"უცხოეთში რომ გარბიან, უკეთესი ცხოვრება იქ არის, აქ არაფერი იშოვებაო, შექმენი მერე, გიშლის ვინმე?!“
მოხუცი ვარ, მაგრამ იმას კი ვხვდები, დროება რომ შეიცვალა. ვხედავ განსხვავებას მაშინდელსა და ახლანდელს შორის. ვხვდები, რომ ცივილიზაცია შემოვიდა, ეგეც მესმის, თუმცა ადამიანებს შორის სიყვარული თუ გახუნდა და არაფრად იქცა, ან ფული რად გინდა, ან კარგი ცხოვრება...
კოტე ვახანია ორი შვილისა და ექვსი შვილიშვილის ბაბუაა... ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ცხოვრობს. ასაკის მიუხედავად, მუხლჩაუხრელად შრომობს, კარ-მიდამოსა და თხილს უვლის. კითხვაზე, რა ენატრება წარსულიდან, ამბობს, რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანობაა, რომელიც ახლა ძალიან გაიშვიათდა.
- 92 წლის კაცი ვარ, რა არ მინახავს და გამომივლია: მეორე მსოფლიო ომის დროს შიმშილი, უიმედობა, არ ვიცოდით, რა იქნებოდა ხვალ. მამა ომში მყავდა, არ იყო ექიმი, არ გვქონდა წამალი, მაგრამ ახლა რასაც ვხედავ, თუ როგორ წუწუნებენ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გაოცებული ვარ. არ მახსოვს, ვინმეს ეწუწუნა, ცუდად ვარ და მიჭირსო. დღედაღამ დიდი და პატარა ვმუშაობდით, რომ სარჩო გვქონოდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ იყო, ყველაფერი ომში მიდიოდა და გასათხოვარ გოგონებს ხისგან გამოთლილი ფეხსაცმელი ეცვათ, მეგრულად "ყაყაბს" ეძახდნენ.
ახლა ყველაფერია: კარგი განათლების შესაძლებლობა, სამსახური, ყველაფერი იშოვება, მაგრამ მართალი ადამიანები ძალიან შემცირდნენ. ჩემს ახალგაზრდობაში რომ იტყოდნენ, ვიღაცამ მომატყუა, პირი მიტეხაო, გვიკვირდა. ახლა ყველა ყველას ატყუებს... კიდევ ერთი - უცხოეთში რომ გარბიან, უკეთესი ცხოვრება იქ არის, აქ არაფერი იშოვებაო, შექმენი მერე, გიშლის ვინმე?! რომ წავლენ და წლების შემდეგ დაბრუნდებიან, ეგ ჰგონიათ ქვეყნის აშენება? საყვარელი ადამიანების გარეშე როგორ ცხოვრობენ?! მოხუცი ვარ, მაგრამ იმას კი ვხვდები, დროება რომ შეიცვალა. ვხვდები, რომ ცივილიზაცია შემოვიდა, ეგეც მესმის, თუმცა ადამიანებს შორის სიყვარული თუ გახუნდა და არაფრად იქცა, ან ფული რად გინდა, ან კარგი ცხოვრება.
"მესიზმრება, როგორ ვიღებ საკლასო ჟურნალს და ფუტკრის სკასავით აზუზუნებულ კლასში შევდივარ"
- 59 წელი მათემატიკას ვასწავლიდი. რაღა დროს ჩემი პედაგოგობაა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მომენატრება გაკვეთილი, მოსწავლეებსა და მეგობრებთან ურთიერთობა. მათგან ძალიან ბევრი ცოცხალი აღარ არის... მესიზმრება, როგორ ვიღებ საკლასო ჟურნალს და ფუტკრის სკასავით აზუზუნებულ კლასში შევდივარ. ჩემ დროს სამი-ოთხი პარალელური კლასი იყო, ახლა ერთ კლასში 4-5 ბავშვი დადის. რაიონი დაცლილია. როდესაც საუკუნის წინანდელ ამბებს ვყვები, მეკითხებიან, რა გენატრება ყველაზე მეტადო? ის დრო მენატრება, ერთმანეთის აზრს რომ პატივს სცემდნენ და რჩევას ეკითხებოდნენ. რა იქნება, ადამიანებს ის თვისებები რომ დაუბრუნდეს, მაგრამ ვიცი, რომ არასდროს დაბრუნდება.
ოთხი დედმამიშვილი ვიყავით და ყველამ უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრეთ. ღარიბები ვიყავით, მაგრამ ხელს გვიმართავდნენ, რომ გვესწავლა. ჩემი ძმა რაიონში ცნობილი ექიმი იყო, კარდიოლოგი, 90-იან წლებში, როდესაც ტრანსპორტი არ იყო და ჰაერში ტყვიები ზუზუნებდა, ცხენით დადიოდა პაციენტებთან. იყო შემთხვევა, ორ ცხენზე უწევდათ პაციენტის დაწვენა და ჩემი ძმა წელამდე თოვლში ფეხით მოჰყვებოდა. გარდაცვალების შემდეგ რაიონში ბიუსტი დაუდგეს. კარგ ექიმთან ერთად, ღირსეული ადამიანი იყო. ახლა, რაც დრო გადის, კიდევ უფრო კარგად ვხედავ, რას ნიშნავს ადამიანის ღირსება.
"წინათ ვერ ვაფასებდით იმ სიკეთეებს, რასაც ბუნება გვაძლევდა"
- მოხუცი ვარ, მაგრამ სახლის საქმეს ჯერაც ვერ ვეშვები, ალიონზე ვიღვიძებ, გავივლ-გამოვივლი ჩემს ეზოში, სუფთა ჰაერს გადავყლაპავ, ხან რას შევავლებ ხელს, ხან რას, ქათმებს ვუვლი, საქონელს, დეკეული მყავს. ხილი მაქვს დარგული, თხილის პლანტაციას ვუვლი როგორც შემიძლია. მუშაობა არასდროს მეზარებოდა, მოხუცობაში ჯანი ძველებურად აღარ მომდევს, მაგრამ მაინც არ ვემდური.
ჩემს ახალგაზრდობაში თხილს არაფერი უნდოდა, დარგავდი, შემოუბარავდი, გასხლავდი და ჯანსაღ ნაყოფს მოისხამდა.ახლა თხილს კარგი ფასი აქვს, მაგრამ მოვლა გაძნელდა. ნაცარი აქვს, სოკო, ხოჭო უჩნდება, სხვადასხვა დაავადება ემართება, შეწამვლა უნდა. სეზონზე რამდენიმეჯერ ჩამოვუვლით, ხან რას ვაშორებთ, ხან რას, მაინც არ აქვს ისეთი ჯანსაღი გული, როგორიც ადრე ჰქონდა. მაშინ ნიადაგი და ჰაერი იყო სუფთა, ვერ ვაფასებდით იმ სიკეთეებს, რასაც ბუნება გვაძლევდა.
"ვახანიებისა და დადიანების დიდი მტრობა"
- ჩემი წინაპრები გუჯი დადიანის მეზობლად ცხოვრობდნენ. ერთხელ დადიანები სანადიროდ უნდა წასულიყვნენ თურმე, დილით ადრე ამდგარან, ცხენები რომ მოემზადებინათ. თავლაში შესულ თავადს მომვლელი ჩაძინებული დახვედრია. შესცოდებია და თავად შეუკაზმავს. ეს რომ სხვა თავადებს დაუნახავთ, უსაყვედურიათ, რას აკეთებ, რატომ გვარცხვენო. მეცხენეს ეძინა და შემეცოდა, რომ გამეღვიძებინაო, უპასუხია გუჯის. ეს ამბავი ლეგენდასავით დადიოდა... ვახანიებსა და დადიანებს წარსულში დიდი მტრობა ჰქონიათ, ჩემს მოგვარეებს ხუთი თავადი ჰყოლიათ მოკლული. ბავშვობაში მაქვს მოსმენილი - ერთ-ერთ ვახანიას თავადი შემოაკვდა. ახალმოყვანილი ცოლი ჰყოლია. ამ ამბის შემდეგ ქალი თავის ოჯახში დაუბრუნებია, თავად კი სვანეთში გადახვეწილა და მას შემდეგ მისი კვალი არავინ უნახავს. დადიანები არ გადამტერებიან, მაგრამ სასჯელად ვახანიების მომღერალ გვარს სიმღერა აუკრძალეს, თან მორდუობის ტრადიციის თანახმად, შვილი მიაბარეს გასაზრდელად. ჩემი ერთ-ერთი წინაპარი, გრიგოლ ვახანია, დადიანების ბრძანებას არ დამორჩილებია და რაღაც შეკრებაზე უმღერია. ეს დაუნახავს დადიანს, როგორ თუ მღერისო, მიეჭრა ცხენით და მათრახი გადაუჭირა. ვახანიას ყველას წინაშე ცხენიდან ჩამოუგდია თავადი და ტყვია დაუხლია. მიუხედავად ამისა, დადიანების დედას შურისძიებაზე უარი უთქვამს, რა ვქნა, ვახანიებმა შვილი გამიზარდეს და მტრად ვერ მოვიკიდებო. ასეთი უცნაური ურთიერთობა ჰქონიათ დადიანებსა და ვახანიებს, თან მტრობა და თან მოყვრობა. რომელიღაც დადიანს ჩვენი მოგვარე მრჩევლადაც ჰყოლია. თითქოს წარსულის ჯაჭვი არ უნდა გაწყდესო, სიძეც დადიანი მყავს, ოღონდ დღემდე მშვიდობიანი თანაცხოვრება გვაქვს.