"გეგმა არა აქვს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. ასულები არიან დაპირისპირების ტატამზე, კუნთების თამაშით ერთობიან"
პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ის, რაც დღეს საკრებულოებში ხდება, ხელისუფლების სისუსტის გამოვლენაა და ცხადყოფს, რომ "ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით დეგრადაციის ფაზაში ვართ". როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს პოლიტიკურ ძალებში, ამ საკითხებზე გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:
- ძალიან მყიფეა მდგომარეობა, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით დეგრადაციის ფაზაში ვართ, როგორც წმინდა პოლიტიკური დაპირისპირების, ასევე ყველა სახელმწიფოებრივი პრობლემის გაგებით, დაწყებული სოციალ-ეკონომიკური სფეროთი და საზოგადოებრივ-პოლიტიკურით დამთავრებული. ყველა მიმართულებით გვაქვს პრობლემები და გადაწყვეტის არანაირი გეგმა არ არსებობს. გეგმა არა აქვს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. ასულები არიან დაპირისპირების ტატამზე, კუნთების თამაშით ერთობიან და არც ერთი მხარე არ არის წელგამართული. თუმცა ისიც ცხადია, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება.
- ხელისუფლებას რისთვის სჭირდებოდა საკრებულოებში ახალი დაძაბულობის გაჩენა?
- გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც კონსტრუირებულია აბსოლუტურ ძალაუფლებაზე, რაც ვერ იტანს თუნდაც მცირე დათმობის დაშვებას, რადგან თუ ასეთი პრეცედენტი დაუშვა, განცდა აქვს, რომ შეიძლება ყველაფერი ჩამოეშალოს. შინაგანად სუსტად გრძნობენ თავს და ყველაზე მეტად ამ სისუსტის გამოვლენის ეშინიათ. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ სულ შეტევაში იყვნენ და ძალაუფლება ასი პროცენტით იყოს მონოპოლიზებული. ამ ამოცანას ემსახურება ყველაფერი. მათ ხომ რეალურად სახელმწიფოებრივი ამოცანები არა აქვთ, აქვთ მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი და ერთადერთი ამოცანა - ძალაუფლების შენარჩუნება და ამ დღის წესრიგით მოქმედებენ. საკრებულოებში რაც ხდება, ეს კლასიკური პოლიტიკური თაღლითობაა. საქმე ის არის, რომ საკრებულოს მთავარი ფუნქციაა ხალხისგან მიღებული დაკვეთის მიხედვით მოხდეს ბიუჯეტების ფორმირება, მის მიღებაზე საკრებულომ აიღოს პასუხისმგებლობა და შემდგომში ამ ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის ფუნქცია. დღეს საკრებულოები სრულიად ჩამოაშორეს ამ პროცესს - ბიუჯეტები მიიღეს იმ პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი აღარ არიან ამ პროცესზე. ეს წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, თქვენ ვიღაცისგან იყიდეთ ბინა, გადაიხადეთ ფული და რეესტრში ელოდებით ამონაწერს და ამ პერიოდში, სანამ ამონაწერი ამოვა, ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ძველმა მეპატრონემ ბინა დააგირავა, კრედიტი აიღო და პასუხისმგებლობა თქვენ დაგაკისრათ. დაახლოებით ასე იქცევა ხელისუფლება და ყველამ კარგად იცის, რომ ეს თაღლითობაა. ამას სწორედ იმიტომ აკეთებს, რომ შინაგანად სისუსტის გამოვლენის ეშინია. როდესაც ხელისუფლება ასე აზროვნებს, როცა ნებისმიერ თაღლითობაზეა წამსვლელი, რათა ძალაუფლების მონოლითი არ შეერყეს, ეს სახელმწიფოებრივად ძალიან სახიფათო მდგომარეობას ნიშნავს.
- ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა?
- ესეც აბსურდია, რაც ოპოზიციის მხარეს ხდება. სააკაშვილმა, ფაქტობრივად, თავის მხარეს გადაქაჩა ყველაფერი და დღესაც ცდილობს ოპოზიციის მთავარ ამოცანად გახადოს მისი გათავისუფლება, ანუ პოლიტიკური პროცესი დატრიალდეს მისი გათავისუფლების ირგვლივ. ნებისმიერი პოლიტიკოსი, სააკაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, პოლიტიკური პროცესის ინსტრუმენტი უნდა იყოს და არა მიზანი. ჯერ მიზანი იყო მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ცხადია, აქ გარკვეული ლოგიკა იყო, რადგან ადამიანის სიცოცხლე მართლა ძალიან ძვირად ფასობს. შესაბამისად, ეს მოთხოვნა ლეგიტიმური იყო და ოპოზიცია მორალურად არ იქნებოდა მართალი, რომ ამ მოთხოვნის ირგვლივ არ მომხდარიყო კონსოლიდაცია. ახლა კი მეორე ეტაპზე ითხოვს, მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე იფიქრეთ და ყველა სახელმწიფოებრივი პრობლემა ფეხებზე დაიკიდეთ, მთავარია, მე გამათავისუფლოთო, რაც თავი რომ გავანებით იმას, რომ სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად არასწორია, უპერსპექტივოც არის. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ საზოგადოებაში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება არ არის მთავარი თემა. კი, ჯანმრთელობის საკითხი შეიძლება იყო მთავარი თემა, მაგრამ ციხიდან მისი გათავისუფლება არ არის ყველაზე მოთხოვნადი თემა. ხალხის ერთი ნაწილი ამას კი იზიარებს, მაგრამ მიშას უნდა ესმოდეს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს და პასუხი აგოს იმ პრობლემებზე, რომლებიც მისი მმართველობის დროს იყო. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს თემა საერთოდ არ აინტერესებთ და შესაბამისად, გზავნილი, რომ მისი გათავისუფლება უნდა გახდეს მთავარი თემა პოლიტიკურ პროცესში, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან მიშას თემით ფარავენ ყველა პრობლემას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიშაზე ლაპარაკი ურჩევნიათ, ვიდრე იმაზე, რომ პანდემიას ვერ მართავენ, ხალხს შია და ა.შ.
- სააკაშვილი ამბობს, რომ მის გათავისუფლებაზე სხვა ჯგუფმა უნდა იზრუნოს და არა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ეს რას ნიშნავს, სააკაშვილი თავისი პარტიით უკმაყოფილოა? შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს მის იმედგაცრუებას, რადგან პროცესები ისე არ განვითარდა, როგორც სურდა?
- ის შიმშილობდა, დასუსტებულია. არ ვიცი, ჯანმრთელობის მხრივ რა მდგომარეობაშია, რას ფიქრობს, მის ლოგიკაზე როგორ გელაპარაკოთ. მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ - პარტია თავად ჩააგდო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამ პარტიას უსასრულო რესურსი ხომ არა აქვს, რა უნდა გააკეთოს? ამ პარტიას რევოლუციური პოტენციალი არა აქვს, რადგან არ არის საზოგადოება კონსოლიდირებული ამ იდეის და ამ პარტიის ირგვლივ. კი ბატონო, ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, მაგრამ არა გადამწყვეტი. არ არის ის ვითარება, რომ აქციებით პოლიტიკური კრიზისის ინიცირება მოხდეს და რას ითხოვს, ვერ გავიგე. მან შეცდომები დაუშვა, მისმა ავანტიურამ ოპოზიციას პოლიტიკურად ჯამში ბევრი ვერაფერი მოუტანა, თუ არ აზარალა, ახლა კი სურს ისევ ეპიცენტრში იყოს და დილა მისი განცხადებებით თენდებოდეს და დღე მისი ადვოკატების განცხადებებით სრულდებოდეს. ეს კი, ვიმეორებ, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია. ცხადია, სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება და შემიძლია ამ მხრივ მისი სოლიდარული ვიყო, არა უპირობოდ გათავისუფლების, არამედ იმის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლოს და საზოგადოებამ ამაში უნდა შევუწყოთ ხელი. "მიშა გამოუშვით" ძახილს სჯობს, გაიმართოს სასამართლო პროცესები, ღია და გამჭვირვალე, თვითონაც მიეცეს დასწრების საშუალება და ყველამ უყუროს და თავად გააკეთონ დასკვნები.
- ამ პროცესების გათვალისწინებით, "ნაცმოძრაობას" რა პერსპექტივა აქვს, შესაძლებელია საერთოდ დაიშალოს?
- არ ვიცი. "ნაცმოძრაობას" კვებავს "ოცნება", რომელიც ცხრა წელია აცხადებს, რომ ამთავრებს, მაგრამ რეალურად მაქსიმალურად გააძლიერა. მეორე ტურებში ლამის ნახევარი-ნახევარზე დაჯდა მათი შედეგები. ეს ხომ "ოცნების" და "ნაციონალების" სიმბიოზია, რომელიც ყველა არჩევნებზე შუის გაკრეფის პრინციპით მოქმედებს, ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ და სხვები გაჰყავთ თამაშიდან. ეს ორი პარტია ბუნებრივად ანტაგონისტი სიმბიოზია. ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა არ არის ლეგიტიმური. ამიტომ, როდესაც საზოგადოებაში ასეთი განწყობაა, არ ენდობა ხელისუფლებას, არ სჯერა პერსპექტივის, ფეთქებადსაშიში სიტუაციაა.
რუსა მაჩაიძე