"კოტეს და მედეას დაშორების მიზეზი ჩემთვის დღემდე უცნობია“ - კვირის პალიტრა

"კოტეს და მედეას დაშორების მიზეზი ჩემთვის დღემდე უცნობია“

მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ფოტოების ნახვისას სუნთქვა გეკვრის და გაურკვეველი გრძნობა გეუფლება: რა ლამაზები იყვნენ, როგორი ღიმილიანები, რა დიდი სიყვარული იღვრება მათი თვალებიდან! ამ განუმეორებელ წყვილზე მათი შვილი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე გვესაუბრება:

maxaradze-1638116436.jpg

- დედა ისეთივე თბილი და ტკბილი ადამიანი იყო, როგორიც ყველას წარმოედგინა. მოგეხსენებათ, მეგრელი ქალები რა ყოჩაღები არიან და ისიც საოცარი დიასახლისი იყო. არაფრისგან ისეთ გემრიელ ნუგბარს გააკეთებდა, რომ გვიკვირდა. ხშირად ვეუბნებოდი, სამზარეულოს მოცარტი ხარ-მეთქი. როცა რაღაცას დააგემოვნებდა, უცბად იტყოდა, ამას ქინძი აკლია ან ნიორი აქვს ზედმეტიო - გასინჯვისთანავე დაუსვამდა "დიაგნოზს". არაფერი ეთაკილებოდა, როცა საჭირო იყო, ქუჩასაც კი დაგვიდა, ერთადერთი, რაც არ უყვარდა, მაღაზიაში ან ბაზარში წასვლა იყო.

medea-1638116454.jpg

- როგორ ხვდებოდნენ ქუჩაში თაყვანისმცემლები?

- ძალიან თბილად: ემადლიერებოდნენ, ეფერებოდნენ, რაც ძალიან მოსწონდა. შვილებთან სიმკაცრესა და სითბოს ერთმანეთს უთავსებდა. უკვე გაზრდილმა რომ ვუთხარი, მკაცრად მექცეოდი-მეთქი, გაიკვირვა: როგორ, მე ვიყავი მკაცრიო? არადა, წარბს რომ ასწევდა...

- როგორ გაიცნეს ერთმანეთი კოტე მახარაძემ და მედეა ჩახავამ?

- რუსთაველის თეატრში. დაქორწინდნენ და 20 წლის განმავლობაში ერთად იყვნენ. მე უკვე 19 წლის ვიყავი, როცა დაშორდნენ. ჩვენი თანდასწრებით კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ, - წყენას ვერც ვატყობდით, როცა გაბუტულები იყვნენ. ალბათ, ამიტომ მათი დაშორების მიზეზი ჩემთვის დღემდე უცნობია, ეს მათ პირად საქმედ დარჩა. რაც მთავარია, განშორების შემდეგაც კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს. სოფიკო ჭიაურელსა და ჩემს ძმებთან მეც ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, რაც დედაჩემის დამსახურება იყო.

17 ნოემბერი მამას დაბადების დღეა. სოფიკო არაჩვეულებრივ დაბადების დღეებს უწყობდა ხოლმე. იმ წლებშიც კი, როცა არც გაზი გვქონდა და არც შუქი, მაინც სასწაულებს ახდენდა. სოფიკოც საუკეთესო დიასახლისი, ნამდვილი ცეცხლი იყო. ასეთი ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე, მაგრამ არც ერთს ვარსკვლავური დაავადება არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულები იყვნენ.

მსახიობობასთან ერთად, მამა ჟურნალისტიც იყო პირველ არხზე, საავტორო გადაცემები მიჰყავდა. სახლში რომ მოდიოდნენ, უკვე გვეძინა, მაგრამ შვილებს მათი სიყვარული არასდროს მოგვკლებია. ყველგან და ყოველთვის ვამბობ, რომ მე დღესაც ჩემი მშობლების შვილი ვარ. მათი დამსახურებაა, რომ ჩემს შვილებს მეც განსაკუთრებული სითბოთი ვზრდიდი.

ერთი ამერიკელი ავტორის წიგნი მახსენდება, სადაც ამოვიკითხე: ბავშვს როცა უწყრები, მაშინაც უნდა გრძნობდეს, რომ ძალიან გიყვარსო. საშინელებაა, როცა მშობელი შვილს ეუბნება: წადი აქედან, არ მომეკაროო. შეიძლება გაუწყრე, მაგრამ უნდა მიხვდეს, რომ სამართლიანად უწყრები. ჩემი მშობლები ამას კარგად ახერხებდნენ, მეც ორი შვილი გავზარდე და სულ ვცდილობდი ასე მოვქცეულიყავი.

- მამას ფეხბურთზე არ დაჰყავდით?

- ფეხბურთი არ მიყვარს და არც ადრე მიყვარდა. ამიტომ სტადიონზე წაყვანა არასდროს მითხოვია.

- დღევანდელ დღეზე გკითხავთ, თქვენს საქმიანობასა და გეგმებზე...

- ჩემი საბალეტო სტუდია ძალიან მიყვარს, მართალია, ხელმძღვანელი ვარ, მაგრამ სტუდიაში ყველაფერს ჩვენი არაჩვეულებრივი მენეჯერი აგვარებს. გეგმებს რაც შეეხება, რას დაგეგმავს ადამიანი დღევანდელ სიტუაციაში? - სამწუხაროდ, დღეს არ იცი, ხვალ რა იქნება და ხვალ არ იცი, ზეგ რა იქნება... ბალეტი ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომაა, ამიტომ ბალერინებისთვის ცხოვრება დაახლოებით 40 წლიდან იწყება, ანუ იმ ასაკიდან, როცა პენსიაზე გადიან. მე 38 წლისა ვიყავი, როცა პენსიაზე გავედი, 39 წლის ასაკში შვილიშვილი შემეძინა და ჩემი ახალი ცხოვრებაც სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო.

- როგორი იყო პანდემიის ორი წელი?

- "კოვიდი" თავიდანვე შემხვდა. ახლა უკვე ორჯერ ვარ აცრილი და ბუსტერის გაკეთებასაც ვგეგმავ. მერე კი სეზონური გრიპის აცრასაც გავიკეთებ. ყველაზე მეტად იცით, რა მაკვირვებს? - ანტივაქსერების საქციელი: ამბობენ, რომ სავალდებულო აცრა ადამიანის უფლებების შეზღუდვაა, მაგრამ რატომ ვერ გრძნობენ, რომ ათასობით ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა ლაპარაკი?! ვირუსი უკვე ბავშვებსაც დაერია, ეს ხომ მათი აუცრელი ოჯახის წევრების დამსახურებაა. ამიტომ ჩნდება ახალ-ახალი შტამები და ამდენი ადამიანი იღუპება! ისიც მიკვირს, "გაგანია" ნარკომანები რომ გაიძახიან: ვაქცინას არ გავიკეთებთ, არ ვიცით, ძარღვებში რას შეგვიშხაპუნებენო, მაგრამ კიდევ უფრო მიკვირს, როცა ამას პედაგოგი ან ექიმი ამბობს! 2022 წლის იანვრიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აცრა სავალდებულო ხდება და ეს ლოგიკურია. იმედი მაქვს, რომ უგუნურებას გონიერება აჯობებს და ჩვენს სამშობლოში ყველაფერი კარგად იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე