"უფრო ჩანს, რომ შეაცდინეს... სააკაშვილი იმისთვის ჩამოვიდა, რომ ხელისუფლება შეეცვალა თუ ხელისუფლებას დახმარებოდა?" - კვირის პალიტრა

"უფრო ჩანს, რომ შეაცდინეს... სააკაშვილი იმისთვის ჩამოვიდა, რომ ხელისუფლება შეეცვალა თუ ხელისუფლებას დახმარებოდა?"

პროცესების როგორ განვითარებას ელოდება და რამდენად თანამიმდევრულია ოპოზიციისა და ხელისუფლების ქმედებები განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

- ეს არის იმ პროცესის ლოგიკური განვითარება, რა პროცესიც ქვეყანაში მიდიოდა. ოპოზიციის პროტესტში ჩნდება ახალი მოთხოვნები, მათ შორის, ვადამდელი არჩევნები. ეს არ არის ახალი მოთხოვნა, შარშანდელიდან მოყოლებული სულ მოითხოვდნენ, ცხადია, შეფერხებებით თუ ტაიმაუტებით. უბრალოდ, ამჯერად სააკაშვილის გათავისუფლება დაემატა და მოთხოვნის ფორმაც რადიკალურია. ამის ფონზე ის, რაც საკრებულოებში ხდება, და ის, რაც ახლახან სააკაშვილმა განაცხადა, ცხადყოფს, რომ პროტესტი გაგრძელდება. რამდენად მასშტაბური და შედეგის მომტანი იქნება, ვფიქრობ, ეს კიდევ სხვა საკითხია. როგორც ჩანს, ამაზე ოპოზიცია ნაკლებად ფიქრობს და უფრო იმაზეა გადართული, პროტესტი რაც შეიძლება რადიკალური და მწვავე იყოს. ჯერჯერობით ამას შედეგი არ მოუტანია და, თუ ხელისუფლება რაიმე მძიმე შეცდომას არ დაუშვებს, არც მგონია, მოიტანოს.

- სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა რამდენად ლოგიკურია?

- უცნაურია ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება. მას ხომ უნდა სცოდნოდა, რომ დააპატიმრებდნენ, თუ საქართველოში ჩამოვიდოდა. რატომ ჰქონდა იმედი, რომ მისი ჩამოსვლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვლებოდა და მთელი საქართველო ქუჩაში გამოვიდოდა, არ ვიცი. თუ ვინმემ შეუქმნა ასეთი ილუზია, მას უნდა მოსთხოვოს პასუხი. ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, სააკაშვილი ან უნდა დაეპატიმრებინა, ან ძალაუფლება დაეტოვებინა და სად იყო იმის საფუძველი, რომ ხელისუფლება ძალაუფლებას დატოვებდა? ამიტომ გაუგებარია სააკაშვილის მოლოდინი. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, უფრო ჩანს, რომ შეაცდინეს, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და ამის საფუძველზე ჩამოვიდა. მას შემდეგ რაც ხდება, ლოგიკური პროცესია, მაგრამ შედეგი რა იქნება, ვერ გეტყვით. ოპოზიცია ითხოვს, რომ სააკაშვილი ან უცხო ქვეყანაში გადაიყვანონ, ან გაათავისუფლონ, რადგან თურმე ციხეში ვერ ძლებს და ა.შ. საეჭვოა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. დავუშვათ, სააკაშვილი არასწორად არის გასამართლებული, ამის გვერდით მეორე ფაქტორი ხომ არის, ქვეყანაში არალეგალურად ხომ შემოვიდა და ამას რას უშვრებიან?

"ნაცმოძრაობა" რომ ამბობს, სააკაშვილი თავს ციხეში გრძნობსო, ციხეშია და სად უნდა გრძნობდეს? ოპოზიცია, რომელიც ისედაც არ იყო მთლად ჩამოყალიბებული, რა და როგორ ეკეთებინა, არ იყო იმდენად ძლიერი, რომ ერთი მიმართულებით რაიმე შედეგისთვის მიეღწია იმ ტაქტიკით, რაც აირჩია, ახლა საერთოდ ორად გაიყო. თურმე ნაწილმა უნდა იზრუნოს სააკაშვილის გათავისუფლებაზე და გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიოს. ოპოზიციას ერთიანობაშიც არ ეყო ძალა, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის მიეღწია, ვერც ძლიერი საპროტესტო ტალღა ააგორა და ახლა სააკაშვილი დაემატა. ორ ფრონტზე უწევს ოპოზიციას, უფრო სწორად, "ნაციონალურ მოძრაობას" და როგორ შეძლებს რაიმე შედეგის მიღწევას, წარმოუდგენელია. ამ ვითარებაში შეიძლება კითხვაც კი გაჩნდეს, სააკაშვილი მართლა იმისთვის ჩამოვიდა, რომ ხელისუფლება შეეცვალა თუ ხელისუფლებას დახმარებოდა?

- ის, რომ სააკაშვილმა ოპოზიცია ასე გადაანაწილა, რომ ერთმა ნაწილმა მისი გათავისუფლებისთვის უნდა იბრძოლოს და მეორემ რიგგარეშე არჩევნებისთვის, ხომ არ ნიშნავს, რომ თავის პარტიაში ლიდერებს ან ლიდერთა­ ნაწილს დაუპირისპირდა?

- პარტიას არ დაუპირისპირდა. უბრალოდ, როდესაც სხვა ოპოზიციურმა ძალებმა თქვეს, რომ სააკაშვილის ციხიდან გამოსახსნელად არ იბრძოლებენ, სხვა გამოსავალი ვეღარ ნახა. მან პარტია ცუდ დღეში ჩააგდო. გვახსოვს, თაკო ჩარკვიანმა რომ გამოაცხადა სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, რამდენი კაცი მივიდა. აქ და ახლა რომ დაგეგმავენ რამეს, "ნაციონალები" თუ არ ჩაერთვებიან, ადვილი წარმოსადგენია, რომ იგივე ან უარესი სიტუაცია იქნება. ამიტომ "ნაცმოძრაობას" ორ ფრონტზე ბრძოლა მოუწევს. უნდა ირბინონ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზეც, სადაც დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი არ იქნება, და ირბინონ ოპოზიციის აქციებზეც, სადაც სხვებიც იქნებიან, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ელექტორალური მხარდაჭერა როგორია. მთელი ტვირთი ორივე აქციაზე "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადავა, მოუწევთ ორივეგან ხალხის შეკრება და აქეთ-იქით სირბილი. ამასთან, იდეოლოგიურად ზარალდება ორივე ნაწილი, რადგან წარმოუდგენელია, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის აქციაზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არ გაჩნდეს და პირიქით. გამოვა, რომ იქნება ორი აქცია ერთი დღის წესრიგით და ერთი პარტიის რესურსით, რაც ორივეს დააზიანებს და ამას ხელისუფლება ძალიან კარგად გამოიყენებს შინ თუ გარეთ. ეს იმდენად მარტივია, წარმოუდგენელია, ამას ვერ ხვდებოდნენ და თუ ხვდებიან და მაინც აკეთებენ, მით უფრო გაუგებარია, რის მიღწევას ცდილობენ.

- სხვა ოპოზიციურ ძალებში რა პროცესები შეიძლება განვითარდეს?

- ჩვენი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სპექტრი ლოგიკას აღარ ექვემდებარება. ამიტომ რთულია განსაზღვრა, რა იქნება და როგორ. მით უმეტეს, როგორც გითხარით, გაუგებარია, რას და როგორ აპირებენ. გაუგებარია, როცა ხედავ, ხელისუფლება უფრო მყარად დგას, ვიდრე თუნდაც შარშან იყო, და სხვის გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, საკუთარი გამოცდილება ცხვირწინ გაქვს და მაინც იმავეს აკეთებ, რა ლოგიკაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? "ნაციონალებთან" მყოფ პარტიებზე რომ ვთქვათ, ყველა ყოფილი "ნაციონალია", "ლელოს" გარდა. ყოფილი "ნაციონალები" თუ ისევ ამ პარტიას უერთდებიან, მაშინ რა ხეირი? რაც შეეხება "ლელოს", სამწუხაროდ, ძალიან ზიგზაგებით მიდის და გაუგებარია მისი ქმედებაც - თუ "ნაციონალებთან" ხარ ალიანსში, მაშინ რატომ არ უნდა იბრძოლო სააკაშვილის დასახსნელად? თუ არა ხარ, მაშინ მათთან ერთად რატომ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ პროცესებში? შარშან გაცილებით უკეთესი შედეგი ჰქონდათ და ამას მაინც ვერ აანალიზებენ? ერთადერთი გათვლა, რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ, შესაძლოა ის იყოს, თვლიან, რომ მომავალ არჩევნებზე "ნაციონალებთან" ერთად გასვლით ბარიერის პრობლემა არ შეექმნებათ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც გაუგებარია, სააკაშვილს მხარს რატომ არ უჭერენ. ბლოკში ვინ იქნება "ნაციონალებთან", ამას საბოლოოდ სააკაშვილი გადაწყვეტს და არა მელია.

რუსა მაჩაიძე