"თავისუფლებაში თუ იგულისხმება, რომ სასჯელი გადავადდეს, ეს მძიმე დაავადების შემთხვევაში ხდება“ - კვირის პალიტრა

"თავისუფლებაში თუ იგულისხმება, რომ სასჯელი გადავადდეს, ეს მძიმე დაავადების შემთხვევაში ხდება“

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს არაორდინარულად მიიჩნევს და თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ გვინდა დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ, უნდა ვცადოთ, ამ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი ჩამოვაშოროთ და მხოლოდ სამართლებრივი კონტექსტით განვიხილოთ. ირღვევა თუ არა ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალობა, პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და არის თუ არა სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარი? - ამ კითხვებზე ბატონმა დავითმა ამომწურავად გვიპასუხა.

- ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სისხლის სამართლისა და პატიმრობის საქმე საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და, ბუნებრივია, მას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური რეზონანსი. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და კანონი ადამიანებს ვერანაირი ნიშნით ვერ განასხვავებს, მისთვის ყველა თანასწორია. პატიმარი კი არ არის განსაკუთრებული, არამედ - საქმე. პატიმარიც და მისი საქმეც არაორდინარულია, თუმცა ეს არ ნიშნავს კანონის წინაშე უთანასწორობას და იმას, რომ ვიღაცას მეტი ან ნაკლები პრივილეგია უნდა ჰქონდეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ რაკი ის იყო უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მისი საქმე უფრო რეზონანსულია, მეტ ყურადღებას იქცევს და გასაგებია ვნებათაღელვაც, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში. ასე მოხდებოდა ყველა ევროპულ ქვეყანაში, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - ასეთ დროს სახელმწიფომ, მართლმსაჯულების სისტემამ და მართლმსაჯულების აღსრულების პროცესმა მაქსიმალურად უნდა შეძლოს პოლიტიკური პროცესებისგან ჩამოშორება და ყველა გამოწვევას თუ კითხვას სამართლის შესაბამისად უპასუხოს. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. ადვოკატთა ასოციაციისა და ჩემთვისაც ამ და ნებისმიერ სხვა საქმეში მთავარია, კლიენტის (ბრალდებული იქნება­ თუ მსჯავრდებული) საქმეში ადვოკატებს ჰქონდეთ თავისუფალ გარემოში საქმიანობის შესაძლებლობა, რადგან ადვოკატის ყოლის, კვალიფიციური იურიდიული რჩევის უფლება თითოეული ადამიანის გარანტირებული უფლებაა, მიუხედავად ყოფილი პოლიტიკური თანამდებობისა, შეხედულებისა თუ პოზიციისა. კანონის წინაშე ადამიანები თანასწორნი არიან, მათ აქვთ გარა­ნტირებული უფლებები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება სწორედ ადეკვატური დაცვის, ანუ სათანადო სამართლებრივი დახმარების მიღების უფლებაა. რასაც ვაკვირდები, ადვოკატებს სრულფასოვნად აქვთ შესაძლებლობა, დაიცვან სააკაშვილის კანონიერი ინტერესები, აქვთ შეხვედრის შესაძლებლობაც. არც ამერიკელი ადვოკატის შეშვებისას ყოფილა შეფერხება, თუმცა იყო პრობლემები უკრაინელი ადვოკატის შესვლასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე მივმართეთ როგორც შს სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს და ისიც შეხვდა თავის კლიენტს. არაერთ საერთაშორისო აქტში, ისევე, როგორც საქართველოს კანონმდებლობაში, განმტკიცებულია პრინციპი, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაცია უნდა იყოს კონფიდენციალური,­ რაც ნიშნავს, რომ არ შეიძლება ვინმეს ხელი მიუწვდებოდეს მათ საუბარზე ან მიმოწერაზე. სააკაშვილის ქართველმა ადვოკატებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეიძლება დარღვეულიყო კომუნიკაციის წესი. ჩვენ საჯარო განცხადება გავაკეთეთ ამის თაობაზე და ვფიქრობ, უსაფრთხო კომუნიკაციის საკითხი დღეს მოგვარებულია. პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ ვიდეომონიტორინგს, მათი საუბრის მოსმენა/მიყურადება კი სრულიად დაუშვებელია და ჩვენ ამ პრინციპების დაცვას მომავალშიც აუცილებლად გავაკონტროლებთ.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ორი ადვოკატის არდაშვებას სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულს აქვს უფლება, შეუზღუდავად ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით. ადვოკატის ყოლის უფლება და ადეკვატური იურიდიული დახმარების მიღება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კლიენტთან შეხვედრით არ შემოიფარგლება, ეს ვრცელდება მთელ სამართალწარმოებაზე. ამიტომაც მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს, განემარტა არდა­შვების მიზეზი. ერთ-ერთ მიზეზად დაგვიანება დასახელდა. ასევე მიუთითეს, რომ სააკაშვილის ინტერესებს ისედაც იცავდა ორი ადვოკატი. დაგვიანების შემთხვევები­ ხდება,­ რადგან ადვოკატებს სხვა ბევრი პროცესი აქვთ, თუმცა გააჩნია დაგვიანებას. რა თქმა უნდა, ადვოკატი უნდა შეეცადოს, დროულად გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, თუ ამის თაობაზე­ ინფორმირებულია, მაგრამ მინიმალური დროით დაგვიანება, სასამართლოს ნებართვით, შეიძლებოდა საპატიოდ ჩათვლილიყო, რაკი უფრო მნიშვნელოვანი ბრალდებულის ინტერესების სწორად წარმოჩენა გახლდათ. საქალაქო სასამართლომ დეტალები აღარ განმარტა, მაგალითად, არ გვითხრა, რამდენი ხნით დააგვიანეს, რა ეტაპზე იყო პროცესი, როდესაც ადვოკატები მივიდნენ და ა.შ., ამიტომ ვერ დავეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. მართებულად არც ის მოსაზრება მიმაჩნია, რომ რადგან პროცესს ორი ადვოკატი ესწრებოდა, საჭირო აღარ იყო სხვების შესვლა.

- პატიმარმა უნდა მოიხადოს კანონით გათვალისწინებული სასჯელი, მაგრამ რომელ ციხეში უნდა იჯდეს, ამას წყვეტს სახელმწიფო და არა - პატიმარი ან ვინმე სხვა. ეს საკითხიც განსჯის საგნად იქცა...

- დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ სამართალწარმოება და, საერთოდ, მართლმსაჯულების საკითხების გადაწყვეტა დამოკიდებული არ იყოს არც ხელისუფლების წარმომადგენლების და არც პოლიტიკოსების სურვილზე. მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ სამართლისა და კანონმდებლობის საფუძველზე. ჩვენ გვაქვს ბევრი კანონი, წესი, რომლებიც ამ ყველაფერს არეგულირებს და სწორი იქნება, ყველა მხარემ კანონის შესაბამისად იმოქმედოს. საკანონმდებლო რეგულაციები ზედმიწევნით უნდა შესრულდეს თითოეული ადამიანის მიმართ, მიუხედავად თანამდებობისა თუ პოლიტიკური აქტიურობისა - ეს არის კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპი.

- თუ პატიმარს სჭირდება სამედიცინო მომსახურება, სახელმწიფომ მას სრულფასოვანი მომსახურება უნდა გაუწიოს, მაგრამ სად, ამას სახელმწიფო წყვეტს თუ პატიმარი? და კიდევ: როგორ უნდა გადაიყვანონ მოშიმშილე პატიმარი ერთი დაწესებულებიდან მეორეში და როგორ მოხდა ეს სააკაშვილის შემთხვევაში?

- ამასაც კანონმდებლობა არეგულირებს. როდესაც პატიმარი პენიტენციური­ დაწესებულების სისტემაშია, მისი სიცოც­ხლე, ჯანმრთელობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხია. პატიმარს, იქნება ეს ბრალდებული თუ მსჯავრდებული, საჭიროების შემთხვევაში უნდა გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ თუ ეს დაწესებულება ვერ ახერხებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ან აუცილებელია ოპერაციული ჩარევა, რეაბილიტაცია თუ სხვა ტიპის მკურნალობა, ექიმების შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ასეთი პატიმრები გადაჰყავთ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში. ეს არ არის პოლიტიკოსებისა და იურისტების გადასაწყვეტი. მკურნალობის შემდეგ კი ის კვლავ პენიტენციურ სისტემაში ბრუნდება. იგივე წესი მოქმედებს მოშიმშილე პატიმრის შემთხვევაშიც. ქართული კანონმდებლობით განსაზღვრულია,­ რომ მოშიმშილე პატიმრის იძულებითი მკურნალობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოკვება ან სხვა მანიპულაცია დაუშვებელია, რადგან შიმშილობა არის პროტესტის­ ფორმა: ზოგს პირობები­ არ მოსწონს, ზოგს - განაჩენი... მე არ ვიცი, კონკრეტულად რა იყო ექსპრეზიდენტის შიმშილობისა და პროტესტის მიზანი,­ მაგრამ კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ მისი ნების წინააღმდეგ რაიმე ჩარევა­ დაუშვებელია. სახელმწიფო ერთადერთ შემთხვევაში ერევა­ მოშიმშილე პატიმრის გადაწყვეტილებაში - როდესაც საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ასეთ შემთხვევაში მის აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს, გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური იღებს და პატიმარი გადაჰყავს სამკურნალო დაწესებულებაში, იქნება ეს ციხის სამკურნალო დაწესებულება თუ სამოქალაქო საავადმყოფო, იმის მიხედვით, რომელი შეესაბამება ადეკვატურ სამედიცინო დახმარების სტანდარტს. სად არის მიზანშეწონილი მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა, ამაზე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემენ ვერც იურისტები და ვერც ციხის ადმინისტრაცია. ეს სამედიცინო საკითხია.

- სტრასბურგის სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ "ციხის ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნისადმი აქტიური ან პასიური წინააღმდეგობის გაწევის დროს სავსებით დასაშვებია ძალის პროპორციული გამოყენება დესტრუქციის აღსაკვეთად, რაც წამებად ან/და დამამცირებელ მოპყრობად­ ვერ იქნება მიჩნეული". ასეთ შემთხვევაში პენიტენციურ სამსახურს აქვს იძულების ღონისძიების უფლება?

- რა თქმა უნდა, საზოგადოებას აინტერესებს, დაირღვა თუ არა პატიმრის უფლებები, თავისი ნებით გადაიყვანეს თუ არა, გამოიყენეს ზომიერი ძალა თუ გადააჭარბეს და ა.შ. მესმის, რომ სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოაქვეყნეს ვიდეოკადრები, მაგრამ უფრო მართლზომიერი იქნებოდა, ამ კითხვებს პასუხი გასცემოდა ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიებით, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და არა - ვიდეოკადრებით. იყო თუ არა ეს არაჰუმანური მოპყრობა, გამოიყენეს თუ არა პროპორციული ძალა და, საერთოდ, იყო თუ არა საჭირო ძალის გამოყენება - ამ ყველაფრის შეფასება შეუძლებელია ობიექტური და სწორი გამოძიების გარეშე. ტელევიზიით ნანახი კადრების მიხედვით დასკვნის გაკეთება უმართებულოა და ის მიუკერძოებელი ვერ იქნება. ცალკე საკითხია, ლეგიტიმური იყო თუ არა ამ კადრების გასაჯაროება. ადამიანის პირად მონაცემებსა­ და პერსონალურ ინფორმაციას კანონი იცავს, შესაბამისად, როდესაც­ საუბარია ასეთი ტიპის ინფორმაციის გამჟღავნებაზე, უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების ლეგიტიმური ინტერესი. იუსტიციის სამინისტრომ ასეთ ლეგიტიმაციად მიიჩნია საზოგადოებრივი ინტერესი და გარკვეულ პირთა განცხადებები, რომ ექსპრეზიდენტი იძულებით, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. ამ კადრების ნახვა სასიამოვნო საყურებელი არავისთვის იყო, პოზიციის მიუხედავად. მე არაფერს ვამბობ სააკაშვილის დანაშაულსა თუ უდანაშაულობაზე - ამის დადგენა მართლმსაჯულების კომპეტენციაა.

- სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ "ვინაიდან ის იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ის უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს თავისუფლად მკურნალობის საშუალება. ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება".

- თუ სასჯელის გადახედვაზეა ლაპარაკი, ეს არის მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივა და ისიც - წინაპირობების არსებობისას. თავისუფლებაში თუ იგულისხმება, რომ სასჯელის მოხდა გადავადდეს, ამას ცალკე კანონმდებლობა არეგულირებს­ - ეს ხდება მძიმე დაავადების შემთხვევაში, მაგალითად, პალიატიური­ მკურნალობის­ აუცილებლობის დროს. ასეთი­ რამ მომხდარა, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევა შეესაბამება თუ არა გადავადების კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, ესეც, უპირველესად, ექიმებისა და შემდგომ უკვე - სასამართლოს გადასაწყვეტია. თუ გვინდა, ჩამოვყალიბდეთ დემოკრატიულ საზოგადოებად და ვსარგებლობდეთ სამართლის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს სიკეთით, უნდა ვცადოთ, ამ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი ჩამოვაშოროთ და მაქსიმალურად სამართლებრივი კონტექსტით განვიხილოთ.

ნინო ჯავახიშვილი