"რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა "კალოშები" ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! - ბოდვებს თავი დაანებოს" - კვირის პალიტრა

"რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა "კალოშები" ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! - ბოდვებს თავი დაანებოს"

"მახნოს დრო ხომ არ არის და ბოლშევიკების?! რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! - გაიმართლოს თავი სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილმა", - ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ მისი გათავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი შეიქმნას.

მისივე თქმით, სააკაშვილი ეფექტური რეფორმატორი იყო, თუმცა, „ჯოჯოხეთური რაღაცები“ ჩაიდინა, რასაც არ ნანობს. ელისაშვილის თქმით, შესაძლოა, სააკაშვილს ისევე როგორც სხვას, საქართველოში სამართლის პოვნა გაუჭირდეს, თუმცა თუ არაფერი დაუშავებია, თავი სტრასბურგის სასამართლოში შეუძლია იმართლოს.

"ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტიო - აბსურდია, მახნოს დრო ხომ არ არის და ბოლშევიკების დრო?! გამომიხსენი ციხიდანო, ტროცკივით რომ გაიძახის. სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ მართლა ჩალით დახურული ჰგონია ქვეყანა? რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა "კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! რა უბედურებებს ლაპარაკობს. გაიმართლოს თავი, თუ არაფერი დაუშავებია, თუ მართლა ტელევიზიით უყურებდა ყველაფერს და გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და გელაშვილმა თავი იცემა, ქონება წაირთვა და პარლამენტიდან თვითონ გაიგდო თავი, ცამდე მართალი თუ არის და მამა აბრამის ბატკანი, გაიმართლოს თავი. მესმის, რომ ამ სასამართლოს მტერი ენდო, მურუსიძის სასამართლოში სააკაშვილი კი არა, ვერავინ იპოვის სამართალს, მეც მაინტერესებს მტკიცებულებები, ერთია მე რა ვიცი და ჩვენ რაც ვიცით და მეორეა მტკიცებულებები. რა კომიტეტი შექმენით და სახალხო რაზმი მოვარდეს, ბოდვებს თავი დაანებოს, სტრასბურგში გაიმართლოს თავი,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, სანამ სააკაშვილმა თავის ტყავზე არ იგრძნო როგორი სასამართლო შექმნა, მანამ არ ინანა და ამასაც გადაცდომა დაარქვა და არა დანაშაული.

"გუშინ გვაჩვენა, რომ არანაირი მეტამორფოზა მას არ განუცდია, სინანული არ აქვს იმ ჯოჯოხეთურ რაღაცებზე, რაც ჩადენილი აქვს. არავინ უარყოფს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი იყო, სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ბოდიში - სახელმწიფო ზვიად გამსახურდიამ ჩამოაყალიბა, ინსტიტუციურად ედუარდ შევარდნაძემ, ის იყო მოდერნიზატორი და ზედმეტად ნუ იბრალებს რაღაცებს - დავით აღმაშენებლობას. ძალიან ეფექტური რეფორმატორი იყო, მაგრამ ასევე ჩაიდინა ჯოჯოხეთური რაღაცები, ელემენტარული სინანული მაინც უნდა გქონდეს ამის გამო, როგორ კადრულობს სანდრო გირგვლიანის საკითხი არ არსებობდა და მოგონილია პიარულადო, ვანო მერაბიშვილს რომ აწმენდს ხელებს, ეს მისი ჩვეული წესია, რომ მეგის ქარდავას არ იცნობს, ახალაიები ორჯერ ჰყავს ნანახი და ტელევიზორიდან ვუყურებდი 7 ნოემბერსო, სირცხვილია რაც ილაპარაკა, შანსი ჰქონდა პოლიტიკურად გაცილებით ღირსეულად წარმდგარიყო, თურმე 7 ნოემბერს ქურდებმა გამოგვიყვანეს გარეთ და მთელი დღე იმიტომ მირტყამდა სააკაშვილის პოლიცია, რომ პატარკაციშვილი მინდოდა თურმე პრეზიდენტი გამხდარიყო, ის დასკვნაც ვერ გამოიტანა, რომ უსამართლობას არ ეგუებოდა ხალხი და აი, ამან გამოიყვანა და არა იმან, რომ პატარკაციშვილი მინდოდა ან დამირეკა ქურდმა მუსოიანმა და მითხრა გამოდიო - ეს დასკვნები ვერ გამოიტანა,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"