"ქართული ოცნება" ჩასაფრებულია, რომ ნებისმიერი ექსცესი ხელზე დაიხვიოს და მერე თქვას, ამიტომ არ უნდათ სააკაშვილი დაესწროს სასამართლო პროცესს" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" ჩასაფრებულია, რომ ნებისმიერი ექსცესი ხელზე დაიხვიოს და მერე თქვას, ამიტომ არ უნდათ სააკაშვილი დაესწროს სასამართლო პროცესს"

"ქართული ოცნება" ჩასაფრებულია იმისთვის, რომ ნებისმიერი ექსცესი ხელზე დაიხვიოს და მერე თქვას, რომ ამიტომ არ უნდათ სააკაშვილი დაესწროს სასამართლო პროცესს. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ არგუმენტის საბაბად გამოყენების შესაძლებლობა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე აქციაზე მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა, აკვირდება პროცესს და არ გამორიცხავს, რომ მივიდეს.

"ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, მაგრამ სადაც ვთვლით საჭიროდ, ჩვენი წარმომადგენლები ყოველთვის იღებენ მონაწილეობას, ვაკვირდებით პროცესს, თუ საჭირო გახდა, არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება მივიდეთ კიდეც აქციაზე, თუმცა, ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული პროტესტი და ისინი ამას ახორციელებენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობას და კანონის წინაშე თანასწორობას", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ შეიძლება საგამონაკლისო წესით ირღვეოდეს და ყველა სტანდარტი და ნორმა დაცული უნდა იყოს.

"საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მივესალმები, რომ მიხეილ სააკაშვილს ეძლევა შესაძლებლობა პირადად მიიღოს საკუთარ სასამართლოში მონაწილეობა, დაესწროს პროცესს, იმედი მაქვს, მომავალში კიდევ გადაიდგმება ნაბიჯები სტაბილიზაციისკენ, ვნახოთ, ტრანსლაციის შესაძლებლობა იქნება თუ არა პროცესიდან. სტანდარტები და ნორმები, რომელიც ნებისმიერ სასამართლო პროცესზე არის დაცული, უნდა იყოს დაცული მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც. არ შეიძლება საგამონაკლისო წესით ირღვეოდეს მისი უფლებები, ამას ვაკვირდებით ყველა და აკვირდება საერთაშორისო საზოგადოება. მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს ყველას და მე იმედი მაქვს, "ნაციონალური მოძრაობაც" გააკეთებს ისე, რომ ამ მშვიდობიანობას არ გასცდება, რამე განსაკუთრებული არ მოხდება, რასაც მერე დაიხვევს ხელზე "ქართული ოცნება" და ამას მერე ისევ ჩვენ შემოგვიტრიალებს. პატარა ექსცესები იყო, მაგრამ რასაც ვუყურებ, დამშვიდდა სიტუაცია და იმედი მაქვს, ასე მშვიდობიან ფონზე წარიმართება პროტესტი. მნიშვნელოვანია რომ სიტუაცია დასტაბილურდა, აქციის მონაწილეებსაც მინდა ვუთხრა, "ქართული ოცნება" ჩასაფრებულია იმისთვის, რომ ნებისმიერი ექსცესი ხელზე დაიხვიოს და მერე თქვას, რომ ამიტომ არ უნდათ სააკაშვილი დაესწროს სასამართლო პროცესს, ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ არგუმენტის საბაბად გამოყენების შესაძლებლობა "ქართულ ოცნებას," ვიცით ვისთან გვაქვს საქმე და ყველაფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას პროტესტის წინააღმდეგ,"- განაცხადა ვაშაძემ.