ეგზოტიკური კენკრა უსამართლოდ "იჩაგრება“ - კვირის პალიტრა

ეგზოტიკური კენკრა უსამართლოდ "იჩაგრება“

ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ სეზონური ხილი უფრო ეხმარება ორგანიზმს გაძლიერებაში, ვიდრე - არასეზონური, თუნდაც საუკეთესო იყოს. სწორედ ასეთია ზღმარტლი - ეგზოტიკური, მთრიმლავი გემოს კენკრა, რომელიც ველურადაც უამრავი გვხვდება საქართველოში. ნაყოფში იმდენი ვიტამინია, რომ ზამთრის ვიტამინების დეფიციტს სრულად ანაზღაურებს.

ამიტომაც იყო, რომ საქართველოს სოფლებში ბავშვებისთვის საზამთროდ მუდამ აგროვებდნენ ველურ ზღმარტლს, რომელიც დამწიფებას დეკემბრიდან იწყებდა. ალბათ, შეგვეკამათებიან, ზღმარტლი ხომ ბავშვებისთვის ალერგიულ პროდუქტად ითვლებაო, თუმცა წინათ ეს პრობლემა შემაწუხებელი არ იყო, რადგან ალერგიის შემთხვევები ნაკლებად გვხვდებოდა.

ბოლო დროს ხილის ახალ ჯიშებთან ერთად ჩვენთან კულტივირებული ზღმარტლიც შემოვიდა. ნერგები სანერგეებში ან გლეხურ მეურნეობებში გამოჰყავთ, უმეტესად - საოჯახო მოხმარებისთვის, რადგან იციან ზღმარტლის სასარგებლო თვისებები. ზღმარტლი მთელ საქართველოში ხარობს, გასაყიდად კი ნაკლებად გადის, რადგან ტრანსპორტირებას ვერ უძლებს, თანაც ყველას არ უყვარს, თუმცა ვინც კენკრას არ მიირთმევს, ძალიანაც აგებს, რადგან დაავადებების საწინააღმდეგოდ ზღმარტლის მსგავსი უნიკალური თვისებები იშვიათად აქვს რომელიმე მცენარეს. ზღმარტლს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. მაგალითად, იმერეთში კულტივირებული ზღმარტლის ხეებსაც კი არასოდეს წამლავენ და არც სხლავენ, მაგრამ ისინი მაინც საუკეთესო ნაყოფს იძლევა. საჩხერელ დიტო ბაზაძეს თავის საკარმიდამო ნაკვეთში დარგული ზღმარტლის ნაყოფი გასაყიდად გააქვს.

- ზღმარტლს ზოგი ზედაც არ უყურებს, მაგრამ ვისაც უყვარს, ის არცერთ ძვირად ღირებულ პროდუქტში არ გაცვლის. ეზოში ზღმარტლი რომ დავრგე, შინ არ მომიწონეს, თუ რგავდი, ბარემ "წესიერი" ხილი დაგერგოო, არადა ზღმარტლი ისე მიყვარს, მის ნაყოფს მთელი წელი მოუთმენლად ველი. მოგვიანებით ჩემი ზღმარტლი ბაზარზე რომ გავიტანე და ძალიან სწრაფად გაიყიდა, ძირს კვირტები ავაჭერი და კომშზე დავამყნე. ამჟამად ამ რამდენიმე ხის ნაყოფს ვკრეფ და ბაზარში გამაქვს.

ყოველ სეზონზე დაახლოებით 400 კგ ზღმარტლი მაქვს გასაყიდი. სხვათა შორის, ზღმარტლს ერთი კარგი თვისებაც აქვს - სეზონზე ცოტა მკვახეც იყიდება, დააწყობ და ნელ-ნელა მიირთმევ.

შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, ნუთუ ღირს ეს 400 კილოგრამი ზღმარტლი იმად, რომ იწვალოო. თქვენ წარმოიდგინეთ, ღირს. მოკრეფის მეტი არაფერი სჭირდება, დაუმადლებლად მაძლევს სასარგებლო ნაყოფს. ზღმარტლის სარგებლიანობას ყველა ადვილად გაიგებს, თუკი ინტერნეტში ჩაიხედავს. ის იმუნიტეტს ამაღლებს და წნევასაც აწესრიგებს, თავად მაქვს გამოცდილი. რაც შეხება ვიტამინებს, ზღმარტლში იმდენია, მის მოყვარულს თითქმის არაფერი გაუჭირდება. გული მწყდება, რომ ჩვენში ამ კულტურას სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ, არადა, სხვა ქვეყნებში მისი ბაღებია გაშენებული.

- ზღმარტლის კომშზე დამყნობა ახსენეთ. სხვა კულტურაზე დამყნობა არ შეიძლება?

- ზღმარტლი თავად ველურ ზღმარტლზე ან კუნელზე შეგიძლიათ დაამყნოთ, მაგრამ კომში საუკეთესოა, რადგან მასზე დამყნობილი ზღმარტლი უფრო მსხვილია, ვიდრე კუნელზე, თან გამძლეობითაც გამოირჩევა, ოღონდ კომშის საძირის შემოდგომით დარგვა სჯობს. გაზაფხულზე დარგულ ნერგს ბოლო დროს გახშირებული მაღალი ტემპერატურა ადვილად ერევა და ზაფხულში შეიძლება გახმეს.

- რომელი ჯიშის ზღმარტლი არსებობს ჩვენში და როგორ უნდა შეირჩეს დასარგავად?

- ჩვენთან არაერთი ჯიშის ზღმარტლია. მე კარგი ჯიშის შოვნა არ გამჭირვებია, რადგან ნერგი გამოცდილი და სანდო სანერგიდან წამოვიღე, თუმცა ვისაც ეს ხილი უყვარს, ეს პრობლემა შეუძლია დამყნობითაც გადაჭრას.

- თესლით არ შეიძლება ზღმარტლის გამრავლება?

- როგორ არა, მაგრამ ხარისხიანი ზღმარტლი მხოლოდ ნამყენით შეგვიძლია მივიღოთ. სხვათა შორის, ზღმარტლის ნერგები ქარსაცავ ზოლშიც გამოდგება, თუმცა თუკი პირობები აქვს, ადამიანმა ზღმარტლის ბაღიც უნდა გააშენოს. მისი ფასი ბაზარზე ნელ-ნელა იმატებს, ამასთან, ყინვასაც მშვენივრად უძლებს და სიცხესაც. თუმცა, ზღმარტლის ბაღს ნამდვილად დასჭირდება გასხვლაცა და მავნებლებისგან დაცვაც - რაც უფრო მეტი ხეხილი დგას ერთმანეთთან, მით მეტია დაავადების გადადების რისკი.

- ანუ თუკი ზღმარტლის ბაღს გავაშენებთ, გასხვლაც ისევე სჭირდება, როგორც სხვა კულტურებს?

- რაღა თქმა უნდა, ოღონდ ზღმარტლის გასხვლა ცოტა განსხვავდება, მაგალითად, ვაშლის გასხვლისგან. ზღმარტლს გასხვლა ერთხელ უნდა, მერე კი მხოლოდ ტოტებს აჭრიან და გამოხშირავენ, რასაც ეს კულტურა საუკეთესო მოსავლით პასუხობს.

- ნიადაგის მიმართ მომთხოვნია?

- რადგან ზღმარტლი მთელ საქართველოში თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული, ეს ნიშნავს, რომ ეს კულტურა ნიადაგს ნაკლებ პრეტენზიას უყენებს, თუმცა, რაც უფრო გავამდიდრებთ ბაღის ნიადაგს და მოვრწყავთ, ცხადია, მოსავალიც უკეთესი მოვა.