"შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებზე თავადვე მოაწყონ თავდასხმა - რუსოფობები ჩვენს ტურისტებს საფრთხეს უქმნიან და ვალდებული ვართ ჯარი შემოვიყვანოთო“ - კვირის პალიტრა

"შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებზე თავადვე მოაწყონ თავდასხმა - რუსოფობები ჩვენს ტურისტებს საფრთხეს უქმნიან და ვალდებული ვართ ჯარი შემოვიყვანოთო“

ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საქართველოს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებსა და მათ გავლენაზე გვესაუბრა.

- რუსეთს სურს მსოფლიოს პოლიტიკური ცენტრი და გლობალური აქტორი იყოს, ამიტომ გავლენის გაფართოებას ცდილობს. მისი ბოლოდროინდელი დოქტრინებიდან ჩანს, რომ ამ მშვიდობიანობის პერიოდში პერმანენტული ომი სურს. "ცივი ომი" მხოლოდ დასავლეთისთვის, მის ცნობიერებაში დასრულდა, რუსეთთან თანამშრომლობა, მისი ტრანსფორმაცია გადაწყვიტეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. 90-იან წლებში იყო ინტეგრაციის მცირე მცდელობა, თუმცა 2000-იანი წლების დამდეგს პუტინი მოვიდა სათავეში და რუსეთმა თავისი გეოგრაფიის, მენტალობისა და სხვა მიზეზების გათვალისწინებით დანარჩენ სამყაროსთან ინტეგრაცია ვერ შეძლო. შესაბამისად, ახლა დასავლეთთან პერმანენტული ომი აქვს, ცდილობს დაანგრიოს მისი ინსტიტუტები, ნატო, ევროკავშირი, დაიმორჩილოს ახლო სამეზობლო და გააძლიეროს თავისი გავლენა ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება და აღარ არჩევს, კონვენციური ომი აქვს თუ ჰიბრიდული. ჰიბრიდული ომი აქვს გაჩაღებული ნებისმიერ აქტორთან, მასთანაც კი, ვისთანაც მოკავშირეობა, პარტნიორული, ეკონომიკური,­ ბიზნეს- თუ სხვა სახის ურთიერთობა აქვს. იქ, სადაც სამხედრო ძალის გამოყენება შეუძლია, სამხედრო კლასით შედარებით სუსტ ქვეყნებში, უკან არ იხევს. ასე მოექცა საქართველოს, შემდეგ კი უკრაინას, როცა დასუსტებული იყო. ახლაც იმავეს აპირებს - ცდილობს მისი ნატოში გაწევრება არ დაუშვას, რომ უკრაინამ სამხედრო ალიანსს, ნატოს შავი ზღვის რეგიონში შემოსვლას არ შეუწყოს ხელი და თავისი სამხედრო უპირატესობა შეინარჩუნოს. ამიტომაც ცდილობს ბელარუსთან დაახლოებას, სამართლებრივად მიერთებას, როგორმე კალინინგრადთან მიახლოებას და სამხედრო პოლიგონად გამოყენებას. ლუკაშენკოსთან მაინც უწევს ზოგიერთი საკითხის შეთანხმება, ორ სამხედრო მოიერიშეს შეიყვანს თუ ხუთს. ლუკაშენკო რუსული სამხედრო კონტინგენტის განლაგებას მაინცდამაინც სიხარულით არ ხვდება. თუ შეცდომები არ დაუშვა, პუტინი, ალბათ, ვერ შეძლებს­ ამას. რუსეთში ოპოზიცია აღარ არსებობს, მხოლოდ ნავალნი დარჩა, თორემ სხვები დაპატიმრებით გააჩუმეს, ჩაცხრილეს ან ქვეყნიდან გაიქცნენ. პუტინის ტელევიზიები პერიფერიებში ისეთი პოპულარულია, ინტერნეტმედია კონკურენციას ვერ უწევს. ამასთან, ყველა დემოკრატიულ ქვეყანასთან ჰიბრიდული ომი აქვს, მათ შორისაა კიბერთავდასხმა, პროპაგანდა. ძალზე სახიფათოა მათი გავლენის აგენტების მუშაობა რუსულ დიასპორებთან. რუსულენოვანი მოსახლეობა დიდია ამერიკასა და ევროპაში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ნაწილში და გავლენის აგენტები უმეტესობასთან გადაბირებაზე მუშაობენ. იმავე სახელმწიფოების წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში ითრევენ, რუსული აგენტურის მუშაობა ისეა აწყობილი, რომ გამოსავალს არ უტოვებენ. ამგვარი მეთოდებით ცდილობს რუსეთი დაასუსტოს ყველა სახელმწიფო, ვინც მისი გავლენის გავრცელებას ეწინააღმდეგება.

- 2022 წლის დასაწყისში რუსეთი უკრაინაზე კიდევ ერთი თავდასხმისთვის ემზადება. შიშობენ, რომ კრემლი შიდადესტაბილიზაციასაც ამზადებს.

- რუსეთი შეეცდება "მაიდანი" მოაწყოს და ქვეყანაში პრორუსული ხელისუფლება მოიყვანოს. ამბობენ, რომ ოლიგარქების დახმარებით ზელენსკის გაგდებასა და გადატრიალების მოწყობას ცდილობს. ამიტომაც სჭირდება სამხედრო მობილიზაცია, გადატრიალების მხარდასაჭერად ლოკალური შეტაკებები, მოსახლეობის დემორა­ლიზება. საკმარისია, შეშინდნენ და ომის თავიდან ასაცილებლად ისეთ ხელისუფლებასაც დათანხმდნენ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს.

- რა ბერკეტი აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსული აგრესიის შესაკავებლად?

- გაეროსა და ეუთოში რუსეთი მისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს ბლოკავს, ამიტომ ეს ორგანიზაციები ფუნქციას თანდათან კარგავენ. რაც შეეხება­ რეგიონულ ბლოკებს, ნატო თავდაცვითი ბლოკია და სანამ მის წევრ ქვეყანას არ დაარტყამს, რუსული აგრესიის,­ ასევე ჰიბრიდული ომის შეჩერების პირდაპირი ვალდებულება არა აქვს. შესაბამისად მოქმედებს რუსეთიც - უყურებს, სადამდე გაუვა­. თუმცა რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკამ და ბრიტანეთმა, განაცხადა, უკრაინას დავიცავთო, რაც სამხედრო დახმარებას გულისხმობს. ეს ვალდებულების აღებას არ ნიშნავს, მაგრამ მის სამხედრო გაძლიერებაზე იზრუნებენ, რათა თავი დაიცვას. უკრაინას კი უკვე ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები აქვს, სამხედრო ძალაც გაწვრთნილი ჰყავს. ასე რომ, თუ რუსეთს შიდადესტაბილიზაციის გეგმას ჩაუშლიან, მის დასამორჩილებლად არც ისე კარგი ნიადაგი აქვს.

- საქართველოში როგორი ნიადაგი აქვს მაშინ, როდესაც პოლიტიკური ძალები საგარეო საფრთხეებს თითქმის ყურადღებას არ აქცევენ?

- ორივე მხარე უნდა აცნობიერებდეს, რომ არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთონ. ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიები მომხრეებს აქციებზე გამოსვლისკენ იმიტომ მოუწოდებენ, რომ ხელისუფლებას­ თავისი ძალა აჩვენონ. იმავეს ემსახურება სააკაშვილის მოწოდება, რომ აქციაზე რაც შეიძლება მეტი მომხრე მივიდეს. მისი პათოსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ რევოლუციური სცენარის მომხრეა, მაგრამ იმედია, ხედავს, რომ ეს შეუძლებელია. რევოლუციური განწყობა იმ ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ციხეში გარდაიცვლებოდა. ამას ხალხი ხელისუფლებას დააბრალებდა და ცუდი ამბები დაიწყებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა.

- მისმა ვაჟმა თქვა, გამოიკვეთა ტენდენცია, ვიღაცებს ურჩევნიათ ის მკვდარი იყოსო.

- დიახ, თუმცა ასე მარტივად ვერ დააბრალებ ვინმეს, თითქოს მიშას სიკვდილი სურს. თუმცა, ალბათ, ბევრს ჰქონდა იმედი, რომ მისი შიმშილობა რევოლუციური სცენარის განვითარების შესაძლებლობას მისცემდა, რაც ილუზიაა. ასეთი სცენარი მოსახლეობას არ სურს. ხალხი ადრინდელი რაოდენობით აღარ გამოდის აქციებზე, რადგან ხვდება, რომ შედეგს ვერ მიაღწევენ. იმედია, ოპოზიციონერი ლიდერები ხვდებიან, რომ ემოციური ტალღების აგორებით ვერაფერს მიაღწევენ. თუ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, ჭკუით უნდა აჯობონ მოწინააღმდეგეს. ისეთი ხალხი უნდა აიყვანონ, ვისაც საზოგადოება დაუჯერებს, თორემ ხელისუფლება ასე ადვილად არ აპირებს ძალაუფლების დათმობას და მაქსიმალურად იყენებს ადმინისტრაციულ ბერკეტებს. ძალზე არაკეთილსინდისიერად მოიქცა ბათუმსა და ზუგდიდში ბიუჯეტის დამტკიცებისას. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ ლეგალური, სამართლებრივი გზით უნდა იბრძოლოს ძალაუფლების მოსაპოვებლად და არა კონფრონტაციულად, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის კრემლს. ბოლოს და ბოლოს, ახალგორში,­ ცხინვალსა და აფხაზეთში ტყუილად კი არ არის რუსული სამხედრო ბაზები. თუ ქვეყანაში რევოლუციური მოძრაობა დაიწყება, რუსეთი მაშინვე იტყვის, ამდენი ტურისტია საქართველოში, მათი უსაფრთხოება უნდა დავიცვაო. შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებზე თავადვე მოაწყონ თავდასხმა - რუსოფობები ჩვენს ტურისტებს საფრთხეს უქმნიან და ვალდებული ვართ ჯარი შემოვიყვანოთო. შესაძლოა თბილისი არ აიღონ, მაგრამ საკმარისი იქნება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტონ და უკვე მათ ხელში იქნება, აქ ვის გაამარჯვებინებენ. თუ ეს ვინმეს არალოგიკურად მოეჩვენება, ვურჩევ - ნუ ეძებთ ლოგიკას რუსეთის ქმედებებში, გაეცანით მის დოქტრინას.