"მიხეილ სააკაშვილს საჯაროდაც მოვუწოდე და ახლაც ვეტყვი, რომ თუ პატივს სცემს თავისი ქვეყნის ისტორიას, ეს გზა უნდა გაიაროს სამართლებრივად" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს საჯაროდაც მოვუწოდე და ახლაც ვეტყვი, რომ თუ პატივს სცემს თავისი ქვეყნის ისტორიას, ეს გზა უნდა გაიაროს სამართლებრივად"

ამ დღეებში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ. ამ ცვლილებით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება ისეთ სატრანსპორტო საშუალებებში, როგორიცაა ტაქსი და სანაოსნო ტრანსპორტი. თამბაქოს მოწევა აიკრძალება, ასევე, ავტომობილებშიც, იმ შემთხვევაში, თუკი ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანა ხდება. კანონის დამრღვევები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან. საკანონმდებლო პაკეტის ავტორები არიან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე. რა ჯარიმები იქნება დაწესებული,? - ამ და სხვა საკითხებზე “ქართული ოცნების“ წევრს, დეპუტატ ლადო კახაძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო ლადო, რა ცვლილებები შედის კანონში და რატომ გახდა ეს აუცილებელი?

- 2017 წელს საქართველოში ამოქმედდა კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ და ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ინიციატორი, მადლობა მინდა ვუთხრა. მერე ამ კანონის ნაყოფიერების შესახებ გამოკითხვა ჩატარდა და მწეველთა 86,6 პროცენტმა მადლობა გვითხრა ამ კანონის ამოქმედებისთვის. ცხოვრების ჯანსაღი წესი, სიცოცხლის დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა და ნიკოტიკის მავნე ზეგავლენისგან გათავისუფლებაა ამ კანონის მიღების მიზანი. ზოგადად, თამბაქოს კონტროლის ინიცირება თავის დროზე, 1960-იანი წლების დასაწყისში, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში მაშინდელმა პრეზიდენტმა კენედიმ დაიწყო და თქვა, ამ მავნებლობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დავიწყოთო. არ შეეშინდა მას ამის გაჟღერების. მერე, 50 წლის შემდეგ, როცა დადეს მასალები და კვლევა, აღმოჩნდა, რომ ის თემა გაგრძელებულია. დღეს ერთ-ერთი ინიციატორი ევროკავშირი და ამერიკაა, რომელიც მოუწოდებს ყველას, რომ კაცობრიობამ თამბაქოს ებრძოლოს. საქართველოც ჩართულია ამ აქტიურ ქმედებაში. ევროდირექტივას მიერთებულები ვართ და ჩვენს ქვეყანაშიც დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები. უბრალოდ, გამორჩენილი იყო ეს მომენტი.

დღეს თამამად შეგვიძლია ადამიანებმა სტუმარი მივიღოთ თამბაქოსგან თავისუფალ გარემოში. რესტორნებში, საჯარო სივრცეში, სავაჭრო დაწესებულებებში, სასტუმროებში, სამსახურებში - ყველგან აკრძალულია თამბაქოს მოწევა და იმდენად დაიხვეწა და ისე კარგად აუწყო ყველამ ფეხი ამ ცვლილებას, რომ ვერ ნახავთ ასეთ ადგილებში, ვინმე ეწეოდეს თამბაქოს. ასევე, მნიშვნელოვანია რეკლამების აკრძალვა. ტელევიზიით. ვერ ნახავთ თამბაქოს რეკლამას; ვერ ნახავთ სივრცეს, სადაც თამბაქოზე კარგს ლაპარაკობდნენ; ვერ ნახავთ სკოლასთან გარე რეკლამას; ინტერნეტრეკლამასთან დაკავშირებითაც ვაპირებთ რეგულირებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე რეგულირდება. დარჩენილი იყო ტაქსი და სანაოსნო ტრანსპორტი. განიხილება აქაც აკრძალვა და მოხდება ეს ცვლილება. ტაქსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილია. ყველამ ვიცით, სასუნთქ სისტემაზე რა გავლენას ახდენს მოწევა. რაც შეხება მეორე ნაწილს - კერძო, პრივატულ სივრცეს, საკუთარ მანქანაში ვერ ავუკრძალავთ თამბაქოს მოწევას ადამიანს, მაგრამ თუ მანქანაში ზის არასრულწლოვანი, მაშინ იკრძალება საკუთარ მანქანებშიც თამბაქოს მოწევა. არა აქვს მნიშვნელობა, საკუთარი შვილი გადაგყავს თუ სხვა ვინმე, ბავშვთა უფლებების დაცვიდან გამომდინარე ბავშვის უფლებებს უნდა იცავდეს კანონი. თუ მშობელი ვერ იცავს თავისი შვილის უფლებებს, ჩვენ უნდა დავიცვათ ის, თუნდაც, მშობლისგან.

- ამის კონტროლი როგორ მოხდება და ჯარიმებს ვინ გამოწერს, საპატრულო პოლიცია?

- კანონდარღვევას გააკონტროლებს საპატრულო პოლიცია და დამხმარე ძალა - მეთვალყურეობა, მონიტორინგი იქნება არასამთავრობო სექტორის და - თითოეული ჩვენგანის. ყველა ის ადამიანი, რომელიც ეღობება წინ ამას და უნდა, რომ თამბაქომ არ დააზიანოს ადამიანი და არ მოუსწრაფოს სიცოცხლე ნაადრევად სხვას. რაც შეეხება ჯარიმებს, ტაქსიში მოწევა დაისჯება 200-ლარიანი ჯარიმით, ხოლო პრივატულ სივრცეში ანუ საკუთარ მანქანაში თუ არასრულწლოვანი ზის და ეწევა ვინმე, დაისჯება 50 ლარით. განმეორების შემთხვევაში ორმაგდება ჯარიმები. ადრე, როცა სხვა ცვლილებები შემოვიდა, ბევრი ადამიანი აქტიურობდა და იღებდა ფოტოებს, თუ კანონდარღვევას აღმოაჩენდა, აგზავნიდა შესაბამის სამსახურში და ჯარიმდებოდნენ კანონდამრღვევები. ასეთი აქტიურობისკენ ახლაც ისევ მოვუწოდებ საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, წესად იქცევა ამ რეგულაციის დაცვა. ამ დღეებში საკომიტეტო მოსმენა დაიწყება ამ საკითხზე. გვეთანხმება ყველა და მალე შევა ეს ცვლილება კანონში, უბრალოდ პროცედურული საკითხებია გასავლელი.

- დღეს ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა, ახალი შტამიც გამოჩნდა, ამ პრობლემის დაძლევის გზებზე რას იტყვით?

- ეპიდვითარება ძალიან მძიმეა, მარტო ჩვენთან არა, მთელ მსოფლიოში, იმიტომ, რომ ახალი შტამის, “ომიკრონის“ გამოჩენამ ძალიან დააფრთხო საზოგადოება და - სამართლიანადაც. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის ძალიან სწრაფად გავრცელებადი ვირუსია, თუმცა ითხოვენ 10-დღიან, 2-კვირიან სადამკვირვებლო პაუზას, რომ კარგად დააკვირდნენ. ამბობენ, სავარაუდოდ, უფრო დაჩქარებული იქნება მისი გადაცემა დელტა შტამთან შედარებითაც. რაც შეეხება ვირულენტობას ანუ მის სიავეს, დაზიანების ხარისხს, რეანიმაციაში მოხვედრის ხარისხს, სიკვდილის მაჩვენებელს, ამ ყველაფერზე ზუსტი პასუხი იქნება 2 კვირაში და უნდა დაველოდოთ, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები რა რეკომენდაციას გაგვიწევენ, როგორ ვიმოქმედოთ. ერთიანია ამ საკითხში მთელი მსოფლიო და ებრძვის ამ ვირუსს. რაც შეეხება ვაქცინაციას, არავითარ შემთხვევაში არ გადავალ ზღვარს და ადამიანებს არასოდეს არ მივაყენებ შეურაცხყოფას. უბრალოდ, ვილაპარაკებ როგორც ექიმი და პოლიტიკოსი, ოჯახის უფროსი. უნდა გავიაზროთ ერთი რამ - რომ არა ვაქცინა, დღეს დედამიწაზე უამრავი ვირუსული პათოლოგია შეუქმნიდა უდიდეს საფრთხეს კაცობრიობას. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ძალიან ბევრია ასეთი ვირუსი. გონივრულმა ქმედებამ, ვაქცინის მიმართ დამოკიდებულებამ გადაარჩინა დედამიწა. ვიცით, რომ “კორონას“ ანტივირუსული მკურნალობა, პრაქტიკულად, ჯერ ჰორიზონტს მიღმა არის და ჯერ ვერ ვიტყვით დაბეჯითებით, რომ რამე ისეთი მედიკამენტია, რომელიც ვირუსით დასნებოვნების შემთხვევაში, ეს წამალი გადაარჩენს ადამიანს. ამ დრომდე მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე ვართ და სისტემური დაავადების პირობებში, ზუსტად გამოიყენება ამ სისტემების გამწვავების დროს გამოყენებადი პრეპარატები, ამიტომ დიდი გაფრთხილება გვმართებს.

ერთადერთი პრევენციული საშუალება არის აცრა, რომ ჩვენი იმუნური სისტემა გავაძლიეროთ მოსალოდნელი საფრთხის მიმართ და, შეჭრის შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზმი, ამ ვაქცინის შედეგად გაღვიძებული, მომზადებული, სტიმულირებული იმუნური სისტემით დახვდეს მას. ასე ადამიანი ადვილად დაძლევს ამ ვირუსს. აქ არ არის ლაპარაკი, რომ არ დაავადდება აცრილი ადამიანი, ამას არავინ ამბობს, შეიძლება დაავადდე, მაგრამ თუ აცრილი ხარ, შეიძლება უსიმპტომოდ გადაიტანო ან ადვილად გადაიტანო, ინტენსიურ თერაპიაში და რეანიმაციაში ნაკლებად მოხვდები და რაც მთავარია - არ გარდაიცვლები. დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ურთიერთპასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. მიწევს პერიოდულად სხვადასხვა ასაკის ანტივაქსერებთან საუბარი, ამბობენ, ვიღაცისგან გაიგეს, რომ აცრა ცუდია და არგუმენტები არ აქვთ. ბევრს არგუმენტული ახსნით დავუსაბუთე და დამიჯერა. ჩემი, როგორც პროფესიონალი ექიმის მიმართ ნდობა მეტი აქვთ, ამიტომ აიცრნენ. ვფიქრობ, მეტი ასეთი აგიტაციაა საჭირო, განსაკუთრებით - ხანდაზმულებთან. ამას სჭირდება დაუღალავი განმარტებები. გვიტევს ახალი შტამები და აცრა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე. ჩვენი მოსახლეობის 70-80 პროცენტი აცრილი უნდა იყოს, ეს იქნება ძალიან კარგი მაჩვენებელი. ახსნას ვერ ვპოულობ, რატომ არ იცრებიან ადამიანები, ლოგიკას ვერ ვხედავ ამაში, ეს არის ყველაზე მკაცრი შეფასება ანტივაქსერების ნამოქმედარზე. ჩემ გარშემო არ არსებობს აუცრელი ადამიანი - მე, ჩემი მეუღლე, ჩემი დედმამიშვილები, მათი ოჯახის წევრები, მათი შვილები, ჩვენი შვილები, შვილიშვილები - ასაკით ვისაც ეკუთვნის, ყველანი აცრილი მყავს, აცრილი მყავს სამეგობრო, სამეზობლო. მე ახლა ბუსტერიც გავიკეთე. ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან.

- აქვე მინდა შევეხოთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, მისი გათავისუფლების კომიტეტი შეიქმნას და მოთხოვნით აქციები გაიმართოს ქვეყანაში, ამაზე რას იტყვით?

- ეს თემა, რასაც ახლა შეეხეთ, მანამდე იქნება ავანსცენაზე, სანამ კითხვას დასვამთ ჟურნალისტები. თამბაქოს თემა, დიაბეტით უზრუნველყოფა, უამრავი თემებია, რომელზეც შეგვიძლია ჩვენ ვისუბროთ და ეს თემა დავუტოვოთ პოლიტიკოსებს, რომელებსაც სხვა სალაპარაკო თემა არ აქვთ და ილაპარაკონ რამდენიც უნდათ.

- ბატონო ლადო, თქვენ პარლამენტარი ხართ და პოლიტიკაში ხართ ჩართული, ასე რომ, თქვენი აზრი საინტერესოა,მით უფრო, ალბათ, პირადადაც იცნობთ მიხეილ სააკაშვილს...

- მთავარი ჩემთვის არის, ადამიანის უფლება იყოს დაცული, ჯანმრთელობის საკითხი მოგვარებული, სამართლებრივი ნაწილი ბოლომდე მიყვანილი. პოლიტიკის გარევა სამართალში - ეს მარტო პოლიტიკოსებს უნდათ. ჩემი პოლიტიკური განაცხადი სწორედ ეს არის, რომ პოლიტიკა ემსახურებოდეს უფრო კარგ საქმეს, ვიდრე იყოს მარტო პოლიტიკა პოლიტიკისთვის. ქვეყანამ ევროატლანტიკურ სივრცეში განაცხადის შეტანით დააფიქსირა თავისი კურსი და ეს კიდევ ერთხელ დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია რუსეთისათვის. ყველაფერი, ის, რაც დესტაბილიზაციასთან არის დაკავშირებული, კონსტიტუციის დარღვევასთან არის კავშირში და “მეხუთე კოლონის“ გაძლიერებასთან, ემსახურება საქართველოს სტაბილურობისთვის ხელის შეშლას. უნდათ ამოაგდონ როგორმე კალაპოტიდან ჩვენი ქვეყანა, მაგრამ - ვერ ამოაგდებენ, საქართველო წავა ამ გზით. ამ ნაწილში უფლებრივი, სამართლებრივი ნაწილის დაცვა აუცილებელია.

სასამართლო ახლა იწყებს თავის დამოუკიდებელ არსებობას, ურთულესი პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და ყველა უნდა მივეხმაროთ, რომ სწორი გზით წავიდეს. მასმედიის ჩართულობა ამაში მნიშვნელოვანია. მასმედია ყველაზე დიდი ძალაა კომუნიკაციაში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე საჯაროდაც მოვუწოდე და ახლაც ვეტყვი ერთადერთ რამეს, ის თუ პატივს სცემს თავისი ქვეყნის ისტორიას და ამ ქვეყნის ისტორიის დამატებით რაიმე გზით დამახინჯებას არ შეეცდება, ეს გზა მან უნდა გაიაროს, უნდა გაიაროს სამართლებრივად. პოლიტიკური აქტიურობის ფორმას ის თვითონ არჩევს, მე ვთხოვ რომ ჯანმრთელად იყოს, თავის თავს ზიანი არ მიაყენოს და თავისი ცოდნა გამოიყენოს სამართლებრივი ბრძოლისთვის.

- “ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტულად მართავს აქციებს და ისევ აანონსებს, ამაზე რას იტყვით?

- დიდი ხნის ექიმი ვარ და პოლიტიკური სინამდვილის სამზარეულოშიც დიდი ხანია, ვარ. მწარედ ნათქვამი სიტყვა გამომივა, მაგრამ არის მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, თუ ერთი წამით ყურადღებას მოადუნებ, წინ წავა დაავადება. პოლიტიკაშიც ასეთი ქრონიკული დაავადებები ბევრი გვაქვს. ერთ-ერთი არის “ნაციონალური მოძრაობა“ - თუ თვითონ არ არის ქვეყნის სათავეში, უფრო საზიანოდ მოქმედებს და სულ იმოქმედებს. გულისტკივილით ვამბობ ამას. ისინი აკეთებენ ისეთ საქმეს, რომელიც რუსულ წისქვილზე წყალს დაასხამს და დესტაბილიზაციას გამოიწვევს. არადა, ჩვენ ვსწავლობთ უამრავ რამეს იმ ქვეყნებიდან, რომლისკენაც მივისწრაფვით. ვითარება, რაც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, არასახარბიელოა, სულ ცდილობენ, რომ აურიონ.

- ისინი პირიქით ამბობენ, “ქართულ ოცნებას“ გადანაშაულებენ რუსეთთან კავშირებზე და სააკაშვილს პუტინის პატიმარს უწოდებენ.

- მე მედიცინის მუშაკი ვარ, მტკიცებულებითი მედიცინა არსებობს და მტკიცებულებებით გესაუბრებით. მტკიცებაა საჭირო, თორემ დანარჩენი, რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის ავანტიურა და დემაგოგია. ეს არ არის მათი არჩეული გზა, ჩვენ არა გვაქვს უფლება პოლიტიკოსს პოლიტიკა ავუკრძალოთ, ჩვენ გვინდა, მათ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დანგრევას ხელი არ შევუწყოთ. კანონის მოქმედებით, კანონზე დაყრდნობით უნდა იყოს ყველა უკანონობა აცილებული.

(სპეციალურად საიტისთვის)