მობილურების ჩამხშობი ექსპრეზიდენტის ფსიქიკასაც "ახშობს"? - კვირის პალიტრა

მობილურების ჩამხშობი ექსპრეზიდენტის ფსიქიკასაც "ახშობს"?

მსჯავრდებული სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის სავარაუდო გართულების დაბრალება მის მომხრეებს ელექტრომაგნიტური იმპულსებით მიზანმიმართულად დასხივებისთვის სურთ?

28 ნოემბრის საღამოს გორის სამხედრო ჰოსპიტლის შესასვლელთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ჩალაძემ ტელეკამერების წინ ასეთი სენსაციური განცხადება გააკეთა - "ეს არის ე.წ. სისტემა купол ანუ "გუმბათი", რომლის გამოსხივება მინიმუმ 100 მეტრის რადიუსში სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებას და ფსიქოლოგიურ აშლილობას. 1 კმ-ზეა დაფიქსირებული მისი გამოსხივება. ეს იწვევს ადამიანის სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეუძლია მოკლას ყველა, ვინც სააკაშვილის ფანჯრებიდან ასი მეტრის რადიუსში იმყოფება. რასაც მე ვამბობ, არ არის სახუმარო. გადაღებული გვაქვს კადრები, რომლებითაც დასტურდება ნათქვამი. ეს მანქანა აქ დგას იმ წუთიდან, რა წუთიდანაც მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანეს გორში, დგას მისი პალატის ქვევით. გამოსხივება განსაკუთრებით ძლიერია ანტენების ზემოთ. რამდენად ძლიერია გამოსხივება? ქალაქში დაყენებული GCM-ის ანტენების სიმძლავრე 18 ვტ-ია, ამ მანქანის გამოსხივების სიმძლავრე კი არანაკლებ 200 ვტ-ია. თავად განსაჯეთ, როგორ კლავს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.მივმართავ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, გთხოვთ, შეისწავლოთ ეს ფაქტი, რომელიც დასტურდება დღეს გადაღებული კადრებით. ეს არის ავთენტური კადრები. ვთხოვ დიპკორპუსს, მოახდინოს ამაზე უმკაცრესი რეაქცია. არ იკმარეს, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი აწამეს, ახლა პირდაპირ მასზე ახდენენ ზემოქმედებას და კლავენ, კლავენ რადიოგამოსხივების მეშვეობით. ყველა თანამშრომელი, ვინც ამ შენობაშია, იმყოფება საფრთხეში. ეს არის, ფაქტობრივად, რენტგენის სხივი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩართულია".

გიორგი ჩალაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც სამხედრო ჰოსპიტლის თავზე მფრენი დრონის ვიდეოკამერითაა გადაღებული, მართლაც მოჩანს ექსპრეზიდენტ და ამჟამად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მეორე სართულზე მდებარე პალატა და საკნიდან ათიოდე მეტრში მდგომი შავი ფერის "ჯიპი", რომლის სახურავზე დამონტაჟებულია რამდენიმე ანტენა.

რა გამოდის, ნუთუ ხელისუფლება გორის ჰოსპიტალში არათუ მკურნალობს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, არამედ - მას ფარულად, თანდათანობით კლავს უხილავი ელეტრომაგნიტური იმპულსების დასხივებით?

რა თქმა უნდა - არა. ვიდეოზე აღბეჭდილი ანტენებიანი მანქანა, დიდი ალბათობით, არის მობილური კავშირის ჩახშობის რადიოელექტრონული სისტემა, რომელიც მსჯავრდებულ სააკაშვილის პალატა-საკნის სიახლოვეს იმიტომ დააყენეს, რომ მას არ მისცენ საშუალება, განახორციელოს არასანქცირებული სატელეფონო კავშირები ჰოსპიტლის გარეთ, თუკი მისი მრავალრიცხოვანი მნახველიდან რომელიმემ მაინც მოახერხა მისთვის პალატაში მალულად მობილური ტელეფონის შეტანა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებების პერიმეტრზე მობილური კავშირის ჩამხშობი სტაციონალური მოწყობილობები აყენია, რომ გამორიცხონ საკნებიდან პატიმრების მიერ მობილური ტელეფონით (თუკი მათ ვინმემ ისინი საკანში მალულად მიაწოდა) სარგებლობის შესაძლებლობა.

გორის ჰოსპიტალი სასჯელაღსრულების სისტემას არ ეკუთვნის და, ბუნებრივია, იქ არ იყო სტაციონალურად დამონტაჟებული ასეთი სისტემა და ამიტომაც ჩაიტანეს მანქანაზე დამონტაჟებული მოწყობილობა.

სხვათა შორის, გიორგი ჩალაძის მიერ გაჟღერებული დასახელებით - "კუპოლი", მართლაც იძებნება ინტერნეტში Купол-12 ტიპის მოწყობილობა, რომელსაც შავით თეთრზე აწერია, რომ ის არის "მობილური კავშირის სიგნალების" ჩამხშობი", ამასთან - უკრაინული წარმოების და არა - რუსული, რასაც თავგამოდებით ამტკიცებდა ჩალაძე.

მობილური კავშირის ჩამხშობი სისტემა, რა თქმა უნდა, გამოასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, ისევე, როგორც ჩვენი ყველა ის მობილური ტელეფონი, რომელთაც საათობით ყურიდან არ ვიცილებთ და ამით ბევრად მეტ საფრთხეს ვუქმნით ჩვენს თავს.

მაგრამ იმის მტკიცება, რომ ის ადამიანს კლავს - მეტისმეტია, ისევე, როგორც ელექტრომაგნიტური გამოსხივების შედარება რენტგენის სხივებთან, რაც ელემენტარული ფიზიკის უცოდინრობაა.

სიმართლე რომ ითქვას, სააკაშვილი თავისი 9-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში, თითქმის ყოველდღიურად, ბევრად მეტ ელექტრომაგნიტურ დასხივებას იღებდა, რადგან მის საპრეზიდენტო საავტომობილო კორტეჟში აუცილებლად მოძრაობდა ანალოგიურაპარატურიანი შავი "ჯიპი", რომლის მძლავრ რადიოელექტრონულ სადგურს კორტეჟის მოძრაობის მარშრუტზე უნდა ჩაეხშო ის რადიოსიხშირეები, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება ვინმეს დისტანციურად ეცადა პრეზიდენტის მანქანის აფეთქება, რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებით.

უფრო მეტიც, მობილურ ტელეფონთან ორთვიანი იძულებითი დაშორების შემდეგ მსჯავრდებულ სააკაშვილის ელექტრომაგნიტური იმპულსებით დასხივების დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, ნებისმიერ ჩვენთაგანთან შედარებით, რამაც მის ჯანმრთელობაზე, წესით, დადებითად უნდა იმოქმედოს, რადგან კარგადაა ცნობილი სააკაშვილის მობილურით საათობით მუსაიფის სიყვარული.

თუმცა, მეორე მხრივ, ასე "მშობლიური" მობილური ტელეფონის ჩამორთმევა მისთვის შეიძლება, სხეულის რომელიმე ორგანოს "მოჭრის" ტოლფასიც კი იყოს, რაც მის ფსიქიკურ მდგომარეობაზ, ალბათ, უარყოფითად იმოქმედებდა.

ელექტრომაგნიტური იმპულსით "დასხივების"თეორიის გამავრცელებლებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის პალატა-საკნის ფანჯარაზე აკრული რკინის გისოსი (დამიწების შემთხვევაში) "ფარადეის ცხაურის" როლსაც თამაშობს და მნიშვნელოვნად ამცირებს მის ოთახში ელექტრომაგნიტური ტალღების შეღწევას.

ეხლა, რაც შეეხება გიორგი ჩალაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ თავად გადაიღო ეს კადრები - სამხედრო პოლიციას შეეძლო და, წესით, ვალდებულიც იყო ის ადგილი დაეკავებინა და ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი - დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი, ხოლო პროკურატურას წარედგინა ბრალი სამხედრო ობიექტზე უკანონოდ შეღწევის გამო...

საქმე ის არის, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შედის და ძალიან საეჭვოა, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად დაერთო ნება მოქალაქე გიორგი ჩალაძისთვის ამ სამხედრო ობიექტის თავზე დაბალ სიმაღლეზე დრონის ფრენისთვის.

დრონის ჩამოვარდნის შემთხვევაში ამ სამკურნალო დაწესებულების პაციენტებს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეც შექმნოდათ, რაც, ასევე, ყურადსაღებია - გორის სამხედრო ჰოსპიტალი გმირი ქირურგის - გიორგი აბრამიშვილის სახელს იმიტომ ატარებს, რომ მან ოკუპაციის დროსაც არ მიატოვა ეს ჰოსპიტალი და სწორედ რუსულ საჰაერო თავდასხმას შეეწირა ამავე ჰოსპიტლის ეზოში...

გარდა ამისა, გიორგი ჩალაძემ ამ ქმედებით მოპოვებული ვიდეკადრების სოციალური ქსელებით ფართოდ გავრცელებით, ფაქტობრივად, "დათვური სამსახური" გაუწია თავისსავე ლიდერს - ექსპრეზიდენტ და ამჟამად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რადგან ვიდეოკადრებში დეტალურად ჩანს სააკაშვილის პალატა-საკანის ზუსტი ადგილსამყოფელი და მიმდებარე ტერიტორია, რაც, პრინციპში, შეიძლება გამოყენებული იქნას იმ ძალების მიერ, ვისაც, თურმე, პატიმარ სააკაშვილის გატაცება სურს...

"რუსულ-ოსურ სპეცრაზმის" მიერ პატიმარ სააკაშვილის მოტაცების საფრთხეზე, თუ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ, ჯერ კიდევ 1 ნოემბერს აცხადებდა სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ( "გვაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, სადაც, შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება"), ხოლო 11 ნოემბერს თავად მსჯავდებულმა სააკაშვილმა გამოთქვა ამის შიში - "ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტლიდან - იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის დამკვეთია".

მიდი და, ამის შემდეგ გაიგე, რას ფიქრობენ, რას ამბობენ და რას აკეთებენ...

პ.ს.

ისე, თუ მაინცდამაინც "დასხივებით მკვლელობაზეა" ლაპარაკი, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ პრეზიდენტი სააკაშვილი შევიდა მსოფლიო ისტორიაში იმითაც, რომ მისი პირადი ბრძანებით, 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიტინგის დარბევისას, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველებმა მაშინ გამოიყენეს LRAD სისტემის ე.წ აკუსტიკური ქვემეხები, რომლებიც დიდი სიმძლავრის დაბალსიხშირიან ბგერებს მიმართულად "ასხივებდნენ" და ახლო მდგომ ადამიანებში იწვევდნენ დიდ დისკომფორტსა და შიშის გრძნობას, დიდხანს ზემოქმედების შემთხვევაში კი - მათი ფსიქიკური აშლილობაც შეეძლოთ გამოეწვიათ...

იხილეთ ვიდეო