაპარაკი? 5-6 თვეში ერთხელ ხმაურიანი გამარჯვება არაფერია, მით უმეტეს, არც შვედეთის ნაკრებია მსოფლიო ფეხბურთის გრანდი. პოტენციალი გვაქვს, კარგი თაობა მოდის, მაგრამ აუცილებელია ბევრი მუშაობა, დღედაღამ ამაზე ფიქრი, სწავლა და როცა რაღაც შედეგს ვნახავთ, მერე შეგვიძლია პროგრესზე ვილაპარაკოთ.