"სააკაშვილი სასამართლოში: ქაოსი და წიწაკის გაზი ქუჩაში" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესს - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი სასამართლოში: ქაოსი და წიწაკის გაზი ქუჩაში" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესს

უცხოურმა მასმედიამ უყურადღებოდ არ დატოვა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ ფაქტთან დაკავშირებით უცხოურ პრესაში რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა, გაშუქდა რადიოტელევიზიის გადაცემებშიც.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობაა განხილული ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსული სამსახურის (BBC Russian) მიერ მომზადებულ ვრცელ მასალაშიც სათაურით - "საქართველოს არასოდეს ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილი პირველად გამოვიდა თავის სასამართლო პროცესზე" (ავტორი - ნინა ახმეტელი). პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი როგორც ექსპრეზიდენტის გამოსვლას და მის მიერ რუსეთის პრეზიდენტის დადანაშაულებას, ასევე - პატიმრობის ისტორიას, ადვოკატების განცხადებებს, მხარდამჭერთა მიერ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციას. (წყარო)

misha1-1638260564.jpg

მსგავსი შინაარსი აქვს გერმანული "დოიჩე ველეს" (Deutsche Welle) პუბლიკაციას სათაურით - "სააკაშვილი სასამართლოში: ქაოსი და წიწაკის გაზი ქუჩაში", რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, ძირითადად, სამ მომენტზე: ექსპრეზიდენტის გამოსვლაზე, საპროტესტო აქციის დროს პოლიციის მიერ ცრემლმდენი (წიწაკის) გაზის გამოყენებასა და სატრასპორტო კოლაფსზე დავით აღმაშენებლის ხეივანში - თბილისის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე. (წყარო)

გარდა ამისა, ბევრი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალება სარგებლობს საინფორმაციო სააგენტოების - ბრიტანული "როიტერის" (Reuters), ამერიკული "ესოშიეთიდ პრესის" (Associated Press) და ფრანგული "ფრანს-პრესის" (France-Presse) მიერ თბილისიდან გადაცემული მასალებით. მაგალითად, ქუვეითის ყოველდღიური გაზეთის - Kuwait Times-ის დღევანდელ, 30 ნოემბრის ნომრის მე-6 გვერდზე დაბეჭდილია "ფრანს-პრესის" მიერ გავრცელებული მასალა სათაურით - "საქართველოს ექსლიდერმა სასამართლოში განაცხადა, რომ იგი საპყრობილეში "აწამეს".

მოამზადა სიმონ კილაძემ