შეთქმულება შევარდნაძის წინააღმდეგ: რატომ დაემთხვა აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები? - კვირის პალიტრა

შეთქმულება შევარდნაძის წინააღმდეგ: რატომ დაემთხვა აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები?

2003 წლის 23 ნოემბრის ე.წ. ვარდების რევოლუცია არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლის კლასიკური მაგალითი იყო, თუმცა ამაზე აშშ-ის ადმინისტრაციამ თვალები დახუჭა, ხოლო რუსეთის ხელისუფლება კმაყოფილებას არც მალავდა. რატომ სურდა ორივე ქვეყანას შევარდნაძის შეცვლა საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ერთი წლით ადრე და რატომ დაემთხვა აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები? ამის მიზეზები ედუარდ შევარდნაძის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ.

1998 წლის დასაწყისიდან საქართველოს დასავლური ორიენტაცია, თითქოს, საგრძნობი გახდა, რამაც იმედი ჩაუსახა ჩვენს მეგობრებს. შევარდნაძემ საქართველოს “რუსული ორბიტიდან" ჩამოშორების პროცესი საკადრო ცვლილებებით დაიწყო. მან 1997 წლის 6 ივლისს გენერალ-ლეიტენანტი შოთა კვირაია გაათავისუფლა უშიშროების მინისტრის თანამდებობიდან და “საპატიო გადასახლებაში" - უშიშროების საბჭოს მდივნის (ნ. საჯაიას) მოადგილედ დანიშნა, თუმცა შ. კვირაია ახალ სამსახურში, ფაქტობრივად, არავის უნახავს. ის, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც 2011 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა კიდეც.

besoalada1-1638263240.jpg
ვლადიმერ პუტინი და შოთა კვირაია

1998 წლის 28 აპრილს კი შევარდნაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი ვარდიკო ნადიბაიძე გაათავისუფლა თანამდებობიდან. ე. შევარდნაძის “მოსკოვის ხალხის" თავიდან მოცილება მისთვის ჩვეული, ეშმაკური ხერხით განახორციელა: ფორმალურად, ორივე მინისტრი კონკრეტული და სერიოზული შეცდომებისთვის მოხსნა. შ. კვირაიას შემთხვევაში, ეს იყო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება ჟურნალისტების და პოლიტიკოსების უკანონო ფარული მოსმენების ორგანიზებაში უშიშროების მინისტრ შ. კვირაიას მხილების შესახებ. ვარდიკო ნადიბაიძის შემთხვევაში კი, ეს იყო პრეზიდენტის თვითმფრინავის თანმხლებ ერთ-ერთ “სუს" ავზში “აღმოჩენილი" (რომელიც ჩაყარეს, თუ უნდა ჩაეყარათ დღემდე უცნობია) “საბედისწერო ქვიშა". რეალური მიზეზი კი, რაღა თქმა უნდა, ორივე მინისტრის რუსული ორიენტაცია იყო.

besoalada2-1638263280.jpg
ვარდიკო ნადიბაიძე

ამის შემდეგ, თითქოს, არაფერს არ უნდა შეეშალა ხელი საქართველოს სპეცსამსახურებსა და თავდაცვის სამინისტროში ძირეული ცვლილებების ჩატარებისთვის. საქართველოს მთავრობის თხოვნით, 1998 წელს შეიქმნა “უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო" (ISAB- შემდეგში შემოკლებისთვის - “საბჭო"), რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის დახმარების აღმოჩენა ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს რეფორმის განხორციელებისთვის.

“საბჭო" იყო დამოუკიდებელი ორგანო და, ოფიციალურად, მის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები ეფუძნებოდა მხოლოდ საბჭოს წევრების გამოცდილებას და დასკვნები, ვითომდა, არ წარმოადგენდა საბჭოს წევრების მთავრობების ოფიციალურ წინადადებებს. თუმცა, როგორც შემდგომ დავინახავთ, საბჭოს რეკომენდაციები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების გადაწყვეტილებები, ხშირად სიტყვასიტყვით ემთხვეოდა ერთმანეთს.

1998 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ და ISAB-ის თავმჯდომარემ, გენერალმა ჰარი ჯონსონმა ხელი მოაწერეს “ურთიერთგაგების მემორანდუმს", რომელიც გახდა საბჭოს შემადგენლობის, საქმიანობისა და ადმინისტრირების განმსაზღვრელი უმთავრესი დოკუმეტი.

besoalada3-1638263313.jpg
გენერალი ჰარი ჯონსონი

“საბჭომ" პირველი მოხსენება 1999 წლის 21 მაისს მოამზადა, რომლის თანახმად, რეფორმები წარმატებული რომ ყოფილიყო, იგი უნდა დაყრდნობოდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ნათლად და არაორაზროვნად ჩამოაყალიბებდა საქართველოს ეროვნულ მიზნებსა და მათი მიღწევის სტრატეგიას. ამ პოლიტიკას უნდა ჰქონოდა ფართო მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, რათა მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება და დახმარება. შესაბამისად, მთავარი რეკომენდაცია იყო, მთავრობის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის დამუშავება, რომელიც მხარდაჭერილი იქნებოდა პარლამენტის მიერ.

“საბჭოს" მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ცუდად განსაზღვრული მართვისა და კონტროლის სისტემა, სტრუქტურების დუბლირება და კოორდინაციის ნაკლებობა მშვიდობიან პერიოდში რესურსების ფლანგვას იწვევს, ხოლო კრიზისისა თუ ომის დროს - არეულობის პოტენციური წყაროა. მოხსენებაში, ასევე, მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა შევარდნაძის ხელისუფლებას “საშინაო დავალება" მისცეს და რეფორმის განხორციელების 4 ძირითადი სფერო განუსაზღვრეს: უსაფრთხოების პოლიტიკა; სახელმწიფო უშიშროების ორგანოები; თავდაცვა; დემოკრატიის განვითარება. ყველა ამ მიმართულებით უმძიმესი პრობლემები არსებობდა, რომლებზედაც შევარდნაძის ხელისუფლება, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, თვალს ხუჭავდა.

“საბჭომ" 2000 და 2001 წლებშიც ნაყოფიერად იმუშავა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინა მორიგი ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ და რეკომენდაციები - შემდგომი მოქმედებების განსახორციელებლად. საქართველოში დაგეგმილ რეფორმებს, ძირითადად, აშშ ხელმძღვანელობდა, იმატა გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერამაც. განსაკუთებით გააქტიურდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. ასევე, თურქეთიც გვიწევდა მნიშვნელოვან დახმარებას სხვადასხვა სფეროში. უფრო მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა ნატოსთან. დასავლეთი დიდი იმედით შეხვდა 2002 წლის ნატოს პრაღის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას ნატოში გაწევრების სურვილის შესახებ, ამავე დროს, მან კონკრეტული ღონისძიებების და სწრაფი რეფორმების გატარება მოითხოვა. საქართველოს ხელისუფლებას 2002-2004 წლების განმავლობაში თავდაცვისა და უშიშროების სისტემის რეფორმირება ნატოსა და ევროკავშირის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად უნდა განეხორციელებინა.

დასავლეთში კარგად იციან დროის ყადრი და ყველაზე მეტად ფუჭ დაპირებებს ვერ იტანენ. ედუარდ შევარდნაძე კი ცდილობდა, აზერბაიჯანელი კოლეგისთვის - ჰეიდარ ალიევისთვის მიებაძა და რუსეთ-დასავლეთს შორის “დაბალანსებული პოლიტიკა" გაეტარებინა. თუმცა, როგორც განვლილი პერიოდი გვიჩვენებს, უშიშროების გენერალი ალიევი გაცილებით შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა, ვიდრე - მილიციის გენერალი შევარდნაძე.

ე. შევარდნაძის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, რომელსაც ერთიან და წინასწარ გათვლილ გადაწყვეტილებათა კომპლექსურ გეგმად ვერაფრით ჩავთვლიდით, უკვე ისტორიას ჩაჰბარდა. მიუხედავად ამისა, ეს პერიოდი ობიექტურ შესწავლასა და ღრმა ანალიზს მოითხოვს.

ე. შევარდნაძე, საკუთარი სკამის დაკარგვის შიშით, ორივე - საგარეო და საშინაო “ფრონტებზე" ისე ფრთხილად იღწვოდა, თითქოს ღმერთმა უკვდავება აჩუქა და ქვეყნის პრობლემების გადასაწყვეტად საუკუნეები უბოძაო. დსთ-ს სამიტის ბევრჯერ დაქადნებული ბოიკოტი, ვითომდა უკანასკნელ წამს “ქვეყნის ინტერესების" გათვალისწინებით, იქ ვიზიტით იცვლებოდა. ბევრჯერ გულწრფელად შემცოდებია (ალბათ, თქვენც) დამცირებული და გარიყული მოხუცი ექსპრეზიდენტი, რომელსაც ოროსანი მოწაფესავით ყოველთვის “უკანა მერხზე" მიუჩენდნენ ხოლმე ადგილს რუსეთის “ყმადნაფიცი" დსთ-ს ბედმარჯვე (უკრაინის, ბელორუსიისა და შუა აზიის ქვეყნების) პრეზიდენტ-ცკ-ას მდივნები.

უფრო მეტად კი, ჩვენი ქვეყანა იყო შესაცოდი, რომელიც სამ-ოთხ წელში გასავლელი გზის დაფარვას ათი წელი ბორძიკ-ბორძიკით ძლივს ახერხებდა და 2003 წლის ბოლოს მაინც მაჩანჩალა და კორუმპირებული ქვეყნების სიაში ეკავა “საპატიო" ადგილი.

წლების მანძილზე, ვითომდა, “დაბალანსების" საგარეო პოლიტიკა აშშ-ის გაღიზიანებასაც იწვევდა და - ჩრდილოელი “დათვის" გაცოფებასაც. პატარა, სუსტი ქვეყნის ხელმძღვანელისგან, რაც უნდა “მოტორიანი ნავი" (ეს მეტსახელი საკუთარ თავს თავად შევარდნაძემ შეარქვა, რითაც ხშირად იწონებდა თავს) იყოს, ძალზე ძნელია (საერთოდ, შესაძლებელია კი?), ორ, ღიად და ფარულად დაპირისპირებულ სუპერსახელწიფოს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ეკვილიბრისტიკის და აკრობატიკის ილეთების წარმატებული შესრულება. ყოველივე ამის შედეგად, 2003 წლისთვის მივიღეთ გაციებული ურთიერთობები შორეულ მოკავშირესთან და “გაცხელებული მეგობრობა" კარის მეზობელთან. სტრატეგიული პარტნიორებიდან უმკაცრესმა გაფრთხილებამაც არ დააყოვნა.

“რეალური ცვლილებები ჯერ კიდევ არ განხორციელებულა იმ დაწესებულებებში, რომლებიც საჭიროებს მოდერნიზებას. უცხოელი დამკვირვებლები ხშირად მიუთითებენ ამ ზედაპირულობაზე და აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდა, დასავლეთის ქვეყნებში განათლება მიღებული და პროგრესულად მოაზროვნე ქართველები მოუთმენლად ელიან რეფორმებს და იმედგაცრუებულებიც კი არიან იმით, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს..." - ესაა ერთი ამონარიდი “საბჭოს" 2003 წლის 20 ივნისით დათარიღებული იმ საბედისწერო დოკუმენტიდან, რომელსაც ხელს “საბჭოს" თავმჯდომარე, გენერალი ჰარი ჯონსონი აწერს და რომელმაც, ჩემი აზრით, 2003 წლის 23 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიწირა.

“შიდა არეულობები, რომლებიც პროვოცირებულია საგარეო კონფლიქტებითა და კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას... საერთო მდგომარეობა ჯერ კიდევ არამყარია და უშიშროების სისტემის მოდერნიზების საკითხი ისევ უპირველესი მნიშვნელობისაა, საქართველოს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მეტიც, საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება მოუთმენლად ელის ამ და სხვა სფეროებში ეფექტიანი რეფორმის გატარებას", - აღნიშნული იყო საიდუმლო დოკუმენტში.

ზემოთ მოტანილი ციტატა და განსაკუთრებით - ბოლო ფრაზა, პირდაპირი გაფრთხილება იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისადმი. უცხოელი მრჩევლები უკმაყოფილო იყვნენ ძალოვან სტრუქტურებსა და სპეცსამსახურებში არსებული მდგომარეობით და მიმდინარე რეფორმებით.

დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოში რეალური რეფორმები არ განხორციელებულა და შევარდნაძის ხელისუფლება მხოლოდ მოსაჩვენებელ და ზედაპირულ მოდერნიზებას ახორციელებს. ამ დროს კი, პროგრესულად მოაზროვნე ქართველები, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს (მინიშნება, მგონი, ყველასთვის გასაგებია) და მოუთმენლად ელოდნენ რეფორმებს, უკვე იმედგაცრუებული არიან. ეს დოკუმენტი ე.წ. ვარდების რევოლუციამდე ზუსტად ხუთი თვით ადრეა შედგენილი და ზემოთ მოტანილ ციტატაში ბევრი რამ ჩანს კარგად - ერთი ის, რომ ნათლადაა მინიშნებული, თუ რატომ უნდა წასულიყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი შევარდნაძე პოსტიდან და მეორე - ვის უნდა შეეცვალა “ბაბუს" ხელისუფლება.

ამ დოკუმენტმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა შევარდნაძის ხელისუფლების ჩამოგდებაში და თუნდაც ეს მცირე ციტატა, ცხრამეტგვერდიანი დოკუმენტიდან, “განგაშის ზარი" უნდა ყოფილიყო ისეთი გამოცდილი და ათას ცეცხლში გამოვლილი პოლიტიკოსისთვის, როგორიც ედუარდ შევარდნაძე იყო.

(პირველი ნაწილის დასასრული)