"უცხოეთიდან რატომ უნდა შემოდიოდეს ნერგები?!“ - კვირის პალიტრა

"უცხოეთიდან რატომ უნდა შემოდიოდეს ნერგები?!“

გორის რაიონის სოფელ სკრაში მის ოჯახს თავიდანვე ჰქონდა მცირე სანერგე მეურნეობა, სადაც პაპა და შემდეგ მამაც საქმიანობდნენ, დღეს კი მათ საქმეს ვანო კაკაშვილი უდგას სათავეში და სოფელში ერთ-ერთ დიდ სანერგე მეურნეობას უძღვება. წარმატებული ადამიანია, წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული. როგორც ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაა.

- 2011 წლიდან მიზნად დავისახე, საქმე წინ წამეყვანა და დიდი რეფორმებიც გავატარეთ. ადრე თუ წელიწადში 500-1000 ნერგი იმყნობოდა, ახლა 100 000 ნერგს ვამყნობთ. გვყავს თანამშრომლები და უკვე დიდი სანერგე მეურნეობა გვაქვს.

- როდესაც საქმიანობას აფართოებ, ინტერესი და სურვილი უნდა გქონდეს. ცხადია, ეს ინტერესი ოჯახში გაგიჩნდათ...

- ასე ვიზრდებოდით, სულ სანერგესთან ვტრიალებდით, სხვადასხვა საქმეში უფროსებს ვეხმარებოდით. ნერგის გამოყვანას დიდი შრომა სჭირდება. ამ საქმის სიყვარული ბავშვობიდან გაგვიჩნდა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი გადავწყვიტე, მას გავყოლოდი. ნელ-ნელა ჩემი ძმაც დავაინტერესე და 7-8 წელიწადში 2000 ძირიდან უკვე 100 000 ძირამდე ნერგს ვახარებთ.

bagi-1638127566.jpg

- აგრარული უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული?

- დიახ, და მერე რამდენიმე წელი გერმანიაშიც ვსწავლობდი. გამოცდილებაც იქვე დავაგროვე.

- თქვენი სანერგე დასახლებული ტერიტორიიდან მოშორებითაა. რატომ?

- სანერგეში საქმიანობას ფართობი სჭირდება. თანამედროვე სტანდარტის მიხედვით, სანერგესთან ახლოს რეკომენდებული არ არის საწარმოო ბაღები, რადგან შეიძლება ნერგებზე რომელიმე დაავადება გადმოვიდეს. მნიშვნელოვანია, ნერგი იყოს ჯანმრთელი, უვირუსო, ამიტომ შევარჩიეთ ადგილი, სადაც გარშემო საწარმოო ბაღები თითქმის არ არის. ფართობი სულ 12 ჰექტარი იქნება.

სანამ დავიწყებდით, ნიადაგის ანალიზი გაკეთდა... ბიოლოგიურად სუფთა ნერგი არ ნიშნავს უსასუქოსა და უწამლავს. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ჯანმრთელი, ყველა დაავადებისგან, ვირუსისგან, მავნებლისგან თავისუფალი. 2024 წლიდან სერტიფიცირება სავალდებულო ხდება და ამისთვის საჭირო ღონისძიებებშიც ჩართული ვართ. ამ თემაზე სტატიებიც მოგვიძღვნა სხვადასხვა ორგანიზაციამ, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ და რომლებიც ცდილობენ დახმარებას, რომ ევროკავშირის რეგულაციებისთვის ერთად ვიბრძოლოთ. ამისთვის ნაბიჯებსაც ვდგამთ. იმედი მაქვს, 2024 წლისთვის ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ.

bagi3-1638127566.jpg

- სანერგეში სეზონურად სხვადასხვა სამუშაოა ჩასატარებელი. ზამთარში, როცა ნერგებს სძინავთ, რას აკეთებთ?

- სანერგეში საქმე სულ არის. ბევრი წვრილმანი რამ არის გასაკეთებელი და გასათვალისწინებელი. შეიძლება მხოლოდ იანვარი გამოვყოთ, როცა შედარებით ნაკლები საქმეა. ნერგები ნოემბრის ბოლოდან იძინებენ, თუმცა ამ დროს შემდგომი ეტაპისთვის არაერთი მოსამზადებელი სამუშაოა ჩასატარებელი. გარდა ამისა, თებერვლისთვის გამოფენებსაც ვაწყობთ, ევროპაში სიახლეების გასაცნობად მივდივართ...

- ძირითადად, რომელი ხილის ნერგები გაქვთ?

- გვაქვს ხეხილის თესლოვანი და კურკოვანი კულტურები: ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ქლიავი, ტყემალი, ალუჩა, გარგარი, აგრეთვე - ნუში, რომელიც კაკლოვანი კულტურაა.

bagi5-1638127567.jpg

- როგორც ვიცი, მხოლოდ თესლით აღმოცენებული ნერგი, რომელიც არ არის დამყნობილი, სუსტია...

- კურკიდან აღმოცენებულ მცენარეს თესლ-ნერგი ჰქვია. ის არაერთგვაროვან ნაყოფს იძლევა - უმეტესად, წვრილს. ისინი სხვადასხვა ხეხილისგან არის დამტვერილი და კონკრეტულად რომლისგან, რთული დასადგენია, დამყნობის საშუალებით კი ვიღებთ იმ მცენარეს, რასაც ვამყნობთ, გამოცდილ, უხვმოსავლიან ჯიშებს, რაც ფერმერისთვის მისაღებია.

ვამყნობთ გამოცდილ ჯიშებს. ისინი კონკრეტული კლიმატის პირობებში კარგ შედეგს გვაძლევს, მსხმოიარობაც კარგი აქვს და გემოც. ჯიშები დაავადებების მიმართაც გამძლე უნდა იყოს, ამიტომ ვამყნობთ კარგი თვისებების ჯიშებზე, რომ არაერთგვაროვანი ნაყოფი არ მოგვცეს. თანამედროვე საძირე, ძირითადად, ვეგეტაციურად მრავლდება. ეს ხელსაყრელი მეთოდია. ნაყოფსაც უფრო სწრაფად ისხამს.

- ვინ არიან თქვენი კლიენტები?

- გვაქვს საცალო და საბითუმო გაყიდვა. საცალო გაყიდვისას კერძო პირებს მიაქვთ. საბითუმოს შემთხვევაში - მსხვილ ფერმერებს და სახელმწიფოსაც, სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტისთვის.

ფერმერს ჩვენთან შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია, კონკრეტული ჯიში მოისხამს თუ არა შესაბამის ნაყოფს. ასევე შეუძლია მის ყველა თვისებას გაეცნოს და ამის შემდეგ შეიძინოს. თუ რამე სირთულეს წააწყდებიან, ნებისმიერ ნერგზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, თუმცა არასდროს ასეთი შემთხვევა არ გვქონია.

bagi2-1638127566.jpg

- ეს საქმე თქვენი ყოველდღიურობაა, ცხოვრებაა... ემოციურად რას ნიშნავს თქვენთვის საქმე, რომელსაც ემსახურებით?

- შეიძლება თვითმფრინავი ვერ ავაწყოთ, მაგრამ ნერგი მაინც უნდა გამოვიყვანოთ. უცხოეთიდან რატომ უნდა შემოდიოდეს ნერგები?! შეიძლება უცხო საძირეზე დავამყნოთ, მაგრამ წარმოება აუცილებელია, რომ დარგი განვითარდეს, ამას კი ხელშეწყობა სჭირდება.

ყოველ სეზონზე სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორია. შეიძლება მეურნეობა კლიმატურმა პირობებმა დააზიანოს, ან მავნებელმა, ან რომელიმე კონკრეტულმა დაავადებამ... ეს პრობლემები ფერმერებს მთელ მსოფლიოში აქვთ.

სამწუხაროდ, ახალგაზრდობა ამ ყველაფერს გაურბის, ყველას ქალაქში იოლი საქმის კეთება უნდა, ფიზიკურად შრომა კი - არა. მიწასთან შრომასაც პროფესიონალები სჭირდება. ძველი თაობა მიდის, ქუჩიდან ხალხის მოყვანა კი ამ საქმეში სარისკოა. ვისურვებდი, ახალგაზრდები მეტად დაინტერესდნენ, ცოდნის შეძენის სურვილი ჰქონდეთ და კარგი საქმეების წამოწყებას არ გაექცნენ.

bagi4-1638127566.jpg

- მუშახელი, ვისაც მეურნეობაში ასაქმებთ, საქმის მცოდნეა?

- ისეთ ხალხს ვარჩევთ, ვინც ეს საქმე იცის. შეიძლება ვინმემ არ იცოდეს, მაგრამ სწავლის სურვილი უნდა ჰქონდეს. თუ დავინახავთ, რომ ეს სურვილი და შესაძლებლობა აქვს, ხელს ვუწყობთ, ვასწავლით და შემდეგ ჩვენთან მუშაობენ. ძველი მეურნეობებიდან გამოცდილი ადამიანებიც გვყავს, მაგრამ ისინი უკვე ასაკოვნები არიან, ამიტომაც მაწუხებს, ახალგაზრდები ინტერესს რომ არ იჩენენ.

- ახლა გვიანი შემოდგომაა. რას ურჩევთ მოყვარულ მებაღეებს? რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს?

- კარგი დროა ნერგის დასარგავად, გარდა იმ რეგიონებისა, სადაც -15°-მდეა ყინვა. ამ პერიოდში ბაღი უნდა გასუფთავდეს. ნაკვეთიდან უნდა გამოვიტანოთ ჩამოცვენილი ფოთლები, დაზიანებული, ჩამოყრილი ხილი, რომ თაგვები და მღრღნელები არ გაჩნდეს. ბაღში გამხმარი ფოთლების დატოვებაც დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. ისინი კონკრეტულ ადგილას უნდა მოგროვდეს, სადაც ნეშომპალად გადაიქცევა, რითაც შემდეგ ნიადაგს გავანოყიერებთ. ამ პერიოდში აუცილებელია ხეხილის გასხვლაც. ეს ყველაფერი მანამდე უნდა გაკეთდეს, სანამ ხეხილს სძინავს. გაზაფხულზე კი, ცხადია, საქმე იმატებს. თუ გვინდა, კარგი ბაღი გვქონდეს, შრომა არცერთ სეზონზე არ უნდა დავიზაროთ.